ბრძანება N 23153

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.09.2023
№ დოკუმენტი 23153
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23153

20 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

„----------“ (პ/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 8 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა „----------“ (პ/ნ ----------) №83491/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 15 აგვისტოს №EL220130 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის პოზიცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ---------- საზღვარი ვერ გადაკვეთა მოუწია საქართველოში დაბრუნება, რა დროსაც თან ჰქონდა სიგარეტი. ჰქონდა ინფორმაცია, რომ სიგარეტს საბაჟო ჩამოართმევდა და გადაწყვიტა სიგარეტის დამალვა სხეულზე, წელის არეში, თუმცა არ იცოდა, რომ არღვევდა კანონს. საქართველოში გადმოსვლისას აღმოჩენილ და ჩამორთმეულ იქნა აღნიშნული სიგარეტი, თუმცა ჯარიმის დაკისრების თაობაზე არ ფლობდა ინფორმაციას და ამასთან უცნობი იყო პირველი ჯარიმის არსებობაც.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 15 აგვისტოს საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ კონტროლის ზონაში ---------- რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა „----------“. უფლებამოსილი მებაჟეო-ფიცრის მიერ მოხდა მისი შეჩერება. ეჭვის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოქალაქის ფიზიკური და მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების თაობაზე. „----------“ ეცნობა ფიზიკური და ხელბარგის დათვალიერების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და გადაყვანილ იქნა ფიზიკური დათვალიერებისთვის განკუთვნილ ოთახში. ფიზიკური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილ იქნა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე, კერძოდ: სიგარეტი „----------“ – 400 ღერი (20 კოლოფი), რომელიც დამალული ჰქონდა სხეულზე, წელის არეში. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი“.

ვინაიდან „----------“ მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი საქონლის რაოდენობა აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობას და არ იყო შესრულებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი საქონლის დეკლარირების ვალდებულება, საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 15 აგვისტოს შედგენილ იქნა №EL220130 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-31 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით და საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა.

სანქციის სახით ჩამორთმეულ არადეკლარირებულ საქონელზე „----------“ – 400 ღერი (20 კოლოფი), შედგა №---------- ჩამორთმევის ოქმი, ჩამორთმეული საქონელი (დალუქული ---------- წებვადი საბაჟო ლუქით) განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ ადმინისტრაციულ შენობაში.

ამასთანავე, რადგან მოცემულ შემთხვევაში ასევე არ იყო შესრულებული აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკით ნიშანდების ვალდებულება და ჩადენილი იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა (მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია და გადაზიდვა), საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 15 აგვისტოს შედგენილ იქნა №AL046526 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და თანდართულ მასალებთან ერთად გადაგზავნილ იქნა ---------- რაიონულ სასამართლოში.

„----------“ 2023 წლის 31 იანვრიდან დღეის მდგომარეობით უფიქსირდება საზღვრის კვეთის 163 (გასვლა/შემოსვლა) ფაქტი, რა დროსაც სისტემატიურად დღის განმავლობაში 2-6 (გასვლა/შემოსვლა) საზღვრის კვეთას ახორციელებს დროის მცირე მონაკვეთში. 2023 წლის 15 აგვისტოს (სამართალდარღვევის დღეს) უფიქსირდება საზღვრის კვეთის ორი ფაქტი, სადაც დაახლოებით სამ საათში საზღვარი მეორედ გადაკვეთა. „----------“ სისტემატიურად ახორციელებდა აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის შემოტანას.

2023 წლის 8 აგვისტოს უფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის 1 ფაქტი კვების პროდუქტზე;

მასვე, 2019-2023 წლებში უფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის 5 ფაქტი (01/10/2019; 29/03/2023; 23/05/2023; 15/07/2023; 17/08/2023) საყოფაცხოვრებო საქონელზე;

2019-2023 წლებში უფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის 4 ფაქტი (01/10/2019; 27/11/2019; 22/02/2020; 09/04/2023) თამბაქოს ნაწარმზე;

„----------“ უფიქსირდება აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის - სიგარეტის შემოტანის 4 ფაქტი - 09/04/2023; 09/08/2023; 10/08/2023; 13/08/2023, სადაც „საქონლის სახელმწიფო საკუთრებში გადაცემის შესახებ“ განცხადებისა და „აქციზური მარკის გარეშე ან დადგენილი წესის დარღვევით ნიშანდებული აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ჩამორთმევის ოქმის“ საფუძველზე ჩამორთმეული იქნა 1880 ღერი (94 კოლოფი) სიგარეტი.

„----------“ ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის გარდა, სხვა სამართალდარღვევის ფაქტი უფიქსირდება, კერძოდ: 2023 წლის 16 ივლისს, მის მიმართ შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL216711 საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა, ვინაიდან ადგილი ჰქონდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე, კერძოდ: სიგარეტი „----------“ – 380 ღერის (19 კოლოფი) და ---------- 280 ღერის (14 კოლოფი) შემოტანას, რა დროსაც საქონელი მოთავსებული ჰქონდა სხეულზე, წელის არეში.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები.

ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია, მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა, თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-9 ნაწილის მიხედვთ, კი საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

ამავე მუხლის 31 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა არადეკლარირებული სიგარეტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

დადგენილია ასევე, რომ 2023 წლის 16 ივლისის №EL216711 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანი დაჯარიმებულია იგივე ქმედებების ჩადენისთვის. ამდენად, სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული სანქცია (ჯარიმა და საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა) მართლზომიერია.

საგულისხმოა ასევე, რომ მომჩივანი ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე. ამასთან უფიქსირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისა და საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის ფაქტები თამბაქოს ნაწარმზე. შესაბამისად, მისთვის სრულყოფილად იყო ცნობილი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და საგადასახადო შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურები. ამასთან, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო მის მიერ გადაადგილებული საქონლის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხივს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა არადეკლარირებული სიგარეტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168(31);