გადაწყვეტილება №25617/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.09.2025
№ დოკუმენტი 25617/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25617/2/2025

17 სექტემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----------ი“ (ს/ნ----------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,11.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- ის 9.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №---------/2/2025).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2025 წლის №024-23 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.07.2025 წლის №16297 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 209 008 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 736 624,86

დღგ - 220 328,86

საშემოსავლო გადასახადი - 516 296

ჯარიმა - 368 000,90

საურავი - 104 382,24

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს შერეული საქონლის იმპორტი (ტანსაცმელიფეხსაცმელი) და ადგილობრივი რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 3 მაისს. 2023 წლის ივლისიდან გადამხდელს შეჩერებული აქვს საქმიანობა.

აუდიტის დეპარტამენტის 21.05.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 23.05.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს არ წარუდგინა გამოთხოვილი ინფორმაცია სრულყოფილად და საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის დარღვევისათვის დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლით. შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 28 აპრილის №7724 ბრძანებით გადამხდელთან ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურით დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა - ნული.

შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ იმპორტირებული საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები და აღნიშნულზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი (დოკუმენტურად რეალიზებულია თვითღირებულებაზე დაბალ ფასში). შედეგად განისაზღვრა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებულ დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის სხვაობაზე მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა შემოსავალსა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის მიხედვით გაწეულ ხარჯებს (იმპორტირებულ საქონელზე გადახდილი თანხის გათვალისწინებით) შორის სხვაობა, რაც ჩაითვალა საწარმოს მიერ მიღებულად და პასუხისმგებელ პირზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2025 წლის №024-23 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.07.2025 წლის №16297 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 10 ივლისს --:-- სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა არ წარადგინა შემოწმებით მოთხოვნილი ინფორმაცია სრულყოფილად და შესაბამისად, შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, შემოწმებით შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ იმპორტირებული საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები და აღნიშნულზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი (დოკუმენტურად რეალიზებულია თვითღირებულებაზე დაბალ ფასში).

ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე ფასნამატის გავრცელებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია საბაჟო ოპერაციებთან დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ინვოისის წარმოდგენა არ მომხდარა შემოწმების პროცესში. შესაბამისად, შემოწმება დაეყრდნო მის ხელთ არსებულ საბაჟო ოპერაციებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას და ზემოაღნიშნული თანხა გათვალისწინებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გამოთვლისას.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო აქტების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენება საბაჟო მიზნებისათვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისათვის.

არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები და დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ. კერძოდ აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები. დღემდე უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა მათი იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ.

სამწუხაროდ, შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია მომჩივნისთვის არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია. ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ასევე მომჩივნისათვის გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენება საცალო რეალიზაციაზე დოკუმენტალური ფასნამატი. ზოგადად არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული, მაგალითად შპს ------ის საგადასახადო შემოწმებისას, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით, შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%.

ისმის კითხვა თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასნამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე გაცილებით უფრო მაღალი ფასნამატი? არსებობს ასვე სხვა არაერთი მსგავსი გადაწყვეტილება. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად: საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. შემოწმების პროცესში ფულის ნაშთი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ შემოსავალში გათვალისწინებული იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, ხარჯში კი ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდები, ხოლო დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა. ასევე არასწორი ვირტუალური ფულის ნაშთი ე.წ „გროსვა“ და არარსებული ფულის 20% ნაცვლად 25% დაბეგვრა. მომჩივანი ითხოვს გაუქმებულ იქნას შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 ივლისის №16297 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილია, რომ შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს სრულყოფილად არ წარუდგინა გამოთხოვილი ინფორმაცია, რაზეც საგადასახადო კოდექსის 43- ე მუხლის დარღვევისათვის დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლით. სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ნული ლარით. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზაციაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი (დოკუმენტურად რეალიზებულია თვითღირებულებაზე დაბალ ფასში) და განისაზღვრა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც მეტია დეკლარირებულ ბრუნვაზე. სხვაობაზე მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა, ხოლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ შემოსავალს და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის მიხედვით გაწეულ ხარჯებს (იმპორტირებულ საქონელზე გადახდილი თანხის გათვალისწინებით) შორის სხვაობა, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 18.08.2025 წლის №-----21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „--------სი“ საქმიანობის საგანს წარმოადგენს შერეული საქონლის იმპორტი (ტანსაცმელი-ფეხსაცმელი) და ადგილობრივი რეალიზაცია. 2023 წლის ივლისიდან გადამხდელს შეჩერებული აქვს საქმიანობა. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელს არ წარუდგენია გამოთხოვილი ინფორმაცია სრულყოფილად და საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის დარღვევისათვის დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მიხედვით.

საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს მიერ მოწოდებულია ინფორმაცია/დოკუმენტაცია საბაჟო ოპერაციებთან დაკავშირებით. კერძოდ, გაფორმებულ საქონლის საბაჟო დეკლარაციები საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების (დანართი №8)-ის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან. შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან და არ იქნა წარმოდგენილი სასაქონლო ინვოისები საბაჟო დეკლარაციებთან დაკავშირებით, შემოწმება დაეყრდნო მის ხელთ არსებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციას (თვითღირებულებაში გამოყენებულ იქნა საბაჟო ღირებულება). დანარჩენ ნაწილში გამოყენებულ იქნა მონაცემთა დამუშავების ავტომატიზირებულ სისტემა „eCustom“-ში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას სხვა გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება გაცილებით დაბალი ფასნამატი, ვიდრე განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომჩივნის მიერ მითითებული სუბიექტის მიმართ გავრცელებულია საბითუმო ფასნამატი, ხოლო მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულია საცალო რეალიზაციის ფასნამატი, ვინაიდან არ არსებობს მტკიცებულება რომ კომპანია ვაჭრობს ბითუმად.

მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატის გამოყენებით განხორციელდა მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 23.05.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს არ წარუდგინა გამოთხოვილი ინფორმაცია სრულყოფილად და საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის დარღვევისათვის დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლით. შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის №7724 ბრძანებით გადამხდელთან ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურით დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა - ნული.

შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ იმპორტირებული საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები და აღნიშნულზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი (დოკუმენტურად რეალიზებულია თვითღირებულებაზე დაბალ ფასში). შედეგად განისაზღვრა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებულ დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის სხვაობაზე მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა შემოსავალსა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის მიხედვით გაწეულ ხარჯებს (იმპორტირებულ საქონელზე გადახდილი თანხის გათვალისწინებით) შორის სხვაობა, რაც ჩაითვალა საწარმოს მიერ მიღებულად და პასუხისმგებელ პირზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №024-23 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №16297 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატის გამოყენებით განხორციელდა მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“ ); 101(1); 154(1 „ა“.2„ა“ და „ბ“); 158(1); 159(1„ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1);