ბრძანება №24010/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 24010/2/2024
01 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------- 28.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24010/2/2024).
დავის საგანი:
1. სასაქონლო ზედნადებებით გადაზიდული სამშენებლო მასალების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა;
2. სალაროდან გაცემული თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.07.2024 წლის №006-345 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.09.2024 წლის №20018 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 43 988,5 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 25 971
დღგ - 2 672
საშემოსავლო გადასახადი - 23 299
ჯარიმა - 13 312
საურავი - 4 705,5
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა სხვადასხვა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები.
აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.07.2024 წლის
№006-345 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 10.09.2024 წლის №20018 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. სასაქონლო ზედნადებებით გადაზიდული სამშენებლო მასალების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანია მონაწილეობას იღებს სახელმწიფო ტენდერებში. შესამოწმებელ პერიოდში შესრულებული აქვს, არასახელმწიფო შეკვეთებიც. კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ერთი და იგივე პირია.
შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ გადამხდელს ------- რაიონის სოფელ ------- სასაქონლო ზედნადებებით გადაზიდული აქვს სხვადასხვა სამშენებლო მასალა 34 756 ლარის (დღგ-ის ჩათვლით). აღნიშნულ მისამართზე კომპანიას ტენდერი არ ჰქონია, არც კერძო კონტრაქტორი ჰყავდა. აღნიშნული მისამართი ემთხვევა დირექტორის მეუღლის მისამართს, რომელიც 2019 წლამდე იყო შპს ,----------“ დირექტორი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული ოპერაცია ჩაითვალა საქონლის/მომსახურების უსასყიდლო მიწოდებად, ხოლო სარგებელი განისაზღვრა საბაზრო ფასით. შედეგად, კომპანიას დაერიცხა დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადები, ხოლო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სასაქონლო ზედნადებებით გადაზიდული სამშენებლო მასალების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 160-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელს ---------- რაიონის სოფელ ---------- სასაქონლო ზედნადებებით გადაზიდული აქვს სხვადასხვა სამშენებლო მასალა. ირკვევა, რომ აღნიშნულ მისამართზე კომპანიას ტენდერი არ ჰქონია და არც კერძო კონტრაქტორი ჰყავდა. იგი ემთხვევა კომპანიის დირექტორის, ---------- მეუღლის, ----------- მისამართს, რომელიც 2019 წლამდე შპს ,,---------“ დირექტორი იყო.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან, რასაც მოწმობს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №187935. ამასთან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამაში პროექტების მიხედვით არ ხდებოდა საქონლის ჩამოწერა, გადამხდელს არ წარმოუდგენია ფორმა №2-ები და საკუთარი მისამართიდან შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებები არ გამოუწერია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაცია შემოწმებამ განიხილა საქონლის/მომსახურების უსასყიდლო მიწოდებად.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო ზედნადებებით გადაზიდული სამშენებლო მასალების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვას. კომპანიას არ გააჩნდა რაიმე სახის ფართი საქმიანობის განხორციელებისათვის. შესაბამისად, სამშენებლო მასალების დასაწყობება და დამუშავება ხდებოდა დირექტორის/დამფუძნებლის (ოჯახის) საცხოვრებელი სახლის საწყობში. ამ მისამართზე სხვადასხვა მასალით მზადდებოდა ტენდერის ობიექტებისთვის საჭირო ყალიბები, მოაჯირები და ა.შ. ტენდერის ობიექტების მასალები დასაწყობების შემდეგ მიდიოდა გვერდით სოფლებში ჩატარებულ სატენდერო ობიექტებზე. აუდიტორის მოსაზრება, რომ ტენდერით მიღებული ობიექტები ---------- რეგიონში აღნიშნულ მისამართზე კომპანიას არ გააჩნდა, სუსტი არგუმენტია, რადგან მსგავსი საქონლის (ყალიბები, მოაჯირები) დამზადება სამშენებლო ობიექტებზე შეუძლებელი იყო. მოცემული მასალით დამზადებული სამშენებლო მასალა და ინვენტარი გამოყენებულია ეკონომიკურ საქმიანობაში და ასახულია მიღება-ჩაბარების და ფორმა 2-ებში. გარდა ამისა ---------- როგორც აუდიტორი განმარტავს, არის ამავე კომპანიის ყოფილი დირექტორი და ახლანდელი დირექტორის მეუღლე, რომელიც კომპანიის საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობს, რაც დასტურდება 2019 წლის ---------- სახელზე გაცემული ნოტარიულად დამოწმებული უვადო მინდობილობით. კომპანია წარმოადგენს ოჯახის საკუთრებას და მთელი რესურსი მიმართული აქვს ცოლ-ქმარს კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გაუგებარია, რატომ იქნა განხილული კომპანიის მიერ შეძენილი და ტენდერით მიღებული სამუშაოების შესრულებისათვის შეძენილი სამშენებლო მასალები უსასყიდლო მიწოდებად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. ამასთანავე, საქონლის გადაცემა/გამოყენება ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის სახით, არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანიას არ გააჩნდა რაიმე სახის ფართი საქმიანობის განხორციელებისათვის. შესაბამისად, სამშენებლო მასალების დასაწყობება და დამუშავება ხდებოდა დირექტორის/დამფუძნებლის (ოჯახის) საცხოვრებელი სახლის საწყობში. ამ მისამართზე სხვადასხვა მასალით მზადდებოდა ტენდერის ობიექტებისთვის საჭირო ყალიბები, მოაჯირები და ა.შ. ტენდერის ობიექტების მასალები დასაწყობების შემდეგ მიდიოდა გვერდით სოფლებში ჩატარებულ სატენდერო ობიექტებზე. აუდიტორის მოსაზრება, რომ ტენდერით მიღებული ობიექტები კასპის რეგიონში აღნიშნულ მისამართზე კომპანიას არ გააჩნდა, სუსტი არგუმენტია, რადგან მსგავსი საქონლის (ყალიბები, მოაჯირები) დამზადება სამშენებლო ობიექტებზე შეუძლებელი იყო. მოცემული მასალით დამზადებული სამშენებლო მასალა და ინვენტარი გამოყენებულია ეკონომიკურ საქმიანობაში და ასახულია მიღება-ჩაბარების და ფორმა 2-ებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გაუგებარია, რატომ იქნა განხილული კომპანიის მიერ შეძენილი და ტენდერით მიღებული სამუშაოების შესრულებისათვის შეძენილი სამშენებლო მასალები უსასყიდლო მიწოდებად.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
2. სალაროდან გაცემული თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელს ჰყავს კონტრაქტორები, რომელთაც აქვთ მცირე მეწარმის სტატუსი და კომპანიას უსრულებენ სხვადასხვა სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურებას. კომპანია ანგარიშსწორებას ახორციელებს, როგორც ნაღდი ფულით (სალაროს მეშვეობით), ასევე საბანკო გადარიცხვებით. მცირე მეწარმემ --------- შპს ,,--------“ გამოუწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. მან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დატოვა 2022 წლის 22 ივნისს, ხოლო შპს ,,---------“ მიღებულ დოკუმენტებში ირკვევა, რომ აღნიშნულ პირზე სალაროდან გაცემული თანხა 2023 წელს შეადგენს 58 383 ლარს. გადამხდელმა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შედარების აქტი ვერ წარმოადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შემოწმებით მოხდა აღნიშნული ოპერაციის გადაკვალიფიცირება და თანხის სალაროდან გასვლა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, ზემოაღნიშნული თანხა დაბეგრილ იქნა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შპს „ ----------“ ჰყავს კონტრაქტორები, რომელთაც აქვთ მცირე მეწარმის სტატუსი და კომპანიას უსრულებენ სხვადასხვა სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურებას. ირკვევა, რომ მცირე მეწარმე ---------, რომელმაც შპს ,, ----------“ გამოუწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დატოვა 2022 წლის 22 ივნისს, ხოლო შპს ,,----------“ მიღებული დოკუმენტების თანახმად, აღნიშნულ პირზე სალაროდან გაცემულია თანხა 2023 წელს. გადამხდელმა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შედარების აქტი ვერ წარმოადგინა. ამასთან, შემოწმების პროცესში ი/მ ----------- დაკავშირება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, შემოწმებით მოხდა აღნიშნული ოპერაციის გადაკვალიფიცირება და თანხის სალაროდან გასვლა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს, კერძოდ, სალაროდან გაცემული თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას. გადამხდელი განმარტავს, რომ ი/მ --------- იყო მათი კონტრაქტორი, რომელმაც 2022 წელს შპს ---------- სამშენებლოსამონტაჟო სამუშაოები გაუწია, რაზედაც შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურები გამოიწერა. 2022 წლის განმავლობაში უფიქსირდება ი/მ --------- მიმართ 58 343 ლარის ოდენობით გადასახდელი დავალიანება, რომელიც გადახდილია 2023 წელს, რაც დასტურდება ი/მ --------- ნოტარიულად გაფორმებული შედარების აქტით. მომჩივანი აცხადებს, რომ მართალია ი/მ ---------- არ იმყოფებოდა საქართველოში, ვერ ცვლის აღნიშნულ ფაქტს და მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხის სალაროდან გასვლა და დირექტორის ხელფასად დაკვალიფიცირება არამართლზომიერია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ მცირე მეწარმე --------, რომელმაც მომჩივანს გამოუწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დატოვა 2022 წლის 22 ივნისს, ხოლო აღნიშნულ პირზე სალაროდან გაცემულია თანხა 2023 წელს. გადასახადის გადამხდელმა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შედარების აქტი ვერ წარმოადგინა. ამასთან, შემოწმების პროცესში ი/მ------- დაკავშირება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, შემოწმებით მოხდა აღნიშნული ოპერაციის გადაკვალიფიცირება და თანხის სალაროდან გასვლა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
მომჩივანმა, როგორც წარმოდგენილ საჩივარში, ასევე საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ ი/მ ------------ იყო მათი კონტრაქტორი, რომელმაც 2022 წელს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები შეუსრულა, რაზედაც შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურები გამოიწერა. 2022 წლის განმავლობაში უფიქსირდება ი/მ ---------- მიმართ 58 343 ლარის ოდენობით გადასახდელი დავალიანება, რომელიც გადახდილია 2023 წელს, რაც დასტურდება ი/მ -------------- ნოტარიულად გაფორმებული შედარების აქტით. მომჩივნის განცხადებით, ის რომ ი/მ ---------- არ იმყოფებოდა საქართველოში, ვერ ცვლის აღნიშნულ ფაქტს და მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხის სალაროდან გასვლა და დირექტორის ხელფასად დაკვალიფიცირება არამართლზომიერია.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 10.09.2024 წლის №20018 ბრძანება;
3. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. სასაქონლო ზედნადებებით გადაზიდული სამშენებლო მასალების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა;
2. სალაროდან გაცემული თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა სხვადასხვა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები. კომპანია მონაწილეობას იღებს სახელმწიფო ტენდერებში. შესამოწმებელ პერიოდში შესრულებული აქვს, არასახელმწიფო შეკვეთებიც. კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ერთი და იგივე პირია. შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ გადამხდელს სასაქონლო ზედნადებებით გადაზიდული აქვს სხვადასხვა სამშენებლო მასალა (დღგ-ის ჩათვლით). აღნიშნულ მისამართზე კომპანიას ტენდერი არ ჰქონია, არც კერძო კონტრაქტორი ჰყავდა. აღნიშნული მისამართი ემთხვევა დირექტორის მეუღლის მისამართს. აღნიშნული ოპერაცია ჩაითვალა საქონლის/მომსახურების უსასყიდლო მიწოდებად, ხოლო სარგებელი განისაზღვრა საბაზრო ფასით. შედეგად, კომპანიას დაერიცხა დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადები, ხოლო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის შეეფარდა გათვალისწინებული ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელს ჰყავს კონტრაქტორები, რომელთაც აქვთ მცირე მეწარმის სტატუსი და კომპანიას უსრულებენ სხვადასხვა სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურებას. კომპანია ანგარიშსწორებას ახორციელებს, როგორც ნაღდი ფულით ასევე საბანკო გადარიცხვებით.
შპს-ს მიღებულ დოკუმენტებში ირკვევა, რომ სალაროდან გაცემულია თანხა მცირე მეწარმეზე. . გადამხდელმა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შედარების აქტი ვერ წარმოადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით მოხდა აღნიშნული ოპერაციის გადაკვალიფიცირება და თანხის სალაროდან გასვლა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ზემოაღნიშნული თანხა დაბეგრილ იქნა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;159;160;101(1);154(1);