გადაწყვეტილება №21841/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.05.2024
№ დოკუმენტი 21841/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 21841/2/2024

16 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----------8.01.2024 და 12.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №21841/2/2024; №21940/2/2024)

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №002-275 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29517 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 433 855.43 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 844 683

დღგ - 332 463

საშემოსავლო გადასახადი - 512 220

ჯარიმა - 422 115

საურავი - 167 057.43

 

პროცედურული გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა ავტომობილის ახალი და მეორადი საბურავებით ვაჭრობა (მეორადი საბურავების წილი 65%-ია). კომპანიას აქვს როგორც ადგილობრივი შეძენები, ასევე ახორციელებს საქონლის იმპორტს.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 31.05.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 29.12.2022 წლის №33774 ბრძანება და ამავე თარიღის №002-275 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 23.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.06.2023 წლის №14407 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 22.09.2023 წლის №20275/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 22.06.2023 წლის №14407 ბრძანება, საჩივარი ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29517 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით, იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის და აუდიტის დეპარტამენტებში არსებული მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული თანხების კორექტირება (შემცირება);

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული თანხების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29517 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე წარდგენილია ბუღალტრული პროგრამის რეპორტები, საბანკო ამონაწერები და სხვა სააღრიცხვო დოკუმენტაცია. ადგილობრივ ბაზარზე საქონლის შეძენის დამადასტურებელ სასაქონლო ზედნადებებში და იმპორტირებული საქონლის ინვოისებში ვერ ხდება შეძენილი საქონლის სახეობრივი გაშიფვრა (ზომის, ხარისხის, ფირმის, სარგებლიანობის დონის მიხედვით), ვინაიდან შეძენის დოკუმენტებში საქონლის დასახელებაში ძირითადად მითითებულია ზოგადი დასახელება „საბურავი“. საწარმოს დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 2019 წელს 2%-ს, 2020 წელს 17%-ს, 2021 წელს 28%-ს.

გადამხდელის მიერ წარდგენილი საწყისი და საბოლოო ნაშთების, ასევე შემოწმების შედეგად განსაზღვრული შეძენილი სმფ-ების ღირებულების მიხედვით განისაზღვრა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შესამოწმებელი პერიოდის თითოეულ საანგარიშო პერიოდზე. ვინაიდან გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო მონაცემებით, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის საფუძველზე ვერ ხერხდება შეძენილი და რეალიზებული საქონლის სახეობრივი და რაოდენობრივი გაშიფვრა და დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისათვის გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, განისაზღვრა აუდიტის დეპარტამენტში არსებული მეორადი და ახალი საბურავების აუდირებული ფასნამატი 2019-2022 წლებში 34%.

ასევე, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.05.2022 წლის №13378 ბრძანების შესაბამისად, კომპანიაში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის საფუძველზეც დადგინდა ფაქტიური ნაშთი საბაზრო ღირებულებით 708 020 ლარი. გადამხდელის განმარტებით, საინვენტარიზაციო კომისიას არასწორად მიეწოდა პროდუქციის ღირებულებები, რაზეც წარადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაკორექტირდა (გაიზარდა) ფაქტობრივი ნაშთის საბაზრო ღირებულება სულ 13 855 ლარით. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების გათვალისწინებით, განისაზღვრა დღგ ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც გადანაწილდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის პერიოდის პროპორციულად.

გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომელიც მის მიერ წარდგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, კერძოდ, გადამხდელი მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში საერთოდ არ არის განხილული წუნდებული საქონლის საკითხი. ასევე, გადასახადის გადამხდელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ იმპორტის დროს საბურავების ნაწილი შემოდის წუნდებული.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით, იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის და აუდიტის დეპარტამენტებში არსებული მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის № 29517 ბრძანებას ასაჩივრებს, ვინაიდან მხოლოდ წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებაში იქნა გათვალისწინებული მისი მოთხოვნა. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას დარიცხვის განმაპირობებელ გარემოებათა შორის აღსანიშნია კამერალური შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახდო ვალდებულებების ზოგიერთი გაუგებარი ასპექტი. კომპანიის მიერ შედარებული იქნა შემოწმების აქტით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებულ ბრუნვასთან წლების ჭრილში, განსხვავება იყო ჯერადობით ერთი და იგივე მაჩვენებლით, კერძოდ, აქტით დადგენილი დასაბეგრი ბრუნვა მეტი იყო დეკლარირებულზე 2,52-ჯერ, ეს როდესაც წლების მიხედვით დეკლარირებული მარჟები სხვადსხვაა.

ასევე, ყურადსაღებია შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.05.2022 წლის №13378 ბრძანების შესაბამისად, კომპანიაში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები, რომელზეც აპელირებაა გაკეთებული შემოწმების აქტშიც, თუმცა ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ არსებული ნაშთის საბაზრო ღირებულებაზე, არ ჩანს ფაქტიური ნაშთი რომელი საბაზრო ღირებულებით დადგინდა: 34%-იანი ფასნამატით, თუ გადამხდელის მიერ მიწოდებული მარჟით, არ არის შედარებული ფაქტიური ნაშთი სააღრიცხვო სისტემაში აღრიცხულ ნაშთთან, არ არის გამოყვანილი შედეგი, რომელიც განსაზღვრავს გადამხდელის შესაბამის პასუხისმგებლობას საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. გაუგებარია ინვენტარიზაციის შედეგად რა სამართლებრივი საფუძველით გადანაწილდა დღგ-ით დასაბეგრი დათვლილი ბრუნვები გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის პერიოდის პროპორციულად.

საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ინვენტარიზაციის მიზანია დროის გარკვეული პერიოდისთვის მოხდეს გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების (შემდგომში – სმფ) წარმოების და მათი შენახვის ადგილზე სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეულის, მასალების, ნახევარფაბრიკატების, მარაგ-ნაწილების, ტარისა და მზა პროდუქციის (საქონლის) ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხულ ნაშთებთან შედარება, აგრეთვე, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სმფ-ის (საქონლის მარაგების) ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა.

დავის ეტაპზე გამოთხოვილია ინვენტარიზაციის მასალები და ფიქრობს, რომ ინვენტარიზაციით გამოვლენილია დანაკლისი, რომელიც საერთოდ არ არის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ობიექტი, არამედ საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთან, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლინება ცვლის ჯარიმების დარიცხვის რეგლამენტს, დანაკლისის ფარგლებში გამოვლენილი დამატებითი საგადასახადო ვალდებულება, აღარ არის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით ჯარიმის დაკისრების საფუძველი.

საშემოსავლო გადასახადთან მიმართებაში აქტში აღნიშნულია, რომ შემოწმებისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია და სხვა ხელთ არსებული მასალები, რომლის მიხედვით განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს. ვინაიდან საწარმოს სალაროს ნაშთი არ გააჩნია, ასევე არ არსებობს გადამხდელის მიერ სალაროს ნაშთის გამოყენების მიზნობრიობის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული თანხა შემოწმების შედეგად ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და განესაზღვრა კუთვნილი საგადასახადო ვალდებულება. რეალურად არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატით გაზრდილია სარეალიზაციო ფასი, რაც თავის მხრივ ჩაითვალა ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საჩივრის ზეპირი განხილვისას შემმოწმებელმა დაადასტურა, რომ ინვენტარიზაციის შედეგად სმფ-ის ფაქტიური ნაშთების მიხედვით დაადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც გადაანაწილა გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების პერიოდის პროპორციულად. შესაბამისად, ასევე დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მიაჩნია, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი არა მარტო არ არის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ობიექტი, არამედ მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად ასევე, არ წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას.

საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოგების გადასახადის მიზნებისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად და იმავე კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილია, რომ 981 -984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განისაზღვროს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურება საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე. შესაბამისად, დანაკლისის ფარგლებში არაპირდაპირი მეთოდით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება ანულირებას, ასევე მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი საგადასახადო ვალდებულება ტოლფასი უნდა იყოს იმისა, რაც დაექვემდებარებოდა დეკლარირებას გადამხდელის მხრიდან იდენტური შემოსავლების მიღების შემთხვევაში. არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატით გაზრდილია რა სარეალიზაციო ფასი, რაც თავის მხრივ, ჩაითვალა ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით საბჭოს 22.09.2023 წლის №20275/2/2023 გადაწყვეტილებით მიჩნეულ იქნა, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლია არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, შესაბამისად, საჩივარი ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებით ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომელიც მის მიერ წარდგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, კერძოდ, გადამხდელი მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში საერთოდ არ არის განხილული წუნდებული საქონლის საკითხი. ასევე, გადასახადის გადამხდელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ იმპორტის დროს საბურავების ნაწილი შემოდის წუნდებული.

შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29517 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით, იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის და აუდიტის დეპარტამენტებში არსებული მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული თანხების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

2. შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებითა და ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით ირკვევა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში არ გააჩნია დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ასევე სალაროს ფაქტობრივი ნაშთი ნულის ტოლია.

შემოწმების შედეგად შესწავლილია გადასახადის გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია და სხვა ხელთ არსებული მასალები, რომლის მიხედვით განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს. ვინაიდან საწარმოს სალაროს ნაშთი არ გააჩნია, ასევე არ არსებობს გადამხდელის მიერ სალაროს ნაშთის გამოყენების მიზნობრიობის შესახებ მონაცემები, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, აღნიშნული თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია და სხვა ხელთ არსებული მასალები, რომლის მიხედვით განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს. ვინაიდან საწარმოს სალაროს ნაშთი არ გააჩნია, ასევე არ არსებობს გადამხდელის მიერ სალაროს ნაშთის გამოყენების მიზნობრიობის შესახებ მონაცემები, აღნიშნული თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არასწორად იქნა დადგენილი საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბაზა, რომელმაც შეადგინა დღგ-ის ჩათვლით ნამეტი შემოსავლის ე.წ. აგროსილი თანხა. რაც არასწორია და მიაჩნია, რომ დაირღვა საშემოსავლო გადასახადის შემოსავლებიდან დაკავების პრინციპი. ნიშანდობლივია, რომ განსახილველ სიტუაციაში (ზოგადად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას) ადგილი არ ჰქონდა კონკრეტულ ვადაში წყაროსთან ხელფასის (სარგებლის) გაცემის ანუ ფაქტიურად გაცემული ანაზღაურების ფაქტს, არამედ არაპირდაპირი მეთოდით, საგადასახადო ვალდებულების დადგენის მიზნით, პირობითად განსაზღვრულია გადამხდელის ნამეტი შემოსავალი და ასევე, პირობითად ნამეტი შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით მიჩნეული იქნა ხელფასად. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადი უნდა დაკავდეს ნამეტი შემოსავლის თანხიდან (ნამეტი თანხა X 20%) და არ უნდა მოხდეს დღგ-ის ჩათვლით ნამეტი თანხის გაზრდა 25%-ით (ე.წ. „აგროსვა“) და მიღებული შედეგიდან საშემოსავლო გადასახადის (20%) გაანგარიშება, რაც რეალურად განხორციელდა, შედეგად არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ ნამეტ შემოსავალს, გადააჭარბა ასევე, პირობით დადგენილმა შესაბამისმა ხელფასის ხარჯმა, რაც ნიშნავს პირობით შემოსავლებსა და შესაბამის ხარჯებს შორის დისბალანსს.

აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით საბჭოს 22.09.2023 წლის №20275/2/2023 გადაწყვეტილებით მიჩნეულ იქნა, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლია არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, შესაბამისად, საჩივარი ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29517 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული თანხების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად შესწავლილია გადასახადის გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია და სხვა ხელთ არსებული მასალები, რომლის მიხედვით განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს. ვინაიდან საწარმოს სალაროს ნაშთი არ გააჩნია, ასევე არ არსებობს გადამხდელის მიერ სალაროს ნაშთის გამოყენების მიზნობრიობის შესახებ მონაცემები, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, აღნიშნული თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივრები არ დაკმაყოფილდეს

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

73(4,9)101(1);154(1);