გადაწყვეტილება № 26404/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 26404/2/2025
06 თებერვალი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.01.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 29.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26404/2/2025).
დავის საგანი:
1. შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გაწეული ხარჯის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა;
2. ფულადი საშუალებების ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.10.2025 წლის №005-186 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.12.2025 წლის №27252 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 748 963,66 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 481 982,96
ჯარიმა - 240 991,50
საურავი - 25 989,20
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს შავი ლითონის ჯართით ან/და ნარჩენით ვაჭრობა.
აუდიტის დეპარტამენტის 20.10.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 2.04.2025 წლიდან 1.10.2025 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.10.2025 №005-186 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.12.2025 წლის №27252 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გაწეული ხარჯის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან ვერ მოხერხდა დაკავშირება, შესაბამისად შემოწმების პროცესში შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით არ იქნა წარმოდგენილი აღრიცხვის ჟურნალი, საბუღალტრო რეგისტრები და შეძენის დამადასტურებელი საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დაბეგვრის ობიექტის დადგენა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის და №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საზოგადოების მიერ შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გაწეული ხარჯის მოცულობა სულ 4 127 253 ლარი. რეალიზაციის ზედნადებებში დაფიქსირებული საქონელი (შავი ლითონის ჯართი), რომლის შეძენაც სასაქონლო ზედნადებებით არ ფიქსირდება განხილულ იქნა ფიზიკური პირებისგან შეძენილად. საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადის თანხა 127 647 ლარის ოდენობით და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1333 მუხლზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით აღრიცხვის ჟურნალი, საბუღალტრო რეგისტრები და შეძენის დამადასტურებელი საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც შემოწმებას საშუალებას მისცემდა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დაედგინა დაბეგვრის ობიექტი, მართლზომიერად მიიჩნევს საწარმოს მიერ შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გაწეული ხარჯის მოცულობის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილია 5 867 356 ლარის ღირებულების სასაქონლო ზედნადებები, ხოლო დავის ეტაპზე ექსელის ფაილად წარმოდგენილ საქართველოს ბანკის ამონაწერში ფიქსირდება 5 837 741 ლარის ჩარიცხვა. შემოწმების პროცესში არ იყო წარდგენილი საბანკო ამონაწერები და დებიტორების ნაშთები შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამოწმდა შემძენებთან სატელეფონო კომუნიკაციით, საიდანაც დაფიქსირდა დებიტორული დავალიანების ნაშთი ნულის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ არ არის წარმოდგენილი, მათ შორის დავის ეტაპზე, შედარების აქტ(ებ)ი, ასევე წარმოდგენილი საბანკო ამონაწერი არ ადასტურებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონელი სრულად არ იქნა ანაზღაურებული, მათ შორის სხვა ანგარიშზე ჩარიცხვის ან/და ნაღდი ანგარიშსწორების გზით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ახორციელებს შავი ლითონის შეძენას და გაყიდვას. ყიდულობს ძირითადად ჯართის მიმღები პუნქტებიდან და ყიდის რამდენიმე შპს-ზე. ჯართის ყიდვის და გაყიდვის დროს ერთ ტონა ჯართზე მოგება რჩება დაახლოებით 10-20 ლარი. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება არც დარჩეს კონკურენციიდან გამომდინარე (კლიენტი რომ არ დაკარგოს). არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, როდესაც სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გაწეული ხარჯის მოცულობა სულ 4 127 253 ლარითაა განსაზღვრული.
ასევე არ ეთანხმება დარჩენილი თანხის ხელფასად განხილვას. არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებას აღნიშნული სიტუაციური სახელმძღვანელო გამოიყენება, როდესაც შეძენის დოკუმენტები არ გააჩნია კომპანიას, ხოლო აღნიშნულ შემთხვევაში კომპანიის მიერ ზედნადებით შეძენილი საქონელი 5%-ზე მეტია, რეალიზაცია 5 867 356 ლარი (9 817 ტონა), შეძენა 617 ტონა ჯართი 322 759 ლარად. მომჩივანი ითხოვს გადაანგარიშებით ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის გამოანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნას დოკუმენტური შეძენები, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში რადიკალურად სხვა შედეგი დადგებოდა. (ასევე შეუძლია ჯართის შეძენის ჟურნალების წარმოდგენა, სადაც დაფიქსირებულია შეძენის ფასები).
1 სექტემბრის მდგომარეობით ზედნადებებში დაფიქსირებული თანხა, რომელიც გამოყენებულია შემოსავლად სრულად არ აქვთ ანაზღაურებული მაგ პერიოდისთვის, რომელიც დასტურდება საბანკო ამონაწერშიც. გამოწერილი ზედნადებების ღირებულება შეადგენს სულ ჯამში 5 867 356 ლარს, ხოლო საბანკო ჩარიცხვებით სულ ჩარიცხულია 5 820 236 ლარი, საბანკო ამონაწერი წარადგინეს შემოსავლების სამსახურში დავის პროცესში და გადაწყვეტილებაშიც წერია, რომ (შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილია 5 867 356 ლარის ღირებულების სასაქონლო ზედნადებები, ხოლო დავის ეტაპზე ექსელის ფაილად წარმოდგენილ საქართველოს ბანკის ამონაწერში ფიქსირდება 5 837 741 ლარის ჩარიცხვა). ანგარიშსწორება ხორციელდება სრულად საბანკო ანგარიშით (ჩარიცხვით). ასევე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიის საბანკო ანგარიშზე ფიქსირდებოდა ნაშთი 10 000 ლარის ოდენობით. მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებულ იქნას ზემოთ ჩამოთვლილ არგუმენტები და მოახდინოთ დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;
ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით აღრიცხვის ჟურნალი, საბუღალტრო რეგისტრები და შეძენის დამადასტურებელი საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც შემოწმებას საშუალებას მისცემდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დაედგინა დაბეგვრის ობიექტი, ხარჯის მოცულობა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე. უდოკუმენტო საქონლის რეალიზაციის ხარჯი განსაზღვრულ იქნა რეალიზაციის თანხიდან 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე. არსებულ შეძენის დოკუმენტაციაზე დაყრდნობით (მისი 75%-ის ოდენობით) უდოკუმენტო შეძენების ფასების განსაზღვრა არ გამოიწვევს საგადასახადო ვალდებულების შემცირებას.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე მომჩივნის არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ დავის წარმოების პროცესში მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. ფულადი საშუალებების ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საზოგადოებას შემოწმებისთვის ბუღალტრული აღრიცხვა და საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრის ობიექტის დადგენის მიზნით ნაღდი ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი არანაირი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარუდგენია (არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან). შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოების მიერ დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის (შავი ლითონის ჯართი) ღირებულება შეადგენს სულ ჯამში 5 867 356 ლარს (9 817 ტონა). ხოლო, შესამოწმებელ პერიოდში სმფ-ის დოკუმენტური (ზედნადებებით) შეძენა ფიქსირდება 617 ტონა ჯართის 322 759 ლარად. რეალიზებული საქონლის იმ ნაწილზე, რომელზეც გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია არ იქნა წარმოდგენილი შესყიდვის დოკუმენტაცია, ხარჯები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით.
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდზე არ აქვს წარმოდგენილი არცერთი დეკლარაცია. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ხარჯების ნაწილში განსაზღვრა საზოგადოების მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფარგლებში რეალიზებული სმფ-ის შესაძენად გადახდილი თანხების მოცულობა. განისაზღვრა ფულის ნაშთი (1 417 344 ლარი), რომელიც შესაბამის პერიოდებში განხილულ იქნა საზოგადოების ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) ხელფასის სახით გაცემულ თანხად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
შემოწმების შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილია 5 867 356 ლარის ზედნადებები, ხოლო დავის ეტაპზე ექსელის ფაილად წარმოდგენილ საქართველოს ბანკის ამონაწერში ფიქსირდება 5 837 741 ლარის ჩარიცხვა. შემოწმების პროცესში საბანკო ამონაწერები არ იყო წარმოდგენილი და დებიტორების ნაშთები შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამოწმდა შემძენებთან სატელეფონო კომუნიკაციით, საიდანაც დაფიქსირდა დებიტორული დავალიანების ნაშთი ნული. აღსანიშნავია, რომ არ იქნა წარმოდგენილი შედარების აქტ(ებ)ი, ასევე წარმოდგენილი საბანკო ამონაწერი არ ადასტურებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონელი სრულად არ იქნა ანაზღაურებული, მათ შორის სხვა ანგარიშზე ჩარიცხვის ან/და ნაღდი ანგარიშსწორების გზით.
დავის წარმოების პროცესში მომჩივნის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გაწეული ხარჯის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა;
2. ფულადი საშუალებების ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს შავი ლითონის ჯართით ან/და ნარჩენით ვაჭრობა. შემოწმების პროცესში შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით არ იქნა წარმოდგენილი აღრიცხვის ჟურნალი, საბუღალტრო რეგისტრები და შეძენის დამადასტურებელი საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დაბეგვრის ობიექტის დადგენა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.
რეალიზაციის ზედნადებებში დაფიქსირებული საქონელი (შავი ლითონის ჯართი), რომლის შეძენაც სასაქონლო ზედნადებებით არ ფიქსირდება განხილულ იქნა ფიზიკური პირებისგან შეძენილად. საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. შესაბამისად, არ არსებობს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5);1333;101(1);154(1):