ბრძანება N 33869
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 33869
29 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“ (ს/ნ "-----")
(ფაქტ. მის.: "-----")
2023 წლის 16 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 დეკემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №134) განიხილა შპს „----- -ის “ (ს/ნ "------") №85124/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №001-236 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ ბუღალტრული პროგრამა დაზიანდა და ვერ შეძლო მისი წარდგენა, თუმცა წარდგენილი დეკლარაციები სწორია და შეესაბამება პირველად დოკუმენტებს, რომელთა დიდი ნაწილი ელექტრონულია. ამასთან, შემოწმება დაეყრდნო მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებას და არ იქნა გათვალისწინებული ნაღდი ანგარიშსწორება.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიისთვის საწვავის შესაძენად გადახდილი თანხების/ავანსის დღგ-ით დაბეგვრას. აღნიშნავს, რომ დებიტორებმა ანგარიშზე ჩაურიცხეს 1 500 000 ლარი, თუმცა არ იყო შეთანხმებული რა სახის საწვავისთვის იყო ჩარიცხული თანხა, ასევე საწვავის ფასის ცვალებადობის გამო არ იყო განსაზღვრული რა ფასად უნდა მიწოდებულიყო საქონელი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის №9689 და 2023 წლის 1 თებერვლის №1534 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მოჩივანის (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 13 აგვისტოდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 12 ოქტომბრის №25361 ბრძანება და ამავე თარიღის №001-236 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 4 281 709 ლარი, მათ შორის გადასახადი 2 444 480 ლარი, ჯარიმა 1 240 067 ლარი და საურავი 597 162 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადამხდელის საქმიანობის წარმოადგენს ნავთობპროდუქტების (ბენზინი რეგულარი, პრემიუმი, დიზელი), თხევადი და ბუნებრივი აირის შეძენა და რეალიზაცია ავტოგასამართი სადგურების მეშვეობით. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება 30-ზე მეტი ავტოგასამართი სადგურიდან საქონლის რეალიზაცია (ყველა ავტოგასამართი სადგური გადამხდელს აღებული აქვს იჯარით). შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საწარმოს ბუღალტრული პროგრამა (გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომ საწარმოს ბუღალტრული პროგრამა არის დაზიანებული და ვერ ხერხდება მისი აღდგენა), ასევე საწარმომ 2022 წლის ნოემბრის შემდგომ შეწყვიტა ეკონომიკური საქმიანობა. საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელების დოკუმენტური ფასნამატი, რამაც გამოიწვია გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება (გაზრდა). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით განხორციელდა საწარმოს პირველადი საგადასახადო დოკუმენტების, საბანკო ამონაწერების ანალიზი, ასევე გამოთხოვილ იქნა მესამე პირებიდან ინფორმაცია საწარმოს დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ. აღნიშნულის შესაბამისად საწარმოს ერთ-ერთი მომწოდებლის შპს „---- ის “ (ს/ნ "------") მიერ მოწოდებულ იქნა ინფორმაცია, რომ 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით მომჩივანს შპს „----- ის “ მიმართ ერიცხებოდა კრედიტორული დავალიანება 3 784 000 ლარის ოდენობით, რომლის ნაწილის 1 500 000 ლარი წარმოადგენდა შპს „----- -ის “ მიერ მომჩივანისთვის საწვავის შესაძენად გადახდილ ავანსს, რომელიც არ იქნა მიწოდებული მომჩივანის მიერ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შპს „---- -ის “ მიერ მომჩივანისთვის საწვავის შესაძენად გადახდილი თანხა დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. პირს დაერიცხა დღგ და ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების მიმდინარეობისას განხორციელდა საწარმოს შემოსული და გასული ფულადი სახსრების ანალიზი, კერძოდ, დამუშავდა გადამხდელის პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, საბანკო ამონაწერები, მესამე პირებიდან (დებიტორ-კრედიტორებიდან) გამოთხოვილი ინფორმაციები, რომლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ბუღალტრული ნაშთი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი, თვეების მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, შემოწმებით, გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაა, რომ გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საწარმოს ბუღალტრული პროგრამა, ხოლო შემოწმებით პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გადამხდელის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელების დოკუმენტური ფასნამატი, რამაც გამოიწვია გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ზრდა. ასევე, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით განხორციელდა საწარმოს პირველადი საგადასახადო დოკუმენტებისა და საბანკო ამონაწერების ანალიზი, გამოთხოვილ იქნა მესამე პირებიდან ინფორმაცია საწარმოს დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ, რომლითაც ირკვევა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში ერიცხება კრედიტორული დავალიანება 3 784 000 ლარის ოდენობით, რომლის ნაწილი 1 500 000 ლარი წარმოადგენდა საწვავის შესაძენად გადახდილ ავანსს, რომელიც დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. ხოლო, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაფიქსირებული ნაღდი ფულის ბუღალტრული ნაშთი, თვეების მიხედვით, ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემულ ხელფასად.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის წარდგენილი არ აქვს საბუღალტრო პროგრამა, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო საწარმოსათვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადამხდელის მიერ მიღებული ავანსის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრა კანონშესაბამისია. ასევე, მართლზომიერია შემოწმებით პირველადი საგადასახადო დოკუმენტების, საბანკო ამონაწერების, მესამე პირებიდან დებიტორკრედიტორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციების ანალიზის შედეგად გამოვლენილი სალაროს ფულადი ნაშთის, საწარმოს ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------ -ის “ (ს/ნ "------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიისთვის საწვავის შესაძენად გადახდილი თანხების/ავანსის დღგ-ით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობის წარმოადგენს ნავთობპროდუქტების, თხევადი და ბუნებრივი აირის შეძენა და რეალიზაცია ავტოგასამართი სადგურების მეშვეობით. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება 30-ზე მეტი ავტოგასამართი სადგურიდან საქონლის რეალიზაცია.
შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საწარმოს ბუღალტრული პროგრამა,ასევე საწარმომ 2022 წლის ნოემბრის შემდგომ შეწყვიტა ეკონომიკური საქმიანობა.რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელების დოკუმენტური ფასნამატი, რამაც გამოიწვია გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება.გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა.
ასევე,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე,ერთ-ერთი საწარმოს მიერ მომჩივანისთვის საწვავის შესაძენად გადახდილი თანხა დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ბუღალტრული ნაშთი.შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი, თვეების მიხედვით,ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),101,154,161,163,164.