გადაწყვეტილება №20699/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20699/2/2023
26 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,1.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“ 29.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20699/2/2023).
დავის საგანი:
პლასტმასის 100 გრამიანი ბოთლების და ნედლეულის დანაკლისის გათვალისწინებით, სპირტის სხვაობის წარმოებაში ჩართვა და მზა პროდუქციის სახით რეალიზებულად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2021 წლის №007-556 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19809 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 141 704 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 82 990
დღგ - 6 841
საშემოსავლო გადასახადი - 76 149
ჯარიმა - 41 495
საურავი - 17 219
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 16.11.2018 წლიდან 1.04.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს 2020 წლიდან რეალიზებული აქვს სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი საქონელი, რომლის მიწოდებაც გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება დაიწყო შპს „------ -ის “ ხელმძღვანელი პირების მიერ ფალსიფიკაციის ფაქტზე. საქმეზე მოპოვებული ინფორმაციის და ჩატარებული გამოძიების თანახმად, შპს „------- -ის “ მიერ წარმოებული პროდუქციის შემადგენლობა არ შეესაბამება ეტიკეტებზე მითითებულ მონაცემებს. კომპანიის მიერ წარმოებული სადეზინფექციო ხსნარის ეტიკეტზე მითითებულია სპირტის შემცველობა არანაკლებ 75%, ხოლო რეალურად შპს „------- -ის “ ხელმძღვანელი პირები, უფრო მეტი შემოსავლის მიღების მიზნით ხსნარის საერთო მოცულობაში ურევენ ნაკლები ოდენობის სპირტს და სითხის მოცულობის გაზრდის მიზნით ზავდება გამოხდილ წყალში. აღნიშნული სახით წარმოებული ხსნარი შეიცავს ეტიკეტზე მითითებული სპირტის ნაზავის საგრძნობლად ნაკლებ პროცენტულობას.
საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში შესყიდულ იქნა სადეზინფექციო ხსნარი და ჩაუტარდა ექსპერტიზა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დადგინდა, რომ ექსპერტიზისთვის გამოსაკვლევად გადაცემული სადეზინფექციო ხსნარებში ეთილის სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს საშუალოდ 64%-ს. გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა დადგენილი წესის შესაბამისად, დარღვეული აქვს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მოთხოვნები. აგრეთვე მიმდინარე კონტროლის ღონისძიების განხორციელებისას გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკლისი, რის საფუძველზეც საწარმო დაჯარიმებულია საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიხედვით, გაანგარიშდა საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარმოებული სადეზინფექციო ხსნარის მოცულობები, სადაც გათვალისწინებულ იქნა ექსპერტიზის მიერ დადგენილი სპირტიანობის პროცენტული მაჩვენებელი.
შემოწმებისას ჩატარებული ანალიზის საფუძველზე წარმოებული სადეზინფექციო ხსნარის მოცულობა აღემატება გადამხდელის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის მოცულობას. შემოწმებისას აგრეთვე განხორციელდა ანალიზი დამხმარე მასალების რაოდენობრივ მოძრაობასთან დაკავშირებით. საწყისი, შეძენილი და საბოლოო ნაშთის გათვალისწინებით წარმოებაში გამოყენებული დამხმარე მასალები აღემატება იმავე სახეობის დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის რაოდენობას. კერძოდ, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 10 950 ცალი 100 გრამიანი ბოთლი, რეალიზებული აქვს 780 ცალი, ხოლო საბოლოო ნაშთად უფიქსირდება 2 059 ცალი. ამდენად, შემოწმებით დადგენილი სპირტის სხვაობა დამატებით ჩართული იქნა წარმოებაში და ჩაითვალა რეალიზებულად 100 გრამიანი შეფუთვით. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, დაეკისრა ჯარიმა. ასევე, დამატებით ნაწარმოები სადეზინფექციო ხსნარის რეალიზაციის დროს მიღებული შემოსავლით გაიზარდა მიღებული/მისაღები შემოსავლები და დადგენილი ფულის ნაშთი განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ასევე, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, დაეკისრა ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 27.12.2021 წლის №40962 ბრძანება და №007-556 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12811 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭოს 28.10.2022 წლის №16757/2/2022 გადაწყვეტილებით:
1. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12811 ბრძანება;
2. საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19809 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით და შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლით და 161-ე მუხლით, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 163-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, შესაბამისად საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აგრეთვე, საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული სადეზინფექციო ხსნარის მოცულობა აღემატება გადამხდელის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის მოცულობას. ამასთან, წარმოებაში გამოყენებული დამხმარე მასალები აღემატება იმავე სახეობის დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის რაოდენობას.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით დადგენილი სპირტის სხვაობის რეალიზებულად განხილვა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. და განმარტა, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს შეფასებას, ვინაიდან შემოწმება ჩატარდა მისი და მისი წარმომადგენლის დასწრების გარეშე. არ ჰქონია შეხვედრა შემმოწმებლებთან, რათა დასმულ პრობლემატურ კითხვებზე პოზიცია დაეფიქსირებინა, ამ ყველაფერს ადასტურებს შემმოწმებლის ჩანაწერი - „გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარმოუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები. მათ შორის, შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია; ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, შესყიდვის აქტები, ინფორმაცია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების შესახებ“.
შემოწმებით დაბეგრილი სხვაობის ბოთლები (8 111 ცალი) რომელიც, გაუყიდა შემმოწმებელმა, როგორც უკვე მზა პროდუქცია, არაა მართლზომიერი, ვინაიდან აღნიშნული პლასტმასის ბოთლები მზა პროდუქციის სახით ტრანსპორტირებისა და გადაადგილების საფუძველზე იყო დაზიანებული, სასაქონლო იერსახე დაკარგული და სარეალიზაციოდ მიუღებელი, რის გამოც ჩამოწერა ბუღალტრული ნაშთები, შიდა აქტისა და ექსპერტის აქტის საფუძველზე და რეალიზაციის ქსელიდან იქნა ამოღებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოადგენს მტკიცებულებებს (შიდა აქტი, ექსპერტის აქტი, ფოტომასალა) და მოითხოვს განულდეს ის შემოსავალი რომელიც, არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე დათვალა შემმოწმებელმა (8111 ცალი) ბოთლის რეალიზაციიდან და შესაბამისად მოიხსნას არასწორად რიცხული გადასახადები. ასევე მოითხოვს გათვალისწინებული იქნას გაწეული ხარჯები, შესყიდვის აქტების საფუძველზე და ასევე გაფუჭებული/დაზიანებული საქონლის ჩამოწერის აქტები, ექსპერტის დასკვნები.
არ ეთანხმება შემოწმების შეფასებას, ვინაიდან შემოწმება ჩატარდა მისი და მისი წარმომადგენლის დასწრების გარეშე. არ მქონია შეხვედრა შემმოწმებლებთან, რათა დასმულ პრობლემატურ კითხვებზე ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა, ამ ყველაფერს ადასტურებს შემმოწმებლის ჩანაწერი (იხ. საკითხი 2) „გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარმოუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები. მათ შორის, შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია; ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, შესყიდვის აქტები; ინფორმაცია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების შესახებ.
შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შემოწმების შედეგები არ შეესაბამება რეალობას. შემმოწმებლისვე ჩანაწერით „გაანგარიშებულ იქნა კომპანიის ნაღდი ფულის მოძრაობა, დეკლარირებული შემოსავალი ჩაითვალა სრულად მიღებული, ხოლო დოკუმენტური ხარჯი სრულად ანაზღაურებულად. შემოწმების მიერ დამატებით ნაწარმოები სადეზინფექციო ხსნარის რეალიზაციის დროს მიღებული შემოსავლით გაიზარდა მიღებული/მისაღები შემოსავლები“. შემოწმებამ სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა დათვალა გამოწერილი ა/ფაქტურებისა და სასაქ. ზედნადებების საფუძველზე, რაც არამართლზომიერია, ვინაიდან სალაროს ნაშთის დათვლისას არაა გათვალისწინებული ისეთი ფაქტორები, რომლებიც გავლენას მოახდენდა სალაროს ნაშთის სიდიდეზე და შესაბამისად დასაბეგრი თანხის სიდიდეზე, კერძოდ:
დებიტორული დავალიანებები - ახდენს ძირითადად საქონლის საბითუმო რეალიზაციას. მყიდველ ორგანიზაციებთან გაფორმებული მაქვს კონტრაქტი და მიწოდების პირობებიდან გამომდინარე ყოველთვის ვერ ხერხდება მიწოდებული საქონლის ღირებულების სრული ანაზღაურება და უმეტეს წილად მყავს დებიტორები. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოადგენს დანართს დებიტორული ვალდებულებების შესახებ (იხ. დანართი დებიტორული ვალდებულების შესახებ);
საქონლის მიწოდების ისეთი პირობები, რომელიც ითვალისწინებს „ქეშბექს 15%-ს და 5%“-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ მყიდველზე საქონლის მიწოდების საფუძველზე იწერება ს/ზ და ა/ფ-ი და მთლიანი საქონლის ღირებულებიდან 15%-ს და 5%-ს არ უხდის მყიდველი, შემოწმებამ შემოსავლები/მიღებული ნაღდი ფულის მოძრაობა აღიარა გამოწერილი ა/ფაქტურის საფუძველზე ანუ სალაროში მიღებული თანხად ჩათვალა გამოწერილი ა/ფაქტურების მიხედვით და არა რეალურად მიღებული თანხის მიხედვით (დანართის სახით წარმოგიდგენთ ქეშბექის ხელშეკრულებებს);
ისეთი ხარჯი, რომელიც გაწეული იქნა მეორადი სამშენებლო მასალების შეძენისას, ანუ შეძენილი აქვს მეორადი საამშენებლო მასალები შესყიდვის აქტებით და სხვადასხვა ისეთი ხარჯი, რომელიც რომ გაწეულია (წარმოადგენს დანართებს);
ისეთი ხარჯი, რომელიც, რომ ჩამოწერილი იქნა შიდა აქტებისა და ექსპერტის დასკვნის საფუძველზე, ვინაიდან აღნიშნული პლასტმასის ბოთლები ტრანსპორტირებისა და გადაადგილების შემდგომ იყო დაზიანებული, სასაქონლო იერსახე დაკარგული და სარეალიზაციოდ მიუღებელი, რის გამოც შიდა აქტისა და ექსპერტის აქტის საფუძველზე ბუღალტრული ნაშთებიდან და რეალიზაციის ქსელიდან იქნა ამოღებული;
ისეთი ხარჯი როგორიცაა: ბანკის პროცენტები, ბანკის მომსახურების გადასახადი, ნაღდი ფულის გამოტანის საკომისიო, და სხვადასხვა სამეურნეო ხარჯი;
დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალის შენატან-განატანები და სხვა. მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სადავო აქტები და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სადაო საკითხები და მოეხსნას არასწორად რიცხული ჯარიმა-საურავები.
შესაბამისად მოითხოვს:
1. გათვალისწინებული იქნას დებიტორული დავალიანებები და ასევე ქეშბექ-ის ხელშეკრულებები;
2. გათვალისწინებული იქნას გაწეული ხარჯები, შესყიდვის აქტების საფუძველზე და ასევე გაფუჭებული/დაზიანებული საქონლის ჩამოწერის აქტები, ექსპერტის დასკვნები;
3. ხარჯებში გათვალისწინებული იქნას, ბანკის პროცენტები, ბანკის მომსახურების გადასახადი, ნაღდი ფულის გამოტანის საკომისიო, და სხვადასხვა სამეურნეო ხარჯი;
4. გათვალისწინებული იქნეს დამფუძნებლის შენატან-განატანები;
5.მოიხსნას არასწორად რიცხული ჯარიმა/საურავები. საქმის ირგვლივ კითხვების არსებობის შემთხვევაში, დამატებით წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დავების განხილვის საბჭოს 28.10.2022 წლის №16757/2/2022 გადაწყვეტილებით:
1. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12811 ბრძანება;
2. საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19809 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანი ვერ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს/მტკიცებულებებს, რაც შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19809 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდებოდა.
ამასთან, მომჩივანი დამატებით სადავოდ ხდის ისეთ საკითხებს (დებიტორული დავალიანებების, ხარჯის, კაპიტალში შენატანის/გატანის, სალაროს ნაშთის განსაზღვრა), რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავო (გასაჩივრებული) იყო კონკრეტული საკითხი - პლასტმასის 100 გრამიანი ბოთლების და ნედლეულის დანაკლისის გათვალისწინებით, სპირტის სხვაობის წარმოებაში ჩართვა და მზა პროდუქციის სახით რეალიზებულად განხილვა, რომელიც დავების განხილვის საბჭოს 28.10.2022 წლის №16757/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნდა შემოსავლების სამსახურში, შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმების შედეგად დარიცხვა განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სადავო აქტები და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სადაო საკითხები და მოეხსნას არასწორად რიცხული ჯარიმა-საურავები.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს 2020 წლიდან რეალიზებული აქვს სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი საქონელი, რომლის მიწოდებაც გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან.მომჩივანის მიერ წარმოებული პროდუქციის შემადგენლობა არ შეესაბამება ეტიკეტებზე მითითებულ მონაცემებს.საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში შესყიდულ იქნა სადეზინფექციო ხსნარი და ჩაუტარდა ექსპერტიზა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დადგინდა, რომ ექსპერტიზისთვის გამოსაკვლევად გადაცემული სადეზინფექციო ხსნარებში ეთილის სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს საშუალოდ 64%-ს. გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა დადგენილი წესის შესაბამისად, დარღვეული აქვს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მოთხოვნები. აგრეთვე მიმდინარე კონტროლის ღონისძიების განხორციელებისას გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკლისი, რის საფუძველზეც საწარმო დაჯარიმებულია გაანგარიშდა საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარმოებული სადეზინფექციო ხსნარის მოცულობები, სადაც გათვალისწინებულ იქნა ექსპერტიზის მიერ დადგენილი სპირტიანობის პროცენტული მაჩვენებელი.შემოწმებისას ჩატარებული ანალიზის საფუძველზე წარმოებული სადეზინფექციო ხსნარის მოცულობა აღემატება გადამხდელის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის მოცულობას.საწყისი, შეძენილი და საბოლოო ნაშთის გათვალისწინებით წარმოებაში გამოყენებული დამხმარე მასალები აღემატება იმავე სახეობის დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის რაოდენობას.შესაბამისად გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
ასევე, დამატებით ნაწარმოები სადეზინფექციო ხსნარის რეალიზაციის დროს მიღებული შემოსავლით გაიზარდა მიღებული/მისაღები შემოსავლები და დადგენილი ფულის ნაშთი განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ასევე,დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
მომჩივანი დამატებით სადავოდ ხდის ისეთ საკითხებს,რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს.
აღნიშნული საკითხი დავების განხილვის საბჭოს 28.10.2022 წლის №16757/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნდა შემოსავლების სამსახურში, შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმების შედეგად დარიცხვა განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),101,154,160,161,163