ბრძანება N 2160

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.02.2024
№ დოკუმენტი 2160
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2160

06 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ ------)

(მის : -----------)

2024 წლის 16 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა შპს „-------ს“ (ს/ნ -----) №86807/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №005-227 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება, შემოწმების მიერ წონით შეძენილ საქონელზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელებას. აცხადებს, რომ წონით შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დიდი რაოდენობა დაზიანებულია და უწევთ მისი განადგურება ან მიზერულ ფასად რეალიზაცია. შესაბამისად პირი მიიჩნევს, რომ წონით შეძენილი საქონელი რეალიზებულად უნდა ჩაითვალოს თვითღირებულებით.

2. პირი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი სალაროს ფულადი ნაშთის სრული ოდენობით დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას. აცხადებს, რომ დამფუძნებელს საწარმოში შეტანილი აქვს თანხები, რომლებიც სრულად მოხმარდა ეკონომიკურ საქმიანობას, შესაბამისად, ითხოვს დამფუძნებლის მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხების უკან დაბრუნებად განხილვას, ხოლო დარჩენილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას.

3. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 აგვისტოს №19661 და 2023 წლის 22 დეკემბრის №32479 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ს“ (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2023 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 26 დეკემბრის №32902 ბრძანება და ამავე თარიღის №005-227 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 185 733 ლარი, მათ შორის გადასახადი 119 388 ლარი, ჯარიმა 51 934 ლარი და საურავი 14 411 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს შპალერის და ლამინატის იმპორტი (------, ------, -------, ------, ------) და ადგილობრივი რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია სულ 3 472 330 ლარის საქონელი, ხოლო დეკლარირებული შემოსავალი შეადგენს 1 311 918 ლარს, საიდანაც 795 345 ლარი შეადგენს დოკუმენტურ რეალიზაციას. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 27 სექტემბრის №23612 ბრძანების შესაბამისად ჩატარა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის მასალები (ფაქტობრივი ნაშთი და საბაზრო ფასები) გადმოგზავნილ იქნა აუდიტის დეპარტამენტში. ინვენტარიზაციით სმფ-ების ნაშთი სარეალიზაციო ფასით შეადგენს 3 060 855 ლარს. შემოწმების მიერ გამოყვანილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი ჯგუფების და წლების მიხედვით (2022 წელი: შპალერი - 24.41%, ლამინატი - 23%; 2023 წელი: შპალერი - 34.34%; ლამინატი - 33.41%). აღნიშნულის საფუძველზე, ფაქტობრივმა ნაშთმა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგინა 2 604 019 ლარი, ხოლო ბუღალტრულად უფიქსირდება 3 082 003 ლარის ნაშთი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, დოკუმენტური ფასნამატი გავრცელებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. დამატებით მიღებული შემოსავალი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის საფუძველზე, დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, აღნიშნული თანხა ჩაითვალა მიღებულად და მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, პირს დაერიცხა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს დეკლარირებული შემოსავალი შეადგენს 1 311 918 ლარს, საიდანაც 795 345 ლარი დოკუმენტური რეალიზაციაა. პირთან განხორცილდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, დადგენილი ფაქტობრივი ნაშთისა და სმფ-ების სარეალიზაციო ფასების გათვალისწინებით გამოყვანილ იქნა დოკუმენტური ფასნამატები საქონლის ჯგუფებისა და წლების მიხედვით. შემოწმებით სმფ-ების ინვენტარიზაციით აღრიცხულ ფაქტობრივ ნაშთსა და საწარმოს ბუღალტრულად დაფიქსირებულ საქონლის ნაშთს შორის გამოვლენილ სხვაობაზე გავრცელებულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, შესაბამისად დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, დამატებით მიღებული შემოსავალი დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

საჩივარში მოყვანილ არგუმენტთან, დამფუძნებლის მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხების უკან დაბრუნებად განხილვასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში წარდგენილ პროგრამაში დაფიქსირებულია დამფუძნებლის შენატანები ძირითადად სალაროში, ხოლო გატარებები განხორცილებულია შემოწმების შესახებ ბრძანების ჩაბარების შემდგომ. ასევე, ჩატარებული ფულის მოძრაობის ანალიზით გამოვლინდა, რომ პირს არ ჰქონდა საჭიროება პროგრამაში აღრიცხული თანხის ოდენობით შეევსო კაპიტალი. შესაბამისად, შემოწმება არ დაეყრდნო ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულ საწესდებო კაპიტალის ნაშთს და არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავალი სრულად ჩაითვალა ხელფასის სახით განაცემად.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ დეკლარირებული შემოსავლიდან 1 311 918 ლარიდან 795 345 ლარი შეადგენს დოკუმენტურ რეალიზაციას, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი ნაშთისა და სმფ-ების სარეალიზაციო ფასების გათვალისწინებით გამოყვანილი დოკუმენტური ფასნამატების, საქონლის ჯგუფებისა და წლების მიხედვით, სმფ-ების ინვენტარიზაციით აღრიცხულ ფაქტობრივ ნაშთსა და საწარმოს ბუღალტრულად დაფიქსირებულ საქონლის ნაშთს შორის გამოვლენილ სხვაობაზე გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავლის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად განხილვა მართლზომიერია.

აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მოანაცემებზე დაყრდნობით, საწარმოს არ უფიქსირდება ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სმფ-ს ჩამოწერის შესახებ განცხადების რეგისტრაცია. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმეს სახის მტკიცებულებები ან იმგვარი არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება, შემოწმების მიერ წონით შეძენილ საქონელზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელებას.

2. პირი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი სალაროს ფულადი ნაშთის სრული ოდენობით დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას.

3. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს შპალერის და ლამინატის იმპორტი და ადგილობრივი რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია სულ 3 472 330 ლარის საქონელი, ხოლო დეკლარირებული შემოსავალი შეადგენს 1 311 918 ლარს, საიდანაც 795 345 ლარი შეადგენს დოკუმენტურ რეალიზაციას. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 27 სექტემბრის №23612 ბრძანების შესაბამისად ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის მასალები (ფაქტობრივი ნაშთი და საბაზრო ფასები) გადმოგზავნილ იქნა აუდიტის დეპარტამენტში. ინვენტარიზაციით სმფ-ების ნაშთი სარეალიზაციო ფასით შეადგენს 3 060 855 ლარს. შემოწმების მიერ გამოყვანილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი ჯგუფების და წლების მიხედვით (2022 წელი: შპალერი - 24.41%, ლამინატი - 23%; 2023 წელი: შპალერი - 34.34%; ლამინატი - 33.41%). აღნიშნულის საფუძველზე, ფაქტობრივმა ნაშთმა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგინა 2 604 019 ლარი, ხოლო ბუღალტრულად უფიქსირდება 3 082 003 ლარის ნაშთი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, დოკუმენტური ფასნამატი გავრცელებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. დამატებით მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, აღნიშნული თანხა ჩაითვალა მიღებულად და მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, პირს დაერიცხა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(5"ა")(9"ბ"), 159(1"ა""ბ"), 163(1)(2), 164(1), 101(1), 154(1"ა")(2"ა""ბ"), 275, 269(7).