გადაწყვეტილება №20245/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20245/2/2023
27 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს--- (ს/ნ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 12.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20245/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2023 წლის №025-2 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15084 ბრძანება
დარიცხული თანხა: 102 258 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 56 514
დღგ - 48 863
საშემოსავლო გადასახადი - 7 157
ქონების გადასახადი - 494
ჯარიმა - 27 235 საურავი - 18 509
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა პურ-ფუნთუშეულის გამოცხობა ქალაქ ---ში და დისტრიბუცია (---ში და მიმდებარე ტერიტორიებზე). აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 10.04.2023 წლის №7864 ბრძანება და №025-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15084 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში წარდგენილ იქნა პურის ცხობის კალკულაციები. შესწავლით დადგინდა, რომ 2022 წლის სექტემბერში საწარმოს მიერ შეცვლილია ძირითადი პურების კალკულაცია. მაგალითად, ერთ ცალ გრძელ პურზე ჩამოიწერებოდა 700 გრამი ფქვილი, ხოლო 2022 წლის სექტემბრიდან ერთ ცალ გრძელ პურზე ჩამოიწერება 540 გრამი ფქვილი.
გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული გამოიწვია იმან, რომ შეამცირა პურის წონები, თუმცა კალკულაციის ცვლილება შეეხო მხოლოდ ფქვილს, ხოლო საფუარის და მარილის ჩამოწერა ხდება იგივე კალკულაციით, ასევე არ შეცვლილა სარეალიზაციო ფასი.
ასევე კომპანია შესამოწმებელ პერიოდში არის ზარალზე, ხარჯების ანაზღაურება ხდება საწარმოს დამფუძნებლის მიერ შეტანილი (დამფუძნებელს შემოსავალი უფიქსირდება მხოლოდ შპს „---გან“ ხელფასის სახით) საწესდებო კაპიტალის მეშვეობით (შესამოწმებლ პერიოდში საწესდებო კაპიტალში შეტანილია სულ 412 924.91 ლარი, ხოლო გატანილია 121 149.15 ლარი, საწესდებო კაპიტალის შემცირება მოხდა საწარმოს მიერ აღებული სესხის მეშვეობით).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან საწარმოს მიერ ეკონომიკური საქმიანობისთვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს, ასევე მის მიერ წარდგენილი კალკულაციებში არის უზუსტობები შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი და შემოსავალი გაანგარიშდა მის მიერ წარდგენილი კალკულაციით (რომლითაც სარგებლობს 2022 წლის სექტემბრიდან). დამატებით მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით. ასვე ნამეტ შემოსავალს გამოაკლდა საწესდებო კაპიტალის ნაშთი და მიღებული თანხა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკური საქმიანობისთვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს, ასევე გადამხდელის მიერ წარდგენილი კალკულაციებში არის უზუსტობები, რის გამოც საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი და შემოსავალი გაანგარიშდა წარდგენილი კალკულაციით. შედეგად, გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, მიღებულ ნამეტ შემოსავალს გამოაკლდა საწესდებო კაპიტალის ნაშთი და სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
აღნიშნულის გათვალიწინებით, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსასაზღვრად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად.
ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ წარმოდგენს, შპს ---ის მიერ 5.07.2023 წელს შედგენილ №2716 და №2717 გამოცდის ოქმებს, რომლის შესაბამისად ჩაუტარდა ანალიზი შესწავლილ იქნა გრძელი პური ბატონი (900 გრამიანი) და გრძელი პური ბატონი (620 გრამიანი).
ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა:
1) გრძელი პური ბატონის (900 გრამიანი) ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები: ერთი ცალის წონა 8932 ფორიანობა % - 71.13 მარილის მასური წილი % - 0.3,2) გრძელი პური ბატონის (620 გრამიანი) ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები: ერთი ცალის წონა 6052 ფორიანობა % - 873, მარილის მასური წილი % - 0.4
შესაბამისად ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ პურის წონის მიხედვით ხდება, როგორც საფუარის ასევე მარილის ოდენობის განსაზღვრა, კერძოდ უფრო დაბალი წონის პურში გამოიყენება უფრო მეტი ოდენობის მარილი და საფუარი, აღნიშნული აიხსნება, იმით, რომ საფუარი აფუებს პურს (ხდის ვიზუალურად უფრო დიდს) და უფრო დიდ ვიზუალს ანიჭებს მას, ხოლო მარილი კი გემოვნებიან თვისებებს აძლევს (უფრო გემრიელს ხდის პურს), სწორედ აღნიშნულის დამტკიცებას ცდილობდა შემოწმების დროს, რომ ვინაიდან ფქვილის ღირებულება იყო ძალიან გაზრდილი ფიზიკურად შეუძლებელი იყო ერთ ცალ გრძელ პურზე 700 გრამის ფქვილის გახარჯვა, აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის სექტემბრიდან ერთ ცალ გრძელ პურზე ჩამოიწერებოდა მხოლოდ 540 გრამი ფქვილი, ხოლო იმისთვის, რომ პურს შენარჩუნდებოდა იგივე ვიზუალი და გემოვნებიანი თვისებები, მარილის და საფუარის ოდენობა დარჩა უცვლელი. (აღნიშნულს ადასტურებს საჩივარს თანდართული ლაბორატორიული ანალიზები). როგორც აღნიშნა პური იყიდებოდა ცალობით და არა წონით (წონის დაკლება იყო განპირობებული ფქვილის ფასების კატასტროფული მატებით, 2020 წელს მერყეობდა კილოგრამის ფასი 0,98-1,20 ლარამდე, 2021 წელს 1,23-1,44 ლარამდე, ხოლო 2022 წელს 1-40-1,60-1,38ლარამდე), შესაბამისად მყიდველი მხარე უყურებდა ვიზუალურ მხარეს, რომელიც საფუარის წყალობით პურს ჰქონდა შენარჩუნებული.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები შემოწმების დროსაც ჰქონდა ახსნილი და შემმოწმებელს უთხრა, რომ შეეძლო ექსპერიმენტიც კი ჩაეტარებინა, რომ მათ ვიზუალურადაც ენახათ პურის ცხობის პროცესი, შემმოწმებელმაც გაიზიარა მისი არგუმენტები, თუმცა სამწუხაროდ შემოწმების აქტში სხვა დაწერეს. ასევე აღნიშავს, რომ შემოწმების ლოგიკის გაზიარების შემთხვევაში, საფუარის და მარილის ჩამოწერა საწარმოს უნდა განეხორციელებინა შემდეგი ოდენობით: საფუარის და მარილში ერთ ცალ გრძელ პურზე 700 გრამის ფქვილის გახარჯვის პირობებში - საფუარი- 0.010გრ.; მარილი - 0.010 გრ.; ერთ ცალ გრძელ პურზე - 540 გრამი ფქვილის გახარჯვის პირობებში - საფუარი- 0.0076გრ,; მარილი - 0.0076 გრ.
აღნიშნულიდანაც ჩანს, რომ სხვაობა არის იმდენად უმნიშვნელო, რაც ისედაც მიღებულია პურის წარმოებაში ± 20 გამომცხვარი პურის წონის ცვლილება, რითაც ასევე დასტურდება დარიცხული თანხების უკანონობა. დანარჩენ სახეობებს, როგორიცაა ქვის პური, სურს აღნიშნოს, რომ ფქვილის რაოდენობა, რაც იყო აღებული კრიტერიუმად ერთ პურზე 280 გრ ფქვილი დიდი სხვაობით არ გამოირჩევა მის მიერ გამოყენებულ კალკულაციებთან, რომლის მიხედვით ერთი ქვის პურზე იხარჯება 314 გრ.
როგორც აღნიშნა პურის წარმოებაში მიღებულია ± 20 გრ გამომცხვარი პურის წონის ცვლილება. შესაბამისად მიაჩნია აღნიშნული ცვლილება დასაშვებად და გადაანგარიშებას არ ექვემდებარება. იგივე მოსაზრებები აქვს მრგვალ და ლაზურ პურთან დაკავშირებით. აქაც ფქვილის გრამაჟობის ცვლილება საშუალოდ მერყეობს 3 – 9 გრ - მდე.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირობების გათვალისწინებით აღნიშნული არის რეალობა. ასევე, გაუგებარია თუ რის საფუძველზე გამოიყენა შემმოწმებელმა არაპირდაპირი მეთოდი. შემოწმების აქტში მითითებულია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი და აღნიშნული მუხლის (არაპირდაპირი მეთოდი) გამოყენების საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ საწარმოს ხარჯები აჭარბებს შემოსავალს და საწარმოს არასწორად აქვს გაკეთებული საქონლის ჩამოწერა.
ჯერ ერთი საწარმოს საქონელი სწორად აქვს ჩამოწერილი, რაზედაც ზემოთ ისაუბრა, ხოლო ის, რომ კომპანია გადის ზარალზე დამოუკიდებლად არ წარმოადგენს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველს, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
ხაზს ვუსვამ, რომ ერთზე მეტი პირობა სადავო შემთხვევაში ბუნებაში არ არსებობს, რაც დასტურდება შემოწმების აქტითაც, ვინაიდან შემმოწმებელი ფაქტობრივად ვერც კი უთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის რომელი ნაწილი/ნაწილები დაიდო საფუძვლად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების. შესაბამისად არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების და სადავო დარიცხვა ექვემდებარება სრულად გაუქმებას.
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2023 წლის №025-2 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 27 235 ლარი და საურავი - 18 509 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღნიშნულ დავის საგანზე არგუმენტებს არ წარმოადგენს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, ვინაიდან საწარმოს მიერ ეკონომიკური საქმიანობისთვის გაწეული ხარჯი აჭარბებდა დეკლარირებულ შემოსავალს, ასევე, მის მიერ წარდგენილი კალკულაციებში იყო უზუსტობები. შემოსავალი გაანგარიშდა გადამხდელის მიერ წარდგენილი კალკულაციით (რომლითაც სარგებლობს 2022 წლის სექტემბრიდან).
დამატებით მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, ნამეტ შემოსავალს გამოაკლდა საწესდებო კაპიტალის ნაშთი და მიღებული თანხა, საგადასახადო კოდექსის 101- ე მუხლის შესაბამისად, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
მომჩივანმა 28.09.2023 წელს წარმოადგინა №20939/2/2023 საჩივარი ვიდეო მტკიცებულებასთან ერთად, განმარტავს, რომ აგზავნის დამატებითი მტკიცებულებას საჩივრის დაზუსტების მიზნით, თვალსაჩინოებისთვის წარმოადგენს პურის ცხობის პროცესის ვიდეო ჩანაწერს.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, სადაც სადავოდ ხდის, როგორც საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების გამოყენების საფუძვლებს, ისე პროდუქციის გამოსავლიანობის ნორმებს, მიუთითებს წარმოდგენილ მტკიცებულებებზე:
ვიდეო მტკიცებულებაზე და შპს ---ის მიერ 5.07.2023 წელს შედგენილ №2716 და №2717 გამოცდის ოქმებზე, რომლებზეც შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია, ვინაიდან წარმოდგენილი და გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15084 ბრძანების შემდეგ. ასევე, მომჩივნის დასახელებულ არგუმენტებზე, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა მოხდა მომჩივნის მიწვევის გარეშე.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. ამასთან, მომჩივნის მიერ საჩივარზე წარმოდგენილი დასახელებული დამატებითი მტკიცებულებები არ არის შესწავლილი და შეფასებული. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15084 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს; 4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
დავის საგანი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 10.04.2023 წლის №7864 ბრძანება და №025-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15084 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73 (5); 304 (1, ბ).