ბრძანება N 17832

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.07.2024
№ დოკუმენტი 17832
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17832

31 ივლისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.:---) 2024 წლის 17 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 ივლისის სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა შპს „--- ის“ (ს/ნ ----) 2024 წლის 17 ივლისის №90768/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 ივნისის №006-340 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დადგენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. განმარტავს, რომ სალაროს ინვენტარიზაციის ჩატარების პერიოდისთვის (2024 წლის 14 თებერვალი) სალაროს ნაშთი შემდგომი ხელფასების გაცემის მიზნით ინახებოდა კომპანიის დირექტორთან, ვინაიდან საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხელზე ხელფასების გაცემა ხდება საველე პირობებში, სამშენებლო ობიექტის მისამართების შესაბამისად. შემოწმების მიერ 2024 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, სალაროში არსებული ბუღალტრული ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად (61198 ლარი ხელზე გასაცემი). კომპანიამ 2024 წლის 5 თებერვალს ნაღდი ანგარიშსწორებით მოახდინა ხელფასის გაცემა თანამშრომლებზე (ხელზე გასაცემი 43280 ლარი,) რაც დადეკლარირდა შესაბამის პერიოდში და აისახა საბუღალტრო ჩანაწერებში. გადამხდელი მიუთითებს, რომ აღნიშნული ორი ოპერაცია ურთიერთგამომრიცხავი ხასიათისაა, ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუ სალაროს ნაშთის დირექტორზე ხელფასად გაცემა მოხდებოდა, კომპანიას სალაროში ნაშთის სახით ფულადი სახსრები არ ექნებოდა 2024 წლის 5 თებერვალს ხელფასის ნაღდი ანგარიშსწორებით გასაცემად. მომჩივანი ითხოვს შემოწმების აქტის შედეგების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 მარტის №5257 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 19 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 26 ივნისის №15003 ბრძანება და ამავე თარიღის №006-340 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 34 581 ლარი, მათ შორის, გადასახადი 21 680 ლარი, ჯარიმა 10 515 ლარი, საურავი 2 386 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „---ის“ საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამშენებლო სამონტაჟო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. საქმიანობა განხორციელებული აქვს ----ის მუნიციპალიტეტში აუქციონის გარეშე ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის გზით. შპს ---ის მიერ შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი დეკლარაციების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ საწარმოს პარტნიორზე ----ზე არ აქვს გაცემული დივიდენდი. საწარმოში 2024 წლის 14 თებერვალს ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა. რის შედეგადაც დადგინდა, რომ საწარმოს არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი (ნაღდი ფულის ნაშთი არის ნული). 01.01.2024 წლისათვის დებიტორული დავალიანება არ ერიცხება. კრედიტორული დავალიანება შეადგენს 27 416 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული გაცემული (დარიცხული) ხელფასი შეადგენს 189 594 ლარს. საშემოსავლო გადასახადი 8 523 ლარს. მათ შორის --- მიღებული აქვს ხელფასის სახით 3 500 ლარი. ხელფასები გაცემული აქვს მაღალმთიანი დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე, რომლებიც სარგებლობენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82- ე მუხლით დადგენილი შეღავათით. საწარმოს არ აქვს რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი. ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს საბუღალტრო პროგრამაში „ორისი“. შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა. ბუღალტრული პროგრამის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად შემოწმებით გამოვლინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის 01.01.2024 თარიღისთვის (მოთხოვნები საწარმოს პერსონალის მიმართ 1430 ანგარიში) ანგარიშვალდებულ პირს, დირექტორ - ---ს ერიცხება ნაღდი ფულის ნაშთი 116 469 (119 569ლ.-3100ლ. 15.09.2021 წელს ---ზე გაცემული ხელფასის გათვალისწინებით) ლარის ოდენობით. ხოლო ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის თარიღისათვის 14.02.2024 წლისათვის 58 098 ლარი (61 198 ლარი-3100 ლარი). შედეგად, სალაროს ინვენტარიზაციის თარიღისათვის, 14.02.2024 წლისათვის განკარგვადი თანხა 61 198 ლარის (დარიცხული 76 497 ლარი) ოდენობით მიჩნეულ იქნა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე) ---ზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნული განაცემი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან -შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს; ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში აღწერილ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა.

გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული პროგრამის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად შემოწმების მიერ გამოვლინდა, რომ საწარმოს განკარგვადი თანხა ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის თარიღისათვის (14.02.2024წ.) შეადგენდა 61 198 ლარს. შედეგად, აღნიშნული განკარგვადი თანხა მიჩნეულ იქნა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, სალაროს ინვენტარიზაციის ჩატარების პერიოდისთვის სალაროს ნაშთი შემდგომი ხელფასების გაცემის მიზნით ინახებოდა კომპანიის დირექტორთან და 2024 წლის 5 თებერვალს ნაღდი ანგარიშსწორებით გაცემულია ხელფასი, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ გადამხდელის მიერ 2024 წლის 14 მარტს საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილია საშემოსავლო გადასახადის თებერვლის თვის პირველადი დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც ხელფასის გაცემის თარიღად მითითებული იყო 29 თებერვალი. ხოლო 2024 წლის 22 მარტს წარმოდგენილი თებერვლის თვის დაზუსტებული დეკლარაციით, ხელფასის გაცემის თარიღი მითითებულია 5 თებერვალი. აღნიშნული არ იყო აღრიცხული შემოწმებისათვის წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში (პროგრამა „ორისი“ წარდგენილი იყო 2024 წლის 14 თებერვლის მდგომარეობით). შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დადგენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა. ბუღალტრული პროგრამის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად შემოწმებით გამოვლინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის 01.01.2024 თარიღისთვის ანგარიშვალდებულ პირს, დირექტორს ერიცხება ნაღდი ფულის ნაშთი 116 469 ლარის ოდენობით. ხოლო ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის თარიღისათვის 14.02.2024 წლისათვის 58 098 ლარი. შედეგად, სალაროს ინვენტარიზაციის თარიღისათვის, 14.02.2024 წლისათვის განკარგვადი თანხა 61 198 ლარის ოდენობით მიჩნეულ იქნა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნული განაცემი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 101; 154.