ბრძანება N 31080-4
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 31080
15/10/2020
შპს „-----“ (ს/ნ -----)
(მის.: ---------------- )
სადავო საკითხთან დაკავშირებით
საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 25 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა შპს ------ ს 2020 წლის 31 იანვრის №20604/21 საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 30 დეკემბრის №006-1217 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:
აცხადებს, რომ კომპანიის ყოფილმა დირექტორმა, ----- მ, უკანონოდ მიითვისა კომპანიის თანხები და ძვირფასი ლითონები, რასთან დაკავშირებითაც მოიხადა სასჯელი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 03 დეკემბრის №34059 და 2019 წლის 22 ნოემბრის №40695 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის სრული საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2016 წლის 01 აგვისტოდან 2019 წლის 01 აპრილამდე საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც აუდიტის დეპარტამენტმა 2019 წლის 30 დეკემბერს გამოსცა №47337 ბრძანება და ამავე თარიღის №006-1217 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 139 251 ლარი, მათ შორის, გადასახადი 671 246 ლარი, ჯარიმა 333 507 ლარი და საურავი 134 498 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამიდან დგინდება, რომ 2014 წლის მდგომარეობით კომპანიას დირექტორის წინაშე გააჩნდა მოთხოვნა 169 565 ლარის ოდენობით, რომელზეც გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილი პირის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, მიმდინარეობდა სასამართლო დავა. აღნიშნული თანხა 2018 წლის ოქტომბრის თვეში კომპანიას ბუღალტრულ პროგრამაში ნაჩვენები აქვს როგორც ფინანსური ხარჯი. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ ხსენებული თანხის გაცემა არ არის დაბეგრილი კანონმდებლობის შესაბამისად. ვინაიდან შპს ----- წარმოადგენს იურიდიულ პირს, ----- სთვის გადახდილი თანხა (ხელფასი) დაიბეგრა გადახდის წყაროსთან კანონმდებლობის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთნ დაკავშირებით გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2010-2012 წლებში კომპანიის ყოფილმა დირექტორმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა კომპანიის კუთვნილი თანხები და ძვირფასი ლითონები, რითიც კომპანიას მიაყენა 167 477 ლარის ზიანი და აღნიშნული ქმედების გამო მოიხადა სასჯელი.
საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის განაჩენი (საქმე №1/2628-13), რომელშიც აღნიშნულია, რომ: ------ ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებულ იქნა შპს ----- ს კუთვნილი თანხები და ძვირფასი ლითონის ოქროს ნივთები, რითაც შპს ----- ს საერთო ჯამში მიაყენა 167 477,34 ლარის ოდენობით ზიანი.
აღნიშნული ქმედებისათვის -----ს წარედგინა ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.“
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ ფაქტობრივად განხორციელდა სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა, თუმცა საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის მითითებული და დასაბუთებული ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით მისი კვალიფიკაციის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი მოკლებულია დასაბუთებას, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების გათვალისწინებით, ვინაიდან დადგენილია, რომ შპს ----- დან დიდი ოდენობით ფულადი თანხა და ოქროს ნივთები ----- ს მიერ მითვისებულ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ, არ არსებობს ----- ს მიმართ არსებული მოთხოვნის ხელფასად კვალიფიკაციის და აღნიშნული თანხის გადახდის წყაროსთან დაკავების საფუძველი. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, უზრუნველყოს კომპანიის ყოფილი დირექტორის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული თანხების ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ----- ს 2020 წლის 31 იანვრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, უზრუნველყოს კომპანიის ყოფილი დირექტორის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული თანხების ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება;
3. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16), ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს და აცხადებს, რომ კომპანიის ყოფილმა დირექტორმა უკანონოდ მიითვისა კომპანიის თანხები და ძვირფასი ლითონები, რასთან დაკავშირებითაც მოიხადა სასჯელი.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამიდან დგინდება, რომ 2014 წლის მდგომარეობით კომპანიას დირექტორის წინაშე გააჩნდა მოთხოვნა 169565 ლარის ოდენობით, რომელზეც გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილი პირის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, მიმდინარეობდა სასამართლო დავა. აღნიშნული თანხა 2018 წლის ოქტომბრის თვეში კომპანიას ბუღალტრულ პროგრამაში ნაჩვენები აქვს როგორც ფინანსური ხარჯი. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ ხსენებული თანხის გაცემა არ არის დაბეგრილი კანონმდებლობის შესაბამისად. შემომწებით აღნიშნული გადახდილი თანხა დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
გადაწყვეტილება
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა უზრუნველყოს კომპანიის ყოფილი დირექტორის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული თანხების ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9,,ბ“); 101(1).