გადაწყვეტილება №24974/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.04.2025
№ დოკუმენტი 24974/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24974/2/2025

28 აპრილი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----“ (ს/ნ ----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.04.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ს 26.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24974/2/2025).

 

დავის საგანი:

1. საქონლის მიწოდებულად განხილვა და დამატებით გამოვლენილი შემოსავლის ხელფასად ჩათვლა;

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №094-63 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 6.03.2025 წლის №3915 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

1 314 677,32 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 713 172

ბუნებ. რესურ. სარგებ. მოსაკრებელი - 1 245

დღგ - 225 072

მიწა - არასასოფლო - (-2 287)

მოგების გადასახადი - 88 273

საშემოსავლო გადასახადი - 340 626

ქონების გადასახადი - 60 243

ჯარიმა - 402 435

საურავი - 199 070,32

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №094-63 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.03.2025 წლის №3915 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (სადავო საკითხების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა), რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საქონლის მიწოდებულად განხილვა და დამატებით გამოვლენილი შემოსავლის ხელფასად ჩათვლა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შპს ---ს მიერ მოწოდებულ იქნა სმფ-ების და ძირითადი საშუალებების ნაშთი, რომლიდანაც გარკვეული სახეობის (ცემენტი, ქვიშა-ხრეში, ხარაჩოს კონსტრუქცია, მილები) საქონლის ნაშთი (707 845 ლარის თვითღირებულების) არ შეესაბამება ფაქტობრივად არსებულ ნაშთს. ასევე, რამდენიმე ტენდერის ფარგლებში ჩამოწერილი აქვს ფორმა №2-ებში მითითებულზე მეტი სამშენებლო მასალები, საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის შესაბამისად, საქონლის მიწოდებაზე საწარმოს დაერიცხა დღგ 127 412 ლარი, ხოლო დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისთვის დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად 63 706 ლარით. სამშენებლო მასალების მიწოდების შედეგად შემოწმების მიერ დამატებით გამოვლენილი შემოსავალი საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე (----) გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 208 814 ლარი, ხოლო დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისთვის დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად 104 407 ლარით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 105-ე, 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული სმფ-ების და ძირითადი საშუალების ნაშთების შესახებ ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გარკვეული სახეობის (ცემენტი, ქვიშა-ხრეში, არმატურა, ხარაჩოს კონსტრუქცია, მილები) საქონლის ნაშთი (707 845 ლარის თვითღირებულების) არ შეესაბამება ფაქტობრივად არსებულ ნაშთს. ამასთან, რამდენიმე ტენდერის ფარგლებში ჩამოწერილია ფორმა №2-ებში მითითებულზე მეტი სამშენებლო მასალები. შედეგად, საქონლის მიწოდების საფუძვლით საწარმოს დაერიცხა დღგ და ასევე, დამატებით გამოვლენილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტთან, სხვადასხვა პროექტის შესრულების დროს გამოვლენილ დეფექტურ აქტებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ ყველა ფორმა №2 გავლილია დეტალურად. ისეთი პროექტების ხარჯი, რომლებიც შეწყდა, გათვალისწინებულია ხარჯის ნაწილში და დამატებით კვალიფიკაცია არ შეცვლილა. ამასთან, შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს მიერ არაერთხელ მოხდა საბუღალტრო ბაზის შეცვლა, საგადასახადო შემოწმების აქტის შემდგომ გადამხდელის მიერ გადმოგზავნილ დამატებითი ექსელის ცხრილები არ ცვლის შემოწმების ხელთ არსებულ მონაცემებს. შპს ---ის მიერ არ მომხდარა დამატებით დეფექტური აქტების დამადასტურებელი დოკუმენტების მოწოდება და უფრო მეტიც, შეწყვეტილ პროექტებში წერია, რომ ბოლო მიღება-ჩაბარების შემდგომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე საწარმოს სამუშაოები არ შეუსრულებია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მოგების გადასახადში დარიცხული თანხების შესწავლა დაევალა აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის მონაწილეობით შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შესაბამისად აღნიშნული საკითხი დავის ამ ეტაპზე არ საჩივრდება. საშემოსავლო გადასახადსა და დღგ-ში დარიცხვებთან მიმართებით, საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნული ფაქტის ერთადერთი მტკიცებულება ან განსაზღვრის შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების - სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად. მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების ჩატარების შესახებ ბრძანება არ არსებობს, შესაბამისად გაუგებარია აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული მოსაზრების გამოთქმის და შესაბამისად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის მიწოდებად განხილვა და დღგ-ით დაბეგვრა, ხოლო ამის შემდგომ დღგ-ის ჩათვლით თანხის აგროსვა და დირექტორებზე ხელფასად განხილვა პირდაპირ ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხები უნდა დაექვემდებაროს გაუქმებას. ასევე, სხვადასხვა პროექტის შესრულების დროს გამოვლენილია დეფექტური აქტები, რომლის დროსაც ხელახლა შესრულდა სამუშაოების გარკვეული მოცულობა, შესაბამისად საქონლის ჩამოწერა ხდებოდა დეფექტის გათვალისწინებით. ამასთანავე, საბუღალტრო ჩანაწერებში შესაძლებელია დაშვებული იყოს ტექნიკური შეცდომა და ესეთი დეფექტები ჩამოწერილი იყოს არასწორი პროექტის მითითებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ხელახალ შესწავლას უნდა დაექვემდებაროს დარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელის უშუალო მონაწილეობით, წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით მოხდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება შემცირების გზით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გამოკვლევის წესს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდ წილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის ნაშთი (707 845 ლარის თვითღირებულების) არ შეესაბამება ფაქტობრივად არსებულ ნაშთს. ასევე, ტენდერების ფარგლებში კომპანიას ჩამოწერილი აქვს ფორმა №2-ებში მითითებულზე მეტი სამშენებლო მასალები. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საგადასახადო შემოწმება არ დასრულებულად რამდენიმე დღეში და საკმარისი დრო იყო ინფორმაციის/დოკუმენტაციის მისაწოდებლად, საკითხი გავლილია საწარმოს ბუღალტერთან, რომელმაც საქონელი მიუთითა როგორც ნაშთად არსებული და განმარტა, რომ ინახებოდა ---ს ტერიტორიაზე არსებულ ობიექტზე, რაზეც მხარესთან შეთანხმდა შეხვედრა და საქონელი ადგილზე არ დახვდათ. შემდეგ განმარტეს, რომ გამოყენებულია ბოლო მიღება-ჩაბარებებიდან ხელშეკრულების შეწყვეტის პერიოდში შესრულებული სამუშაოებისთვის, რაც ასევე შესწავლილი იქნა და აღნიშნული სამუშაოების შესრულება არ დასტურდება. ტრანსპორტირების გარეშე შეძენილი მასალის (ხრეშის) შესახებ განმარტეს, რომ შეძენის ადგილზე, ---ს ტერიტორიაზე არ დახვდებოდა შემმოწმებლებს და ყველა საქონელი, რაც ნაშთად არის აღრიცხული უნდა იყოს ---ს ტერიტორიაზე არსებულ საწყობში, თუმცა საქონელი ადგილზე ფაქტიურად არ იყო.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შედეგად არ დასტურდება ნაშთად აღრიცხული საქონლის ფაქტობრივად არსებობა, აგრეთვე ჩამოწერილია ფორმა №2-ებში მითითებულზე მეტი სამშენებლო მასალები, აღნიშნულის მიწოდებად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, ვინაიდან მიღებული თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია.

საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 402 435 ლარის ოდენობით. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №094-63 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 199 070,32 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომელიც გამოწვეულია შეცდომით/არ ცოდნით, რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. ვინაიდან აღნიშნული დარიცხვა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით კომპანია უნდა, გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავი).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საქონლის მიწოდებულად განხილვა და დამატებით გამოვლენილი შემოსავლის ხელფასად ჩათვლა;

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებულ იქნა სმფ-ს და ძირითადი საშუალების ნაშთების შესახებ ინფორმაცია, რომლიდანაც გარკვეული სახეობის (ცემენტი, ქვიშა-ხრეში, არმატურა,ხარაჩოს კონსტრუქცია, მილები) საქონლის ნაშთი (707 845 ლარის თვითღირებულების) არ შეესაბამება ფაქტობრივად არსებულ ნაშთს. ასევე, რამდენიმე ტენდერის ფარგლებში ჩამოწერილი აქვს ფორმა N2-ებში მითითებულზე მეტი სამშენებლო მასალები, შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის შესაბამისად, საქონლის მიწოდების საფუძვლით საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9); 101; 154; 159; 269(7);