გადაწყვეტილება №23473/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.08.2024
№ დოკუმენტი 23473/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23473/2/2024

01 აგვისტო 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ს 11.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23473/2/2024).

 

დავის საგანი:

დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.04.2024 წლის №042-5 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.06.2024 წლის №14286 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

161 726 ლარი.

მათ შორის:

დღგ - (-114 563)

ჯარიმა - 276 289

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 თებერვლის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება 1.01.2021 წლიდან 1.02.2024 წლამდე პერიოდში შპს „----'' მიმართ დადასტურებული გამოწერილი/მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დამატებული ღირებულების გადასახადში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების სისწორის დადგენის მიზნით.

შემოწმების შედეგები აისახა 16.04.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხთან დაკავშირებით, ირკვევა შემდეგი: მომჩივანს, შპს --- გამოწერილი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დეკლარირებული აქვს 793 372 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა (დღგ-ის თანხა 121 023).

შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ საწარმოს მიერ შპს --- გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები ეკ --- გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა ეა---- სულ თანხა 3 290 ლარი (დღგ-ის ჩათვლით, დღგ 502 ლარი), შპს --- გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები --- სულ თანხა 471 444 ლარი (დღგ-ის ჩათვლით, დღგ 71 915 ლარი); ----- გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა ეა---- სულ თანხა 20 000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით, დღგ 3 051 ლარი), რომლის შესაბამისი მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება არ მომხდარა და ზემოაღნიშნული ანგარიშფაქტურები არის ყალბი.

ამდენად, შემოწმების შედეგად, შემცირდა საწარმოს დეკლარირებული 18%-იანი განაკვეთით დღგით დასაბეგრი ბრუნვა 672 349 ლარი და შესაბამისი დღგ 121 023 ლარი, შედეგად, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის გამო, საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200%-ის ოდენობით. ასევე, ჯარიმა შეეფარდა კორექტირებული ანგარიშ-ფაქტურების ეკ --- შესაბამის დღგ-ის თანხაზე 10 661 ლარზე, ჯამში 263 369 ლარის ოდენობით. აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 აპრილის №9254 ბრძანება და №042-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.06.2024 წლის №14286 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაკისრებული სანქციის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ყალბი/ფიქტიური ოპერაციების ამსახველი ანგარიშ-ფაქტურების საფუძვლით, მის მიერ უკვე შემცირებული ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემოწმების მიერ ხელახლა შემცირების და მის საფუძველზე დარიცხული თანხების ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს დღგ-ის ჩათვლის საკითხი და თუ დადგინდა, რომ ყალბი/ფიქტიური ოპერაციების ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლა არ განხორციელებულა, უზრუნველყოს აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის კორექტირება/შემცირება. შემოსავლების სამსახურის 18.06.2024 წლის №14286 ბრძანება საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაკისრებული სანქციის ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური პირველ სადაო საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 159-ე, 180-ე, 43-ე, 270-ე, 282-ე, 269-ე, მუხლებზე და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის მე-5 ნაწილზე, ამასთან ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ შემოწმებით ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერის გამო, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200%-ის ოდენობით ჯარიმის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ასევე, დარიცხული სანქციის მიმართ მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება, ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დარიცხულ ჯარიმას, ვინაიდან შემოწმების დაწყებამდე, ამავე წლის 18 თებერვალს, გააუქმა საგადასახადო შემოწმების აქტში ჩამოთვლილი ყველა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (მათ შორის კორექტირებული). ყოფილი ბუღალტრის ქმედებების გამო მოხდა საწარმოს დაზარალება, კომპანიის დირექტორი ვერ აკონტროლებდა მას, ვინაიდან არ იცის კომპიუტერის მოხმარება. ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა– იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. დადგენილია, რომ საწარმოს მიერ შპს ----ზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება არ მომხდარა და ზემოაღნიშნული ანგარიშ- ფაქტურები არის ყალბი.

მომჩივანი განმარტავს, რომ ყოფილი ბუღალტრის ქმედებების გამო მოხდა საწარმოს დაზარალება, ვინაიდან კომპანიის დირექტორი ვერ აკონტროლებდა მას. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ მომჩივანი ადასტურებს აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების სიყალბეს. დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით

და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად, შემცირდა საწარმოს დეკლარირებული 18%-იანი განაკვეთით დღგით დასაბეგრი ბრუნვა 672 349 ლარი და შესაბამისი დღგ 121 023 ლარი, შედეგად, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის გამო, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200%-ის ოდენობით. ასევე, ჯარიმა შეეფარდა კორექტირებული ანგარიშ-ფაქტურების შესაბამის დღგ-ის თანხაზე 10 661 ლარზე, ჯამში 263 369 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის 18.06.2024 წლის №14286 ბრძანება საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაკისრებული სანქციის ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საბჭოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269 (7).