გადაწყვეტილება №27676/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27676/2/2026
27 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ ----- )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,-----" 29.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27676/2/2026).
დავის საგანი:
1. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 14.04.2026 წლის N 068-13 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 08.06.2026 წლის N 12459 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 109 543,48 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 70 437,00 ლარი;
დღგ - 3 556,00 ლარი;
მოგების გადასახადი - 179,00 ლარი;
საშემოსავლო გადასახადი - 66 702,00 ლარი;
ჯარიმა - 35 207,00 ლარი;
საურავი - 3 899,48 ლარი;.
პროცედურული გარემოებები:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას რეგისტრაციიდან ერთი თვის მანძილზე წარმოადგენდა ვაჭრობას სხვადასხვა საქონლით, ხოლო შემდეგ პერიოდში ვაჭრობას შავი ლითონით. გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2025 წლის 6 მარტიდან.
აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2026 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 06.03.2025 წლიდან 01.01.2026 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.04.2026 წლის N 068-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 08.06.2026 წლის N 12459 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:
მომჩივანს 2025 წელს განხორციელებული აქვს შავი ლითონის ჯართის რეალიზაცია. აღნიშნული საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სრულად არ იძებნება, გადასახადის გადამხდელის განმარტებით, ორგანიზაცია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით შეძენის თანხის განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების შედეგად დადგენილი შემოსავლების და გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში უნდა ირიცხებოდეს 230 958 ლარი. შემოსავლების სამსახურის 08.07.2019 წლის N 22708 ბრძანების და მასში 03.07.2023 წლის N 15615 ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილებით დამტკიცებული ,,სალაროში ნაღდი ფულის შესახებ" მეთოდური მითითების გათვალისწინებით, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 101-ე, 1333 და 154-ე მუხლების შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1333 მუხლზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველ ნაწილზე, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებზე, გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე და აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის აქტების ნამდვილობა ვერ დგინდება, ვინაიდან შესყიდვის აქტებში დაფიქსირებულ ზოგიერთ პირთან შემოწმების მხრიდან მოხდა სატელეფონო კომუნიკაცია, რომლებმაც აღნიშნეს, რომ არანაირი ჯართი შპს „-----“ არასდროს ჩაუბარებიათ, ხოლო ორი პირისგან წარმოდგენილი წერილობითი ახსნა/განმარტებით, შავი ლითონის ჯართის რეალიზაცია არ განუხორციელებიათ. აგრეთვე, გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის აქტების ნამდვილობის საკითხი შემდგომი შესწავლის მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, აგრეთვე ვერ დგინდება შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნამდვილობა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა საქონლის შეძენის ღირებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, ამასთან, მართლზომიერად განხორციელდა აღნიშნულის საფუძველზე სალაროს ნაშთის გაანგარიშება და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
მომჩივნის არგუმენტაცია:
როგორც შემოწმების აქტიდან, ასევე შემმოწმებლის მიერ გამოგზავნილი გაანგარიშების ცხრილიდან ირკვევა, უგულებელყოფილია ფიზიკური პირებისგან შეძენილი შავი ლითონის ჯართის შესყიდვის დოკუმენტები (შესყიდვის აქტები), შესაბამისად მათი მითითებული შესყიდული ჯართის ღირებულება, რის მაგივრადაც შემოწმების მიერ გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინებულია შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი პროდუქციის მინიმალური ღირებულების 75%. აღსანიშნავია, რომ მომჩივნის მიერ შემოწმებისთვის სრულად იქნა წარდგენილი შესყიდვის დოკუმენტები, რის მიხედვითაც განხორციელდა შესაბამისი პროდუქციის შეძენა. შემოწმების პროცესში აუდიტორის მიერ მოთხოვნილი იქნა ამ შესყიდვის აქტების ნოტარიული წესით დამოწმება, რაც ვერ მოხერხდა შემოწმების პროცესში. დღეის მდგომარეობით უკვე გააჩნია შესყიდვის დოკუმენტების ძირითად ნაწილზე ორმხრივად დადასტურებული, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტების მოძიება, ასევე მიმდინარეობის ნოტარიულად დამოწმების პროცესი დანარჩენ პირებთან დაკავშირებითაც, შესაბამისად მზადყოფნას გამოთქვამს წარმოადგინოს აღნიშნული ნოტარიულად დამოწმებული აქტები შემმოწმებელთან ძირითად შესყიდვის საბუთებზე. მათი მოთხოვნაა გამოსაქვითი ხარჯების გათვალისწინება შემოწმებით განხორციელდეს ფაქტობრივად გაწეული ხარჯიდან გამომდინარე ნაცვლად შემოწმებით გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ხარჯისა, რის მიხედვითაც გაანგარიშებული სალაროს ნაშთი მნიშვნელოვნად ნაკლებია შემოწმების მიერ განსაზღვრულისგან. აღსანიშნავია, რომ ფიზიკური პირებისგან შეძენილი პროდუქციის ღირებულების გაზრდა გამოიწვევს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის გადასახადების ადმინისტრირების შესახებ N 996 ბრძანების 393 მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების მიხედვით გადასახადის წყაროსთან 3 პროცენტიანი განაკვეთით დასაბეგრი ბაზის ზრდასაც, რა ნაწილშიც გარკვეულ შემთხვევებში, მათი ბუღალტრის შეცდომით მათ მიერ სრულად არ არის შესრულებული საგადასახადო ვალდებულება, რა ნაწილშიც დარიცხულ თანხებს ეთანხმებიან მათ შორის გაზრდილი დასაბეგრი ბაზის პირობებში.
2. დანარჩენ ნაწილში მათზე დასარიცხი თანხები გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ბუღალტრის მიერ ვერ ხორციელდებოდა სწორი გაანგარიშება, მისი არცოდნის/შეცდომის გამო, შესაბამისად დარჩენილ ნაწილში ითხოვს სანქციისგან განთავისუფლება სსკის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 2026 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტი N AR022683, მის საფუძველზეც გამოცემული 2026 წლის 14 აპრილის N 068-13 საგადასახადო მოთხოვნა, ასევე სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 8 ივნისის ბრძანება N 12459 და დაევალოს შესაბამის სამსახურს სრულად შეისწავლოს კომპანიის დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემები, რათა მოხდეს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული 14.04.2026 წლის N 068-13 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაერიცხა სულ 109 543,48 ლარი, მათ შორის, ჯარიმა 35 207,00 ლარი და საურავი 3 899,48 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია:
მომჩივნის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
მომჩივნის განმარტებით, როგორც შემოწმების აქტიდან, ასევე შემმოწმებლის მიერ გამოგზავნილი გაანგარიშების ცხრილიდან ირკვევა, უგულებელყოფილია ფიზიკური პირებისგან შეძენილი შავი ლითონის ჯართის შესყიდვის დოკუმენტები (შესყიდვის აქტები), შესაბამისად მათი მითითებული შესყიდული ჯართის ღირებულება, რის მაგივრადაც შემოწმების მიერ გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინებულია შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი პროდუქციის მინიმალური ღირებულების 75%.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მომჩივნის არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება და მოითხოვს დამატებით შესწავლას.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის N 473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 08.06.2026 წლის N 12459 ბრძანება;
3. საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
1. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები:
ორგანიზაციის მიერ დოკუმენტების არასრულად წარმოდგენის გამო ხარჯი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმებით გამოვლენილი სალაროს აუღრიცხავი ნაშთი დირექტორზე გაცემულ ანაზღაურებად იქნა მიჩნეული, რის საფუძველზეც დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება:
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი;.