ბრძანება N 22802

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.10.2024
№ დოკუმენტი 22802
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22802

24 ოქტომბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“-ის (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.:---)

2024 წლის 30 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №109) განიხილა შპს „---ს“-ის (ს/ნ ---) №162011/21-10-21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 13 სექტემბრის №EL262036 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ გადაგზავნილ იქნა დოკუმენტები საქონლის წინასწარი დეკლარირებისთვის და ვინაიდან ექსპორტის დეკლარაციაში მითითებული იყო მედიკამენტის სასაქონლო კოდი, მებაჟემ მოითხოვა დამატებით დოკუმენტაცია. კომპანიის მიერ გადაიგზავნა ჯანდაცვის სამინისტროს წერილი, რომ აღნიშნული ტვირთი არ იყო მედიკამენტი და არ საჭიროებდა რეგისტრაციას, რადგან იყო დანამატი. ამის შემდეგ დეკლარაციაში მაინც მიეთითა მედიკამენტის სეს ესნ კოდი. №---- საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკალრირებული ტვირთის შემოსვლის შემდეგ საბაჟომ მოითხოვა ექსპერტიზის ჩატარება და დადგინდა, რომ პროდუქცია იყო დანამატი, რაც ისედაც ცნობილი იყო კომპანიისთვის, მაგრამ დაჯარიმდა. აღნიშნულზე და იმაზე მითითებით, რომ კომპანიის ბრალეულობა არ იკვეთება, ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 5 სექტემბერს, შპს „----ს-*ის“ (ს/ნ ---) სახელზე შევსებული №--- საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დადეკლარირდა იტალიიდან შემოტანილი საქონელი – თვალის წვეთები (ALLERGOVIS 15ML, 1080 ერთეული), საერთო საბაჟო ღირებულებით 10766.83 ლარი, სეს ესნ-ის კოდით 3004 90 000 00. ვინაიდან დეკლარირებულ სასაქონლო კოდში კლასიფიცირებული საქონლის იმპორტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით თავისუფლდება დღგ-ისგან, შპს „---ის“ მიერ წარდგენილ დეკლარაციაში მითითებულ საქონელს არ დაერიცხა იმპორტის გადასახდელი. მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მეშვეობით რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციისათვის შეირჩა „ყვითელი დერეფანი“.

დეკლარაციისა და დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის შედეგად კი გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი დეკლარირებული სასაქონლო კოდის სისწორესთან დაკავშირებით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესრულების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სასაქონლო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, სასაქონლო კოდის დადგენის მიზნით. გამოირკვა, რომ დეკლარირებული საქონელი წარმოადგენს სეს ესნ-ის 3307 90 000 00 კოდში შემავალ საქონელს (საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნა №009313/2024, 13/04/2024), რომლის იმპორტი იბეგრება დღგ-ითა და იმპორტის გადასახადის 5%-იანი განაკვეთით. შესაბამისად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში საბაჟო ორგანოს ინიციატივით განხორციელებული ცვლილების შედეგად საქონლის საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელის თანხის ოდენობამ შეადგინა 2572.87 ლარი.

ვინაიდან შპს „---ის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტებში არასწორი მონაცემის შეტანის ფაქტს, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის თანხის ოდენობის შემცირება 2572.87 ლარით, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----ის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 13 სექტემბერს შედგენილი №--- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2572.87 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი. ამასთან, საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.

ამავე კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია საქონლის გაშვებამდე საბაჟო ორგანოს ინიციატივით, თუ დადგინდა ამ დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია, რომ №---- საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დადეკლარირდა თვალის წვეთები (ALLERGOVIS 15ML, 1080 ერთეული) სეს ესნის კოდით 3004 90 000 00, რასაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ დაერიცხა იმპორტის გადასახდელი.

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის №009313/2024 13/04/2024 დასკვნის თანახმად, დეკლარირებული საქონელი წარმოადგენს სეს ესნ-ის 3307 90 000 00 კოდში შემავალ საქონელს რომლის იმპორტი იბეგრება დღგ-ითა და იმპორტის გადასახადის 5%-იანი განაკვეთით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტებში არასწორი მონაცემის შეტანის ფაქტს, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის თანხის ოდენობის შემცირება. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ს“-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

საბაჟო დეკლარაციით დეკალრირებული ტვირთის შემოსვლის შემდეგ საბაჟომ მოითხოვა ექსპერტიზის ჩატარება და დადგინდა, რომ პროდუქცია იყო დანამატი, რაც ისედაც ცნობილი იყო კომპანიისთვის, მაგრამ დაჯარიმდა. აღნიშნულზე და იმაზე მითითებით, რომ კომპანიის ბრალეულობა არ იკვეთება, ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტებში არასწორი მონაცემის შეტანის ფაქტს, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის თანხის ოდენობის შემცირება 2572.87 ლარით. გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2572.87 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 167.