ბრძანება N 21834

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.10.2025
№ დოკუმენტი 21834
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21834

15 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (პ/ნ ---------)

(მის.:---------)

2025 წლის 24 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №84) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2025 წლის 24 სექტემბრის №98130/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 აგვისტოს №002-125 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ დეკლარაცია წარდგენილია სალდირებულად, კერძოდ, შესრულებულმა სამუშაომ შეადგინა 226 531 ლარი დღგ-ის ჩათვლით, ხოლო აღნიშნულ სამუშაოზე გაწეულმა ხარჯებმა მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით შეადგინა 121 316 ლარი დღგ-ის გარეშე. აღნიშნავს, რომ შემმოწმებელმა შემოსავალი გაიანგარიშა საწარმოს მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით და არ გაითვალისწინა დღგის ჩასათვლელი თანხები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს ჩასათვლელი დღგ-ის თანხების გათვალისწინებას და დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 ივლისის №16953 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „------“ (ს/ნ ------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების / სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2023 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 11 აგვისტოს №18022 ბრძანება და ამავე თარიღის №002-125 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 38 709 ლარი, მათ შორის გადასახადი 21 836 ლარი, ჯარიმა 10 918 ლარი და საურავი 5 955 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შპს „-----“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 09.12.2022 წელს, დღგ-ის გადამხდელად კი რეგისტრირებულია 22.09.2023 წლიდან. საწარმოს საქმიანობის სახეა მომსახურება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული 2023 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 70 663 ლარს, ჩასათვლელი დღგ-ის თანხა არ უფიქსირდება. შემოწმების მიერ ინფორმაცია/დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წლის დეკემბრის თვეში გადამხდელს გაწეული აქვს მომსახურება და გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ------, თანხით 226 531 ლარი. გადამხდელს ჩათვლის საგადასახადო დოკუმენტები აღნიშნულ პერიოდში არ უფიქსირდება, შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა

191 975 ლარი. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დამატებით დაერიცხა კუთვნილი დღგ 21 837 ლარის ოდენობით და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოიწერება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის დეკემბრის თვეში გადამხდელს გაწეული აქვს მომსახურება და გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა -------, თანხით 226 531 ლარი. დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 191 975 ლარი. შედეგად, გადამხდელს დამატებით დაერიცხა კუთვნილი დღგ. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ჩათვლის საგადასახადო დოკუმენტები გადამხდელს აღნიშნულ პერიოდში არ უფიქსირდება, ხოლო საჩივარზე წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურებით, ოპერაციის განხორციელების პერიოდი წარმოადგენს 2023 წლის სექტემბერი-ნოემბრის საანგარიშო პერიოდებს, ამასთან აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები დადასტურებულია 2025 წლის 19 სექტემბერს.

შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ მომჩივნის მხრიდან საგადასახადო დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი ისეთი არგუმენტი/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------ (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

გადამხდელი ითხოვს ჩასათვლელი დღგ-ის თანხების გათვალისწინებას და დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობის სახეა მომსახურება. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წლის დეკემბრის თვეში გადამხდელს გაწეული აქვს მომსახურება და გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. გადამხდელს ჩათვლის საგადასახადო დოკუმენტები აღნიშნულ პერიოდში არ უფიქსირდება, შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვა გაიზარდა. გადამხდელს დამატებით დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:158(1); 159(1);163(1,2);;176(1);178(1);180(1);