ბრძანება N 25635
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25635
16 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“ (ს/ნ -----)
(მის.: -------)
2023 წლის 24 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №100) განიხილა შპს „-----ს“ (ს/ნ ----) 2023 წლის 24 ივლისის №82522/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივლისის №059-3 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აცხადებს, რომ მომწოდებელი ფიზიკური პირები ცხოვრობენ სხვადასხვა რეგიონში და ვერ მოხერხდა კომპანიის მხრიდან მათი მოძიება, თუმცა აუდიტის დეპარტამენტმა მოიძია ისინი და დადასტურდა, რომ კომპანია შეძენას ახორციელებდა მათგან, მაგრამ ფიზიკური პირებისგან არ გამოითხოვეს თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. მომჩივანი მიუთითებს, რომ თუ შესყიდვის აქტი არ ჩაითვლება ხარჯად, გამოდის, რომ საზღვარზე გატანილი პროდუქცია არის საკუთარ ნაკვეთზე მოკრეფილი მოსავალი, რომელიც ფიზიკურად არ გააჩნია. გადამხდელი აღნიშნავს, რომ პროდუქტის ექსპორტის განხორციელებამდე სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს ტვირთის ადგილმდებარეობას, შესყიდვის აქტს და დოკუმენტებს, რის საფუძველზეც გაიცემა ფოტოსანიტარული სერტიფიკატი, შემდგომ ფოტოსერტიფიკატის საფუძველზე გაიცემა წარმოშობის სერტიფიკატი და საბაჟო დეკლარაცია. ასევე აღნიშნავს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა მანქანის ხარჯები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6403 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 05 ივლისის №15955 ბრძანება და ამავე თარიღის №059-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 457 185 ლარი, მათ შორის, გადასახადი 931 873 ლარი, ჯარიმა 465 937 ლარი და საურავი 59 375 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს „-----ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის საგანს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეძენა და საზღვარგარეთ გატანა. დირექტორმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა ახსნა-განმარტებითი ბარათი, სადაც დაადასტურა, რომ არ აქვს ოფისი ან სასაწყობე ფართი, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი ხორციელდება პროდუქციის შეძენისთანავე. ამასთან, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ არ გააჩნია საბუღალტრო პროგრამა და შესაბამისად, ვერ წარმოადგინა სალაროში თანხების მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტები შეძენილია ფიზიკური პირებისგან სულ 10 789 140 ლარის ოდენობით, ანაზღაურება ხორციელდებოდა ნაღდი ანგარიშსწორების გზით. საგადასახადო შემოწმების პროცესში გადამხდელისგან დამატებით მოთხოვნილი იქნა თანხის ხელზე გადახდის დამადასტურებელი ინფორმაციის წარმოდგენა, კერძოდ, ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები ფიზიკურ პირებთან, რაც გადასახადის გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი. ამავდროულად, შემოწმების მიერ ზემოაღნიშნული ფიზიკური პირებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს „------ზე“ (ს/ნ -----) მიწოდებული ხილის რაოდენობასა და ღირებულების დადასტურების მიზნით, თუმცა ფიზიკურმა პირებმა აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილ წერილებში არ დაადასტურეს ზემოაღნიშნული ინფორმაცია. ამდენად, საგადასახადო შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და ხარჯად აღიარდა შესყიდვის აქტებში მითითებული თანხის 75% და ჩაითვალა მიწოდებულზე გადახდილ ანაზღაურებად შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 08 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით.
ამასთან, საგადასახადო შემოწმების პროცესში ჩატარებულ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რომლის შესაბამისადაც გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დარჩა ნაშთი, რომლის სალაროდან გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები შემოწმების პროცესში არ წარმოდგენილა. ამასთან, წარმოდგენილი ახსნა-განმარტებითი ბარათით სალაროს ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგენს 18 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სალდირებულად სალაროდან არამიზნობრივად ჩამოწერილმა თანხამ შეადგინა 3 721 985 ლარი, რაც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.
ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია საბუღალტრო პროგრამა და ვერ წარუდგინა საგადასახადო შემოწმებას სალაროში თანხების მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია;
სოფლის მეურნეობის პროდუქტები შეძენილია ფიზიკური პირებისგან სულ 10 789 140 ლარის ოდენობით, ხოლო ანაზღაურება განხორციელებულია ნაღდი ანგარიშსწორების გზით. თანხის ხელზე გადახდის დამადასტურებელი ინფორმაციის (ნოტარიულად დამოწმებული) წარმოდგენა გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა;
საგადასახადო შემოწმების მიერ ფიზიკური პირებისგან მოხდა ინფორმაციის გამოთხოვა მიწოდებული ხილის რაოდენობასა და ღირებულების დადასტურების მიზნით, მაგრამ ფიზიკურმა პირებმა აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი წერილებით არ დაადასტურეს აღნიშნული ინფორმაცია;
საგადასახადო შემოწმების პროცესში ჩატარებული ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად, გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დარჩა ნაშთი, რომლის გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იქნა წარმოდგენილი.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, მიღებული შემოსავლის და ექსპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქტების თვითღირებულების გაანგარიშება №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად, ასევე, შემოწმებით დადგენილი შემოსავლისა და გაანგარიშებული ხარჯების გათვალისწინებით დადგენილი ფულის ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეძენა და საზღვარგარეთ გატანა. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტები შეძენილია ფიზიკური პირებისგან სულ 10 789 140 ლარის ოდენობით, ანაზღაურება ხორციელდებოდა ნაღდი ანგარიშსწორების გზით. საგადასახადო შემოწმების პროცესში გადამხდელისგან დამატებით მოთხოვნილი იქნა თანხის ხელზე გადახდის დამადასტურებელი ინფორმაციის წარმოდგენა, კერძოდ, ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები ფიზიკურ პირებთან, რაც გადასახადის გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი. ამავდროულად ფიზიკურმა პირებმა აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილ წერილებში არ დაადასტურეს ზემოაღნიშნული ინფორმაცია. ამდენად, საგადასახადო შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და ხარჯად აღიარდა შესყიდვის აქტებში მითითებული თანხის 75% და ჩაითვალა მიწოდებულზე გადახდილ ანაზღაურებად შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 08 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით.
ამასთან, საგადასახადო შემოწმების პროცესში ჩატარებულ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, სალდირებულად სალაროდან არამიზნობრივად ჩამოწერილმა თანხამ შეადგინა 3 721 985 ლარი, რაც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 8(22), 49(1"ე"), 61(3), 73(4)(5"ა")(9"ბ"), 101(1), 154(1"ა")(2"ა")(3"ა"), 43(4).