გადაწყვეტილება №20302/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20302/2/2023
27 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (პას/ნ---)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----ის 18.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20302/2/2023).
დავის საგანი:
სანქციისგან გათავისუფლება საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. 2023 წლის 9 მაისის №EL209021 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 ივნისის №12641 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 10 180,3 ლარი
ფაქტების აღწერა
2023 წლის 9 მაისს ---ს რეისით (---) საქართველოში ჩამოსული მომჩივანი საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით. უფლებამოსილი პირის მიერ მოხდა მისი შეჩერება და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მომჩივნის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების თაობაზე. ხელბარგში აღმოჩნდა 41 000 აშშ დოლარი, რამაც საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით 2023 წლის 9 მაისისთვის შეადგინა 101 803 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი №69001/000135 “. 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანის გამო მომჩივანს, 2023 წლის 9 მაისის №EL209021 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 10 180.3 ლარის ოდენობით (გადმოტანილი ნაღდი ფულის 10%).
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 ივნისის №12641 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მომჩივანი ვერ უთითებს ისეთ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება. სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ოქმი არის უკანონო, რადგან იგი არ ცდილობდა საბაჟოს გვერდის ავლით ფულადი თანხის შემოტანას, მან არ იცოდა თუ რა თანხა ექვემდებარებოდა დეკლარირებას, ასევე არ ფლობდა ქართულ ენას, საბაჟოს თანამშრომლებმა კი არ განუმარტეს მისთვის გასაგებ ენაზე, რომ ვალდებულება ჰქონდა ფულადი თანხის დეკლარირებისა, (შესაბამის ოდენობებზე რა ჯარიმებია ესეც უნდა განემარტათ). ასევე მას არ დაუმალია, რომ თანხა ედო ჩანთაში, შესაბამისად იქცეოდა კეთილსინდისიერად. ოქმში მოწმეების გრაფა არაა შევსებული, ანუ არ ესწრებოდნენ მოწმეები მის შემოწმებას, ასევე საქართველოში იმ დროისთვის არსებული ვალუტის კურსით მისი შემოტანილი თანხა 41 000 აშშ დოლარია. გაურკვეველია თუ რა კონვერტაციით მოხდა მისი დაანგარიშება, დაჯარიმებული პირისთვის უცნობის იყო ვალუტის კურსიც, კონვერტაციით, თუ ასცდებოდა 100 000 ლარს და იქნებოდა 101 803 ლარი (ვალუტის გაურკვეველია რატომ გამოთვალეს გაცვლითი კურსი იმ პერიოდისთვის 1 აშშ დოლარი=2,483 ლარი), რის გამოც მას საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 10 180,3 ლარი, რომელიც გადაიხადა. მისი შვილი სწავლობს ---ში, სტომატოლოგიურზე და სასწრაფოდ ესაჭიროება თანხა შვილის სწავლის გადასახადის დასაფარად. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცდებზე არ დაუშვებენ, თუ სწავლის ფული არ გადაიხადა. რაც შეეხება დანარჩენ ჩამოტანილ თანხას, ის ჩამოუტანა ---ში მის ახლობელს და ამით უნდა დაეფარა ვალი. ამჟამად არ აქვს სხვა შემოსავალი რომ დაფაროს სწავლის გადასახადი.
შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში ნათქვამია რომ, თითქოს ---თის მოქალაქე დაუდევრად მოქმედებდა რაც არასწორია, ასევე არასწორი ინტერპრეტაციით არის მოყვანილი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, შეცდომა ნამდვილად დაშვებულ იქნა საჩივრის ავტორის მხრიდან, მაგრამ დაუდევრობას ვერ ასაბუთებენ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას განმარტავენ არასწორი ინტერპრეტაციით.
ასევე საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლები ვალდებულნი იყვნენ მისთვის გასაგებ ენაზე განემარტათ დეკლარირების თაობაზე ინფორმაცია, ასევე ყველა პროცედურები რაც არ მომხდარა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 258-ე მუხლი არეგულირებს თარჯიმნის ინსტიტუტით სარგებლობის იმ შემთხვევებს, როდესაც ხდება სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება. კოდექსის თანახმად, თარჯიმნის დანიშვნის უფლებამოსილება აქვს იმ ორგანოს ან თანამდებობის პირს, რომლის წარმოებაშიც იმყოფება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, ხოლო თარჯიმნის ვალდებულებაა სრულფასოვნად შეასრულოს დაკისრებული დავალება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არეგულირებს თარჯიმნის მონაწილეობას სამოქალაქო საქმის განხილვის დროს.
აღნიშნული წესები ვრცელდება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაზეც. კერძოდ, სსკ-ს 9.4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება ქართულ ენაზე მიმდინარეობს, ამასთან, სახელმწიფო ვალდებულია ქართული ენის არმცოდნე პირს მიუჩინოს თარჯიმანი.
მნიშნველოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე თარჯიმნის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობას, ადგენს თარჯიმანთა საპროცესო უფლება-მოვალეობებზე, თუმცა კანონმდებლობა არ განსაზღვრავს თარჯიმნის კვალიფიკაციის ან თარგმნის ხარისხის შემოწმების მექანიზმს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თარჯიმანთა კვალიფიკაციას. სამართალწარმოების მონაწილისათვის აუცილებელია ჰქონდეს თარჯიმნის მომსახურებით სარგებლობის არა ფორმალური უფლება, არამედ ამ საკანონმდებლო ჩანაწერის პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა.
სწორედ, კვალიფიციური და სრულფასოვანი თარგმანი უზრუნველყოფს, სამართალწარმოების მონაწილემ ადექვატურად აღიქვას პროცესის მიმდინარეობა და მოვლენების სწორი გააზრების საფუძველზე განსაზღვროს დაცვის სტრატეგია. თარჯიმანთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია შემდეგი რეგულაციების მიმოხილვა: ევროკავშირის სისხლის სამართლის პროცესში თარჯიმნის უფლებისა და თარგმნის შესახებ 2010 წლის 20 ოქტომბრის 2010/64/EU დირექტივის მე-5 მუხლი არეგულირებს თარგმნის ხარისხთან დაკავშირებულ საკითხებს. დირექტივის თანახმად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაატარონ კონკრეტული ზომები თარგმნის სათანადო ხარისხის უზრუნველსაყოფად. კერძოდ, ინტერპრეტაცია ან თარგმანი აკმაყოფილებს სათანადო ხარისხს, თუ იგი ხელს უწყობს სასამართლო პროცესის სამართლიანად წარმართვას, ბრალდებულის ან მსჯავრდებულისთვის ბრალდების შესახებ სრულფასოვანი ინფორმირების გზით. ადექვატური ინტერპრეტაციისა და თარგმნის, აგრეთვე, მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აღრიცხონ და შექმნან სათანადო კვალიფიკაციის მქონე დამოუკიდებელ თარჯიმანთა რეესტრი, რომელზე წვდომაც უნდა ჰქონდეს იურიდიული კომპანიებსა და შესაბამის უწყებებს. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ თარჯიმნებმა მკაცრად დაიცვან კონფიდენციალობა.
მომჩივანი მიუთითებს საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლზე და აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებით უკვე დადგენილი აქვს პრაქტიკა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. ასევე ანალოგიურად (საგადასახადო დავებზე) შეცდომა დამრღვევის მხრიდან არის სანქციისაგან განთავისუფლების საფუძველი. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერებას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის #ბს-222-219(კ-14) გადაწყვეტილებაში ასახულ სამართლებრივ შეფასებით, ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში დაუდევარი ქმედება არ ყოფილა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში“.
საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ საბაჟო ფორმალობები საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება ქართულ ენაზე, მიუხედავად აღნიშნულისა მომჩივნის ინტერვიუირება მიმდინარეობდა მისთვის გასაგებ ინგლისურ ენაზე, ასევე განემარტა დაჯარიმების საფუძველი და მისი უფლება-მოვალეობები, რის შემდგომ ხელი მოაწერა და ჩაიბარა სამართალდარღვევის ოქმი. აღსანიშნავია, რომ აეროპორტის კონტროლის ზონაში (მოფრენის დარბაზი) განთავსებულია მწვანე და წითელი დერეფნები, რომლებზეც ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა განთავსებული ინფორმაცია მგზავრთა ვალდებულებებისა და შეღავათების შესახებ. „წითელი დერეფანი“ მოქალაქეს აფრთხილებს შემდეგი წარწერით: „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ საბაჟო ორგანოს“. ხოლო „მწვანე დერეფანი“ – „არ ექვემდებარება დეკლარირებას“. მიუხედავად აეროპორტში არსებული აღნიშვნებისა, მომჩივანს არ მოუმართავს საბაჟო ორგანოს თანამშრომლისთვის ფულის დეკლარირების მოთხოვნით, ის საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება მართლზომიერია და არ ექვემდებარება გაუქმებას.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით. განსახილველ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან არ იყო მისთვის ცნობილი ის გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
სანქციისგან გათავისუფლება საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანის გამო მომჩივანს, 2023 წლის 9 მაისის №EL209021 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 10 180.3 ლარის ოდენობით (გადმოტანილი ნაღდი ფულის 10%).
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 ივნისის №12641 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 169 (3); 163 (11).