გადაწყვეტილება №27983/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27983/2/2026
21 ოქტომბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----“-ის 17.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27983/2/2026).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
3. მიღებული შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით გამოვლენილი დადებითი სხვაობის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორი) გაცემულ ფულად სარგებლად ჩათვლა;
4. 2023 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდში გადახდილი ხელფასის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 18.05.2026 წლის №002-60 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.07.2026 წლის №16707 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 85 251.21 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 46 243.76
დღგ - 73.17
მოგების გადასახადი - 20 990.25
საშემოსავლო გადასახადი - 20 504.5
ქონების გადასახადი - 4 675.84
ჯარიმა - 23 103.7
საურავი - 15 903.75
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მსუბუქი ავტომობილების იმპორტი და შემდგომი რეექსპორტი, ამასთანავე ახორციელებს საკუთარი სატვირთო ავტომობილებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვას.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2023 წლიდან 1.10.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 18.05.2026 წლის №10977 ბრძანება და №002-60 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 23.07.2026 წლის №16707 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობის დადგენილი ნორმების შესაბამისად, დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით შემოწმებისას გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა საერთაშორისო გადაზიდვის ფარგლებში გადამხდელის მიერ განხორციელებული რეისების რაოდენობა, ასევე, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის შედეგად მიღებული მარჟა. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება საბანკო გადარიცხვები ჯამში 188 913 ლარის ოდენობით, რომელზეც მიმღების რეზიდენტობის ცნობები არ წარუდგენია. შედეგად საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდილი თანხები დაიბეგრა 10 პროცენტით (188 913/0,9*0,1). დამატებით მიღებული შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით გამოვლენილი დადებითი სხვაობა შემოწმების მიერ ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდში. გადასახადის გადამხდელს საბანკო ამონაწერების შედეგად 2023 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდში უფიქსირდება ხელფასის გადახდა 3 237 ლარის ოდენობით, რომელიც საშემოსავლო დეკლარაციაში ასახული არ ჰქონდა, რაც დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ნაწილით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-100 მუხლის მე-2 ნაწილით, 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით, 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2026 წლის 9 ივლისს --:-- საათზე გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, კომპანიის აღრიცხვა იყო არასრული, მასში არ იყო ასახული სრულად შემოსავლები და ხარჯები, ასევე, გადამხდელის მიერ არ იყო წარდგენილი ხარჯებისა და შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტები. წარდგენილი იყო სულ 19 სატრანსპორტო ინვოისი, რომელთაგან თითოეულ გადაზიდვაზე საინვოისო ღირებულებები დაფიქსირებული იყო საშუალოდ 4240 ლარი. გადასახადის გადამხდელს მიეცა გონივრული ვადა დოკუმენტების წარსადგენად, თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდგომ განაცხადეს, რომ სხვა რამის წარდგენა არ შეეძლოთ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან გადამხდელის მიერ შემოსავალი არასრულად იყო ასახული ბუღალტრულ აღრიცხვაში, ამასთან, არასრულად იყო ასახული მის მიერ წარმოდგენილი ინვოისების ღირებულებებიც და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტებიც, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით.
შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა საერთაშორისო გადაზიდვის ფარგლებში გადამხდელის მიერ განხორციელებული რეისების რაოდენობა, ასევე, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის შედეგად მიღებული მარჟა. შესაბამისად, დამატებით მიღებული შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით გამოვლენილი დადებითი სხვაობა შემოწმების მიერ ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით (საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილია, ასევე, საბანკო ამონაწერების მიხედვით გადახდილი ხელფასი 3 237 ლარის ოდენობით. ასევე, შემოწმებისას გათვალისწინებულია საანგარიშო პერიოდის დასაწყისში არსებული კაპიტალის ნაშთი). გარდა ამისა, შემოწმების მიერ გადახდის წყაროსთან (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134- ე მუხლის „გ" ქვეპუნქტის თანახმად) დაბეგრილია საბანკო გადარიცხვები, ჯამში 188 913 ლარის ოდენობით, რომელზეც მიმღების რეზიდენტობის ცნობები არ წარდგენილა.
ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ არის დასაბუთებული არაპირდაპირი მეთოდის საჭიროება. საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტის დასკვნები ატარებს ცალმხრივ ხასიათს და მოკლებულია ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს. საწარმოს მიერ საანგარიშო პერიოდებში საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილია უტყუარი და სწორად გაანგარიშებული მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ანგარიშსწორება ბიუჯეტთან ნაწარმოებია არსებული საგადასახადო კანონმდებლობის დაცვით და დამატებით გადასახადების დარიცხვის საფუძვლები არ არსებობს.
შემოსავლების სამსახურში წარადგინა დასაბუთებული საჩივარი, თუმცა ამ სამსახურმა ფაქტიურად გადმოწერა აუდიტორების არაადეკვატური დასკვნები, ხოლო თითოეულ არგუმენტზე წარდგენილი დასაბუთებული პრეტენზია კი ფაქტიურად დატოვა შეფასების გარეშე.
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 97-ე მუხლის დარღვევებზე და ამავე კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობის დადგენილი ნორმების შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
აუდიტის დეპარტამენტის 20.08.2026 წლის №---- წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც მითითებულია შემდეგი:
კომპანიის აღრიცხვა არის არასრული, მასში არ არის ასახული სრულად შემოსავლები და ხარჯები და არ არის წარმოდგენილი ხარჯებისა და შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტები. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ აღრიცხვაში შემოსავალი დაფიქსირებული იყო 291 000 ლარი, ხოლო სატვირთო ავტომობილების საზღვრის კვეთები (რეისები) ჯამში იყო სულ 297, ამასთანავე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იყო სულ 19 სატრანსპორტო ინვოისი, რომელთაგან თითოეულ გადაზიდვაზე საინვოისო ღირებულებები დაფიქსირებული იყო საშუალოდ 4240 ლარი. შემოწმებისას ასევე ადგილობრივი კომპანიებისგან გამოთხოვილ იქნა მიღებული მომსახურებების ინვოისები, რომელიც აჭარბებდა გადამხდელის მიერ წარდგენილ დეკლარირებულ შემოსავალს. ამასთანავე გადამხდელს მიეცა გონივრული ვადა დოკუმენტების წარსადგენად, თუმცა გარკვეული დორის გასვლის შემდგომ განაცხადა რომ სხვა რაიმეს წარდგენა მას არ შეეძლო. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავალი არასრულად იყო ასახული ბუღალტრულ აღრიცხვაში ამასთანავე არასრულად იყო ასახული მის მიერ წარდგენილი ინვოისების ღირებულებებიც და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტებიც, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ორგანოს პოზიციაზე, ასევე, იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრის უსაფუძვლობასა და არამართლზომიერებაზე, თუმცა ვერ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს/მტკიცებულებას, რაც შემოწმებით დადგენილი გარემოებების შეცვლის და საგადასახადო ვალდებულებების უფრო ზუსტი მეთოდით გაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
მომჩივანს მიეცა საჩივრის ზეპირ განხილვაში დასწრების და არგუმენტების წარმოდგენის (საკუთარი ინტერესების დაცვის) შესაძლებლობა, თუმცა სატელეფონო საუბრისას უარი განაცხადა დასწრებაზე და თანხმობა განაცხადა საჩივრის მის გარეშე ზეპირ განხილვაზე.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის საქმიანობაა საერთაშორისო გადაზიდვები და დისპეტჩერული მომსახურება. 2022-2024 წლებში ასევე ახორციელებდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მომსახურებას.
ავტომობილებს კლიენტები აშშ-ში საკუთარი სახსრებით ყიდულობდნენ. მსუბუქი ავტომობილები საქართველოში ჩამოდიოდა კომპანიის სახელზე. შემდგომში კი კომპანია ახორციელებდა აღნიშნული ავტომობილების რეექსპორტს ფაქტობრივი მყიდველის სახელზე. ყველა ავტომობილზე შედგენილი იყო შესაბამისი ხელშეკრულებები და ავტომობილის მიღება-ჩაბარების აქტები. ყველა დოკუმენტი (მიღებაჩაბარების აქტები, ხელშეკრულებები, ინვოისები) წარდგენილი იქნა საგადასახადო ორგანოში. რეექსპორტის მომსახურების სანაცვლოდ კომპანია იღებდა ანაზღაურებას 20-დან 150 აშშ დოლარამდე თითო ავტომობილზე.
აღნიშნული მცირე ოდენობის ანაზღაურება განპირობებული იყო იმით, რომ კომპანიას არ ეკისრებოდა ავტომობილების შეძენასთან და რეექსპორტის გაფორმებასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯები. მართალია აუდიტორებმა იხელმძღვანელეს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, მაგრამ აუდიტორებს მხედველობიდან გამორჩათ, რომ ეს ნორმა აწესრიგებს გადახდის წყაროსთან არარეზიდენტის შემოსავლის დაბეგვრის შემთხვევებს, შპს ----ი კი არის რეზიდენტი საწარმო, საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი სატრანსპორტო სამეწარმეო სუბიექტი, რომელიც აწარმოებს საერთაშორისო გადაზიდვებს.
ავტომობილების ნაწილი საქართველოდან -----ში კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომზიდებით გადაიზიდებოდა. გადაზიდვის ხელშეკრულებებიც წარდგენილი იქნა საგადასახადო ორგანოში. შესაძლოა, აუდიტორებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ თითქოს კომპანია ავტომობილების შეძენისა და გაყიდვის ფასებს შორის არსებული სხვაობიდან იღებდა შემოსავალს. თუმცა, კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები წარმოადგენდა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების საფასურს, რომელიც ხორციელდებოდა ----დან, ---დან და ----დან, შესაბამისი ხელშეკრულებებისა და ინვოისების საფუძველზე. საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების მომსახურება კი დღგ-ით არ იბეგრება.
არ ეთანხმება, ასევე, საბანკო გადარიცხვების (ჯამში 188 913 ლარის ოდენობით) გადახდის წყაროსთან 10%-იანი განაკვეთით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ თითოეული საბანკო გადარიცხვის დოკუმენტი აუდიტორებს წარედგინათ, სადაც ასახული იყო გადარიცხვის დანიშნულება და რეზიდენტებიც.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან.
საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება, საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით ან საერთაშორისო კავშირგაბმულობაში ტელესაკომუნიკაციო მომსახურებით მიღებული შემოსავალი.
საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით: საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები – 10 პროცენტით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.
აუდიტის დეპარტამენტის 20.08.2026 წლის №--- წერილის მიხედვით, შემოწმებისას დადგინდა საერთაშორისო გადაზიდვის ფარგლებში გადამხდელის მიერ განხორციელებული რეისების რაოდენობა, ამასთანავე მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის შედეგად მიღებული მარჟა. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება საბანკო გადარიცხვები ჯამში 188 913 ლარის ოდენობით რომელზეც მიმღების რეზიდენტობის ცნობები არ წარუდგენია. საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები დაიბეგრა 10 პროცენტით (188 913/0,9*0,1).
საბჭო ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს სათანადო არგუმენტს ან შესაბამის მტკიცებულებას (შესაბამისი პირების რეზიდენტობის დამადასტურებელ ცნობებს), რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანს არ წარუდგენია ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობები წლების მიხედვით, მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
3. მიღებული შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით გამოვლენილი დადებითი სხვაობის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორი) გაცემულ ფულად სარგებლად ჩათვლა
ფაქტების აღწერა
გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
გაურვეველია, რომელ კონკრეტულ დოკუმენტს დაეყრდნო შემმოწმებელი, როცა შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა გაიანგარიშა და ჩათვალა საწარმოს დირექტორზე მიღებულ ფულად სარგებლად, შემოწმების აქტში აღნიშნულის შესახებ მითითებული არ არის, რის გამოც ამ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტი დაუსაბუთებელია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
აუდიტის დეპარტამენტის 20.08.2026 წლის №--- წერილის მიხედვით, დამატებით მიღებული შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით გამოვლენილი დადებითი სხვაობა შემოწმებისას ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე საწარმოს დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდში და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთანავე შემოწმების პერიოდის დასაწყისისათვის გადამხდელს დამფუძნებლის მიმართ ვალდებულება (კაპიტალის ნაშთი) უფიქსირდებოდა 401 889 ლარის ოდენობით, რომელიც გადამხდელის განმარტების საფუძველზე იქნა შემცირებული, შესაბამისად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, შემოწმებით, კომპანიის დამფუძნებლის წინაშე ვალდებულება შეადგენს ნულოვან მაჩვენებელს.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ორგანოს წარმოდგენილ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ ზემოთ დასახელებული არგუმენტების გამაბათილებელი სათანადო ინფორმაციას ან შესაბამის მტკიცებულებას, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, ამ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან შემოწმებისას მიღებული შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით გამოვლინდა სხვაობა, რომელიც მომჩივანს არ ჰქონდა შესაბამისი გადასახადით დაბეგრილი და დეკლარირებული, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება აღნიშნული სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად ჩათვლის შესახებ მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
4. 2023 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდში გადახდილი ხელფასის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ამ ნაწილში არგუმენტებს არ წარმოადგენს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
აუდიტის დეპარტამენტის 20.08.2026 წლის №--- წერილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს საბანკო ამონაწერების შედეგად 2023 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდში უფიქსირდება ხელფასის გადახდა 3 237 ლარის ოდენობით, რომელიც საშემოსავლო დეკლარაციაში ასახული არ ჰქონდა და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ორგანოს წარმოდგენილ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ ზემოთ დასახელებული არგუმენტების გამაბათილებელ რაიმე ინფორმაციას ან მტკიცებულებას, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან შემოწმებისას 2023 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა გაცემული ხელფასი, რომლის დაბეგვრა და დეკლარირება არ მომხდარა, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება აღნიშნული ხელფასის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შესახებ მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
3. მიღებული შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით გამოვლენილი დადებითი სხვაობის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორი) გაცემულ ფულად სარგებლად ჩათვლა;
4. 2023 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდში გადახდილი ხელფასის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2023 წლიდან 1.10.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც დგინდება, რომ მომჩივანი ახორციელებს საკუთარი სატვირთო ავტომობილებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვას. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობის დადგენილი ნორმების შესაბამისად, შედეგად შემოწმებამ იხელმძღვანელა ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, აღნიშნულის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა საერთაშორისო გადაზიდვის ფარგლებში გადამხდელის მიერ განხორციელებული რეისების რაოდენობა, ასევე, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის შედეგად მიღებული მარჟა. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება საბანკო გადარიცხვები ჯამში 188 913 ლარის ოდენობით, რომელზეც მიმღების რეზიდენტობის ცნობები არ წარმოუდგენია. შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის „გ" ქვეპუნქტის თანახმად გადახდილი თანხები დაიბეგრა 10 პროცენტით .
შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დამატებით მიღებული შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით გამოვლენილი დადებითი სხვაობა შემოწმების მიერ ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდში. ამასთან, გადამხდელს საბანკო ამონაწერების შედეგად 2023 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდში უფიქსირდება ხელფასის გადახდა 3 237 ლარის ოდენობით, რომელიც საშემოსავლო დეკლარაციაში ასახული არ ჰქონდა. ჯამში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება 102 523 ლარი. ამასთან, შემოწმების პერიოდის დასაწყისისათვის გადამხდელს დამფუძნებლის მიმართ ვალდებულება (კაპიტალის ნაშთი) უფიქსირდებოდა 401 889 ლარის ოდენობით, რომელიც გადამხდელის განმარტების საფუძველზე იქნა შემცირებული, შესაბამისად, შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კომპანიის ვალდებულება დამფუძნებლის წინაშე შეადგენს 0 (ნული) ლარს.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა №10977 ბრძანება და №002-60 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №16707 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ოთხივე სადავო საკითხის ნაწილში მართებულია,შესაბამისად არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“); 100(2); 101(1); 104(1 „ჟ“); 134(1 „გ“.2 „ა“ და „ბ“); 154(1 „ა“ და „გ“);
ასევე,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი;