გადაწყვეტილება №26889/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.04.2026
№ დოკუმენტი 26889/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26889/2/2026

20 აპრილი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----“-ს 10.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26889/2/2026).

 

დავის საგანი:

მომსახურების გაწევაზე გადარიცხული თანხების არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2025 წლის №006-545 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.02.2026 წლის №3640 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 36 221.88 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 18 024.96

ჯარიმა - 9 012.5

საურავი - 9 184.42

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა, კერძოდ, კომპანია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უწევს ავტომანქანების რეცხვისა და ქიმწმენდის მომსახურებას.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში მოგებული აქვს ორი ტენდერი, კერძოდ, 2022 წლის ტენდერით ხელშეკრულების თანხა შეადგენს 102 510 ლარს, საიდანაც გადამხდელს ჩაერიცხა 98 709 ლარი, ხოლო 2023 წლის ტენდერის ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 113 400 ლარს, საიდანაც გადამხდელს ჩაერიცხა 112 439 ლარი. სატენდერო ხელშეკრულებებით მომსახურების გაწევა განსაზღვრულია მიმწოდებლის სერვისცენტრებში. კომპანია დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო წესით დარეგისტრირდა 2023 წლის 10 მარტს. კომპანია არ ფლობს ავტოსამრეცხაოებს და არც დაქირავებით მომუშავე პირები უფიქსირდება. გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ აქვს. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას არ აქვს გაცემული დივიდენდი და მხოლოდ 6 099 ლარის ხელფასის განაცემი აქვს დეკლარირებული. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ბიუჯეტში გადახდილი აქვს 16 200 ლარი. გადამხდელის ახსნაგანმარტებით, კომპანია მომგებიანი არ იყო. გადამხდელს მომსახურებას უწევს სხვა ავტოსამრეცხაოები, ხოლო, თვითონ არის მხოლოდ შუამავალი. ანგარიშსწორება მთლიანად ხორციელდება ბანკით. საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ჯამში 42 კომპანია/ინდივიდუალურ მეწარმესთან არის თანხა გადარიცხული. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილია შედარების აქტები თანხის გადარიცხვებთან დაკავშირებით, თუმცა, არ იკვეთება თუ რომელმა ინდ. მეწარმემ/კომპანიამ რომელ ავტოსამრეცხაოში, რა მისამართზე, რა რაოდენობის ავტომანქანა გარეცხა და რა ღირებულების იყო აღნიშნული მომსახურება. აღნიშნულის შესახებ შემოწმებისთვის გადამხდელს არ მიუწოდებია ინფორმაცია. შესაბამისად, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში აღნიშნული კომპანიების/ინდ. მეწარმეების შესახებ არსებული მონაცემები და დადგინდა, რომ ამ კომპანიებიდან უმეტესი მათგანი უმოქმედოა, არ უფიქსირდებათ რაიმე სახის საქონლის/მომსახურების შეძენა ან/და რეალიზაცია საგადასახადო ანგარიშფაქტურით/სასაქონლო ზედნადებით. ასევე, აღნიშნული კომპანიები/მეწარმეები არ ახორციელებენ არცერთი გადასახადის დეკლარირებას და არც ბიუჯეტში გადახდას. შემოწმება შეეცადა დაკავშირებოდა თითოეულ მათგანს და საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის გათვალისწინებით მიეღო შესაბამისი ინფორმაცია. შემოწმებით დადგინდა, რომ გარკვეულ საწარმოებს ჰყავთ ერთიდაიგივე დამფუძნებელი და დირექტორი. სატელეფონო კავშირის დროს მათ არ ისურვეს საუბარი მას შემდეგ, რაც გაიგეს რომ შემოსავლების სამსახურიდან უკავშირდებოდნენ. ასევე, გაიგზავნა წერილები ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით, თუმცა, გადამხდელები არ გაცნობიან აღნიშნულ წერილებსა და შეტყობინებებს. ამასთან, გარკვეული გადამხდელების პირადი აღრიცხვის ბარათზე საკონტაქტო ინფორმაციად მითითებულია შპს „---“-ის დირექტორის ნომერი. ზოგიერთი გადამხდელის დირექტორთან ან/და დამფუძნებელთან სატელეფონო საუბრისას გაირკვა, რომ შპს „----“-ის დირექტორის მეგობარია და მისი თხოვნით დაარეგისტრირა რამდენიმე კომპანია საჯარო რეესტრში, ხოლო აღნიშნული კომპანიების მართვა ხორციელდება შპს „---“-ის დირექტორზე გაცემული მინდობილობით (აღნიშნული საწარმოების შესახებ კონკრეტული ანალიზი მოცემულ აქტს თან ერთვის შემოწმების მიერ შედგენილი ოქმის სახით). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების ხელთარსებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საფუძველზე არ იკვეთება ამ კომპანიებში თანხის გადარიცხვის მიზნობრიობა საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან მიმართებაში. შესაბამისად, შემოწმების მიერ აღნიშნული თანხები დაკვალიფიცირდა არაეკონომიკურ ხარჯად და საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე, დაიბეგრა მოგების გადასახადით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 22.12.2025 წლის №26742 ბრძანება და №006-545 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.02.2026 წლის №3640 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-9 მუხლის პირველი ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე.

იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი შედარების აქტებით ვერ დგინდება გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაცია (რომელმა ინდ. მეწარმემ/კომპანიამ რომელ ავტოსამრეცხაოში რა მისამართზე რა რაოდენობის ავტომანქანა გარეცხა და რა ღირებულების იყო აღნიშნული მომსახურება), შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით კომპანიის მიერ ქვეკონტრაქტორებთან გადარიცხული თანხების არაეკონომიკურ ხარჯად დაკვალიფიცირება განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია არ ეთანხმება დარიცხულ თანხას, ვინაიდან კომპანიიდან გასული ყველა ლარი და ყველა თეთრი არის დოკუმენტირებული. ანგარიშებზე შემოსული თანხები, ყველა შემთხვევაში გადიოდა გადარიცხვების სახით. ჰყავდა ქვეკონტრაქტორი კომპანიები, რომლებიც უშუალოდ ასრულებდნენ სამუშაოს, რაც დასტურდება მის მიერ წარდგენილ შედარების აქტებში. მისთვის მიუღებელია ზოგადი ფრაზები, თუ რატომ მოხდა დარიცხვა, გაწეული ხარჯი რატომ არ ჩაითვალა ხარჯად, აქვს დოკუმენტები, სადაც ნათლად წერია, რომ გადარიცხული თანხა არის ავტომანქანების რეცხვის და ქიმწმენდის მომსახურების თანხა. რის მიხედვით დაადგინა აუდიტის დეპარტამენტმა, რომ მაინცდამაინც 36221 ლარი აქვს გადასახდელი? რა უფლებით განსაზღვრა აუდიტის დეპარტამენტმა რომელი ხარჯი ჩაეთვალა ხარჯად და რომელი არა? ყოველი თვის ბოლოს ქვეკონტრაქტორები უთვლიდნენ გაწეული მომსახურების საფასურს და ახდენდა ანგარიშსწორებას, საბანკო გადარიცხვის მეშვეობით. ყველაფერი ღიაა და ამონაწერში ჩანს რა თანხები აქვს გადარიცხული. აუდიტის დეპარტამენტი უთითებს, რომ ქვეკონტრაქტორი კომპანიები უმოქმედოა, როგორ არის უმოქმედო, როცა მომსახურებას უწევდნენ და თანხებს ურიცხავდა. დღეს შეიძლება რომელიმე უმოქმედო იყოს, ეს არ იცის, მაგრამ როცა მომსახურებას უწევდნენ არ იყო უმოქმედო. საგადასახადო ორგანო ახსენებს, რომ რამდენიმე კომპანიას ჰყავს ერთი და იგივე დამფუძნებელი და დირექტორი და რა მერე, ეს რას ცვლის, ან რატომ არის ეს საერთოდ რამე არგუმენტი? არანაირი ვალდებულება არ აქვს ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციები აკონტროლოს, თუ როგორ აწარმოებენ მომსახურებას. მოითხოვს შესრულდეს მის მიერ დაკვეთილი სამუშაო ხარისხიანად, რაშიც უხდის ფულს. ორ სუბიექტს შორის როდესაც ხდება დაკვეთა და შესრულება, დამკვეთი იღებს იმ მომსახურებას, რა მომსახურებაც დაუკვეთა, რაშიც იხდის თანხას. ამ გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტები გაუგზავნა აუდიტის დეპარტამენტს, სადაც მხარეები ადასტურებენ მომსახურების გაწევას, თანხის მიღებას და იმას, რომ ერთმანეთთან არ ერიცხებათ დავალიანება. შემმოწმებელი ახსენებს, რომ რამდენიმე კომპანიის მართვას ახდენს კომპანიის დირექტორი და მის სახელზე გაცემულია მინდობილობა, რაც არის მტკნარი სიცრუე. წარმოადგინოს მინდობილობა, რომ კომპანიის დირექტორის სახელზე გაცემულია მინდობილობა. აგრეთვე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ არ იკვეთება ამ კომპანიებში თანხის გადარიცხვის მიზნობრიობა საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან მიმართებაში. ესეც არის ტყუილი, საწარმოსა და მის ქვეკონტრაქტორ კომპანიებს შორის გაფორმებულ შედარების აქტებში ნათლად წერია, რომ გაწეულია ავტომანქანების რეცხვის და ქიმწმენდის მომსახურება, რაშიც მიიღეს ანაზღაურება. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 2023 წელსაც იყო კომპანიაში აუდიტის დეპარტამენტი შესამოწმებლად. ზუსტად იგივენაირი დოკუმენტები გაუგზავნა, იგივე იყო ყველაფერი, რაც ამ ჯერზე. 2023 წლის შემოწმების დროს არანაირი შენიშვნა არ მიუღია და ამასთანავე არანაირი დარიცხვა არ მომხდარა. რა გამოდის, ორმაგი სტანდარტია, თუ 2023 წელს ზუსტად ანალოგიური შემთხვევა, როცა იყო არ დაურღვევია არაფერი და 2025 წელს, ზუსტად ანალოგიურ შემთხვევაში დააშავა, ეს ხომ აბსურდია. თუ მის მიერ გაგზავნილი დოკუმენტები არ იყო საკმარისი და რაიმე დარღვევა იყო 2023 წელს რატო არ დარიცხეს? ძალიან ბევრ უზუსტობასთან და უსამართლობასთან აქვს საქმე და სწორედ ამიტომ მიყვება ამ საქმეს ბოლომდე, ყველა ინსტანციას გაივლის, რაც კი საჭირო იქნება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს მომსახურებას უწევს სხვა ავტოსამრეცხაოები, ხოლო, თვითონ არის მხოლოდ შუამავალი. ანგარიშსწორება მთლიანად ხორციელდება ბანკით. საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ჯამში 42 კომპანია/ინდივიდუალურ მეწარმესთან არის თანხა გადარიცხული. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილია შედარების აქტები თანხის გადარიცხვებთან დაკავშირებით, თუმცა, არ იკვეთება თუ რომელმა ინდ. მეწარმემ/კომპანიამ რომელ ავტოსამრეცხაოში, რა მისამართზე, რა რაოდენობის ავტომანქანა გარეცხა და რა ღირებულების იყო აღნიშნული მომსახურება. აღნიშნულის შესახებ შემოწმებისთვის გადასახადის გადამხდელს არ მიუწოდებია ინფორმაცია. შესაბამისად, შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში აღნიშნული კომპანიების/ინდ. მეწარმეების შესახებ არსებული მონაცემები და დადგინდა, რომ ამ კომპანიებიდან უმეტესი მათგანი უმოქმედოა, არ უფიქსირდებათ რაიმე სახის საქონლის/მომსახურების შეძენა ან/და რეალიზაცია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით/სასაქონლო ზედნადებით. ასევე, აღნიშნული კომპანიები/მეწარმეები არ ახორციელებენ არცერთი გადასახადის დეკლარირებას და არც ბიუჯეტში გადახდას. დადგინდა, რომ გარკვეულ საწარმოებს ჰყავთ ერთი და იგივე დამფუძნებელი და დირექტორი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ იკვეთება ამ კომპანიებში თანხის გადარიცხვის მიზნობრიობა საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან მიმართებაში. შესაბამისად, აღნიშნული თანხები დაკვალიფიცირდა არაეკონომიკურ ხარჯად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განაცხადა, რომ საწარმოს ჰყავდა ქვეკონტრაქტორი კომპანიები, რომლებიც უშუალოდ ასრულებდნენ სამუშაოებს, რაც დასტურდება მის მიერ წარდგენილი შედარების აქტებით. მისთვის გაუგებარია, თუ რატომ მოხდა დარიცხვა, გაწეული ხარჯი რატომ არ ჩაითვალა ხარჯად, აქვს დოკუმენტები, სადაც ნათლად წერია, რომ გადარიცხული თანხა არის ავტომანქანების რეცხვის და ქიმწმენდის მომსახურების თანხა. გაუგებარია, მის მიერ გაწეული ხარჯი, რატომ არ ჩაითვალა ხარჯად, აქვს შესაბამისი დოკუმენტები, სადაც ნათლად წერია, რომ გადარიცხული თანხა არის ავტომანქანების რეცხვის და ქიმწმენდის მომსახურების თანხა. ყოველი თვის ბოლოს ქვეკონტრაქტორები უთვლიდნენ გაწეული მომსახურების საფასურს და ახდენდა ანგარიშსწორებას, საბანკო გადარიცხვის მეშვეობით. მხარეები ადასტურებენ მომსახურების გაწევას, შესაბამისი თანხის მიღებას და იმას, რომ ერთმანეთის მიმართ არ ერიცხებათ დავალიანება. საწარმოსა და მის ქვეკონტრაქტორ კომპანიებს შორის გაფორმებულ შედარების აქტებში ნათლად წერია, რომ გაწეულია ავტომანქანების რეცხვის და ქიმწმენდის მომსახურება, რაშიც მიიღეს შესაბამისი ანაზღაურება. აღსანიშნავია, რომ 2023 წელსაც იყო კომპანიაში აუდიტის დეპარტამენტი შესამოწმებლად. ზუსტად იგივენაირი დოკუმენტები გაუგზავნა, იგივე იყო ყველაფერი, რაც ამ ჯერზე. 2023 წლის შემოწმების დროს არანაირი შენიშვნა არ მიუღია და ამასთანავე არანაირი დარიცხვა არ მომხდარა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დასახელებული არგუმენტების დამადასტურებელი შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს მომჩივნის მიერ გადარიცხული თანხების მიზნობრიობას და ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირს. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, წარდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 18.02.2026 წლის №3640 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია;

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის დამატებით შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომსახურების გაწევაზე გადარიცხული თანხების არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში მოგებული აქვს ორი ტენდერი, კერძოდ, 2022 წლის ტენდერით ხელშეკრულების თანხა შეადგენს 102 510 ლარს, საიდანაც გადამხდელს ჩაერიცხა 98 709 ლარი, ხოლო 2023 წლის ტენდერის ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 113 400 ლარს, საიდანაც გადამხდელს ჩაერიცხა 112 439 ლარი. სატენდერო ხელშეკრულებებით მომსახურების გაწევა განსაზღვრულია მიმწოდებლის სერვისცენტრებში. კომპანია დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო წესით დარეგისტრირდა 2023 წლის 10 მარტს. კომპანია არ ფლობს ავტოსამრეცხაოებს და არც დაქირავებით მომუშავე პირები უფიქსირდება. გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ აქვს. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას არ აქვს გაცემული დივიდენდი და მხოლოდ 6 099 ლარის ხელფასის განაცემი აქვს დეკლარირებული. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ბიუჯეტში გადახდილი აქვს 16 200 ლარი. გადამხდელის ახსნაგანმარტებით, კომპანია მომგებიანი არ იყო. გადამხდელს მომსახურებას უწევს სხვა ავტოსამრეცხაოები, ხოლო, თვითონ არის მხოლოდ შუამავალი. ანგარიშსწორება მთლიანად ხორციელდება ბანკით. საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ჯამში 42 კომპანია/ინდივიდუალურ მეწარმესთან არის თანხა გადარიცხული. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილია შედარების აქტები თანხის გადარიცხვებთან დაკავშირებით, თუმცა, არ იკვეთება თუ რომელმა ინდ. მეწარმემ/კომპანიამ რომელ ავტოსამრეცხაოში, რა მისამართზე, რა რაოდენობის ავტომანქანა გარეცხა და რა ღირებულების იყო აღნიშნული მომსახურება. აღნიშნულის შესახებ შემოწმებისთვის გადამხდელს არ მიუწოდებია ინფორმაცია. შესაბამისად, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში აღნიშნული კომპანიების/ინდ. მეწარმეების შესახებ არსებული მონაცემები და დადგინდა, რომ ამ კომპანიებიდან უმეტესი მათგანი უმოქმედოა, არ უფიქსირდებათ რაიმე სახის საქონლის/მომსახურების შეძენა ან/და რეალიზაცია საგადასახადო ანგარიშფაქტურით/სასაქონლო ზედნადებით. ასევე, აღნიშნული კომპანიები/მეწარმეები არ ახორციელებენ არცერთი გადასახადის დეკლარირებას და არც ბიუჯეტში გადახდას. შემოწმება შეეცადა დაკავშირებოდა თითოეულ მათგანს და საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის გათვალისწინებით მიეღო შესაბამისი ინფორმაცია. შემოწმებით დადგინდა, რომ გარკვეულ საწარმოებს ჰყავთ ერთიდაიგივე დამფუძნებელი და დირექტორი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების ხელთარსებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საფუძველზე არ იკვეთება ამ კომპანიებში თანხის გადარიცხვის მიზნობრიობა საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან მიმართებაში. შესაბამისად, შემოწმების მიერ აღნიშნული თანხები დაკვალიფიცირდა არაეკონომიკურ ხარჯად და საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე, დაიბეგრა მოგების გადასახადით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა №26742 ბრძანება და №006-545 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №3640 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დასახელებული არგუმენტების დამადასტურებელი შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს მომჩივნის მიერ გადარიცხული თანხების მიზნობრიობას და ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირს. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, წარდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1 „ბ“); 982(1 „ბ“);