ბრძანება N 28961
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 28961
30 დეკემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს------- (ს/ნ ---------------)
(მის.: -----------------)
2025 წლის 24 ნოემბრის და 3 დეკემბრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 დეკემბრის და 19 დეკემბრის სხდომებზე (ოქმები №101 და №106) განიხილა შპს „------“ (ს/ნ -----) 2025 წლის 24 ნოემბრის №99010/1/2025 და 3 დეკემბრის №621934 (რეგ. №193008/21) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 ოქტომბრის №064-19 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობის განსაზღვრას. განმარტავს, რომ 2025 წლის 18 მაისს ერთ-ერთ ----- მომწოდებელს -------ს გადაუხადა ავანსის სახით 83 000 აშშ დოლარი, ხოლო მომწოდებელმა აიღო ვალდებულება მიეწოდებინა 4 ერთეული (2 სამგზავრო, 2 სატვირთო) ლიფტი. გადამხდელი განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოება აუდიტის დეპარტამენტმა შემოწმების პროცესში არ გაითვალისწინა. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს შესყიდვის აქტები (ქართულ და თურქულ ენაზე შედგენილი) და მიიჩნევს, რომ 56 886 ლარით უნდა შემცირდეს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ივნისის №13230 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 22 ოქტომბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 ოქტომბრის №23495 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №064-19 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 280 601 ლარი, მათ შორის, გადასახადი 177 809 ლარი, ჯარიმა 88 904 ლარი და საურავი 13 888 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, რადგან გადასახადის გადამხდელის მიერ არ ხორციელდება საქმიანობის ბუღალტერული აღრიცხვა, შემოწმების მიერ დათვლილ იქნა გადასახადის გადამხდელის შემოსავლები და ხარჯები. ამასთან, ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა შეძენილი საქონელი და მომსახურებები, სესხის პროცენტი, ბანკის საკომისიო, დაზღვევის ხარჯები, გაცემული ხელფასები და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 130-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 2025 წლის 4 დეკემბერს 11:00 საათზე ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრების განხილვა ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის 19 დეკემბერს 11:00 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრების ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრების განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ ახორციელდებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. აქედან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე და მიმდინარე კონტროლის ღონისძიებებზე დაყრდნობით. შემოწმების მიერ დათვლილ იქნა გადასახადის გადამხდელის შემოსავლები და ხარჯები. ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა შეძენილი საქონელი და მომსახურებები, სესხის პროცენტი, ბანკის საკომისიო და დაზღვევის ხარჯები, გაცემული ხელფასები და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
დავის წარმოების ეტაპზე წარდგენილი ლიფტების შესყიდვის აქტები წარმოდგენილი იყო ასევე შემოწმების პროცესშიც, რომელთა ხარჯებში გათვალისწინება არ მომხდარა შემდეგი მიზეზების გამო, კერძოდ, გადამხდელმა წარმოადგინა უცხოურენოვანი და ქართულად ნათარგმნი შესყიდვის აქტები 10 ოქტომბერს, ხოლო უცხოურენოვანი დოკუმენტი თარიღდებოდა 12 ოქტომბრის თარიღით, ხოლო ქართულ ენაზე შედგენილი დოკუმენტი 11 ოქტომბრით. ამდენად, ასლი და დედანი ერთმანეთს არ ემთხვეოდა, ამასთან, დოკუმენტები დათარიღებული იყო მომდევნო თარიღებით. გარდა აღნიშნულისა, გადამხდელი აცხადებდა, რომ 83 000 აშშ დოლარი გადახდილ იქნა არარეზიდენტი კომპანიის წარმომადგენლისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით საქართველოში, მაშინ როდესაც აქამდე აღნიშნული კომპანიისგან ყველა შეძენა ხორციელდებოდა საბანკო გადარიცხვის გზით. შემოწმების მხირდან მოთხოვნილ იქნა აღნიშნული არარეზიდენტი კომპანიის წარმომადგენლის პირადი მონაცემები, რათა გადამოწმებულიყო პირის საზღვრის კვეთა და თანხის დეკლარირების ფაქტი, თუმცა გადამხდელის მხირდან არ იქნა მოწოდებული პირადი ნომერი იმ საფუძვლით, რომ არ იცოდა ვინ წაიღო თანხა და არც მეორე მხარე აწვდიდა ინფორმაციას. ასევე მოთხოვნილ იქნა აპოსტილით დამოწმებული ურთიერთშედარების აქტი, რისი წარმოდგენაც ასევე არ განხორციელდა გადამხდელის მიერ. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან ვერ დადგინდა თანხის გადახდის ნამდვილობა, შემოწმებით არ იქნა გათვალისწინებული ლიფტის შესყიდვის აქტი ხარჯში.
ამასთან, საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შესამოწმებელი პერიოდის დასრულებიდან დღეის მდგომარეობით (19.12.2025) გადამოწმდა გადასახადის გადამხდელის საბაჟო ოპერაციები და აღნიშნულ პერიოდში გადამხდელს საბაჟო ოპერაცია არ უფიქსირდება. აგრეთვე, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით არ ფიქსირდება კომპანიის ვალდებულება ლიფტების მიწოდებასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----“ (ს/ნ -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობის განსაზღვრას. მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.
ფაქტობრივი გარემოებები
რადგან გადასახადის გადამხდელის მიერ არ ხორციელდება საქმიანობის ბუღალტერული აღრიცხვა, შემოწმების მიერ დათვლილ იქნა გადასახადის გადამხდელის შემოსავლები და ხარჯები. ამასთან, ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა შეძენილი საქონელი და მომსახურებები, სესხის პროცენტი, ბანკის საკომისიო, დაზღვევის ხარჯები, გაცემული ხელფასები და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5,9);101(1);154(1)