ბრძანება N 29158
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 29158
27 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------;
იურ. მის.: ----------)
2023 წლის 24 ოქტომბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის პირველი ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №113) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) №84329/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №094-74 საგადასახადო მოთხოვნასთან და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2023 წლის 13 ოქტომბრის №094-3533 შეტყობინებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურებისთვის გადახდილი ანაზღაურების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. აცხადებს, რომ აღნიშნული პირები დარეგისტრირდნენ ინდივიდუალურ მეწარმეებად და საწარმოს არ წარმოეშვებოდა მათზე გაცემული ანაზღაურების გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულება. მიუთითებს, რომ ისინი სამუშაოს ასრულებდნენ პერიოდულობით და არ წარმოადგენდნენ მუდმივად დასაქმებულ პირებს. აღნიშნული პირები 2022 წელს დარეგისტრირდნენ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებად და შრომითი ხელშეკრულების ნაცვლად მათთან გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, ხოლო 2022 წლის 1 ოქტომბრიდან საწარმოს მათთან ურთიერთობა აღარ ჰქონია. ამასთან, დაქირავებით მუშაობის/მომსახურების ანაზღაურების შესახებ არსებული კითხვარის მიხედვით აღნიშნული პირები არ წარმოადგენენ დაქირავებულ პირებს.
2. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ 2022 წლის აგვისტოს თვეში საწარმოს დაბეგრილი აქვს 28 892 ლარის დანაკლისი დღგ-ით და მოგების გადასახადით, ამასთან, ბუღალტრულად აღიარებული აქვს მხოლოდ 15 406 ლარის დანაკლისი. მიუთითებს, რომ 2022 წლის აგვისტოში ზედმეტად აქვს დაეგრილი 13 486 ლარი, შესაბამისად, ითხოვს, 2022 წლის აგვისტოს თვეში 13 486 ლარის დანაკლისის დეკლარირების შედეგად დარიცხული მოგების გადასახადის და დღგ-ის შემცირებას, ხოლო 2022 წლის სექტემბრის თვეში 23 995 ლარის დანაკლისის მიწოდებად შეფასებას და დაბეგვრას.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების შესახებ შეტყობინებას და ითხოვს მის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 მაისის №9593 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 5 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/ გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 12 ოქტომბრის №25413 ბრძანება და ამავე თარიღის №094-74 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 93 089 ლარი, მათ შორის, გადასახადი 58 072 ლარი, ჯარიმა 22 870 ლარი, საურავი 12 147 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო სარგებლობს ფიზიკური პირების მომსახურებით. აღნიშნული მომსახურების ანაზღაურების თანხები დაბეგრილია გადახდის წყაროსთან, თუმცა რამდენიმე პირი (---------- (პ/ნ ----------), ---------- (პ/ნ ----------), ---------- (პ/ნ ----------) და ---------- (პ/ნ ----------)), რომლებიც მანამდე საწარმოდან იღებდენ ხელფასს, როგორც დაქირავებული პირები, 2022 წლის მარტის თვიდან რეგისტრირებულნი არიან ინდივიდუალურ მეწარმეებად, მინიჭებული აქვთ მცირე ბიზნესის სტატუსი და მათზე გაცემული ანაზღაურების თანხა აღარ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. ასევე, აღნიშნულ ფიზიკურ პირებს „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია“ წარდგენილი აქვთ ზუსტად იმ თანხებზე, რასაც უნაზღაურებს საწარმო. ჯამში პირის მიერ გადახდილი თანხა შეადგენს 198 077 ლარს. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის თანდასწრებით შემოწმების მიერ შევსებული იქნა კითხვარი დაქირავებით მუშაობის/მომსახურების ანაზღაურების შესახებ. კითხვარის მიხედვით აღნიშნული პირები წარმოადგენენ დაქირავებულ პირებს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პირები 2022 წლის მარტამდე მუშაობდნენ დაქირავებულ პირებად და იღებდნენ ხელფასს და ასევე, მცირე მეწარმედ რეგისტრაციის შემდგომ ადეკლარირებდნენ მხოლოდ საწარმოს მიერ გადახდილ თანხებს, შემოწმებით მიიჩნეულ იქნა, რომ მათზე გადახდილი თანხები უნდა დაბეგრილიყო გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 81-ე, 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. გადასახადის გადამხდელი პერიოდულად ატარებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციას, გამოვლენილ დანაკლისს ბეგრავს მოგების გადასახადით და დღგ-ით. 2022 წლის სექტემბრის თვეში გამოვლენილი დანაკლისი ბუღალტრულად აღიარებული იყო არასაოპერციო ხარჯად, მაგრამ არ იყო შეფასებული მიწოდებად. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 983 , 159-ე, 160-ე და 286-ე მუხლების თანახმად, დანაკლისის თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით და დღგ-ით.
საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) 2023 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - გადასახადის სახით 0 ლარი, ჯარიმა 0 ლარი, საურავი 0 ლარი, არაღიარებული საგადასახადო დავალიანება 93 121.81 ლარი, ზედმეტობა 8087.22 ლარი.
საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) მთელ ქონებაზე 2023 წლის 13 ოქტომბრის №094-3533 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმო სარგებლობს ფიზიკური პირების მომსახურებით. აღნიშნული მომსახურების ანაზღაურების თანხები დაბეგრილია გადახდის წყაროსთან, თუმცა რამდენიმე პირი, რომლებიც მანამდე საწარმოდან იღებდნენ ხელფასს, როგორც დაქირავებული პირები, 2022 წლის მარტის თვიდან რეგისტრირებულნი არიან ინდივიდუალურ მეწარმეებად, მინიჭებული აქვთ მცირე ბიზნესის სტატუსი და მათზე გაცემული ანაზღაურების თანხა აღარ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პირები 2022 წლის მარტამდე მუშაობდნენ დაქირავებულ პირებად და იღებდნენ ხელფასს და ასევე, მცირე მეწარმედ რეგისტრაციის შემდგომ ადეკლარირებდნენ მხოლოდ საწარმოს მიერ გადახდილ თანხებს, შემოწმებით მათზე გადახდილი თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს .
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ 2022 წლის აგვისტოს თვეში საწარმოს დაბეგრილი აქვს 28 892 ლარის დანაკლისი დღგ-ით და მოგების გადასახადით, ბუღალტრულად აღიარებულია მხოლოდ 15 406 ლარის დანაკლისი. მიუთითებს, რომ 2022 წლის აგვისტოში ზედმეტად აქვს დაეგრილი 13 486 ლარი, შესაბამისად, ითხოვს 2022 წლის აგვისტოს თვეში 13 486 ლარის დანაკლისის დეკლარირების შედეგად დარიცხული მოგების გადასახადის და დღგ-ის შემცირებას.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2023 წლის 13 ოქტომბრის №094-3533 შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურებისთვის გადახდილი ანაზღაურების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
2. გადამხდელი ითხოვს, 2022 წლის აგვისტოს თვეში 13 486 ლარის დანაკლისის დეკლარირების შედეგად დარიცხული მოგების გადასახადის და დღგ-ის შემცირებას, ხოლო 2022 წლის სექტემბრის თვეში 23 995 ლარის დანაკლისის მიწოდებად შეფასებას და დაბეგვრას.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების შესახებ შეტყობინებას და ითხოვს მის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო სარგებლობს ფიზიკური პირების მომსახურებით. აღნიშნული მომსახურების ანაზღაურების თანხები დაბეგრილია გადახდის წყაროსთან, თუმცა რამდენიმე პირი, რომლებიც მანამდე საწარმოდან იღებდნენ ხელფასს, როგორც დაქირავებული პირები, 2022 წლის მარტის თვიდან რეგისტრირებულნი არიან ინდივიდუალურ მეწარმეებად, მინიჭებული აქვთ მცირე ბიზნესის სტატუსი და მათზე გაცემული ანაზღაურების თანხა აღარ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პირები 2022 წლის მარტამდე მუშაობდნენ დაქირავებულ პირებად და იღებდნენ ხელფასს და ასევე, მცირე მეწარმედ რეგისტრაციის შემდგომ ადეკლარირებდნენ მხოლოდ საწარმოს მიერ გადახდილ თანხებს, შემოწმებით მათზე გადახდილი თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით.
2. წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ 2022 წლის აგვისტოს თვეში საწარმოს დაბეგრილი აქვს 28 892 ლარის დანაკლისი დღგ-ით და მოგების გადასახადით, ბუღალტრულად აღიარებულია მხოლოდ 15 406 ლარის დანაკლისი. მიუთითებს, რომ 2022 წლის აგვისტოში ზედმეტად აქვს დაეგრილი 13 486 ლარი, შესაბამისად, ითხოვს 2022 წლის აგვისტოს თვეში 13 486 ლარის დანაკლისის დეკლარირების შედეგად დარიცხული მოგების გადასახადის და დღგ-ის შემცირებას.
3. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმების შედეგად ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მეორე სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2023 წლის 13 ოქტომბრის №094-3533 შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 983(2); 101(1); 154(1„ა“); 160(3„თ“); 239(1); 286(9).