გადაწყვეტილება №19508/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19508/2/2023
04 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ -ის 25.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19508/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 8.09.2022 წლის №047-31 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7527 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 101 637,46 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 61 469
დღგ - 24 801
მოგების გადასახადი -
საშემოსავლო გადასახადი - 34 895
ქონების გადასახადი - 1 773
ჯარიმა - 30 738,3
საურავი - 9 430,16
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს პლასტმასის საფუთავების და სხვადასხვა ზომის ბოთლის წარმოება და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 30.08.2022 წლის შემოწმების აქტის საფუძველზე შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს აღნიშნული საქონელი რეალიზებული აქვს როგორც დოკუმენტით, ასევე დოკუმენტის გარეშე. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 5.04.2022 წელს ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილი პირის (დირექტორის) წერილობითი განმარტებით დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა, აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოსავლის გაანგარიშებისთვის გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. გადამხდელის თანამონაწილეობით, პირველადი დოკუმენტების ანალიზისას, შეძენილი ნედლეულისგან შეიქმნა 12 ჯგუფი (პრეფორმებისა და გაბერილი ბოთლების მიხედვით), რომელიც წარმოადგენდა საწარმოებლად საჭირო საქონლის ძირითად ნაწილს, საქონლის მოძრაობის შესწავლის შედეგად საქონლის ჯგუფებიდან შეძენილ, დოკუმენტით რეალიზებულ და ინვენტარიზაციით ფაქტობრივად დათვლილ ბოთლების კაფსულებს შორის გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში წარმოებულად და რეალიზებულად თითოეული ჯგუფის დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი ფასის მიხედვით, შესაბამისად გაანგარიშებული იქნა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რომელიც დაემატა დოკუმენტურ რეალიზაციას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რაც დეკლარირებულ ბრუნვას აღემატება 186 914 ლარით (დღგ-ის გარეშე). აღნიშნული თანხა საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის და 159-ე მუხლის შესაბამისად დამატებით დაიბეგრა დღგ-ით, საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
საწარმოს სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული. შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემოსავალი 125 000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე, ანგარიშვალდებული პირის მიმართ არსებული დავალიანების შემცირების გათვალისწინებით), რომელიც არ ჰქონდა აღრიცხული. ხოლო შემოწმებით დამატებით დადგენილი შემოსავლის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით დამატებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად. საწარმოს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.09.2022 წლის №047-31 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7527 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შპს ,,------" ეწევა პრეფორმების და გაბერილი ბოთლების ვაჭრობას. როგორც სასაქონლო ზედნადებებით (ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით), ასევე საცალოდ. დანაკლისი გამოიწვია საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრამ. კერძოდ, საშუალი შეწონილი მეთოდით ფასის დარიცხვამ. სადაც გამოყენებული იყო ს/ზედნადებებით რეალიზაციის ფასები. არ იყო გათვალისწინებული ტერიტორიის ფაქტორი, რადგან ობიექტი ფუნქციონირებდა ქ. „-------“ -ში , სხვადასხვა ქალაქებში საქონლის გატანა ტერიტორიის მიხედვით აძვირებდა ფასს. საცალო გაყიდვა ხდებოდა ადგილზე, საცალო გაყიდვის ფასად აღებული უნდა იყოს ს/ზედნადებებში მითითებული ყველაზე დაბალი ფასი სახეობების მიხედვით. წარმოდგენილია 2019-2020-2021 წლების რეალიზაციის გაშიფრული ცხრილი, სადაც ნაჩვენებია ს/ზედნადებებით და საცალო ვაჭრობით მიღებული შემოსავლები. ასევე, ს/ზედნადებებით რეალიზებულ საქონლის ფასნამატს ცხრილიც. უნდა მოხდეს საცალოდ გაყიდულ საქონელზე დარიცხული პროცენტის ხელახალი გადაანგარიშება. საცალოდ გაყიდულზე საშუალო პროცენტი უნდა იყოს 15%, რის შედეგადაც ბუღალტრული სასაქონლომატერიალური ფასეულობის ნაშთი დაემთხვევა ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად მიღებულ ნაშთს, რაც გამოიწვევს დღგ-ს გადასახადში დარიცხული თანხის შემცირებას. ამასთან, დირექტორზე გაცემული თანხის შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საბჭო მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადამხდელის უფლებამოსილი პირის (დირექტორის) წერილობითი განმარტებით დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმების ეტაპზე გადამხდელის მონაწილეობით შედგა 12 ჯგუფი (პრეფორმებისა და გაბერილი ბოთლების მიხედვით), რომელიც წარმოადგენდა საწარმოებლად საჭირო საქონლის ძირითად ნაწილს. საქონლის მოძრაობის შესწავლის შედეგად საქონლის ჯგუფებიდან შეძენილ, დოკუმენტით რეალიზებულ და ინვენტარიზაციით ფაქტობრივად დათვლილ ბოთლების კაფსულებს შორის გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში წარმოებულად და რეალიზებულად თითოეული ჯგუფის დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი ფასის მიხედვით. ამასთან, აუდიტორის განმარტებით საჩივარზე თანდართული მასალების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებები არ წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) საფუძველს.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7527 ბრძანება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი აღნიშნავს , რომ დანაკლისი გამოიწვია საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრამ.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა, აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საწარმოს მიერ დოკუმენტით რეალიზებულ და ინვენტარიზაციით ფაქტობრივად დათვლილ ბოთლების კაფსულებს შორის გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში წარმოებულად და რეალიზებულად თითოეული ჯგუფის დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი ფასის მიხედვით, შესაბამისად გაანგარიშებული იქნა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რომელიც დაემატა დოკუმენტურ რეალიზაციას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.აღნიშნული თანხა საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის და 159-ე მუხლის შესაბამისად დამატებით დაიბეგრა დღგ-ით, საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
საწარმოს სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით დამატებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად. საწარმოს დაეკისრა ჯარიმა .
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.09.2022 წლის №047-31 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7527 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7527 ბრძანება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5 - „ა“),160,161,163,164