გადაწყვეტილება №28016/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.09.2026
№ დოკუმენტი 28016/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№28016/2/2026

16 სექტემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 25.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28016/2/2026).

 

დავის საგანი:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერება;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 16.06.2026 წლის №021-56 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.08.2026 წლის №18122 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 4 827,57 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 2 830

ჯარიმა - 1 415

საურავი - 582,57

 

პროცედურული გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა იმპორტირებული გაყინული თევზის საბითუმო ვაჭრობა ადგილობრივ ბაზარზე.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 23.01.2025 წლიდან 1.04.2026 წლამდე პერიოდის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 12.06.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე 15.06.2025 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №13093 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 16.06.2026 წლის №021-56 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.08.2026 წლის №18122 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები: 1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის იმპორტირებული ჰქონდა საქონელი, თუმცა აღნიშნული საქონლის რეალიზაციის დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მათ შორის, სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშფაქტურები და სხვა შესაბამისი დოკუმენტები შემმოწმებელთათვის წარდგენილი არ ყოფილა. გადასახადის გადამხდელი ასევე არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. ამასთან, გადამხდელის განმარტებისა და წარდგენილი მონაცემების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენდა 0 ლარს, ასევე, არ ფიქსირდებოდა არც დებიტორული და არც კრედიტორული დავალიანება.

ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია იმპორტირებული საქონლის რეალიზაციის ამსახველი დოკუმენტაცია, ხოლო საქონლის ნაშთი პერიოდის ბოლოს არ ფიქსირდებოდა, ჩაითვალა, რომ შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები სრულად იქნა რეალიზებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, რომლის ფარგლებში იმპორტირებული საქონლის ღირებულებას (რპთ) დაემატა აუდიტის დეპარტამენტში ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიმართ ჩამოყალიბებული და გამოყენებული აუდირებული ფასნამატი 10% ოდენობით. ზემოაღნიშნული მეთოდოლოგიის საფუძველზე განისაზღვრა კომპანიის მიერ მისაღები შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

ასევე, შესამოწმებელ პერიოდში ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით დადგინდა ფულის ნაშთი. გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ იმპორტირებული ჰქონდა საქონელი. შესაბამისად, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი დაფიქსირდა სალაროში არსებულ ნაშთად 36 748 ლარის ოდენობით 2026 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შპს „-------“ ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს იმპორტირებული გაყინული თევზით საბითუმო ვაჭრობა ადგილობრივ ბაზარზე. შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების იმპორტი, თუმცა აღნიშნული საქონლის რეალიზაციის დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ ყოფილა. გადასახადის გადამხდელი ასევე არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. ამასთან, გადამხდელის განმარტებისა და წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, შესამოწმებელი

პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს 0 ლარს, ასევე, არ ფიქსირდება არც დებიტორული და არც კრედიტორული დავალიანება. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია იმპორტირებული საქონლის რეალიზაციის ამსახველი დოკუმენტაცია, ხოლო საქონლის ნაშთი პერიოდის ბოლოს არ ფიქსირდება, შემოწმებამ მიიჩნია, რომ შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები სრულად იქნა რეალიზებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, რომლის ფარგლებში იმპორტირებული საქონლის ღირებულებას (რპთ) დაემატა აუდიტის დეპარტამენტში ანალოგიური საქმიანობის სუბიექტების მიმართ ჩამოყალიბებული და გამოყენებული აუდირებული ფასნამატი 10%. ზემოაღნიშნული მეთოდოლოგიის საფუძველზე განისაზღვრა კომპანიის მიერ მისაღები შემოსავალი და დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ დაბეგვრის ობიექტისა და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებლებმა დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისას იხელმძღვანელეს არაპირდაპირი მეთოდით, რაც არ არის სწორი, გაუგებარია, რომელი სააღრიცხვო დოკუმენტაციის უქონლობამ გამოიწვია აღნიშნული მეთოდის გამოყენების აუცილებლობა, როდესაც საუბარია მხოლოდ ერთ ოპერაციაზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილია რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

მომჩივანისთვის გაუგებარია, რომელი სააღრიცხვო დოკუმენტაციის უქონლობამ გამოიწვია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მაშინ, როდესაც საუბარია მხოლოდ ერთ ოპერაციაზე.

შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის იმპორტირებული ჰქონდა საქონელი, თუმცა აღნიშნული საქონლის რეალიზაციის დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მათ შორის, სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშფაქტურები და სხვა შესაბამისი დოკუმენტები შემმოწმებელთათვის წარდგენილი არ ყოფილა, რამაც განაპირობა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება.

მომჩივანს შემმოწმებელთა პოზიციის საწინააღმდეგოდ არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება და არგუმენტები, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა

საგადასახადო ვალდებულებების შემცირებისთვის გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, ასევე დაეკისრა საურავი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს საზოგადოების გათავისუფლება მოხდეს სანქციებისგან, რადგან არავითარი წინასწარი განზრახვა გადასახადის შემცირებისა არ არსებობს, რადგან ეს იყო პირველი იმპორტი კომპანიისთვის და რეალიზაცია მოხდა დაბალი მარჟით, შესაბამისად დარიცხული სანქციები არის პირობითად განხორციელებული ძირითადი თანხის დარიცხვის შედეგი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი ითხოვს საზოგადოების გათავისუფლება მოხდეს სანქციებისგან, რადგან არავითარი წინასწარი განზრახვა გადასახადის შემცირების არ არსებობდა.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანისთვის გაუგებარია არაპირდაპირი მეთოდით ვალდებულების განსაზღვრა.

2.მომჩივანი ითხოვს საზოგადოების გათავისუფლება მოხდეს სანქციებისგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის იმპორტირებული ჰქონდა საქონელი, თუმცა აღნიშნული საქონლის რეალიზაციის დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია.გადამხდელის განმარტებისა და წარდგენილი მონაცემების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენდა 0 ლარს, ასევე, არ ფიქსირდებოდა არც დებიტორული და არც კრედიტორული დავალიანება. ვინაიდან, გადამხდელს არ წარუდგენია იმპორტირებული საქონლის რეალიზაციის ამსახველი დოკუმენტაცია, ხოლო საქონლის ნაშთი პერიოდის ბოლოს არ ფიქსირდებოდა, ჩაითვალა, რომ შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები სრულად იქნა რეალიზებული.შესაბამისად,დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი,განისაზღვრა კომპანიის მიერ მისაღები შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.ასევე, შესამოწმებელ პერიოდში ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით დადგინდა ფულის ნაშთი. გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ იმპორტირებული ჰქონდა საქონელი. შესაბამისად, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი დაფიქსირდა სალაროში არსებულ ნაშთად 36 748 ლარის ოდენობით 2026 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით.

2.საგადასახადო ვალდებულებების შემცირებისთვის გადამხდელს დაეკისრა სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, ასევე დაეკისრა საურავი.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5),163,164.