ბრძანება N 24117

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.11.2024
№ დოკუმენტი 24117
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24117

13 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------ის“ (ს/ნ -----------------)

(მის.: ქ. -------------------------------)

2024 წლის 30 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №119) განიხილა შპს „-------ის“ (ს/ნ -----------------) 2024 წლის 30 ოქტომბრის №92615/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 ოქტომბრის №005-145 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს. აცხადებს, რომ შემოწმების აქტი არ არის დასაბუთებული, არ ახლავს კალკულაცია/გაანგარიშება. გადამხდელის განმარტებით, შემოწმების მიერ გამოყენებული 57%-იანი ფასნამატი შეუსაბამოა, ვინაიდან კომპანია ეწევა საბითუმო რეალიზაციას და მისი ფასნამატი შეადგენს 15-20%-ს. ამასთან, ვინაიდან საქონელი არის მრავალფეროვანი, შემმოწმებელს უნდა დაეჯგუფებინა და ყოველ ჯგუფზე უნდა განესაზღვრა კონკრეტული ფასნამატი. ამასთან, უცნობია, რომელი კომპანიის ფასნამატი აქვს აღებული შემოწმებას და რამდენად იდენტურია მათი საქმიანობები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივლისის №16041 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------ის“ (ს/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 26 მარტიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 30 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 2 ოქტომბრის №21584 ბრძანება და ამავე თარიღის №005-145 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 739 520 ლარი, მათ შორის, გადასახადი 420 669 ლარი, ჯარიმა 210 335 ლარი და საურავი 108 516 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროა ტანსაცმლით და ფეხსაცმლითა ვაჭრობა ----- ბაზრობის ტერიტორიაზე (-------). საწარმო ახორციელებს საქონლის შეძენას იმპორტის გზით. შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება, გაგზავნილ შეტყობინებებს არ გასცნობია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადამხდელთან კომუნიკაცია ვერ შედგა და შემოწმებას არ ჰქონდა ინფორმაცია საწარმოს სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებით, რაც შესაძლებელს გახდიდა თითოეული ოპერაციის ჭრილში საქონლის მოძრაობის ანალიზს, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და შემოსავალი განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დღგის დეკლარაციებში დაფიქსირებული დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 561 625 ლარს. შემოწმებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი განისაზღვრა ნულით, ვინაიდან 2021 წლის შემდეგ გადამხდელს არ უფიქსირდება აქტივობა, ხოლო რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შეადგენს 1 634 956 ლარს. შემოწმების მსვლელობისას რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება დაიყო კატეგორიებად, ხოლო საცალოდ რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი, რომელმაც შეადგინა საშუალოდ 57%. შემოწმების მიერ გამოვლენილი საცალოდ რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი რეალიზებულ იქნა პროპორციულად შესამოწმებელ პერიოდში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ვინაიდან შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება, შემოწმებისთვის არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, მათ შორის, შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები და ინფორმაცია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე გაანგარიშებულ იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა, შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი ჩაითვალა სრულად მიღებულად, ხოლო დოკუმენტური ხარჯი სრულად ანაზღაურებულად. აღნიშნულის შედეგად გამოვლინდა 1 008 438 ლარის (აგროსილი 1 260 547 ლარი) ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადამხდელთან შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა დაკავშირება და შესაბამისად, არ ყოფილა წარმოდგენილი საწარმოს სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც შესაძლებელს გახდიდა თითოეული ოპერაციის ჭრილში საქონლის მოძრაობის ანალიზს და დაბეგვრის ობიექტის დადგენას. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, კატეგორიების მიხედვით საწარმოს მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტის აუდირებული ფასნამატი (57%) და გამოვლენილი საცალოდ რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი რეალიზებულ იქნა პროპორციულად შესამოწმებელ პერიოდში. აღნიშნულის შედეგად გაიზარდა პირის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო შემოწმებით გამოვლენილი ფულის განკარგვადი ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის დამადასტურებელი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №16041 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 26 მარტიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №21584 ბრძანება და №005-145 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 739 520 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საწარმო ახორციელებს საქონლის შეძენას იმპორტის გზით. შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება, გაგზავნილ შეტყობინებებს არ გასცნობია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადამხდელთან კომუნიკაცია ვერ შედგა და შემოწმებას არ ჰქონდა ინფორმაცია საწარმოს სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებით, რაც შესაძლებელს გახდიდა თითოეული ოპერაციის ჭრილში საქონლის მოძრაობის ანალიზს, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და შემოსავალი განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ვინაიდან შემოწმებისთვის არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, მათ შორის, შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები და ინფორმაცია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე გაანგარიშებულ იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა, შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი ჩაითვალა სრულად მიღებულად, ხოლო დოკუმენტური ხარჯი სრულად ანაზღაურებულად. აღნიშნულის შედეგად გამოვლინდა 1 008 438 ლარის (აგროსილი 1 260 547 ლარი) ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“ .2 „ა“ და„ბ“.3 „ა“) ; 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1); 164(1);