გადაწყვეტილება №19702/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.06.2023
№ დოკუმენტი 19702/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19702/2/2023

23.06.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 17.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19702/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოწმებით დადგენილ შემოსავლებსა და სალაროში ფაქტობრივად არსებულ ფულად სახსრებს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.04.2023 წლის №006-160 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №10941 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 125 215,56 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 69 625

დღგ - 38 877

საშემოსავლო გადასახადი - 30 748

ჯარიმა - 34 376

საურავი - 21 214,56

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები.

აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2010 წლის დეკემბრიდან, ხოლო დღგ-ს გადამხდელად 2017 წლის აპრილიდან. გადასახადის გადამხდელმა, შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკურ პირებს, საკუთარი მასალით გაუწია სარემონტო მომსახურება და ჰაერის კონდენცირების სისტემის მონტაჟი, აგრეთვე უფიქსირდება ავეჯის და ტექნიკის შეძენა, რომლის რეალიზაციასაც ახდენს ნაღდი ანგარიშსწორებით. გადამხდელმა შესამოწმებელ პერიოდზე წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამის რეპორტები, საბანკო ამონაწერები და სხვა დოკუმენტაცია. შემოწმების პროცესში შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობა, კერძოდ, გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები და შემოწმების ხელთარსებული გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები. გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტური ხარჯი.

საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე და 73-ე მუხლების მიხედვით, განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად, 2020 წლის საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის გამოვლინდა სხვაობა შემოწმებით დადგენილ და სალაროში ფაქტობრივად არსებულ ფულად სახსრებს შორის, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე სახელფასო განაცემად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.04.2023 წლის №006-160 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №10941 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლები ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რის გამოც კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 30 748 ლარის ოდენობით და ჯარიმა 15 374 ლარი. ვინაიდან 2020 წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი არ გაცემულა ხელფასად და გამოყენებული იქნა 2021-22 წლებში განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობისთვის. შესაბამისად, 2020, 2021,2022 წლეში მიღებული მოგება განაწილებული და დეკლარირებული იქნა 2023 წლის თებერვლის თვეში. აღნიშნულიდან გამომდინარე, არამართებულია ზემოაღნიშნული დარიცხვა. მომჩივანი ითხოვს მოიხსნას დარიცხვა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 3 0748 ლარი და გაუქმდეს ჯარიმა 34 376 ლარი. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული დარიცხვა უკიდურესად დაამძიმებს კომპანიის ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელს 2020 წლის საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის გამოუვლინდა სხვაობა შემოწმების მიერ დადგენილ და სალაროში ფაქტობრივად არსებულ ფულად სახსრებს შორის, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანმა დავის წარმოების ეტაპზე ვერ წარმოადგინა დამატებით მისი არგუმენტების შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოწმებით დადგენილ შემოსავლებსა და სალაროში ფაქტობრივად არსებულ ფულად სახსრებს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.04.2023 წლის №006-160 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №10941 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5,9,4); 101 (1); 154 (1).