გადაწყვეტილება №22467/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.06.2024
№ დოკუმენტი 22467/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22467/2/2024

11 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----ს 4.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22467/2/2024).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდით საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №006-589 საგადასახდო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.01.2024 წლის №1350 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

173 472,94 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 101 653

ჯარიმა - 40 078

საურავი - 31 741,94

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა ადგილობრივად მოყვანილი ხილით და ბოსტნეულით საბითუმო ვაჭრობა ქალაქ ---ში (----ის ბაზარში). გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 18.02.2020 წელს. აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 18.02.2020 წლიდან 1.07.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: მომჩივანი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ხოლო მისი საშუალო დეკლარირებული ფასნამატი წლების მიხედვით შემდეგია: 2020 წელს - 2.6%; 2021 წელს - 5%; 2022 წელს 4.7%. საანგარიშო პერიოდში დოკუმენტურად რეალიზებულია მთლიანი რეალიზაციის 0.14% (არაარსებითია).

შესამოწმებელ პერიოდში შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს საქონლის მიღება უფიქსირდება მხოლოდ ერთი მომწოდებლისგან სს ----დან (ს/ნ ----). ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მიღებული საქონელი საქართველოში არის მოყვანილი.

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, დამუშავდა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური შეძენები. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჯგუფებზე, მოძიებულ იქნა მსგავსი საქმიანობის და ტერიტორიული მდებარეობის მქონე ობიექტების აუდირებული ფასნამატი (კიტრზე 16%, ხოლო პომიდორზე 18%), რომელიც გავრცელდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში შეძენილ სმფ-ებზე. შემოწმებით განსაზღვრული ჯგუფური ფასნამატის გათვალისწინებით დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით, დაკორექტირდა (გაიზარდა) მეწარმის ერთობლივი შემოსავალი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №006-589 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.01.2024 წლის №1350 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ პირი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ხოლო დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა, მთლიანი რეალიზაციის 0.14%-ს შეადგენს. ვინაიდან შემოწმების პროცესში პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცის საფუძველზე ვერ დადგინდა დაბეგვრის ობიექტი, მიღებული შემოსავლის განსაზღვრის მიზნით, გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჯგუფებზე, მოძიებულ იქნა მსგავსი საქმიანობის და ტერიტორიული მდებარეობის მქონე ობიექტების აუდირებული ფასნამატი, რომელიც გავრცელდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში პირის მიერ შეძენილ სმფ-ებზე და დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები, რის საფუძველზეც პირს განესაზღვრა საშემოსავლო გადასახადი. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენდა მთლიანი რეალიზაციის არაარსებით ნაწილს - 0.14%-ს, ხოლო მეწარმის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჯგუფებზე მსგავსი საქმიანობის და ტერიტორიული მდებარეობის მქონე ობიექტების აუდირებული ფასნამატის გავრცელება შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში შეძენილ სმფებზე და შედეგად, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტითა და საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები ნაცვლად საშემოსავლო გადასახადისა დარიცხული აქვს მოგების გადასახადში. აღნიშნულ საკითხთან (დარიცხულ მოგების გადასახადთან) მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების აქტსა და საგადასახადო მოთხოვნაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს საგადასახადო შემოწმების აქტისა და საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, სახეზეა გადასახადის გადამხდელის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტში მოცემული თანხები დათვლილია არასწორად, გარდა ამისა, არ არის გათვალისწინებული დარიცხულ თანხებთან დაკავშირებული არსებითი გარემოებები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინება და ადეკვატური ანალიზი მიგვიყვანს იმ დასკვნამდე, რომ შემოწმების აქტით დარიცხული თანხების დიდი ნაწილი დარიცხულია არასწორად, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია შემმოწმებლებსა და მომჩივნის წარმომადგენლებს შორის საკმარისი კომუნიკაციის არ არსებობით.

საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე მომჩივნის წარმომადგენელი რამდენიმეჯერ დაუკავშირდა შემოსავლების სამსახურის აუდიტორს და ასევე რამდენიმეჯერ ჰქონდა ამ სამსახურის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან დაკავშირების მცდელობა და რა დროსაც ითხოვდა მომჩივანთან ერთად ყოფილიყო გავლილი იმ კომპანიებისა თუ ფიზიკური პირების ფასნმატების განხილვა რომელი პირების ფასნამატიც უნდა გავრცელებული მომჩივნის შემოსვლების დასათვლელად. ასევე ითხოვდა სრულად მომხდარიყო შემოსავლების სამსახურის მიერ 2023 წელს დამტკიცებული „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების მოთხოვნების გათვალისწინება და ისე მომხდარიყო მომჩივნისთვის გასავრცელებელი ფასნამატის გამოანგარიშება. ითხოვა როგორც შემოსავლების სამსახურის აუდიტორს ასევე ამ სამსახურის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, რომ მომჩივნის შემოსავლების სამსახურში ვიზიტისა და ფანსმატის გავლის გარეშე არ მომხდარიყო აქტის დაწერა და მომჩივნისთვის თანხების დარიცხვა ვინაიდან მომჩივნის საქმიანობა ხასიათდება მრავალი თავისებურებითა და სპეციფიკით და აღნიშნული სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე იყო ძალიან დიდი საფრთხე, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტორების შესულიყვნენ შეცდომაში და გაევრცელებინათ არარეალური ფასნამატი. თუმცა მათი არაერთი მცდელობის მიუხედავად არც შემოსავლების სამსახურის აუდიტორებმა და ამ სამსახურის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა არ მისცა შესაძლებლობა გაეცნო მათთვის მომჩივნის საქმიანობისთვის დამახასიათებელი ყველა მნიშვნელოვანი მომენტის და გამოავლინეს რა სრული უპასუხისმგებლობა და საქმისადმი გულგრილობა ისე დაწერეს აქტი, რომ არც კი გააცნეს იმ კომპანიებისა თუ ფიზიკური პირის მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია რომელთა ფასნამატი იქნა გავრცელებული მომჩივნის შემოსავლების დათვლისას.

იმისათვის, რომ მომხდარიყო ამ უკანასკნელის პრევენცია მომჩივნის წარმომადგენელმა 2-ჯერ გაუგზავნა ელ. წერილი შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთ ხელმძღვანელს და სთხოვა შეხვედრის ჩანიშვნა, თუმცა არცერთ მის წერილს არ გამოხმაურებია.

შემოსავლების სამსახურის აუდიტორი კი აქტის აუდიტორების მხრიდან „ატვირთვამდე“ 2 კვირით ადრე უმტკიცებდა, რომ აქტი უკვე ატვირთული და გაგზავნილი იყო მაშინ როდესაც მათი განცხადების შემდგომ გაირკვა, რომ აქტი ხელმოწერილი სახით არ იყო „ატვირთული“ და გაგზავნილი შემოსავლების სამსახურის აუდიტორების მხრიდან. რომ არა ასეთი უმსგავსო და უპასუხისმგებლო ქცევა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან მათი მხრიდან მოხდებოდა ყველა მომჩივნის არგუმენტის მოსმენა არ მოხდებოდა ასეთი არარეალური და არაადეკვატური ფასნამატის გავრცელება.

შემოსავლების სამსახურის ძალიან დიდი დრო ჰქონდა რათა მომჩივანთან ერთად მოეხდინა მისი საქმიანობის სპეციფიკისა და ყველა მნიშვნელოვანი გარემოების გათვალისწინება თუმცა ამის მიუხედავად მომჩივნის არაერთი მცდელობის მიუხედავად შემოსავლების სამსახურის აუდიტორებთან შეხვედრა არ შედგა. ასევე უნდა აღინიშნოს რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უხეშად დაარღვიეს ახლად დამტკიცებული „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების თითქმის ყველა მუხლის მოთხოვნები და ისე, რომ საერთოდ არც კი წაუკითხავთ ეს მეთოდური მითითება დაარიცხეს უზომოდ დიდი და არარეალური თანხები. ამ ადამიანების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით მომჩივანს მიადგა ძალიან დიდი ზიანი ასეთი გულგრილი დამოკიდებულების გამო მათ მიერ ისე, რომ არც კი მოხდა მისი საქმიანობის თავისებურების გათვალისწინება გავრცელდა მომჩივნის საქმიანობისთვის შეუსაბამო და სრულიად არარეალური ფასნამატი, აქედან გამომდინარე მოითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის ზემოთ ხსენებული დარიცხვა.

აუდიტის დეპარტამენტის არაკომპეტენტურობასა და გულგრილობაზე ისიც მიანიშნებს რომ მათ მიერ ი/მ ---თვის თანხები დარიცხული იქნა არც მეტი არც ნაკლები - მოგების გადასახადში. შემოწმების აქტში და საგადასახადო მოთხოვნაში კითხულობს, რომ ი/მ-ს რომელიც როგორც წესი იბეგრება საშემოსავლო გადასახადით იბეგრება, თანხები მოგების გადასახადის ნაწილში დაარიცხეს, რაც კიდევ ერთი დასტურია იმ უმსგავსობისა და სრული განუკითხაობისა, რაც აუდიტის დეპარტამენტში ხდება.

საკითხი მომჩივნის მიერ გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში თუმცა მომჩივნის მოთხოვნაზე ამ უკანასკნელმა უწყებამ უთხრა უარი ისე, რომ საერთოდ არც კი განიხილა და იმსჯელა შესაბამის დავების გადაწყვეტილებაში მომჩივნის მიერ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ. წარმოადგენს პოზიციას დარიცხული თანხების მართებულობასთან დაკავშირებით.

საკითხი 1 - ე.წ. არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე არასწორად დარიცხული გადასახადი და სანქციის თანხები: შემმოწმებლების მიერ ე.წ. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დათვლილ იქნა შემოსავლები, რის შედეგადაც გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხა დღგ სანქციის თანხასთან ერთად, რაც შემმოწმებლების მხრიდან განხორციელდა მთელი რიგი პროცედურული დარღვევებითა და არასწორი ინტერპრეტაციებით. როგორც საგადასახადო შემოწმების აქტში ვკითხულობთ, შემმოწმებლების მიერ შემოსავლების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა ე.წ არაპირდაპირი მეთოდი, შემმოწმებლების მხრიდან შემოსავლები დათვლილი იქნა ე.წ. აუდირებულ ფასნამატზე დაყრდნობით (კიტრზე 16%, ხოლო პომიდორზე 18%) ისე რომ საერთოდ არ მომხდარა იმის გაანალიზება როგორ და რა პირობებში ხდებოდა მომჩივნის მხრიდან აღნიშნული საქონლის რეალიზაცია. არ არის გათვალისწინებული როგორც ლოკაციის ასევე მისი ბიზნეს-საქმიანობისთვის დამახასიათებელი მთელი რიგი სპეციფიკური საკითხებისა, რის გამოც დაერიცხა მომჩივნის საქმიანობასთან შეუსაბამო და არარეალური ფასნამატი.

შემმოწმებლის მიერ გამოყენებულ იქნა არაშესადარისი გადასახადის გადამხდელების ფასნამატები რის გამოც დათვლილი იქნა მოგება რომელიც რამდენიმე ათეულჯერ აღემატება იმ მოგებას რომელიც მომჩივნის საქმიანობის შედეგად მიიღო.

ზემოაღნიშნული გაანგარიშებისას, აღნიშნული ფასნამატების გაანგარიშების ყველა ეტაპზე დაშვებულია შეცდომები და დადგენილი ფასნამატი შეიცავს არსებით უზუსტობას, შედეგად შემოსავლებიც გაანგარიშებულია არასწორად. შედეგად გამოყვანილია ფასნამატი 16% და 18% ოდენობით, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი არ გააჩნია.

შემმოწმებლის მხრიდან არ მომხდარა გადამხდელთან საჭირო კომუნიკაცია და მომჩივნის შესადარისი გადამხდელის შესახებ ინფორმაციის რეალურად მოძიება, რისი გათვალისწინების შედეგადაც გაანგარიშებული ფასნამატი იქნებოდა გაცილებით დაბალი. საქონლის რეალიზაციის პირობებისა და ბიზნეს-საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით გამორიცხულია მის მიერ რეალიზებულ საქონელზე ფასნამატი 16% ან თუნდაც 18% ყოფილიყო. მომჩივნის მხრიდან პროდუქციის რეალიზაციას როგორც საბითუმო, ისე საცალო ვაჭრობის საშუალებით. ფასები საცალო ვაჭრობის შემთხვევაში მნიშვნელოვნად აღემატება საბითუმო ვაჭრობის შემთხვევაში არსებულ ფასებს. შემმოწმებლის მიერ კი არ იქნა გამიჯნული ზემოხსენებული ვაჭრობის ტიპები და მთლიან რეალიზაციაზე გავრცელებულ იქნა არაშესადარისი გადამხდელების ფასნამატები, რის გამოც შემმოწმებლების მიერ კიდევ უფრო გაზრდილია საბითუმო ვაჭრობის შემთხვევაში არსებული რეალური ფასნამატი და შესაბამისად ამ უკანასკნელ ნაწილშიც არასწორად არის გაზრდილი კომპანიის შემოსავლები. ამასთან შემოწმების აქტის მიხედვით დოკუმენტური რეალიზაცია წარმოადგენს სრული რეალიზაციის 0.14%-ს, რის გამოც აუდიტორების მიერ მიჩნეული იქნა რომ დოკუმენტაცია გამოწერილი იქნა არაარსებითი ოდენობის საქონელზე, რის გამოც მათის მხრიდან დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება მიზანშეწონილად არ ჩაითვალა. შემოსავლების სამსახურის აუდიტორებისა და მათი ხელმძღვანელების უპასუხისმგებლობის გამო მისი არაერთი მცდელობის მიუხედავად მისულიყო შემოსავლების სამსახურში და აეხსნა ყოველივე არც შემოსავლების სამსახურის აუდიტორები და არც მათი ხელმძღვანელი არ შეხვდა და მომჩივანთან ერთად არ გაიარა ეს უკანასკნელი საკითხი. საქმე იმაშია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნის მხრიდან თანხობრივად დოკუმენტით რეალიზებულია მართლაც მცირე თანხის საქონელი, აღნიშნულის მიუხედავად იმის გათვალისწინებით, რომ მისი რეალიზებული პროდუქცია სრულ რამდენიმე დასახელების, ზოგ შემთხვევაში კი მხოლოდ ერთი დასახელების პროდუქტს მოიცავს, მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ გამოწერილი დოკუმენტებით ზოგიერთი პერიოდების შემთხვევაში სრულად ან უკიდურეს შემთხვევაში არსებითად ფარავს მის მიერ რეალიზებული საქონლის დასახელებებს და შემოსავლების სამსახურს შეეძლო მთლიანად ან თუნდაც ცალკეულ საქონელზე მაინც შეეძლო დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება რაც არ მოხდა. რაოდენ მცირეც არ უნდა ყოფილიყო თანხობრივად რეალიზაცია, თუ აღნიშნული დოკუმენტაციით შესაძლებელი იყო ცალკეული საქონლის ფასნმატების დადგენა შემოსავლების სამსახურის მიერ ფასნამატების დათვლა ამ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით უნდა მომხდარიყო.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის 5 ნაწილზე და „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-6, მე-15, მე16, მე-20 და 23-ე მუხლებზე და ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის თხოვნის მიუხედავად არ მოხდა აუდიტორების მხრიდან კომუნიკაცია, აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის მხრიდან დარღვეულია ყველა ზემოთ ხსენებული მუხლი. მთლიანად აქტი შედგენილია „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების დარღვევით.

გარდა ამისა როგორც მომჩივნის მიერ გამოგზავნილ საგადასახადო მოთხოვნაში ასევე შემოწმების აქტში ვკითხულობთ, რომ მომჩივნისთვის თანხები დარიცხულია მოგების გადასახადის ნაწილში. მომჩივანი საჩივარში წარმოადგენს აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №006-589 საგადასახადო მოთხოვნის და 22.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის ნაწილის (3 გვერდი) და აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №29397 ბრძანების (დანართით) ფოტოსურათებს შესაბამისი მონიშვნებით და მიუთითებს, რომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშეც აშკარაა, რომ შემოწმების აქტი გამოცემული მთელი რიგი უხეში დარღვევებისაა და ხარვეზების ფონზე, რის შედეგადაც დაერიცხა არასწორად დათვლილი და არარეალური თანხები.

აუდიტის დეპარტამენტის შემმოწმებლებმა იმ გადასახადის დასახელებაც კი ვერ მიუთითეს სწორად რომელი გადასახადის გადახდაც ეკუთვნის ფიზიკურ პირებს და რაღაც მომჩივნისთვის დღემდე აუხსნელი და სასწაულებრივი გზით ფიზიკურ პირს მოგების გადასახადი დაარიცხეს საშემოსავლო გადასახადის მაგივრად. ამასთან შეცდომა დაშვებულია არამარტო საგადასახადო შემოწმების აქტში არამედ, საგადასახადო მოთხოვნაშიც და აუდიტის დეპარტამენტის №29397 ბრძანებაშიც. რომ არაფერი ითქვას იმ უპასუხისმგებლობაზე, რაც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა გამოავლინა მისი თანამშრომლების სახით, ეს ფაქტებიც არის ამ სამსახურის როგორც სახელმწიფო ინსტიტუციის სრული კატასტროფა და მარაზმი! მხოლოდ ამ უკანასკნელის გამო უნდა გაუქმდეს გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა, შემოწმების აქტი და აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება.

შესაბამისად, ბათილად უნდა იქნას ცნობილი ყველა ზემოთ ხსენებული დოკუმენტი და შემცირდეს აუდიტის დეპარტამენტის მიერ არასწორად დარიცხული თანხები. გარდა ამისა, იმ უამრავი შეცდომისა თუ უზუსტობის გამო, რაც დაშვებული იქნა შემოწმების ეტაპზე მომჩივნის მონაწილეობის გარეშე არ უნდა მოხდეს აღნიშნული საკითხის განხილვა და ახლა მაინც უნდა მიეცეს შესაძლებლობა ჩაერთოს ფასნამატის სწორად გაანგარიშების პროცესში.

გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვა მოხდა პირველად და მომჩივნის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას ითხოვს შეუმცირდეს ზემოთ ხსენებული თანხის მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხები, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა;

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები. შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ხოლო საანგარიშო პერიოდში დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის წილი მთლიან რეალიზაციაში შეადგენს 0,14%-ს.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივნის მიერ დოკუმენტური რეალიზაცია განხორციელებულია არაარსებითი ოდენობით და მაღალი ფასნამატით, აგრეთვე მომჩივანი საქონლის მიწოდებით შემოსავალს იღებდა ნაღდი ანგარიშსწორებით, თუმცა არც საკონტროლო-სალარო აპარატი გააჩნდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჯგუფებზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის და ტერიტორიული მდებარეობის მქონე ობიექტების აუდირებული ფასნამატი. მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ მიუღებელია მისთვის გაურკვეველი ფასნამატის გამოყენება. თავისი ჩანაწერები საქმიანობის შედეგებთან დაკავშირებით გადაყრილია და არ გააჩნია. ფასნამატთან დაკავშირებით სათანადო საფუძვლებზე დაყრდნობით გაკეთებულ გაანგარიშებას ვერ წარმოადგენს.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით, შესაბამისად არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

არაპირდაპირი მეთოდით საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, დამუშავდა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური შეძენები. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჯგუფებზე, მოძიებულ იქნა მსგავსი საქმიანობის და ტერიტორიული მდებარეობის მქონე ობიექტების აუდირებული ფასნამატი (კიტრზე 16%, ხოლო პომიდორზე 18%), რომელიც გავრცელდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში შეძენილ სმფ-ებზე. შემოწმებით განსაზღვრული ჯგუფური ფასნამატის გათვალისწინებით დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით, დაკორექტირდა (გაიზარდა) მეწარმის ერთობლივი შემოსავალი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №006-589 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.01.2024 წლის №1350 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 269 (7); 102.