გადაწყვეტილება №21998/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21998/2/2024
20 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 16.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21998/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი;
2. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის დაანგარიშების სისწორე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2023 წლის №16655 ბრძანება;
2. აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2023 წლის №001-148 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33504 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 72 372.82 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 44 850
დღგ - 26 678
საშემოსავლო გადასახადი - 18 172
ჯარიმა - 20 339
საურავი - 7 183.82
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ავეჯის ქსოვილების (კრეკი, ალკანტარა, ბარხატი და სხვა), ავეჯის სხვადასხვა მასალების (ხელოვნური ტყავი, სინთეტიკური ბამბა, პარალონის ღრუბელი და სხვა) და მექანიზმების ადგილობრივი შესყიდვა-რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 25.06.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 29.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 10.07.2023 წლის №16655 ბრძანება და ამავე თარიღის №001-148 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25920 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 17.11.2023 წლის №21230/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25920 ბრძანება გაუქმდა და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33504 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, იმსჯელოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლების შესახებ და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ფულადი სახსრების ნაშთი გაიანგარიშოს საწესდებო კაპიტალით შემცირებული ფულის ნაშთის ე.წ. აგროსვის შედეგად მიღებული თანხიდან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33504 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის საწარმოს აღებული აქვს ფართი შპს „---გან“ (ს/ნ ---). კომპანიას უფიქსირდება ერთი საკონტროლო-სალარო აპარატი (მის.: ---). მომჩივანი ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებს პროგრამა „ინფოში“, რომლის შესწავლით დადგინდა, რომ საწარმოს დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვები შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 4 136 631 ლარს, ხოლო დოკუმენტური შესყიდვები 4 155 476 ლარს. ბუღალტრული პროგრამის მიხედვით სმფების ნაშთები პერიოდების მიხედვით შეადგენს: 2020 წლის ბოლოს - 341 533 ლარს, 2021 წლის ბოლოს - 434 101 ლარს, 2022 წლის ბოლოს - 472 161 ლარს, ხოლო 1.03.2023 წლის მდგომარეობით 496 991 ლარს. საშუალო ფასნამატმა 2020 წელს შეადგინა 13.67%, 2021 წელს - 13,75%, 2022 წელს - 13,13%. 1.01.2023- 1.03.2023 წ.წ. საანგარიშო პერიოდებში ჯამში საშუალო ფასნამატია 10,91%.
ბუღალტრულ პროგრამაში არ ხდება საქონლის რაოდენობრივი აღრიცხვა სრულად. კერძოდ, არადოკუმენტური რეალიზაციის აღრიცხვა ხდება საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით ან/და ბანკში დაფიქსირებული თანხებიდან გამომდინარე. საწარმო არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხორციელდება საქონლის ჩამოწერა კანონმდებლობის შესაბამისად, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. რეალიზაციის დოკუმენტების დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ დოკუმენტური რეალიზაცია მთლიანი რეალიზაციის დაახლოებით 36%-ს შეადგენს, ხოლო დოკუმენტურმა ფასნამატმა წლების მიხედვით შეადგინა 2020 წელს - 10,36%, 2021 წელს - 10.32%, 2022 წელს - 11.63%, 1.01.2023- 1.03.2023 წ.წ. პერიოდზე - 11.36%.
19.06.2023 წელს საწარმოს კუთვნილ ობიექტში ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია, რის შედეგადაც გამოვლინდა სამართალდარღვევა (არ იქნა ამობეჭდილი ჩეკი), მომჩივანს მიეცა გაფრთხილება საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
საგადასახადო კოდექსის 136-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ: შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაყოფილია ჯგუფებად (7 ჯგუფი, 93 დასახელების საქონელი) და შესაბამისი ჯგუფების მიხედვით არადოკუმენტურ რეალიზაციაზე გავრცელდა საკონტროლო შესყიდვის/ფიქსაციის შედეგად შესყიდულ თითოეულ საქონელზე დადგენილი ფასნამატები (ავეჯის სასარჩულე ქსოვილი - 53%, პარალონის ღრუბელი - 41%, სინთეტიკური ბამბა მეტრებში - 32%, სინთეტიკური ბამბა კგ-ებში - 32%), ხოლო რომელ საქონელზეც ფასნამატები ვერ დადგინდა საკონტროლო შესყიდვით/ფიქსაციით, მათზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი. საკონტროლო შესყიდვის/ფიქსაციის ფასნამატები დადგენილია შემდეგნაირად: უახლოესი შესყიდვა დაკავშირებულია საკონტროლო შესყიდვით/ფიქსაციით დადგენილ სარეალიზაციო ფასებთან. ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულ საწყის და საბოლოო მარაგებში საქონლის თითოეული ჯგუფის წილი განისაზღვრა შესაბამის საანგარიშო პერიოდში მისი შეძენის წილის პროპორციულად მთლიანი პერიოდის შეძენაში. აღნიშნული პრინციპით განსაზღვრულ და დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვებს შორის სხვაობამ 2020-2023 წლებში შეადგინა 148 238 ლარი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საჩივარში გადამხდელი განმარტავს, რომ საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებს პროგრამა „ინფო ბუღალტერიაში“, ხოლო საქონლის ჩამოწერა ხორციელდება ACCA F3-ის მიხედვით, მარაგების აღრიცხვის პერიოდული მეთოდით. ამასთან, ყოველდღიურად აქვს აღრიცხული რეალიზებული საქონლის დასახელებები რაოდენობების მიხედვით. აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ ფასნამატი გამოყენებულია დოკუმენტურად მიწოდებულ საქონელზეც. ასევე, საქონლის სარეალიზაციო ფასი აღებულია საქონლის ერთეულის გაყიდვის შემთხვევიდან, როცა საბითუმო მიწოდება საერთო რეალიზაციის 95%-ზე მეტია. ამასთან, სარეალიზაციო ფასი შედარებულია ბოლო შესყიდვის ფასთან, ზოგიერთ შემთხვევაში სარეალიზაციო ფასში შედის დღგ, ხოლო თვითღირებულებაში - არა. განმარტავს, რომ საქონლის დაჯგუფება არარელევანტურია, რაც იწვევს ფასნამატის ოდენობის ზრდას. სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ), განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, იმსჯელოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლების შესახებ და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით ფაქტობრივად დადასტურდა, რომ შემოწმების შედეგად არ იყო სრულყოფილად შესწავლილი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართებულობა, ასევე მეთოდის გამოყენებისას ფასნამატის განსაზღვრის სისწორე, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საკითხების ხელახლა შესწავლა, ისე რომ საგადასახადო მოთხოვნა არ გაუქმებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურის ბრძანებას ასაჩივრებს სწორედ ამ ნაწილში და ითხოვს მიღებულ იქნას საჩივარზე გადაწყვეტილება, სადაც ცალსახად იქნება მითითებული:
ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოუყენებლობაზე, მისი უსაფუძვლობის გამო ან უკიდურეს შემთხვევაში,ბ) არაპირდაპირი მეთოდი გაანგარიშდეს დოკუმენტური რეალიზაციების შეთხვევაში არსებული ფასნამატის გამოყენებით და არა შემოწმების შედეგად გამოყენებული არარელევანტური ფასნამატით. შემოწმების შედეგს არ ეთანხმება, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტები მიაჩნია, არაკანონიერად მათი შინაარსობრივი, ასევე პროცესუალური უსწორობის და საგადასახადო კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამო. შემოწმებისას დარღვეულია საგადასახადო კოდექსის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად განსაზღვრული ნორმები. ამდენად, საკანონდებლო ნორმების დარღვევის გამო, თავიდანვე არაკანონიერი იყო შემოწმების შესახებ ბრძანებებიც და შესაბამისად არაკანონიერია მათ საფუძველზე შედგენილი აქტები.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილზე და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის №6498 ბრძანება არაკანონიერია, ვინაიდან კამერალური საგადასახადო შემოწმება კანონმდებლობის თანახმად შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ კონკრეტულ ერთ საკითხზე, რომელიც განსაზღვრული უნდა ყოფილიყო ბრძანებით. მოცემულ შემთხვევაში კონკრეტული საკითხი მითითებული არ არის. ხოლო 29.07.2023 წლის შემოწმების აქტში, რომელიც შედგენილია 30.03.2023 წლის №6498 ბრძანების საფუძველზე, შესამოწმებლად განსაზღვრულია არა ერთი რაიმე კონკრეტული საკითხი, არამედ კანონის მოთხოვნის დარღვევითა და საწინააღმდეგოდ რამდენიმე გადასახადი და სხვადასხვა საკითხები.
შემოწმების აქტის მე-6 გვერდზე მოცემულია, რომ შემოწმდა: დამატებული ღირებულების გადასახადი; გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი; ქონების გადასახადი; მოგების გადასახადი.
სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ კანონის თანახმად, კანონის დარღვევით განხორციელებული შემოწმების შედეგად მიღებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვს. შემოწმების შესახებ ბრძანებებით შემმოწმებელ პირებად საგადასახადო ორგანოს დამტკიცებული ყავს 3 (სამი) პირი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად აქტს ხელს უნდა აწერდნენ ის პირები, რომლებთაც დაევალათ მისი შედგენა, ხოლო მოცემულ შემთხვევაში აქტში შემმოწმებელ პირებად აღნიშნული არიან და ხელს აწერენ მხოლოდ ----. ---- არც აქტს და არც ბრძანების დანართს დარიცხული თანხების შესახებ ხელს არ აწერს და ამავდროულად შემოწმების ბრძანების ცვლილებებით ის შემმოწმებლებიდან „ამოღებული“ არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უნდა ჩაითვალოს, რომ --- არ ეთანხმება 29.06.2023 წელს შედგენილ აქტს, რადგანაც არ ადასტურებს მას ხელმოწერით.
საგადასახადო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შემოწმების აქტის უმრავლესობით მიღებას ან ხელმოწერაზე უარს რაიმე მიზეზით ან/და შენიშვნას. ამდენად, 29.06.2023 წლის შემოწმების აქტი, რომელიც წარმოადგენს 10.07.2023 წლის №16655 ბრძანებისა და 001-148 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველს არასრულყოფილი და შესაბამისად არაკანონიერია. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება არაკანონიერია, ვინაიდან არ არსებობდა მისი გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.
შემოწმების აქტში მითითებულია სიცრუე, რომ თითქოსდა დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები, აღნიშნული გადამხდელის მხრიდან შესრულებულია, ვინაიდან დოკუმენტურად ფიქსირდება საქონლის შეძენა, მათი გადატანა-შენახვა, რეალიზაცია კი ყველა შემთხვევაში ფიქსირდება გადახდის დოკუმენტით, ხოლო მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადებითაც. გადამხდელს არ აქვს არც აღურიცხველი და არც დოკუმენტის გარეშე შეძენილი საქონელი და ყველა შემთხვევაში ფიქსირდება რეალიზაცია. თუ როგორ, რა ფორმით უნდა ახორციელებდეს გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას ამას არ არეგულირებს და არც შეიძლება განსაზღვრავდეს საგადასახადო კოდექსი, რადგანაც ეს არაა ამ კანონის რეგულირების სფერო. საბუღალტრო აღრიცხვა ხორციელდება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და აღრიცხვა მიმდინარეობს ბუღალტრულ პროგრამა „ინფო ბუღალტერიაში“. პროგრამული აღრიცხვით სასაქონლო ნაშთების ჩამოწერა ხორციელდება ACC3-ის მიხედვით მარაგების აღრიცხვის პერიოდული მეთოდით, რომლის დროსაც ყოველთვიურად ხორციელდება ინვენტარიზაცია და სმფ-ის ჩამოწერა.
მიუხედავად აღნიშნულისა, საწარმო კიდევ დამატებით, ყოველდღიურად აღრიცხავს რეალიზებულ საქონელს დასახელებებისა და რაოდენობის მიხედვით, რასაც ხელით ატარებს (აღრიცხავს) შექმნილ ჟურნალში. ზედმიწევნით ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას, რომლის მიხედვითაც შესაბამისი კომპეტენციისა და სურვილის შემთხვევაში თავისუფლად დგინდება და დადგენილია კიდეც დაბეგვრის ობიექტი.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლში მკაცრად არის განსაზღვრული თუ რა შემთხვევაში შეიძლება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ასეთი პირობები არ არსებობს. ამდენად, მხოლოდ შემმოწმებლის სურვილის გამო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება წარმოადგენს კანონდარღვევას და არ არსებობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი. გადასახადის თანხების დარიცხვებს მისი არაკანონიერებისა და არასწორობის გამო არ ეთანხმება არც დღგ-სა და არც საშემოსავლო გადასახადში. ორივე გადასახადში შემოწმების შედეგად დამატებით ბიუჯეტში გადასახდელი თანხების დარიცხვა გამოწვეულია არაკანონიერად ე.წ. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რა დროსაც ხელოვნურად გაზრდილია ფასნამატი და შედეგად ხელოვნურად გაზრდილია შემოსავლები. თავისთავად არაპირდაპირი მეთოდი არ უნდა იწვევდეს ზედმეტად გადასახადების დარიცხვას მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება კანონიერიც, რომ იყოს არასწორად და არაკანონიერადაა გაანგარიშებული ფასნამატი, არასწორადაა ის მიყენებული ე.წ. „საქონლის ჯგუფებზე“, არასწორადაა გაანგარიშებული არითმეტიკულადაც, შეფარდებისას რეალიზებული საქონლის ღირებულება აღებულია დღგ-ის ჩათვლით, ხოლო თვითღირებულება დღგ-ის გარეშე, საქონლის სარეალიზაციო ფასი შედარებულია არასათანადო თვითღირებულებაზე.
ფასნამატის ოდენობა გაანგარიშებულია არასწორად შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) არაა მხედველობაში მიღებული ფასნამატი საქონლის დოკუმენტური რეალიზაციისას. დოკუმენტური რეალიზაციისას ფასნამატი არ განსხვავდება არადოკუმენტური რეალიზაციისაგან და დამატებით სხვა გამოგონილი გათვლებით ფასნამატის ხელოვნურად გაზრდა არაკანონიერია.
ბ) შემოწმების მიერ ფასნამატის გაანგარიშებაში საქონლის სარეალიზაციო ფასი აღებულია საქონლის ერთეულის გაყიდვის შემთხვევიდან, ანუ 1 ცალის ან 1 მეტრის რეალიზაციის შემთხვევაში, ხოლო რეალიზაციის 95%-ზე მეტი ხორციელდება საბითუმოდ, საქონლის გაუხსნელად, მთლიანი რულონის, შეკვრის, კოლოფის და ასე შემდეგ, რომლის დროსაც ერთეულის სარეალიზაციო ფასი გაცილებით ნაკლებია. აღნიშნული შემოწმებას მხედველობაში არ აქვს მიღებული.
გ) ფასნამატის გაანგარიშებისას სარეალიზაციო ფასი შედარებულია ბოლო შესყიდვის ფასზე, რაც ასევე არასწორია და ზრდის ფასნამატის ოდენობას.
დ) ზოგიერთ შემთხვევაში სარეალიზაციო ფასში შედის დღგ, ხოლო თვითღირებულებაში არა, რითაც ასევე არასწორად გაზრდილია ფასნამატი.
ე) შემოწმებით გაანგარიშებისას განხორციელებული საქონლის დაჯგუფება არარელევანტურია, რაც ასევე არასწორ გავლენას ახდენს ფასნამატის ოდენობაზე.
ვ) არითმეტიკული შეცდომების ან/და არასწორი მონაცემების შედეგად შემოწმებით დოკუმენტებით რეალიზებულ საქონელზე წლების მიხედვით გაანგარიშებული ფასნამატი მრავალ საქონელზე არასწორია და ზედმეტადაა გაანგარიშებული. ასე მაგალითად შემდეგი დასახელების საქონელზე: - 2020 წელს „გობელენზე“, „კრეკზე“, „შანელზე“, „სინთეთიკურ ბამბაზე“. - 2021 წელს „ავეჯის სასარჩულე ქსოვილი“, „ფხრიწი“, „პარალონის ღრუბელი“, „შანელი“. - 2022 წელს „ავეჯის ჰაერის პისტოლეტი“, „ხელოვნური ტყავი“, „კრეკი“, „ლიკრა“, „სილიკონის ფირი“, „ვიწრო ქსოვილი“, „სინთეთიკური ბამბა სამეტრო“, „ელვა შესაკრავების თავი“. - 2023 წელს „ავეჯის სასარჩულე“, „ფხრიწი“, „პარალონის ღრუბელი“, „ქსოვილის ლენტა“, „კრეკი“, „შანელი“, „წებო“, „სილიკონის ფირი“, „სტეპლერის ტყვია“, „სინთეთიკური ბამბა სამეტრო“, „ელვა შესაკრავების თავი“.
ფასნამატის არასწორად გაანგარიშების შედეგად ხელოვნურადაა გაზრდილი საქონლის მიწოდებიდან მიღებული შემოსავალი, რაც სრულიად არაკანონიერია. იმის გარდა, რომ შემოწმებით ფასნამატი გაანგარიშებულია არასწორად და გაზრდილია ის ხელოვნურად, გაანგარიშებაში მონაწილეობს თვითონ ამ ფასნამატისა და ე.წ. დოკუმენტური ფასნამატის ჯამი, რაც შედარებულია დეკლარირებულზე, ხოლო სხვაობა დარიცხულია შემოწმების აქტით. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ფასნამატი გამოყენებულია დოკუმენტურად მიწოდებულ საქონელზეც, რაც ასევე არაკანონიერია.
ზემოთ მოცემული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არ ეთანხმება გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ითხოვს ნაწილობრივ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების ბათილობას, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნის და ბრძანების სრულად ბათილად ცნობას. შესაბამისად, ითხოვს გაუქმდეს შემოწმების აქტის შედეგად დარიცხული თანხები სრული მოცულობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ და „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც: ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია: ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება; ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საბჭოს 17.11.2023 წლის №21230/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33504 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, იმსჯელოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლების შესახებ და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილზე და აღნიშნა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის №6498 ბრძანება არაკანონიერია, ვინაიდან კამერალური საგადასახადო შემოწმება კანონმდებლობის თანახმად შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ კონკრეტულ ერთ საკითხზე, რომელიც განსაზღვრული უნდა ყოფილიყო ბრძანებით. მოცემულ შემთხვევაში კონკრეტული საკითხი მითითებული არ არის. ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტს ხელს უნდა აწერდნენ ის პირები, რომლებთაც დაევალათ მისი შედგენა, ხოლო მოცემულ შემთხვევაში აქტს, სამი შემმოწმებლიდან, ხელს აწერს მხოლოდ ორი. მოცემულ შემთხვევაში სადავოა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების კანონიერება და გაანგარიშებული ფასნამატი, არასწორადაა ის მიყენებული ე.წ. „საქონლის ჯგუფებზე“, არასწორადაა გაანგარიშებული არითმეტიკულადაც, შეფარდებისას რეალიზებული საქონლის ღირებულება აღებულია დღგ-ის ჩათვლით, ხოლო თვითღირებულება დღგ-ის გარეშე, საქონლის სარეალიზაციო ფასი შედარებულია არასათანადო თვითღირებულებაზე.
მომჩივნის არგუმენტზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლების განმარტებით საწარმომ წარადგინა ბუღალტრული პროგრამა, რომელშიც ბუღალტრულ პროგრამაში არ ხდება საქონლის რაოდენობრივი აღრიცხვა სრულად, ასახულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი და ჩამოწერები (პერიოდულად თვეში ერთხელ), რომელიც არ არის დაკავშირებული რეალიზაციასთან. არადოკუმენტური რეალიზაციის აღრიცხვა ხდება საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით ან/და ბანკში დაფიქსირებული თანხებიდან გამომდინარე. რეალიზაციის დოკუმენტების დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ დოკუმენტური რეალიზაცია მთლიანი რეალიზაციის დაახლოებით 36%-ს შეადგენს. ვინაიდან საწარმო არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხორციელდება საქონლის ჩამოწერა კანონმდებლობის შესაბამისად, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე და ამასთან, საწარმოს კუთვნილ ობიექტში ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია, რის შედეგადაც გამოვლინდა სამართალდარღვევა, საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ: შეძენილი სასაქონლო- მატერიალური ფასეულობები დაყოფილია ჯგუფებად (7 ჯგუფი, 93 დასახელების საქონელი).
აღსანიშნია, რომ ბუღალტრულ პროგრამაში საქონელი აღრიცხული იყო კოდებით, რის გამოც გადასახადის გადამხდელს ეთხოვა თითოეული დასახელების საქონელზე შესაბამისი კოდის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა, რის მიხედვითაც განისაზღვრა შესაბამისი ჯგუფები და ფასნამატი.
კერძოდ, შესაბამისი ჯგუფების მიხედვით არადოკუმენტურ რეალიზაციაზე გავრცელდა საკონტროლო შესყიდვის/ფიქსაციის შედეგად შესყიდულ თითოეულ საქონელზე დადგენილი ფასნამატები (ავეჯის სასარჩულე ქსოვილი - 53%, პარალონის ღრუბელი - 41%, სინთეტიკური ბამბა მეტრებში - 32%, სინთეტიკური ბამბა კგ-ებში - 32%), ხოლო რომელ საქონელზეც ფასნამატები ვერ დადგინდა საკონტროლო შესყიდვით/ფიქსაციით, მათზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი.
საბჭო მიუთითებს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ოქტომბრის №24392 ბრძანებით „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში (ნაწილი I) ცვლილების შეტანაზე, რომლის მიხედვით აღნიშნული ბრძანების პირველ პუნქტს დაემატა „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ №10 დანართის შესაბამისად.“ და დაემატა დანართი №10 თანდართული რედაქციით. აღნიშნული ბრძანება ამოქმედდა 2024 წლის 1 იანვრიდან.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან, მხარეთა არგუმენტებიდან, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში (ნაწილი I) განხორციელებული ცვლილებიდან და შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33504 ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურმა უნდა იმსჯელოს აუდიტის დეპარტამენტისთვის მიცემული დავალების ფარგლებში ზემოთ ხსენებულ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებით („პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ №10 დანართის შესაბამისად (მე-20 მუხლის (ფასნამატის გამოყენება) მე-3 პუნქტით (ფასნამატის გამოყენების რიგითობა)) საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზანშეწონილობაზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33504 ბრძანება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
2. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის დაანგარიშების სისწორე ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ რეალიზაციის თანხებს შორის სხვაობა 218 651 ლარი (148 238X1,18/0.8), რომელიც შემცირდა საწარმოში ბუღალტრულ პროგრამაში არსებული კაპიტალის ოდენობით 127 190 ლარი (როგორც კაპიტალის შემცირება) და დარჩენილი თანხა 90 861 ლარი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი შემცირდა საწარმოში ბუღალტრულ პროგრამაში არსებული კაპიტალის ოდენობით (როგორც კაპიტალის შემცირება), ხოლო დარჩენილი თანხა ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საჩივარში გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის დაანგარიშებისას დაშვებულია შეცდომა. კერძოდ, საწარმოში შეტანილი თანხა 127 190 ლარი გამოკლებულია ფულის ნაშთის ე.წ. აგროსვით მიღებული თანხიდან, რაც იწვევს გადასახადის ხელოვნურ ზრდას. სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საწესდებო კაპიტალის შემცირების შემდეგ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია, თუმცა გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე მითითებით განმარტავს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ფულადი სახსრების ნაშთი გაიანგარიშოს საწესდებო კაპიტალით შემცირებული ფულის ნაშთის ე.წ. აგროსვის შედეგად მიღებული თანხიდან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
ზემოაღნიშნული - არაკანონიერად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას, არაკანონიერად ფასნამატის გაანგარიშებისა და მისი გამოყენებით ხელოვნურად გაზრდილი შემოსავლები შემოწმებით ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნული მიაჩნია არასწორად, რადგანაც არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებაც და ფასნამატის გაანგარიშებაც სწორი რომც იყოს, აღნიშნული გამოყენებულია დღგ-ის გაანგარიშებისათვის და რეალურად ფიზიკურ პირს შემოსავალი არ მიუღია. ამდენად, საშემოსავლო გადასახადით იმ თანხების დაბეგვრა, რაც გაანგარიშდა ე.წ. ფასნამატის გაანგარიშებით მიაჩნია არაკანონიერად, ვინაიდან ფ/პირის მიერ შემოსავლის მიღება არ დასტურდება არანაირი მტკიცებულებით.
ამას გარდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, შემოწმებით გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადი არაკანონიერია იმის გამოც, რომ არაკანონიერია თავად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებაც და გაანგარიშებული ფასნამატიც.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. აღნიშნულ სადავო საკითხზე მომჩივანმა განმარტა, რომ საშემოსავლო გადასახადით იმ თანხების დაბეგვრა, რაც გაანგარიშდა ე.წ. ფასნამატის გაანგარიშებით მიაჩნია არაკანონიერად, ვინაიდან ფ/პირის მიერ შემოსავლის მიღება არ დასტურდება არანაირი მტკიცებულებით. ამას გარდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, შემოწმებით გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადი არაკანონიერია იმის გამოც, რომ არაკანონიერია თავად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებაც და გაანგარიშებული ფასნამატიც.
შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33504 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ფულადი სახსრების ნაშთი გაიანგარიშოს საწესდებო კაპიტალით შემცირებული ფულის ნაშთის ე.წ. აგროსვის შედეგად მიღებული თანხიდან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33504 ბრძანება;
3. საჩივარი, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი;
2. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის დაანგარიშების სისწორე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 25.06.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 29.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 10.07.2023 წლის №16655 ბრძანება და ამავე თარიღის №001-148 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25920 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 17.11.2023 წლის №21230/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25920 ბრძანება გაუქმდა და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33504 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33504 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4, 5, 9); 101; 154.