ბრძანება N 11914

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.06.2026
№ დოკუმენტი 11914
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11914

01 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------“-ის (ს/ნ -------------)

(მის.: -------------------------------)

2026 წლის 30 მარტის და 7 მაისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 7 მაისის სხდომაზე (ოქმი №37) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ -------------) 2026 წლის 30 მარტის №101532/1/2026 და 7 მაისის №75131/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 მარტის №021-15 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება უპროცენტო სესხიდან წარმოშობილი სარგებლის წყაროსთან დაბეგვრას. განმარტავს, რომ თანხა განთავსებულია საწარმოს ოფისში, აუდიტორები არ დაინტერესდნენ სალაროში არსებული თანხის ოდენობით და არ ჩაატარეს შესაბამისი პროცედურა (სალაროს ინვენტარიზაცია). არ განხორციელებულა არც ერთი ქმედება, რომელიც დაადასტურებდა სალაროში არსებული თანხის რეალურ არსებობას ან არარსებობას. მიუხედავად ამისა, შემოწმებით მიჩნეულ იქნა, რომ აღნიშნული თანხა გაცემულია დირექტორზე. რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დასკვნა გააკეთა ფაქტობრივი შემოწმების გარეშე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება, როგორც საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს, ისე ზოგად ადმინისტრაციულ პრინციპებს.

სალაროს ნაშთი ყოველთვიურად აისახება როგორც საბუღალტრო ჩანაწერებში, ისე საგადასახადო დეკლარაციებში. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კომპანია მოქმედებდა გამჭვირვალედ და კეთილსინდისიერად, არ მალავდა მონაცემებს და ასახავდა რეალურ მდგომარეობას.

საგადასახადო ორგანომ შეაფასა მხოლოდ ერთი კონკრეტული მომენტი და არ გაითვალისწინა ნაშთის ცვლილება. თუმცა, ეკონომიკური თვალსაზრისით, ნაღდი ფულის შეფასება შეუძლებელია სტატიკური მიდგომით. სალაროს ნაშთი წარმოადგენს დინამიკურ მაჩვენებელს, რომელიც იცვლება ოპერაციების შესაბამისად. იგი იზრდება და მცირდება შესყიდვებისა და რეალიზაციის მიხედვით. სწორედ ეს დინამიკა არის ის ფაქტორი, რომელიც აჩვენებს თანხის რეალურ დანიშნულებას.

თუ აღნიშნული თანხა რეალურად გაცემული იქნებოდა დირექტორზე, როგორც ამას საგადასახადო ორგანო ამტკიცებს, იგი აღარ იარსებებდა სალაროში და არ აისახებოდა შემდგომ პერიოდებში. ფაქტი, რომ ნაშთი პერიოდულად ფიქსირდება და იცვლება, გამორიცხავს მის სესხად კვალიფიკაციას. ამგვარად, ნაღდი ფული წარმოადგენს სამუშაო კაპიტალს, რომელიც გამოიყენება კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში.

მოცემულ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თანხის გაცემას დირექტორზე. არ არსებობს სესხის ხელშეკრულება, გადაცემის დოკუმენტი და რაიმე ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ამ დასკვნას დაადასტურებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22565 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“-ის (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი თებერვლიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 27 თებერვალს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 2 მარტის №4782 ბრძანება და ამავე თარიღის №021-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 37 094 ლარი, მათ შორის, გადასახადი 20 368 ლარი, ჯარიმა 10 147 ლარი, საურავი 6 579 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „--------“-ის (ს/ნ -------------) საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა შავი და ფერადი ლითონების ჯართით და ნარჩენებით. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 მარტის №5007 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“-ის (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. აღნიშნული შემოწმების მასალების თანახმად, გადამხდელს ბუღალტრულ პროგრამაში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 2023 წლის პირველ თებერვალს სალაროში ნაშთად უფიქსირდებოდა 162 850 ლარი. წინა საგადასახადო შემოწმების მიერ, აღნიშნული სალაროს ნაშთის არაგონივრული ნაწილი, 161 795 ლარი ჩაითვალა დირექტორზე, ფ/პ -----ზე (პ/ნ --------), გაცემულ უპროცენტო სესხად. აღნიშნული საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება დღეის მდგომარეობით არ მომხდარა.

შემოწმების მიერ მოხდა სარგებლის დარიცხვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანებით დამქირავებლის მიერ დაქირავებულზე გაცემული სესხის დადგენილი 20%-იანი ზღვრული განაკვეთის შესაბამისად. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საწარმოს მიერ დირექტორზე გაცემული უპროცენტო სესხიდან წარმოშობილი სარგებელი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275 მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით. დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრულ პროგრამაში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 2023 წლის პირველ თებერვალს სალაროში ნაშთად უფიქსირდებოდა 162 850 ლარი. წინა საგადასახადო შემოწმების მიერ, აღნიშნული სალაროს ნაშთის არაგონივრული ნაწილი, 161 795 ლარი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. აღნიშნული საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება დღეის მდგომარეობით არ მომხდარა. შემოწმების მიერ მოხდა სარგებლის დარიცხვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანებით დამქირავებლის მიერ დაქირავებულზე გაცემული სესხის დადგენილი 20%-იანი ზღვრული განაკვეთის შესაბამისად და საწარმოს მიერ დირექტორზე გაცემული უპროცენტო სესხიდან წარმოშობილი სარგებელი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სესხზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანებით გაანგარიშებული პროცენტის თანხის ხელფასთან გათანაბრებულ სარგებლად განხილვა და 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“-ის (ს/ნ -------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება უპროცენტო სესხიდან წარმოშობილი სარგებლის წყაროსთან დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №22565 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი თებერვლიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №4782 ბრძანება და №021-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 37 094 ლარი, მათ შორის, გადასახადი 20 368 ლარი, ჯარიმა 10 147 ლარი, საურავი 6 579 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №5007 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. აღნიშნული შემოწმების მასალების თანახმად, გადამხდელს ბუღალტრულ პროგრამაში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 2023 წლის პირველ თებერვალს სალაროში ნაშთად უფიქსირდებოდა 162 850 ლარი. წინა საგადასახადო შემოწმების მიერ, აღნიშნული სალაროს ნაშთის არაგონივრული ნაწილი, 161 795 ლარი ჩაითვალა დირექტორზე, ფ/პ-ზე გაცემულ უპროცენტო სესხად. აღნიშნული საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება დღეის მდგომარეობით არ მომხდარა.

ასევე შემოწმების მიერ მოხდა სარგებლის დარიცხვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანებით დამქირავებლის მიერ დაქირავებულზე გაცემული სესხის დადგენილი 20%-იანი ზღვრული განაკვეთის შესაბამისად. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საწარმოს მიერ დირექტორზე გაცემული უპროცენტო სესხიდან წარმოშობილი სარგებელი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275 მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9„ბ“); 101(1.2 „ბ“); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“);