ბრძანება N 18140
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18140
12 აგვისტო 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“-ის (ს/ნ ---------------)
(მის.: -----------------------------------)
2025 წლის 23 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 31 ივლისის სხდომაზე (ოქმი №61) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ---------------) 2025 წლის 23 ივლისის №97047/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი ივლისის №041-31 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. აცხადებს, რომ აღნიშნული მეთოდის გამოყენება არ არის გონივრული და დასაბუთებული, არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები. გადამხდელი ასევე არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს. აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს ზუსტად შეეძლო დაედგინა ფასნამატის ოდენობა იმ გზით, რომ გამოეთხოვა ამგვარი გადასახადის გადამხდელებისგან ინფორმაცია ფასნამატის თაობაზე და შეედარებინა საწარმოს მიერ დაფიქსირებულ ფასნამატს. მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ორჯერ 2023 და 2025 წლებში ჩატარდა საქონლის საკონტროლო შესყიდვა, რომლის დროსაც არ დაფიქსირებულა საგადასახადო სამართალდარღვევის არცერთი ფაქტი. ამასთან, საკონტროლო შესყიდვის დროს დაფიქსირებული საშუალო ფასნამატი შეადგენდა 44%-ს. შემმოწმებლის მიერ ასევე გამოყენებულ იქნა სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ფასნამატის განსაზღვრის მიზნით, რითაც შემმოწმებლის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები. ასევე არ იქნა გათვალისწინებული გადამხდელის მიერ საქონლის ვაჭრობისა და ფასდაკლებების განხორციელების რეალური სპეციფიკა, ასევე მის მიერ გამოყვანილი ფასნამატი არ იქნა დაყოფილი კატეგორიებად და ერთი საერთო ფასნამატი გავრცელებულ იქნა ყველა პროდუქციაზე.
2. არ ეთანხმება განკარგვადი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აღნიშნავს, რომ როგორც შემოწმების აქტშია მოცემული შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შენატანი განხორცილებული არის 890 000 ლარის ოდენობით, შესაბამისად, პირველ საკითხში შემმოწმებლის პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც კი, განკარგვადი ფულის ნაშთი შეადგენს 16 333 ლარს, შესაბამისად, დასაბეგრი ბაზა უნდა განსაზღვრულიყო აღნიშნული თანხით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 მაისის №9761 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“-ის (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 26 აპრილიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 26 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის პირველი ივლისის №14439 ბრძანება და ამავე თარიღის №041-31 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 347 232 ლარი, მათ შორის გადასახადი 208 004 ლარი, ჯარიმა 96 867 ლარი და საურავი 42 361 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
1. შპს ----“ დარეგისტრირდა 2022 წლის 26 აპრილს და იმავე თარიღიდან გახდა დღგ-ის გადამხდელი. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, კერძოდ ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, აქსესუარებით და სხვა. აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს სამარკო დასახელებით „------ი“ -----ში, -----ს ქ.# ----, იჯარით აღებულ ფართში. კომპანია სარეალიზაციო საქონლის 90%-ს შეიძენს ---დან და -----დან. აღრიცხვას ახორციელებს საბუღალტრო პროგრამა სუპერფინში. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 330 635 ლარს, ხოლო რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაა 1 656 933 ლარი. დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 2022 წელს 32%-ს, 2023 წელს 37%-ს, 2024 წელს 41%-ს, 2025 წელს 59%-ს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 22 ივლისს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, ფაქტიურმა ნაშთმა შეადგინა პირვანდელი ღირებულებით 333 081 ლარი. ინვენტარიზაციის ფასნამატი შეადგენს 149%-ს. ინვენტარიზაციის ნაშთის გათვალისწინებით მიღებული იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა ინვენტარიზაციის ფასნამატი და მიღებული შედეგი გადანაწილდა შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქონლის ჩამოწერა არის ჯამური და არაიდენტიფიცირებადი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ: გადამხდელის მიერ შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაყოფილ იქნა კატეგორიებად (53 კატეგორია) სახეობების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ის ნაშთი შეადგენს 973 721 ლარს, შესაბამისად, დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება, რომელზეც გავრცელდა დოკუმენტურად დადასტურებული (საკონტროლო შესყიდვის მიხედვით და ინვენტარიზაციით დადგენილი, ასევე გათვალისწინებულია სოციალურ ქსელში გაცხადებული ფასები სააქციო პერიოდებზე) საშუალო შეწონილი ფასნამატი, საშუალოდ 95%-ის ოდენობით, კატეგორიების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, დაკორექტირდა (გაიზარდა) შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და გადამხდელს დაერიცხა დღგ, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შემოწმების მიერ განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად. დირექტორის/დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილი თანხა, რომელმაც შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 890 000 ლარი, შემოწმების მიერ ჩაითვალა კაპიტალის შემცირებად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, განკარგვადი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქონლის ჩამოწერა არის ჯამური და არაიდენტიფიცირებადი, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელის მიერ შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობები დაყოფილ იქნა კატეგორიებად (53 კატეგორია) სახეობების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ის ნაშთი შეადგენს 973 721 ლარს, შესაბამისად, დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება, რომელზეც გავრცელდა დოკუმენტურად დადასტურებული (საკონტროლო შესყიდვის მიხედვით და ინვენტარიზაციით დადგენილი, ასევე გათვალისწინებულია სოციალურ ქსელში გაცხადებული ფასები სააქციო პერიოდებზე) საშუალო შეწონილი ფასნამატი, საშუალოდ 95%-ის ოდენობით, კატეგორიების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა (გაიზარდა) შესამოწმებელი პერიოდის დღგით დასაბეგრი ბრუნვა და გადამხდელს დაერიცხა დღგ.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმების მიერ განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად. დირექტორის/დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილი თანხა, რომელმაც შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 890 000 ლარი, შემოწმების მიერ ჩაითვალა კაპიტალის შემცირებად. შედეგად, განკარგვადი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და განკარგვადი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №9761 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 26 აპრილიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №14439 ბრძანება და №041-31 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 347 232 ლარი, მათ შორის გადასახადი 208 004 ლარი, ჯარიმა 96 867 ლარი და საურავი 42 361 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება,რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 330 635 ლარს, ხოლო რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაა 1 656 933 ლარი. დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 2022 წელს 32%-ს, 2023 წელს 37%-ს, 2024 წელს 41%-ს, 2025 წელს 59%-ს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 22 ივლისს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, ფაქტიურმა ნაშთმა შეადგინა პირვანდელი ღირებულებით 333 081 ლარი. ინვენტარიზაციის ფასნამატი შეადგენს 149%-ს. ინვენტარიზაციის ნაშთის გათვალისწინებით მიღებული იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა ინვენტარიზაციის ფასნამატი და მიღებული შედეგი გადანაწილდა შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქონლის ჩამოწერა არის ჯამური და არაიდენტიფიცირებადი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, დაკორექტირდა (გაიზარდა) შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და გადამხდელს დაერიცხა დღგ, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ასევე, შემოწმების მიერ განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად. დირექტორის/დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილი თანხა, რომელმაც შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 890 000 ლარი, შემოწმების მიერ ჩაითვალა კაპიტალის შემცირებად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, განკარგვადი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9„ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“ ); 159(1 „ა“); 163(პირველი და მე-2); 164(1);