ბრძანება N 6770

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.04.2025
№ დოკუმენტი 6770
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6770

08 აპრილი 2025

ბრძანება

შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)

(ფაქტ. მის.: „-------“)

2025 წლის 18 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 თებერვალს, 27 მარტს და 3 აპრილს გამართულ სხდომებზე (ოქმები: №17, №23, №25) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) №24324/01 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 დეკემბრის №086-43 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ პროდუქცია შემოაქვს იმპორტით სხვადასხვა ქვეყნებიდან, არის მალფუჭებადი საქონელი, რომლის გარკვეული რაოდენობა შემოტანიდან დასაწყობებამდე ხდება უვარგისი, მისი ფასი ყოველდღიურად მცირდება და მაღალი ფასნამატით რეალიზაცია შეუძლებელია. მომჩივანი მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის საფუძველზე ითხოვს შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

2. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 ივლისის №17441, 9 აგვისტოს №18464, 4 სექტემბრის №19822 და 25 სექტემბრის №20917 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ „--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 15 თებერვლიდან 2024 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 16 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 20 დეკემბრის №26773 ბრძანება და ამავე თარიღის №086-43 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 10 416 671 ლარი, მათ შორის გადასახადი 6 581 659 ლარი, ჯარიმა 3 301 583 ლარი და საურავი 533 429 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ვაჭრობა ხილით და ბოსტნეულით. პროდუქტის შეძენა ხდებოდა ძირითადად იმპორტის გზით (შეძენილი საქონლის დაახლოებით 96% შეადგენდა იმპორტირებულს) და მხოლოდ მცირე ნაწილი იყო შეძენილი ადგილობრივ ბაზარზე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქონლის იმპორტისას, უმეტეს შემთხვევაში, ხდებოდა საქონლის ღირებულების აფასება. რეალიზაცია ხორციელდებოდა როგორც დოკუმენტურად, ასევე საცალოდ. დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენდა მთლიანი დეკლარირებული ბრუნვის 49.86%-ს. საბუღალტრო პროგრამა „ორისში“ არსებული ინფორმაციის მიხედვით, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონელი რეალიზებული იყო თვითღირებულებაზე დაბალი ფასით. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებდა პროგრამა „ორისში“ კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით. გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული სხვადასხვა პირებზე დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონელი სახეობების და რაოდენობების მიხედვით. რეალიზებული პროდუქცია ჩამოწერილი იყო თვის ბოლოს ჯამურად. შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 2024 წლის 15 თებერვალს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 143 400 ლარის ღირებულების სმფ-ების ნაშთი. ხოლო, 2024 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით ჩატარებული ინვენტარიზაციით სმფ-ების ნაშთმა შეადგინა 25 406 ლარი (19 543 კგ. სტაფილო) საბაზრო ღირებულებით. ამასთან, საბაჟო დეკლარაციების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) მიერ შეძენილი იყო დაახლოებით 57 დასახელების საქონელი. შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული იყო 13 766 ტონა, 16 050 174 ლარის საქონელი. ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი შეადგენდა 19 584 ლარს (დღგ-ის გარეშე). რეექსპორტის რეჟიმით გატანილი იყო 777 002 ლარის (თვითღირებულებით) ხილ-ბოსტნეული. დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენდა 7 608 778 ლარს (დღგ-ის გარეშე), გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრი დეკლარირებული ბრუნვა 15 258 311 ლარს, ხოლო რეექსპორტის თანხა 849 971 ლარს. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელებულ იქნა დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი თითოეული სახეობის მიხედვით, ყველა კონკრეტული დასახელების საქონელზე. შემოწმებით გავრცელებულმა საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 74.9%. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების მიერ, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად, მომზადდა ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ცხრილი. კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დოკუმენტის გარეშე რეალიზაციის ნაწილში გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რამაც გამოიწვია დღგ-თ დასაბეგრი ბრუნვის და ფულადი შემოსავლის გაზრდა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შპს „-------“-ის (ს/ნ „--------“) სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა ჩატარდა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის (15.02.2024წ.) და 2024 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით. 2024 წლის 15 თებერვალს განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად, გამოვლინდა სალაროში არსებული 17 600 ლარის ოდენობის ნაღდი ფულის ნაშთი, ხოლო, 2024 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით საწარმოს, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ ერიცხებოდა და შეადგენდა 0 (ნული) ლარს. საბანკო ანგარიშებზე რიცხული ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს იყო 20 154 ლარი. შემოწმებით გამოვლენილი ფულის ნაშთი 15 233 451 ლარი (19 041 813 ლარი დარიცხული დღგ-ის ჩათვლით), დებიტორულ/კრედიტორული ნულოვანი ნაშთების გათვალისწინებით, ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა პროგრამა „ორისში“, თუმცა აღნიშნული პროგრამა არ მოიცავდა კომპანიის საქმიანობის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას, კერძოდ, გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონელი სახეობების და რაოდენობების მიხედვით და რეალიზებული პროდუქცია ჩამოწერილი იყო თვის ბოლოს ჯამურად. ამასთან, საქონლის იმპორტისას, უმეტეს შემთხვევაში, ხდებოდა საქონლის ღირებულების აფასება. ხოლო, საბუღალტრო პროგრამა „ორისში“ არსებული ინფორმაციის მიხედვით, საცალოდ რეალიზებული საქონელი რეალიზებული იყო თვითღირებულებაზე დაბალი ფასით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და დასაბეგრი ობიექტი განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. აღნიშნულის შედეგად განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აგრეთვე, შემოწმების მიერ, მომზადდა ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ცხრილი და შემოწმებით გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ, საცალოდ რეალიზებულ საქონელზე დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის გავრცელება შესაბამისი სახეობებისა და დასახელებების გათვალისწინებით. ასევე, შემოწმებით გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა კანონშესაბამისია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე, მ.შ. საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელებულ იქნა დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი თითოეული სახეობის მიხედვით, ყველა კონკრეტული დასახელების საქონელზე. შემოწმებით გავრცელებულმა საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 74.9%. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა სსკ-ის 275- ე მუხლის შესაბამისად.

2.2024 წლის 15 თებერვალს განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად, გამოვლინდა სალაროში არსებული 17 600 ლარის ოდენობის ნაღდი ფულის ნაშთი, ხოლო, 2024 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით საწარმოს, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ ერიცხებოდა და შეადგენდა 0 (ნული) ლარს. საბანკო ანგარიშებზე რიცხული ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს იყო 20 154 ლარი. შემოწმებით გამოვლენილი ფულის ნაშთი 15 233 451 ლარი,დებიტორულ/კრედიტორული ნულოვანი ნაშთების გათვალისწინებით, ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან,სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),101,154,158,159.