გადაწყვეტილება №19355/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.06.2023
№ დოკუმენტი 19355/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19355/2/2023

9.06.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------"-ს 3.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19355/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსზღვრა არაპირდაპირი მეთოდით

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.09.2022 წლის №047-30 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 6.03.2023 წლის №4260 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 116 077,34 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 76 210

დღგ - 57 178

საშემოსავლო გადასახადი - 19 032

ჯარიმა - 38 205

საურავი - 1 662, 34

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობის სახეა საცალო ვაჭრობა სიგარეტებით, საყოფაცხოვრებო ქიმიითა და პროდუქტებით.

აუდიტის დეპარტამენტის 30.08.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 29.12.2021 წლიდან 1.06.2022 საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესის შესაბამისად. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივი ნაშთი კომპანიას არ გააჩნია. შემოწმების პროცესში ანალიზი ჩაუტარდა გადამხდელის მიერ შეძენილ, რეალიზებულ და ნაშთად არსებულ საქონელს. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განისაზღვრა ბუღალტრული და ფაქტობრივი ნაშთი, რომელიც დაემთხვა ერთმანეთს და სხვაობა არ გამოვლენილა. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ შეძენილი საქონელი სრულად რეალიზებული აქვს სხვადასხვა პერიოდში, თუმცა სრულად არა აქვს დაბეგრილი და ასახული შესაბამის დეკლარაციებში.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შეძენილ საქონელზე გავრცელდა სხვა მსგავსი/იდენტური საქონლის აუდირებული ფასნამატი. შემოწმების შედეგად დამატებით გამოვლენილი რეალიზებული საქონელი, რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი გადამხდელს არ ჰქონდა დაბეგრილი დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელის განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. შემოწმების შედეგად, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით მიღებული იქნა ფულადი ნაშთი 76 127 ლარის ოდენობით. აღნიშნული ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირისთვის გადახდილ ხელფასად/მასთან გათანაბრებულ განაცემად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.09.2022 წლის №047-30 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.03.2023 წლის №4260 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49- ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და მის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს. განმარტავს, რომ შემოწმება დაეყრდნო გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს, აღნიშნული ინფორმაცია კი უცნობია გადამხდელისთვის, რომლითაც ირღვევა საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის მოთხოვნები. ამასთან, შემოწმების აქტში არ ჩანს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20.05.2022 წლის №1/2/876 გადაწყვეტილებაზე მითითებით განმარტავს, თუ რატომ არ უნდა იყოს გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი და მის საფუძველზე განსაზღვრული ფასნამატი.

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის ოდენობას და დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვას, ასევე ხელფასად გაცემული თანხის ე.წ. აგროსვას. მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ 76 127 ლარის სალაროს ნაშთი მიღებულია ფასნამატის ხარჯზე, რეალიზაციად აღიარებული თანხებიდან, რაც უსაფუძვლოდ და სამართლებრივად დაუსაბუთებლად აგროსილია, დარიცხულია საშემოსავლო გადასახადი (კოეფიციენტი 0,8) და განხილულია დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ფაქტობრივად მიღებული თანხები, მოცემულ შემთხვევაში კი პირობითად მიღებულად ეთვლება თითქოსდა გადასახდელი საშემოსავლო გადასახადიც, რაც არც აქტით და არც სხვა რაიმე დოკუმენტით არ დგინდება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომდგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, რის გამოც შემოწმების მიმდინარეობისას შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამასთან, მომჩივანს არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია. შემოწმებით შეძენილ საქონელზე გავრცელდა სხვა მსგავსი/იდენტური საქონლის აუდირებული ფასნამატი. დამატებით გამოვლენილი რეალიზებული საქონელი დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში. ასევე, შემოწმების შედეგად, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით მიღებული იქნა ფულადი ნაშთი, რომელიც განხილულია ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 6.03.2023 წლის №4260 ბრძანება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და მის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს.

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის ოდენობას და დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვას, ასევე ხელფასად გაცემული თანხის ე.წ. აგროსვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივი ნაშთი კომპანიას არ გააჩნია. შეძენილი საქონელი სრულად რეალიზებული აქვს სხვადასხვა პერიოდში, თუმცა სრულად არა აქვს დაბეგრილი და ასახული შესაბამის დეკლარაციებში.

დამატებით გამოვლენილი რეალიზებული საქონელი, რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი გადამხდელს არ ჰქონდა დაბეგრილი დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელის განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. შემოწმების შედეგად, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით მიღებული იქნა ფულადი ნაშთი 76 127 ლარის ოდენობით.

გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 6.03.2023 წლის №4260 ბრძანება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9),101,154,159,158,163,164,