გადაწყვეტილება №23612/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.10.2024
№ დოკუმენტი 23612/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23612/2/2024

21 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---ის 1.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23612/2/2024).

 

დავის საგანი:

დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 სექტემბრის №007-241 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 მაისის №12003 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 29 806,72 ლარი.

მათ შორის: დღგ - 18 268

ჯარიმა - 5 074

საურავი - 6 464,72

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 18.07.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება.

შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (ბანკის ამონაწერების და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების) ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 15 ივნისისთვის მეწარმის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს. მომჩივანი 2020 წლის აგვისტოს თვიდან სარგებლობს მცირე მეწარმის სტატუსით. საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 165-ე მუხლის მიხედვით, ი/მ ----ს დღგის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2021 წლის 15 ივნისი, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 22.09.2023 წლის №23290 ბრძანება და №007-241 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27734 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 22.02.2024 წლის №21633/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2024 წლის 24 მაისის №12003 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით ი/მ ---ის საგადასახადო ვალდებულებები, მათ შორის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

იმ დრომდე სანამ, გადაწყვეტილებაში არსებულ უსწორობებზე გაამახვილებს ყურადღებას, მიუთითებს, რომ საქმის განხილვის (ზეპირი მოსმენის) პროცესი წარმიმართა მნიშვნელოვანი მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით, კერძოდ აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გააკეთა ზეპირი განმარტებები საქმეში არსებულ შემოწმების აქტთან დაკავშირებით, რომელიც არსებითად განსხვავდებოდა საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ ინფორმაციასთან, ამასთან მისი მხრიდან დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა განხილვის ეტაპზე არ მომხდარა. მითითებულის საწინააღმდეგოდ შემოსავლების სამსახურის 24.05.2024 წლის ბრძანების №12003 მე- 4 გვერდზე მითითებულია, რომ (ციტირება) ,,შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც დგინდება შემდეგი [...] და მითითებულია ფაქტობრივი გარემოებები - რის საფუძველზეც ადგენს, რომ მეწარმის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს. კერძოდ ბრუნვამ შეადგინა 102 343 ლარი. უცნობია რა დოკუმენტაციის წარდგენა მოხდა დამატებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ და როდის, ვინაიდან აღნიშნული არ განხორციელებულა საქმის განხილვის ეტაპზე, ამასთან არ მიეცა წარდგენილი ინფორმაციის გაცნობისა და შეპასუხების შესაძლებლობა, თუ ასეთი დამატებითი დოკუმენტაცია რეალურად წარდგენილ იქნა, მაშინ როდესაც როგორც ბრძანების გაცნობის შედეგად დგინდება, სწორედაც დამატებით წარდგენილ დოკუმენტაციაზე მითითებით აკეთებს დასკვნას ბრუნვის მოცულობის შესახებ (102 343 ლარი), რომელიც მანამდე მის ხელთ არსებულ არც ერთ დოკუმენტში ასახული/მითითებული არ იყო.

სადაო ბრძანებებს საფუძვლად უდევს 13.09.2023 წლის შემოწმების აქტი, რომელიც არ შეიცავდა იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც საფუძვლად დაედებოდა სადაო აქტებს, ხოლო გასაჩივრებული აქტების კანონიერების დასაბუთების კონტექსტში აუდიტის დეპარტამენტის ზეპირი განმარტებებისა და მისთვის უცნობი დამატებით წარდგენილი ინფორმაციის გამოყენება ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია. 2024 წლის 25 მაისის ბრძანებაში N12003, ასევე მითითებულია, რომ რიგ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელმა არ წარმოადგინა განმარტებები განხორციელებულ ჩარიცხვებთან დაკავშირებით, რის გამოც აუდიტის დეპარტამენტმა ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა გადასახადის გადამხდელის საუარესოდ, კერძოდ ბრძანების მე-5 გვერდზე მითითებულია შემდეგი: (ციტირება) [..] ,,2021 წლის მაისის თვეში ზედნადებით ფიქსირდება ბრუნვა 8610 ლარი, ხოლო ბანკში ამავე თვეში ჩარიცხულია 7032 ლარი. ვინაიდან, შემოწმებით ვერ მოხერხდა ჩარიცხული თანხისა და გადამხდელის მიერ გამოწერილი ზედნადებების შეპირისპირება და არც გადამხდელმა არ წარმოადგინა განმარტება აღნიშნულ თანხაზე (გადამხდელის მიერ არ იქნა განმარტებული აღნიშნული ჩარიცხული თანხა ცალკე მომსახურების ანაზღაურება იყო თუ რომელიმე გამოწერილ ზედნადებს ეკუთვნოდა), შემოწმების მიერ ბანკში ჩარიცხული თანხა დაემატა 2021 წლის მაისის თვის ზედნადების ბრუნვას და ჯამში ამ თვის ბრუნვა გამოვიდა 15 642 ლარი; ასევე აქვე მითითებულია, რომ ,,2021 წლის ივნისის თვეში ზედნადებებით ფიქსირდება ბრუნვა 4592 ლარი, ხოლო ბანკში ამავე თვეში ჩარიცხულია 3000 ლარი და 5000 ლარი. ვინაიდან, შემოწმებით ვერ მოხერხდა ჩარიცხული თანხისა და გადამხდელის მიერ გამოწერილი ზედნადებების შეპირისპირება და არც გადამხდელმა არ წარმოადგინა განმარტება აღნიშნულ თანხაზე (გადამხდელის მიერ არ იქნა განმარტებული აღნიშნული ჩარიცხული თანხა ცალკე მომსახურების ანაზღაურება იყო თუ რომელიმე გამოწერილ ზედნადებს ეკუთვნოდა), შემოწმების მიერ ბანკში ჩარიცხული თანხა დაემატა 2021 წლის ივნისის თვის ზედნადებების ბრუნვას და ჯამში ამ თვის ბრუნვა გამოვიდა 12 592 ლარი. ზემოთხსენებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და მისთვის სრულიად გაურკვეველია რა სტანდარტით იხელმძღვანელა აუდიტის დეპარტამენტმა, როდესაც რიგ შემთხვევებში მიიღო გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებები და გაითვალისწინა, ხოლო რიგ შემთხვევებში საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული, კერძოდ: აუდიტის დეპარტამენტის მიერ საერთოდ არ ყოფილა დასმული შეკითხვა და სადაოდ გამხდარი ის გარემოება, რომ 2021 წლის მაისის თვეში ბანკში ჩარიცხული 7032 ლარი არასრული სახით ეკუთვნოდა ამავე თვეში გამოწერილ ზედნადებებს, რომლის ბრუნვა შეადგენდა 8610 ლარს, ანუ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული იყო 1578 ლარით ნაკლები, თუმცა აღნიშნული არ იძლეოდა იმის შეფასების საფუძველს, რომ სხვა და სხვა მომსახურებად შეფასებულიყო ზედნადებებში დაფიქსირებული თანხა და ჩარიცხული თანხა, აუდიტის მიერ აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი განმარტება არ ყოფილა მოთხოვნილი, მაშინ როდესაც გარკვეულ საკითხებზე მისი მხრიდან მოთხოვნილი იყო ახსნა-განმარტებები, რომელიც გაკეთებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ. იგივე შეიძლება ითქვას 2021 წლის ივნისის თვეში ჩარიცხულ თანხებზე, როდესაც მოხდა 3000 ლარისა და 5000 ლარის ჩარიცხვა. ხოლო ზედნადებები გამოწერილ იყო 4592 ლარზე, შესაბამისად სხვაობა იყო 3408 ლარი, რომლიდანაც ნაწილი თანხა გადახდილი იყო მაისის თვეში გამოწერილი ზედნადებების საფუძველზე, რომელიც შეადგენდა 1578 ლარს. მოცემულ შემთხვევაში აუდიტს არანაირი კითხვა აღნიშნულთან დაკავშირებით არ გასჩენია, თუმცაღა აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ზეპირი სახით მიეწოდა აუდიტს. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთხსენებული ბრძანებაში მითითებულია ინფორმაცია ყოვლად უკანონოა სრული მოცულობით, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაციები არ ეფუძნება იმ სადაო აქტებს, რის საფუძველზეც მოხდა გადასახადის გადამხდელისათვის თანხის დარიცხვა, უფრო მეტიც აღნიშნული ინფორმაციები წინააღმდეგობაში მოდის შემოწმების აქტში ასახულ ინფორმაციასთან. თუმცა, თავის მხრივ ბრძანებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რაზედაც მომჩივანმა ისაუბრა უსწოროა, რამაც გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

ვინაიდან, იმისათვის რომ დასაბუთება მოეხდინა შემოსავლების სამსახურს და აუდიტს მარტივი გამოსავალი იქნა მოძებნილი და მაისის და ივნისის თვის გამოწერილი ინვოისები და ჩარიცხული თანხები იქნა შეკრებილი და სწორედ აღნიშნულზე მითითებით იქნა დადგენილი, რომ გადასახადის გადამხდელმა გადააჭარბა 100 000 ბრუნვას, რაც იყო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის საფუძველი, აღნიშნული მოქმედება კი მიწერილ იქნა თითქოსდა გადასახადის გადამხდელის მხრიდან განმარტების არ წარმოდგენით, რომელი გარემოებების შესახებაც კი მანამდე გამოცემულ არც ერთ დოკუმენტში მითითება არაა, შესაბამისად უდავოა რომ მეწარმე --- ის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებულ შემოსავალს არ გადაუჭარბებია 100 000 ლარისთვის და აღნიშნული შეფასება/განმარება გაკეთებულ იქნა სწორედ იმის გამო, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ყოვლად უკანონოდ და თვითნებურად, მოახდინა 2021 წლის მაისისა და ივნისის თვეები ზედნადებების ბრუნვისა და ჩარიცხული თანხების დაჯამება, მაშინ როდესაც როგორც უკვე აღნიშნა თანხის ჩარიცხვები სწორედაც რომ გამოწერილ ზედნადებებს ეკუთვნოდა და არ წარმოადგენდა სხვა დამოუკიდებელი სახის მომსახურებას.

მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი განხილულ იქნა მიკერძოებულად და არსებითი დარღვევებით, მის მიერ დასმულ იქნა საკითხი დამატებითი საგადასახადო შემოწმების შესახებ, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა უარყოფილ იქნა, მაშინ როდესაც ფაქტობრივი ხელახალი შემოწმება და დამატებითი დაანგარიშება მოახდინა შემოსავლების სამსახურმა მისთვის უცნობი დოკუმენტების საფუძველზე, რაზედაც მხოლოდ მითითება მოახდინა რომ აღნიშნული წარდგენილ იქნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ, რაც რეალურად არ განხორციელებულა და თუ ეს განხორციელდა საჩივრის განხილვის ფარგლებში ადმ. ორგანო ვალდებული იყო საჩივრის ავტორისთვის გადაეცა წარდგენილი დოკუმენტების ქსერო ასლები, იმისათვის რომ შესაბამისი პოზიცია ან/და დამატებითი მტკიცებულებები ყოფილიყო წარდგენილი, რის გარეშეც სამართალწარმოება მიჩნეულ იქნეს კანონიერად და სამართლიანად, ყოვლად უკანონოდ ეჩვენება. კიდევ ერთხელ განმარტავს შემდეგს: „.მე-5 გვერდზე მითითებულია, რომ ,,ი.მ ----ნი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 18.07.2020 წლიდან. არ არის რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალების გაქირავებას და ასევე 2023 წლის 2022 წლის ოქტომბრიდან მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობას. არ გააჩნია რეგისტრირებული საკონტროლო აპარატი. 2020 წლის 1 აგვისტოდან სარგებლობს მცირე მეწარმის სტატუსით. არ ყავს დაქირავებული თანამშრომლები. მე-9 გვერდზე მითითებულია, რომ ,,შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 15 ივნისისთვის მეწარმის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს. მომჩივანი 2020 წლის აგვისტოს თვიდან სარგებლობს მცირე მეწარმის სტატუსით.

სსკ-ს 92-ე მუხლის პირველი ნაწილით 1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოეშვა დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამ კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში. შედეგად, შემოწმებით ი.მ. --- დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2021 წლის 15 ივნისი, დაერიცხა ძირითადი გადასახადი და ჯარიმა სსკ-ს 282-ე მუხლის 1 ნაწილით. მისთვის გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე იქნა დადგენილი, რომ 2021 წლის 15 ივნისისთვის მეწარმის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს, მაშინ როდესაც შემოწმების აქტში მითითებულია, შემოსავლის ოდენობები და თარიღები. საერთო ჯამის თანხა მითითებულია 101 489 ლარი, თუმცა საჩივრის განხილვისა და მისთვის გაურკვეველი დაანგარიშების შედეგად საერთო თანხა შეცვლილია და მითითებულია 102 343 ლარი, რაც ასევე სრულიად გაურკვეველია, რაც მიუთითებს, რომ ადმ. ორგანოს დადგენილად მიჩნეული გარემოებებიც კი წინააღმდეგობაში მოდის თავისივე უწყების მიერ დადგენილ გარემოებებთან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამ კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში. საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხზე წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 18.07.2020 წლიდან. არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალების გაქირავება და ასევე 2022 წლის ოქტომბრიდან მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობა. არ გააჩნია რეგისტრირებული საკონტროლო სალარო აპარატი. 2020 წლის 1 აგვისტოდან სარგებლობს მცირე მეწარმის სტატუსით. არ ყავს დაქირავებული თანამშრომლები.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (ბანკის ამონაწერების და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების) ანალიზის და ურთიერთშედარების შედეგად დადგინდა:

2020 წლის აგვისტოს თვეში ბანკით ჩარიცხულია მომსახურების თანხა 4 020 ლარი, რაზეც არ არის გამოწერილი ზედნადები არც ამ და არც შემდეგ თვეებში; 2020 წლის სექტემბრის თვეში ზედნადებით ფიქსირდება ბრუნვა 5 765 ლარი. შესაბამისი გადამხდელის მიერ აღნიშნული თანხა ბანკში ჩარიცხულია ორ ნაწილად 4 000 ლარი 2020 წლის აგვისტოს და 1 765 ლარი 2020 წლის სექტემბრის თვეში; 2020 წლის ოქტომბრის თვეში ზედნადებით უფიქსირდება ბრუნვა 7 462 ლარი.

შესაბამისი თანხა ბანკში ჩარიცხულია ორ ნაწილად იმავე თვეში 4 000 ლარი და 3 462 ლარი; 2020 წლის ნოემბრის თვეში ზედნადებით უფიქსირდება ბრუნვა 7 462 ლარი. შესაბამისი თანხა ბანკში ჩარიცხულია ორ ნაწილად იმავე თვეში 3 000 ლარი და 4 462 ლარი; 2020 წლის დეკემბრის თვეში ზედნადებებით უფიქსირდება ბრუნვა 13 489 ლარი კერძოდ გამოწერილია 6 888 ლარზე და 6 601 ლარზე. შესაბამისი თანხები ბანკში ჩარიცხულია სამ ნაწილად იმავე თვეში 1 600 ლარი, 5 288 ლარი და 6 601 ლარი; 2021 წლის იანვრის თვეში არ უფიქსირდება ბრუნვა არც ზედნადებებით და არც ბანკით.

2021 წლის თებერვლის თვეში ზედნადებებით უფიქსირდება ბრუნვა 5 166 ლარი. შესაბამისი თანხა ბანკში ჩარიცხულია 2021 წლის თებერვლის თვეში 5 166 ლარი; 2021 წლის მარტის თვეში ზედნადებებით უფიქსირდება ბრუნვა 6 805 კერძოდ გამოწერილია: 4 305 ლარზე, 1 000 ლარზე და 1 500 ლარზე. შესაბამისი თანხები ბანკში ჩარიცხულია იმავე თვეში 4 305 ლარი, 1 000 ლარი და 1 500 ლარი, გარდა ამ თანხებისა ამავე თვეში ჩარიცხულია 15 200 ლარი, (რომლზეც 2021 წლის აპრილის თვეში გამოწერილია ზედნადები).

2021 წლის აპრილის თვეში ზედნადებებით უფიქსირდება ბრუნვა 20 940 ლარი კერძოდ ზედნადებები გამოწერილია: 5 740 ლარზე და 15 200 ლარზე. აქედან, ბანკში 2021 წლის აპრილის თვეში ჩარიცხულია 5 740 ლარი, ხოლო 15 200 ლარის ზედნადებზე გათვალისწინებულია 2021 წლის მარტის თვის ჩარიცხვა.

გარდა ამ თანხებისა ბანკში ფიქსირდება 3 000 ლარის ჩარიცხვა, რომელზე გამოწერილი ზედნადებების იდენტიფიცირება არც ამ თვეში და არც შემდეგ თვეებში ვერ ხდება. შესაბამისად აღნიშნული თანხა დამატებული იქნა 2021 წლის აპრილის თვის ზედნადების ბრუნვაზე და ჯამში აპრილის ბრუნვა გამოვიდა 23 940 ლარი; 2021 წლის მაისის თვეში ზედნადებით უფიქსირდება ბრუნვა 8 610 ლარი, ხოლო ბანკში ამავე თვეში ჩარიცხულია 7 032 ლარი.

ვინაიდან შემოწმებით ვერ მოხერხდა ჩარიცხული თანხისა და გადამხდელის მიერ გამოწერილი ზედნადებების შეპირისპირება და არც გადამხდელმა არ წარმოადგინა განმარტება აღნიშნულ თანხაზე (გადამხდელის მიერ არ იქნა განმარტებული აღნიშნული ჩარიცხული თანხა ცალკე მომსახურების ანაზღაურება იყო თუ რომელიმე გამოწერილ ზედნადებს ეკუთვნოდა), შემოწმების მიერ ბანკში ჩარიცხული თანხა დაემატა 2021 წლის მაისის თვის ზედნადების ბრუნვას და ჯამში ამ თვის ბრუნვა გამოვიდა 15 642 ლარი; 2021 წლის ივნისის თვეში ზედნადებებით უფიქსირდება ბრუნვა 4 592 ლარი, ხოლო ბანკში ამავე თვეში ჩარიცხულია 3 000 ლარი და 5 000 ლარი.

ვინაიდან შემოწმებით ვერ მოხერხდა ჩარიცხული თანხისა და გადამხდელის მიერ გამოწერილი ზედნადებების შეპირისპირება და არც გადამხდელმა არ წარმოადგინა განმარტება აღნიშნულ თანხაზე (გადამხდელის მიერ არ იქნა განმარტებული აღნიშნული ჩარიცხული თანხა ცალკე მომსახურების ანაზღაურება იყო თუ რომელიმე გამოწერილ ზედნადებს ეკუთვნოდა), შემოწმების მიერ ბანკში ჩარიცხული თანხა დამემატა 2021 წლის ივნისის თვის ზედნადებების ბრუნვას და ჯამში ამ თვის ბრუნვა გამოვიდა 12 592 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მეწარმის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს. კერძოდ ბრუნვამ შეადგინა 102 343 ლარი. წარმოდგენილი ინფორმაციით ასევე ირკვევა, რომ აქტზე თანდართული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების ამსახველ ცხრილში არ არის შევსებული 2020 წლის და 2021 წლის იანვარი-მაისის თვეების ბრუნვები, რადგან აღნიშნულ პერიოდში გადამხდელი არც ნებაყოფლობით და არც სავალდებულო წესით არ წარმოადგენდა დღგ-ს გადამხდელს. ხოლო აქტის მე-9 გვერდზე მითითებულია რომ გაანგარიშება განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების მიხედვით, რაც წარმოადგენს გადამხდელის საკუთრებას და შემოწმებისათვის მოწოდებულია მის მიერ და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, რაზეც ასევე გადამხდელს გააჩნია სრული წვდომა.

აქტის მე-13 გვერდზე მითითებულია რომ გადამხდელი მონაწილეობდა შემოწმების პროცესში, რასაც ასევე ადასტურებს მის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი მასალები და ახსნა-განმარტებები. ასევე, გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრის მიხედვით დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას ანგარიშობს კალენდარული წლის მიხედვით. ხოლო საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედით დღგ-ს ბრუნვაში გაითვალისწინება ნებისმიერი უწყვეტი თორმეტი თვე.

შემმოწმებელი ასევე განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში მომჩივანთან კომუნიკაცია ხორციელდებოდა როგორც სამსახურებრივი იმეილის მეშვეობით, ასევე კორპორატიული ტელეფონის ნომრით. შემოწმების პროცესში სამსახურის მეილზე გადმოგზავნილი აქვს ახსნაგანმარტებები/ინფორმაციები საქმიანობაზე და ბანკში ჩარიცხულ სხვა თანხებზეც, რაც შემოწმების მიერ იქნა გათვალისიწინებული. ამასთან, თუ მოხდება დაშვება რომ ბანკში ჩარიცხულ ყველა თანხაზე აუცილებლად გამოწერილია საგადასახადო ზედნადები და არა იდენტიფიცირებადი თანხა არ დაემატება საერთო ბრუნვაში (შემოსავალს დავთვლით მხოლოდ ზედნადებებით), გადამხდელს მაინც დაუდგება დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2021 წლის აგვისტოს თვეში, ვინაიდან ამ თვის შემოსავალი ფიქსირდება 66 000 ლარი (შემოწმებით დადგენილი რეგისტრაციიდან ორი თვის შემდეგ და შემოწმებით დარიცხული დღგ-ს თანხა შემცირდება სულ 763 ლარით). ამავდროულად გადამხდელის საქმიანობის სპეციფიკა არ გამორიცხავს ფიზიკური პირებისთვის მომსახურების გაწევას და მომსახურების თანხის ხელზე აღებას, ხოლო გადამხდელს არ გააჩნია რეგისტრირებული საკონტროლო სალარო აპარატი ან/და ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი და არ აქვს აღრიცხული შესაბამისი შემოსავლები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დავის ეტაპზე მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება შემოწმებით დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის მოსმენის, წარმოდგენილი ინფორმაციის შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 15 ივნისისთვის მეწარმის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს. მომჩივანი 2020 წლის აგვისტოს თვიდან სარგებლობს მცირე მეწარმის სტატუსით. საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 165-ე მუხლის მიხედვით მეწარმეს დღგის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2021 წლის 15 ივნისი, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განსაზღვრულია კანონშესაბამისად.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 92; 165; 282.