ბრძანება N 9012-2
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9012
24/03/2020
შპს -----
(მის: ------- )
სადავო საკითხთან დაკავშირებით
საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე
სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- ს 2019 წლის 22 ნოემბრის N242726/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 24 ოქტომბრის N007-452 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 23 იანვარს და 27 თებერვალს გამართულ სხდომებზე (ოქმი N2, N11).
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში გამოყოფს შემდეგ სადავო საკითხს:
არ ეთანხმება 2018 წლის 10 აგვისტოს შპს ----- სა და 2 ფიზიკურ პირს შორის დადებული მიწის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ბარტერულ ოპერაციად განხილვას, კერძოდ საწარმოს მიერ გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში ფ/პ-ისთვის მომსახურების გაწევას და 2018 წლის დეკემბრის თვეში გრძელვადიანი კონტრაქტის დაბეგვრის ნორმებით დღგ-ის დამატებით დარიცხვას.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2019 წლის 22 აპრილის N12367 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 21 ოქტომბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2019 წლის 24 ოქტომბერს გამოსცა N36942 ბრძანება და ამავე თარიღის N007-452 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 18 824.19 ლარი, მათ შორის, გადასახადი 9 633 ლარი, ჯარიმა 8 729 ლარი, საურავი 462.19 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
სადავო საკითხთან მიმართებაში, საზოგადოებას 2018 წლის 10 აგვისტოს ორ ფიზიკურ პირთან დადებული აქვს ქ. -----ში მდებარე მიწის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება. მხარეთა შეთანხმებით, საზოგადოება აღნიშნულ მიწაზე აშენებს საცხოვრებელ ბინებს. ხელშეკრულებით განსაზღვრულია მიწის ფასი და შეადგენს 200 000 ლარს, რომლის ღირებულების გადახდაც მოხდება მშენებლობის დასრულებისა და ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულებების დროს. ასევე, მყიდველი კისრულობს ვალდებულებას გამყიდველს გადასცეს 200 კვ.მ უძრავი ქონება. მიწის მესაკუთრეებისათვის მიწის სანაცვლოდ გაწეული მომსახურება გადამხდელს დაბეგრილი არ აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის და მე-8 მუხლის მე-10 ნაწილების მიხედვით, როგორც ბარტერი და გრძელვადიანი კონტრაქტით გაწეული მომსახურება.
შემოწმების პროცესში გადამხდელმა ვერ წარმოადგინა -----ში განხორციელებული მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა. მშენებლობაზე სრულად გაწეული დანახარჯების დადგენისთვის, გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შავი და თეთრი კარკასის პირობებში 1 კვ.მ ფართის თვითღირებულების შესახებ. 1 კვ.მ საშუალო საბაზრო ფასი კი დადგენილ იქნა წარმოდგენილი ხელშეკრულებების მიხედევით. აღნიშნული საბაზრო ფასით განისაზღვრა მიწის მეპატრონეებზე გადასაცემი 200 კვ.მ ფართის ღირებულებაც. გადამხდელის განმარტების შესაბამისად, დადგინდა გაწეული მომსახურების ფასნამატი 39.78%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით დადგენილი და არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი სამშენებლო პროექტის მიხედვით განსაზღვრული საერთო საცხოვრებელი ფართის (1094 კვ.მ - 53.4 კვ.მ სადარბაზოს ფართი) მიხედვით დაანგარიშდა მთლიანი პროექტის საბაზრო ფასი და შესაბამისი ფასნამატის გამოყენებით დადგინდა პროექტის თვითღირებულება. 2018 წლის პერიოდში ფაქტობრივად გაწეული ხარჯის, მთლიან პროექტის დანახარჯთან შეპირისპირებით დადგენილი პროპორციის მიხედვით დადგინდა შესრულებული სამუშაოს % და მიწის მეპატრონეებზე გადასაცემი ფართების ღირებულებიდან, შესაბამისი პროცენტული წილი იქნა დაბეგრილი 2018 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის, მე-16, მე-14, მე-13, მე-18, მე-8 მუხლების შესაბამისად დაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი შემოსავალი, რამაც გამოიწვია როგორც გადასახადის, ისე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დარიცხვა.
სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 ე მუხლის მე-10 ნაწილზე, რომლის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/ მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის რედაქციით 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:
ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილი, რომელიც ითვალისწინებდა გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში ყოველი წლის დეკემბერში ფაქტიური ხარჯების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშების წესებს გაუქმებული იქნა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2018 წლის 30 მაისის N2391-IIს საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-19 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით. ხოლო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილით 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.
საქმეში არსებული მასალებით, ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით და საკითხის ზეპირი განხილვისას მხარეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შპს ----- ს 2 ფიზიკურ პირთან დადებული აქვს ქ. ------ში მდებარე მიწის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება 2018 წლის 10 აგვისტოს. მხარეთა შეთანხმებით, საზოგადოებამ აღნიშნულ მიწაზე უნდა ააშენოს საცხოვრებელი ბინები. ხელშეკრულებით განსაზღვრულია მიწის ფასი, რომლის ღირებულების გადახდაც მოხდება მშენებლობის დასრულებისა და ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს. ასევე, მყიდველს ნაკისრი აქვს ვალდებულება გამყიდველს გადასცეს 200 კვ.მ. უძრავი ქონება. შემოწმებით მიწის მესაკუთრეებისთვის მიწის სანაცვლოდ გაწეული მომსახურება დაბეგრილი იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილით, გრძელვადიანი კონტრაქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განსახილველ ოპერაციაზე გრძელვადიანი კონტრაქტის დაბეგვრის ნორმები ვერ გავრცელდება, ვინაიდან გადასახადის გადამხდელსა და 2 ფიზიკურ პირს შორის ბარტერული გარიგება დაიდო 2018 წლის აგვისტოს თვეში, მას შემდეგ რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილი, რომელიც არეგულირებდა გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში ფაქტიური ხარჯების მიხედვით დღგ-ით დასბეგრი ბაზის გაანგარიშების წესს, გაუქმებული იქნა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2018 წლის 30 მაისის N2391-IIს საქართველოს კანონით. ხოლო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილი შეეხება 2018 წლის 1 იანვრამდე დადებულ კონტრაქტებს (ხელშეკრულებებს).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2018 წლის 10 აგვისტოს შპს ----- სა და 2 ფიზიკურ პირს შორის გაფორმებული მიწის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ბარტერულ ოპერაციად განხილვისა და გრძელვადიანი კონტრაქტის მოთხოვნათა შესაბამისად დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში დამატებით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;
2. სადავო საკითხთან მიმართებაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2018 წლის 10 აგვისტოს შპს ----- სა და 2 ფიზიკურ პირს შორის გაფორმებული მიწის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ბარტერულ ოპერაციად განხილვისა და გრძელვადიანი კონტრაქტის მოთხოვნათა შესაბამისად დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში დამატებით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის სათანადო კორექტირება;
4. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ორ ფიზიკურ პირთან დადებული მიწის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ბარტერულ ოპერაციად განხილვას, და გრძელვადიანი კონტრაქტის დაბეგვრის ნორმებით დღგ-ის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის მიხედვით: საწარმოს ორ ფიზიკურ პირთან დადებული აქვს მიწის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება. მხარეთა შეთანხმებით, საზოგადოება აღნიშნულ მიწაზე აშენებს საცხოვრებელ ბინებს. მიწის ღირებულების გადახდა მოხდება მშენებლობის დასრულებისა და ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულებების დროს. ასევე, მყიდველი კისრულობს ვალდებულებას გამყიდველს გადასცეს 200 კვ.მ უძრავი ქონება. მიწის სანაცვლოდ გაწეული მომსახურება გადამხდელს დაბეგრილი არ აქვს როგორც ბარტერი და გრძელვადიანი კონტრაქტით გაწეული მომსახურება. შემოწმებით მშენებლობის დანახარჯების დადგენისთვის, დაანგარიშდა მთლიანი პროექტის საბაზრო ფასი და შესაბამისი ფასნამატის გამოყენებით დადგინდა პროექტის თვითღირებულება. დაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი შემოსავალი, შედეგად გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განსახილველ ოპერაციაზე გრძელვადიანი კონტრაქტის დაბეგვრის ნორმები ვერ გავრცელდება, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მიწის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ბარტერულ ოპერაციად განხილვისა და გრძელვადიანი კონტრაქტის მოთხოვნათა შესაბამისად დღგ-ის ნაწილში დამატებით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(10); 18(10)
01.01.2021 წლამდე მოქმედი: 161(6)