გადაწყვეტილება №23410/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23410/2/2024
01 აგვისტო 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,25.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 1.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23410/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. შემოწმებით დამატებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 5.06.2024 წლის №081-129 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.06.2024 წლის №14394 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 51 846,24 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 30 363
დღგ - 8 887
საშემოსავლო გადასახადი - 21 476
ჯარიმა - 14 954
საურავი - 6 529,24
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობის საგანს წარმოადგენს შპს „N1-სგან “ იჯარით აღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების გაწევა.
აუდიტის დეპარტამენტის 31.05.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე პერიოდი.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 5.06.2024 წლის №081-129 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.06.2024 წლის №14394 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს წარმომადგენელმა არ ითანამშრომლა შემმოწმებლებთან, აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად ინფორმაციის წარმოუდგენლობისთვის. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის ერთიანი საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული საქმის მასალებით (საბანკო ამონაწერები) და მესამე მხარეების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის (მიღებული სპეც და გამოწერილი ელ. ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები) ანალიზით დგინდება, რომ გადამხდელი რეგულარულად ასრულებს გადაზიდვის მომსახურებას იჯარით აღებული სატრანსპორტო საშუალებებით. გადამხდელს მის მიერ გაწეულ მომსახურებაზე სრულად არ აქვს გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისად სრულად არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით, აღნიშნული ასევე დასტურდება შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციით (საქონლის გადაზიდვისას გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მონაცემების (ავტომობილების ნომრები) მიხედვით).
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციით (საქონლის გადაზიდვისას გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მონაცემების (ავტომობილების ნომრები) მიხედვით ირკვევა, რომ გადამხდელს შესრულებული აქვს სულ 716 რეისი, ხოლო გამოწერილი აქვს ანგარიშ-ფაქტურები მხოლოდ 468 რეისზე, გადამხდელის მიერ გაწეულ დანარჩენ 248 რეისზე გავრცელდა 468 რეისის მიხედვით მიღებული შემოსავლის შესაბამისი საშუალო ფასი და გაიზარდა გადამხდელის შემოსავალი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილი სატრანსპორტო მომსახურების თანხა საგადასახადო კოდექსის 159-ე და 1601 მუხლების შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 1601 მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მეორე ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43- ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად ინფორმაციის წარუდგენლობისთვის. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით. გადამხდელი რეგულარულად ასრულებს გადაზიდვის მომსახურებას იჯარით აღებული სატრანსპორტო საშუალებებით. შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, საქონლის გადაზიდვისას გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მონაცემების (ავტომობილების ნომრები) მიხედვით ირკვევა, რომ გადამხდელს შესრულებული აქვს სულ 716 რეისი, ხოლო გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურები მხოლოდ 468 რეისზე, შემოწმებით, გადამხდელის მიერ გაწეულ დანარჩენ 248 რეისზე გავრცელდა 468 რეისის მიხედვით მიღებული შემოსავლის შესაბამისი საშუალო ფასი. შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი, შედეგად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 84 144 ლარის ოდენობით (გადასახადის გარეშე). საწარმოს წარმომადგენელმა არ ითანამშრომლა შემმოწმებლებთან, შესაბამისად დამატებით დადგენილი ფულადი საშუალებების ნაშთის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია, ასევე არ დასტურდება ნაღდი ფულის სალაროში არსებობის ფაქტი, შესაბამისად შემოწმებით დამატებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან, შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით. მომჩივანი განმარტავს, რომ ბრძანებაში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა საგადასახადოსთან, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან მას არავინ არ დაკავშირებია და არც არანაირი სახის დოკუმენტი არ გამოუთხოვიათ. მიუხედავად იმისა, რომ 9 თვის ორსულია, შესაძლებლობის ფარგლებში ითანამშრომლებდა საგადასახადო ორგანოსთან. საგადასახადო ორგანო ეყრდნობა საგამოძიებო ორგანოს მერ წარმოდგენილ მასალებს, რაც არასწორია, რადგან გამოძიებას არ აქვს არანაირი გადაწყვეტილება მიღებული და მასალა, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი შედეგი არ მოუტანია გასაზიარებელი არ არის. ასევე განმარტავს, რომ აქტში მითითებული გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები მისთვის უცნობია თუ რატომ იქნა გაწერილი მის კომპანიაზე. ამ საკითხში კი მტკიცებულებას მხოლოდ ანგარიშ-ფაქტურა არ წარმოადგენს.
ასევე, აღნიშნავს, რომ თითქოს კომპანიას შესრულებული აქვს 716 რეისი და გამოწერილი აქვს 468 ანგარიშ-ფაქტურა, თუმცა ის, რომ ნამდვილად ამ რაოდენობის რეისები აქვს შესრულებული რა მტკიცებულებით დასტურდება ეს არაა ასახული. რეისების რაოდენობა უნდა დადგინდეს კონკრეტული ვიდეო ჩანაწერებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით, მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს ამ საკითხის ასეთნაირად განსაზღვრისას რას ეყრდნობა გაუგებარია, ბუნდოვანი და უსაფუძვლო.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადამხდელი რეგულარულად ასრულებს გადაზიდვის მომსახურებას იჯარით აღებული სატრანსპორტო საშუალებებით. გადამხდელს მის მიერ გაწეულ მომსახურებაზე სრულად არ აქვს გამოწერილი ელექტრონული ანაგარიშ-ფაქტურები და შესაბამისად სრულად არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით, აღნიშნული ასევე დასტურდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით (საქონლის გადაზიდვისას გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მონაცემების (ავტომობილების ნომრები) მიხედვით). შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, საქონლის გადაზიდვისას გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მონაცემების (ავტომობილების ნომრები) მიხედვით ირკვევა, რომ გადამხდელს შესრულებული აქვს სულ 716 რეისი, ხოლო გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები მხოლოდ 468 რეისზე, შემოწმებით, გადამხდელის მიერ გაწეულ დანარჩენ 248 რეისზე გავრცელდა 468 რეისის მიხედვით მიღებული შემოსავლის შესაბამისი საშუალო ფასი. შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
მომჩივანი განმარტავს, რომ ბრძანებაში მითითება, რომ არ ითანამშრომლა საგადასახადოსთან, არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან არავინ არ დაკავშირებია და არც არანაირი სახის დოკუმენტი არ გამოუთხოვიათ. მიუხედავად იმისა, რომ 9 თვის ორსულია, შესაძლებლობის ფარგლებში ითანამშრომლებდა საგადასახადო ორგანოსთან. აქტში მითითებული გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები მისთვის უცნობია, თუ რატომ იქნა გაწერილი მის კომპანიაზე. მისი აზრით ეს გაწერა კომპანიამ, რომელსაც სურდა მისი საქმიანობის ლეგალიზაცია და ამისთვის იქნა გამოყენებული მისი კომპანია. ამ საკითხში კი მტკიცებულებას მხოლოდ ანგარიშ-ფაქტურა არ წარმოადგენს. ასევე, აღნიშნავს, რომ თითქოს კომპანიას შესრულებული აქვს 716 რეისი და გამოწერილი აქვს 468 ანგარიშ-ფაქტურა, თუმცა ის, რომ ნამდვილად ამ რაოდენობის რეისები აქვს შესრულებული რა მტკიცებულებით დასტურდება ეს არაა ასახული. რეისების რაოდენობა უნდა დადგინდეს კონკრეტული ვიდეო ჩანაწერებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით, მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს ამ საკითხის ასეთნაირად განსაზღვრისას რას ეყრდნობა გაუგებარია, ბუნდოვანი და უსაფუძვლო.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება, არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
2. შემოწმებით დამატებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი, შედეგად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 84 144 ლარის ოდენობით (გადასახადი გარეშე). ვინაიდან დამატებით დადგენილი ფულადი საშუალებების ნაშთის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია, ასევე არ დასტურდება ნაღდი ფულის სალაროში არსებობის ფაქტი, საგადასახადო კოდექსის 101-ე, 73-ე მუხლების და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების მიხედვით შემოწმებით დამატებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი 84 144 ლარი (საშემოსავლო გადასახადი გარეშე) და ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში გადასახდელი თანხის შემცირების და განაცემთა ინფორმაციის არასრულად წარმოდგენისათვის, საწარმოს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახდო ორგანოს არ აქვს გამოკვლეული ის ხარჯი, რაც კომპანიას გააჩნდა. საქმიანობა, რასაც ემსახურებოდნენ უდიდეს რისკებთან და ყოველდღიურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ეს ხარჯი კი საგადასახადო ორგანოს არ დაუდგენია, ამისთვის მომჩივნისგან არანაირი სახის მტკიცებულება არ გამოუთხოვიათ და ისე დაადგინეს გარემოებები, რომელთაც არ გააჩნიათ შესაბამისი მტკიცებულებითი ბაზა. ასევე საგადასახადო ორგანო თავის ბრძანებაში მიუთითებს ფულადი სახსრების ნაშთზე, თუმცა არ აქვს გამოკვლეული რომ ეს თანხა ხარჯში იქნა გასული. ამ საკითხების დადგენის მიზნით მათ არ უთანამშრომლიათ გადამხდელთან, რის გამოც არასწორად დაერიცხა გადასახადები, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი, შედეგად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 84 144 ლარის ოდენობით (გადასახადის გარეშე). საწარმოს წარმომადგენელმა არ ითანამშრომლა შემმოწმებლებთან, შესაბამისად დამატებით დადგენილი ფულადი საშუალებების ნაშთის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია, ასევე არ დასტურდება ნაღდი ფულის სალაროში არსებობის ფაქტი, შესაბამისად, შემოწმებით დამატებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ საგადასახდო ორგანოს არ აქვს გამოკვლეული ის ხარჯი, რაც კომპანიას გააჩნდა. საქმიანობა, რასაც ემსახურებოდნენ უდიდეს რისკებთან და ყოველდღიურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ეს ხარჯი კი საგადასახადო ორგანოს არ დაუდგენია, ამისთვის მომჩივნისგან არანაირი სახის მტკიცებულება არ გამოუთხოვიათ და ისე დაადგინეს გარემოებები, რომელთაც არ გააჩნიათ შესაბამისი მტკიცებულებითი ბაზა. ასევე საგადასახადო ორგანო თავის ბრძანებაში მიუთითებს ფულადი სახსრების ნაშთზე, თუმცა არ აქვს გამოკვლეული რომ ეს თანხა ხარჯში იქნა გასული. ამ საკითხების დადგენის მიზნით მათ არ უთანამშრომლიათ გადამხდელთან, რის გამოც არასწორად დაერიცხა გადასახადები, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 19.06.2024 წლის №14394 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით.
2.მომჩივანი მიიჩნევს ,რომ არასწორად დაერიცხა გადასახადები, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ გადამხდელი რეგულარულად ასრულებს გადაზიდვის მომსახურებას იჯარით აღებული სატრანსპორტო საშუალებებით. გადამხდელს მის მიერ გაწეულ მომსახურებაზე სრულად არ აქვს გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისად სრულად არ აქვს დაბეგრილი დღგ-ი.
გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.გადამხდელს შესრულებული აქვს სულ 716 რეისი, ხოლო გამოწერილი აქვს ანგარიშ-ფაქტურები მხოლოდ 468 რეისზე, გადამხდელის მიერ გაწეულ დანარჩენ 248 რეისზე გავრცელდა 468 რეისის მიხედვით მიღებული შემოსავლის შესაბამისი საშუალო ფასი და გაიზარდა გადამხდელის შემოსავალი.
შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილი სატრანსპორტო მომსახურების თანხა საგადასახადო კოდექსის 159-ე და 1601 მუხლების შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
2.შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი, შედეგად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი .ვინაიდან დამატებით დადგენილი ფულადი საშუალებების ნაშთის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია, ასევე არ დასტურდება ნაღდი ფულის სალაროში არსებობის ფაქტი.შემოწმებით დამატებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში გადასახდელი თანხის შემცირების და განაცემთა ინფორმაციის არასრულად წარმოდგენისათვის, საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმები.
გადაწყვეტილება
1.საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
2.საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5,9),101,154,158,159,160.