ბრძანება N 16707
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16707
23 ივლისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------ის“ (ს/ნ ------------)
(მის.: ----------------------------)
2026 წლის 22 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 9 ივლისის სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა შპს „-------ის“ (ს/ნ ------------) 2026 წლის 22 ივნისის №104659/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 მაისის №002-60 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, აცხადებს, რომ არ არის დასაბუთებული არაპირდაპირი მეთოდის საჭიროება. საგადასახადო შემოწმების აქტის დასკვნები ატარებს ცალმხრივ ხასიათს და მოკლებულია ფაქტობრივ – სამართლებრივ საფუძვლებს. მიიჩნევს, რომ შპს „----ის“ მიერ საანგარიშო პერიოდებში საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილია უტყუარი და სწორად გაანგარიშებული მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ანგარიშსწორება ბიუჯეტთან ნაწარმოებია არსებული საგადასახადო კანონმდებლობის დაცვით და დამატებით გადასახადების დარიცხვის საფუძვლები არ არსებობს. განმარტავს, რომ ავტომობილებს კლიენტები --ში საკუთარი სახსრებით ყიდულობდნენ. მსუბუქი ავტომობილები საქართველოში ჩამოდიოდა შპს „-----ის“ სახელზე. შემდგომში კი კომპანია ახორციელებდა აღნიშნული ავტომობილების რეექსპორტს ფაქტობრივი მყიდველის სახელზე. ყველა ავტომობილზე შედგენილი იყო შესაბამისი ხელშეკრულებები და ავტომობილის მიღება-ჩაბარების აქტები. ყველა დოკუმენტი (მიღება-ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებები, ინვოისები) წარდგენილი იქნა საგადასახადო ორგანოში. რეექსპორტის მომსახურების სანაცვლოდ კომპანია იღებდა ანაზღაურებას 20-დან 150 აშშ დოლარამდე თითო ავტომობილზე. აღნიშნული მცირე ოდენობის ანაზღაურება განპირობებული იყო იმით, რომ კომპანიას არ ეკისრებოდა ავტომობილების შეძენასთან და რეექსპორტის გაფორმებასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯები. ავტომობილების ნაწილი საქართველოდან ------ში კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომზიდებით გადაიზიდებოდა. გადაზიდვის ხელშეკრულებებიც წარდგენილი იქნა საგადასახადო ორგანოში. შესაძლოა, აუდიტორებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ თითქოს კომპანია ავტომობილების შეძენისა და გაყიდვის ფასებს შორის არსებული სხვაობიდან იღებდა შემოსავალს. თუმცა, კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები წარმოადგენდა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების საფასურს, რომელიც ხორციელდებოდა ----დან, -----დან და -----დან, შესაბამისი ხელშეკრულებებისა და ინვოისების საფუძველზე. საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების მომსახურება კი დღგ-ით არ იბეგრება.
გადამხდელი არ ეთანხმება, ასევე, საბანკო გადარიცხვების (ჯამში 188 913 ლარის ოდენობით) გადახდის წყაროსთან 10%-იანი განაკვეთით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ თითოეული საბანკო გადარიცხვის დოკუმენტი აუდიტორებს წარედგინათ, სადაც ასახული იყო გადარიცხვის დანიშნულება და რეზიდენტებიც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 ნოემბრის №25046 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------ის“ (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 15 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 18 მაისის №10977 ბრძანება და ამავე თარიღის №002-60 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 85 251 ლარი, მათ შორის გადასახადი 46 243 ლარი, ჯარიმა 23 103 ლარი და საურავი 15 903 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შპს „-------ის“ (ს/ნ ------------) ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მსუბუქი ავტომობილების იმპორტი და შემდგომი რეექსპორტი, ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებს საკუთარი სატვირთო ავტომობილებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვას. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობის დადგენილი ნორმების შესაბამისად, შედეგად შემოწმებამ იხელმძღვანელა ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, აღნიშნულის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა საერთაშორისო გადაზიდვის ფარგლებში გადამხდელის მიერ განხორციელებული რეისების რაოდენობა, ასევე, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის შედეგად მიღებული მარჟა. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება საბანკო გადარიცხვები ჯამში 188 913 ლარის ოდენობით, რომელზეც მიმღების რეზიდენტობის ცნობები არ წარმოუდგენია. შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის „გ" ქვეპუნქტის თანახმად გადახდილი თანხები დაიბეგრა 10 პროცენტით (188 913/0,9*0,1).
შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დამატებით მიღებული შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით გამოვლენილი დადებითი სხვაობა შემოწმების მიერ ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდში. ამასთან, გადამხდელს საბანკო ამონაწერების შედეგად 2023 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდში უფიქსირდება ხელფასის გადახდა 3 237 ლარის ოდენობით, რომელიც საშემოსავლო დეკლარაციაში ასახული არ ჰქონდა. ჯამში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება 102 523 ლარი. ამასთან, შემოწმების პერიოდის დასაწყისისათვის გადამხდელს დამფუძნებლის მიმართ ვალდებულება (კაპიტალის ნაშთი) უფიქსირდებოდა 401 889 ლარის ოდენობით, რომელიც გადამხდელის განმარტების საფუძველზე იქნა შემცირებული, შესაბამისად, შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კომპანიის ვალდებულება დამფუძნებლის წინაშე შეადგენს 0 (ნული) ლარს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2026 წლის 9 ივლისს -:- საათზე გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით ან საერთაშორისო კავშირგაბმულობაში ტელესაკომუნიკაციო მომსახურებით მიღებული შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით:
გ) საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები – 10 პროცენტით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
გ) პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, კომპანიის აღრიცხვა იყო არასრული, მასში არ იყო ასახული სრულად შემოსავლები და ხარჯები, ასევე, გადამხდელის მიერ არ იყო წარდგენილი ხარჯებისა და შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტები. წარდგენილი იყო სულ 19 სატრანსპორტო ინვოისი, რომელთაგან თითოეულ გადაზიდვაზე საინვოისო ღირებულებები დაფიქსირებული იყო საშუალოდ 4240 ლარი. გადამხდელს მიეცა გონივრული ვადა დოკუმენტების წარსადგენად, თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდგომ განაცხადეს, რომ სხვა რამის წარდგენა არ შეეძლოთ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან გადამხდელის მიერ შემოსავალი არასრულად იყო ასახული ბუღალტრულ აღრიცხვაში, ამასთან, არასრულად იყო ასახული მის მიერ წარმოდგენილი ინვოისების ღირებულებებიც და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტებიც, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით.
შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა საერთაშორისო გადაზიდვის ფარგლებში გადამხდელის მიერ განხორციელებული რეისების რაოდენობა, ასევე, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის შედეგად მიღებული მარჟა. შესაბამისად, დამატებით მიღებული შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით გამოვლენილი დადებითი სხვაობა შემოწმების მიერ ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით (საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილია, ასევე, საბანკო ამონაწერების მიხედვით გადახდილი ხელფასი 3 237 ლარის ოდენობით. ასევე, შემოწმების მიერ გათვალისწინებულია საანგარიშო პერიოდის დასაწყისში არსებული კაპიტალის ნაშთი). გარდა ამისა, შემოწმების მიერ გადახდის წყაროსთან (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134- ე მუხლის „გ" ქვეპუნქტის თანახმად) დაბეგრილია საბანკო გადარიცხვები, ჯამში 188 913 ლარის ოდენობით, რომელზეც მიმღების რეზიდენტობის ცნობები არ წარმოდგენილა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------ის“ (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.ასევე, საბანკო გადარიცხვების (ჯამში 188 913 ლარის ოდენობით) გადახდის წყაროსთან 10%-იანი განაკვეთით დაბეგვრას და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №25046 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №10977 ბრძანება და №002-60 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 85 251 ლარი, მათ შორის გადასახადი 46 243 ლარი, ჯარიმა 23 103 ლარი და საურავი 15 903 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ მომჩივანი ახორციელებს საკუთარი სატვირთო ავტომობილებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვას. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობის დადგენილი ნორმების შესაბამისად, შედეგად შემოწმებამ იხელმძღვანელა ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, აღნიშნულის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა საერთაშორისო გადაზიდვის ფარგლებში გადამხდელის მიერ განხორციელებული რეისების რაოდენობა, ასევე, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის შედეგად მიღებული მარჟა. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება საბანკო გადარიცხვები ჯამში 188 913 ლარის ოდენობით, რომელზეც მიმღების რეზიდენტობის ცნობები არ წარმოუდგენია. შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის „გ" ქვეპუნქტის თანახმად გადახდილი თანხები დაიბეგრა 10 პროცენტით .
შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დამატებით მიღებული შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით გამოვლენილი დადებითი სხვაობა შემოწმების მიერ ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდში. ამასთან, გადამხდელს საბანკო ამონაწერების შედეგად 2023 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდში უფიქსირდება ხელფასის გადახდა 3 237 ლარის ოდენობით, რომელიც საშემოსავლო დეკლარაციაში ასახული არ ჰქონდა. ჯამში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება 102 523 ლარი. ამასთან, შემოწმების პერიოდის დასაწყისისათვის გადამხდელს დამფუძნებლის მიმართ ვალდებულება (კაპიტალის ნაშთი) უფიქსირდებოდა 401 889 ლარის ოდენობით, რომელიც გადამხდელის განმარტების საფუძველზე იქნა შემცირებული, შესაბამისად, შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კომპანიის ვალდებულება დამფუძნებლის წინაშე შეადგენს 0 (ნული) ლარს.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“); 100(2); 101(1); 104(1 „ჟ“); 134(1 „გ“.2 „ა“ და „ბ“); 154(1 „ა“ და „გ“);
ასევე,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი;