გადაწყვეტილება №21717/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 14.05.2024
№ დოკუმენტი 21717/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21717/2/2023

14 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 25.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21717/2/2023).

 

დავის საგანი:

1. შემოსავლების სამსახურის 18.07.2022 წლის №18972 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2. საცხოვრებელი ბინების მიწოდებიდან განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2022 წლის №001-237 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.06.2023 წლის №13072 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №001-259 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24545 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 17 029 235,21 ლარი.

19.12.2022 წლის №001-237 საგადასახადო მოთხოვნა - 15 417 348,8

მათ შორის:

გადასახადი - 8 493 080

დღგ - 3 117 103

მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - 2 088 მიწაზე

(სასოფლო) ქონების გადასახადი - 2 132

საშემოსავლო გადასახადი - 5 363 853

ქონების გადასახადი - 7 904

ჯარიმა - 2 564 404

საურავი - 4 359 864,8

 

28.12.2022 წლის №001-259 საგადასახადო მოთხოვნა - 1 611 886,41

მათ შორის:

გადასახადი - 796 884

დღგ - 408 274

საშემოსავლო გადასახადი - 388 610

ჯარიმა - 398 442

საურავი - 416 560,41

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 17.12.2020 წლის აქტით შემოწმებულია 1.01.2017 წლიდან 1.01.2020 წლამდე პერიოდი. აღნიშნული საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2020 წლის №001-378 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.10.2021 წლის №31966 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2020 წლის №001-378 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 17.12.2021 წლის №14781/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2020 წლის №001-378 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 7.10.2021 წლის №31966 ბრძანება და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 18.07.2022 წლის №18972 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მიწის ნაკვეთის რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის ერთობლივ შემოსავალში ჩართვის და ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების გათვალისწინების საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ასევე, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის და დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.

გადასახადის გადამხდელმა 30.09.2022 წელს და 11.10.2022 წელს შემოსავლების სამსახურში წარადგინა განცხადებები და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის 18.07.2022 წლის №18972 ბრძანებით განსაზღვრული ვადის გაგრძელება.

შემოსავლების სამსახურის 28.11.2022 წლის №29602 ბრძანებით მომჩივნის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 3.02.2023 წლის №18642/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 18.07.2022 წლის №18972 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2022 წლის დასკვნა და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 19.12.2022 წლის №001-237 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.06.2023 წლის №13072 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 ლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორე.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №001-259 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24545 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 13.06.2023 წლის №13072 და 5.10.2023 წლის №24545 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. შემოსავლების სამსახურის 18.07.2022 წლის №18972 ბრძანების აღსრულების შედეგები

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის 18.07.2022 წლის №18972 ბრძანებით, მიწის ნაკვეთის რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის ერთობლივ შემოსავალში ჩართვის და ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების გათვალისწინების საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის და დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2022 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის 18.07.2022 წლის №18972 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში ვერ/არ წარმოადგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები.

შემოსავლების სამსახურმა 10.11.2022 წელს განიხილა ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) 30.09.2022 წლის №178796/21 და 11.10.2022 წლის №184876/21 საჩივრები (განცხადებები), რომლითაც გადასახადის გადამხდელი ითხოვდა შემოსავლების სამსახურის 18.07.2022 წლის №18972 ბრძანებით განსაზღვრული ვადის გაგრძელებას 6 თვის ვადით. შემოსავლების სამსახურის 28.11.2022 წლის №29602 ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) საჩივრები (განცხადებები) არ დაკმაყოფილდა.

გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტში 27.10.2022 წლის და 25.11.2022 წლის (№195691/21 და №214165/21) განცხადებების საფუძველზე წარმოდგენილია კონკრეტულ საკადასტრო კოდებთან დაკავშირებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლებიც საგადასახადო შემოწმების პროცესში აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიღებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან და შესაბამისად, გათვალისწინებულია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას. აუდიტის დეპარტამენტის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, არ არსებობს 17.12.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) სათანადო სამართლებრივი საფუძველი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4, მე-9, მე-10 და მე-11 ნაწილების თანახმად:

4. პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.

9. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

10. საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. 11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №---------- წერილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 13.06.2023 წლის №13072 ბრძანება გადამხდელს 2-ჯერ გაეგზავნა წერილობითი ფორმით (25.07.2023 წელს და 18.08.2023 წელს) და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა, ამასთან გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ბრძანების განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა განახორციელა 13.06.2023 წლის №13072 ბრძანების საჯაროდ გავრცელება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) 22.09.2023 წელს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 13.06.2023 წლის №13072 ბრძანება ჩაბარებულად ითვლება 12.10.2023 წელს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 13.06.2023 წლის №13072 ბრძანების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის ბოლო დღე იყო 1.11.2023 წელს. საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარმოდგენილია 25.12.2023 წელს, კანცელარიაში ჩაბარების გზით (რეგისტრაციის №----------), შემოსავლების სამსახურის 13.06.2023 წლის №13072 ბრძანების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის 13.06.2023 წლის №13072 ბრძანება გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაგზავნილია 13.06.2023 წელს და გაცნობა ფიქსირდება 24.12.2023 წელს.

მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ ბრძანება ხელზე არ ჩაბარებია, რაც შეეხება შესაბამის სისტემას ან/და მობილურ ტელეფონზე შეტყობინებას, აღნიშნულიც არ მიუღია გადასახადის გადამხდელს, ვინაიდან „----------“ მობილური ტელეფონი ამოღებულია და მასზე წვდომა არ გააჩნია. შესაბამისად, აღნიშნული ბრძანების გამოცემის შესახებ და იმ საგადასახადო არარეალური დარიცხვის შესახებაც გაიგო იმის შემდეგ, რაც შემოსავლების სამსახურის სისტემაში rs.ge-ზე შეძლეს მონაცემების განახლება და სისტემაში შესვლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი უნდა ჩაითვალოს გასაჩივრების ვადაში წარმოდგენილად, როგორც საპატიო მიზეზის გათვალისწინებით და გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.06.2023 წლის №13072 ბრძანება და 19.12.2022 წლის №001-237 საგადასახადო მოთხოვნა.

საბჭო აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებებით არ დასტურდება, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მომჩივნისგან დამოუკიდებელი მიზეზით არის გამოწვეული.

ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 13.06.2023 წლის №13072 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

2. საცხოვრებელი ბინების მიწოდებიდან განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფ/პ „----------“ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. კერძოდ, უძრავი ქონების შეძენა-რეალიზაციას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2020 წლის საანგარიშო პერიოდში საკუთრებაში მიღებული (რეგისტრირებული) აქვს საცხოვრებელი ბინები, რომლებიც შემდგომ არის რეალიზებული. შემოწმებით ზემოაღნიშნული ოპერაციები დაიბეგრა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. საგადასახადო კოდექსის 79-ე და მე-80 მუხლების თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20%-ით. საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირის ერთობლივ შემოსავალს მიეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები. საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად ითვლება პირი, რომელიც რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად. საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 80-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ ფ/პ „----------“ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. კერძოდ, უძრავი ქონების შეძენა/რეალიზაციას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2020 წლის საანგარიშო პერიოდში საკუთრებაში მიღებული (რეგისტრირებული) და შემდგომ რეალიზებული აქვს საცხოვრებელი ბინები.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საკანონმდებლო ნორმებზე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად იქნა განსაზღვრული პირის საგადასახადო ვალდებულებები.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანს გააჩნია სამართლებრივი პრეტენზია შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24545 ბრძანებისა და 28.12.2022 წლის №001-259 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით. როგორც არაერთ საგადასახადო ბრძანებასთან დაკავშირებით წარდგენილ საჩივრებში იყო მითითებული საგადასახადო ორგანომ როგორც ფ/პ „----------“, ასევე შპს „----------“ მიმართებაში განახორციელა არასწორი საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.

„----------“ და შპს „----------“ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. უძრავი ქონების მესაკუთრე კომპანიას არ შეეძლო აშშ დოლარში სესხის აღება, ხოლო თუ ქონების მესაკუთრე იქნებოდა ფიზიკური პირი, მაშინ საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციის მიხედვით უკვე კომპანიას შეეძლო აშშ დოლარში სესხის აღება, ხოლო უზრუნველყოფა იქნებოდა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ქონებით. ამიტომ „----------“ კომპანიისგან მიიღო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება სესხის მიღების მიზნით, ხოლო უძრავი ქონება იყო „----------“ სახელზე. აღნიშნული მოქმედება, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია ქონების რეალიზაციად და შემოსავლის მიღებად, რის გამოც მოხდა ოპერაციის დაბეგვრა შემოსავლების სამსახურის მიერ. ფიზიკურ პირზე ქონების საკუთრებაში მიღების შემდეგ განხორციელდა „----------“ საკუთრებებზე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმება ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმება გამოსყიდვის უფლებით, რაც რეალურად იყო თვალთმაქცური გარიგება და რეალურად წარმოადგენდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას. ამის გამო შემოსავლის მიღებად იქნა აღქმული და დასაბეგრ ოპერაციად მიიჩნია საგადასახადო ორგანომ და დაბეგრა მეორედ, ხოლო როდესაც სესხის დაფარვისთვის მოხდა ქონების რეალური რეალიზაცია და ეს ოპერაციაც დაიბეგრა საგადასახადო ორგანოს თვალსაზრისით უკვე მესამედ და როდესაც რეალიზაციიდან მიღებული საფასური შევიდა კომპანიაში, ესეც მიჩნეული იქნა შემოსავლად და დაიბეგრა მეოთხედ. ანუ ფაქტობრივად ერთი ოპერაცია დაბეგრილია 4-ჯერ. ამის გამო პირობითად, როგორც „----------“ და კომპანიას ჯამში საბიუჯეტო დავალიანებად დაუთვალეს 25 მლნ ლარი, რაც არის სრული შემოსავლის 15%, შესაბამისად საგადასახადო ორგანოს გადმოსახედიდან „----------“ და კომპანიას ჯამში უნდა ჰქონდეთ 166 მლნ ლარი შემოსავალი, რაც ფიზიკურად შეუძლებელია. თუნდაც აღნიშნული მარტივი მაგალითი ადასტურებს, რომ ერთ საცხოვრებელ კორპუსში აშენებული თუნდაც სრული ფართების რეალიზაციით არათუ მსგავს თანხას, არამედ მიახლოებულ შემოსავალსაც კი ვერ მიიღებ.

მიუხედავად იმისა, რომ წლებია მოთხოვნაა მოხდეს სწორი საგადასახადო შემოწმება, მაინც უსაფუძვლოდ უარს ამბობს შემოსავლების სამსახური ამ საკითხის დეტალურად სრულყოფილად შესწავლაზე.

შესაბამისად, დეტალურად სწორად და ზედმიწევნით უნდა შეისწავლოს ადმინისტრაციულმა ორგანომ წინამდებარე საკითხი ყველა გასაჩივრებულ აქტთან მიმართებაში და არ განახორციელოს არათუ შეუსაბამოდ მაღალი დარიცხვა, არამედ არარსებული შემოსავლები მილიონობით ლარის ოდენობით.

წარმოდგენილია საჩივარში მითითებული „----------“ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი და საამისოდ სასამართლოს ნებართვა, რაც პირდაპირ წარმოადგენს საჩივარში მითითებული მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველს.

მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს საქმის განხილვაში მონაწილეობა და შესაძლებლობის ფარგლებში წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია.

ფაქტობრივად ამავე საგადასახადო დავის ფარგლებში 2023 წლის აპრილში წარდგენილია სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომელიც დღეის მდგომარეობით მიღებულია წარმოებაში. ასევე შემოსავლების სამსახურის მიერაც წარდგენილია შესაბამისი შესაგებელი, თუმცა მიუხედავად აღნიშნული გარემოების ცნობისა შემოსავლების სამსახურმა სასამართლოში გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეაჩერა და გასაჩივრებული აქტით დარიცხული თანხა დღეის მდგომარეობით ნაჩვენებია აღიარებულ გადასახადად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ყველა მოთხოვნასთან მიმართებაში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ ფ/პ „----------“ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, კერძოდ უძრავი ქონების შეძენა-რეალიზაციას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2020 წლის საანგარიშო პერიოდში საკუთრებაში მიღებული (რეგისტრირებული) აქვს საცხოვრებელი ბინები, რომლებიც შემდგომ არის რეალიზებული.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ბინების შეძენა-რეალიზაცია, რაც დაბეგრილი არ იყო. შემოწმების შედეგად რეალიზაციის ოპერაცია დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო რეალიზაციის თანხა დაემატა ერთობლივ შემოსავალს. რაც წინა საგადასახადო შემოწმებით იყო დატოვებული საქონელი, გათვალისწინებული იქნა საქონლის ჩამოწერის კუთხით. ყიდვა-გამოსყიდვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში გაყიდვის ოპერაციები დაიბეგრა, ხოლო რაც შესამოწმებელ პერიოდში დაიბრუნა იმის მიხედვით შემცირდა დღგ.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში (შემოსავლების სამსახურის 18.07.2022 წლის №18972 ბრძანების აღსრულების შედეგები) დარჩეს განუხილველი;

2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. შემოსავლების სამსახურის 18.07.2022 წლის №18972 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2. საცხოვრებელი ბინების მიწოდებიდან განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის წერილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 13.06.2023 წლის №13072 ბრძანება გადამხდელს 2-ჯერ გაეგზავნა წერილობითი ფორმით (25.07.2023 წელს და 18.08.2023 წელს) და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა, ამასთან გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ბრძანების განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა განახორციელა 13.06.2023 წლის №13072 ბრძანების საჯაროდ გავრცელება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) 22.09.2023 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 13.06.2023 წლის №13072 ბრძანება ჩაბარებულად ითვლება 12.10.2023 წელს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 13.06.2023 წლის №13072 ბრძანების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის ბოლო დღე იყო 1.11.2023 წელს. საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარმოდგენილია 25.12.2023 წელს, კანცელარიაში ჩაბარების გზით, შემოსავლების სამსახურის 13.06.2023 წლის №13072 ბრძანების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 13.06.2023 წლის №13072 ბრძანება გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაგზავნილია 13.06.2023 წელს და გაცნობა ფიქსირდება 24.12.2023 წელს.

2. მომჩივანი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, კერძოდ უძრავი ქონების შეძენა-რეალიზაციას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2020 წლის საანგარიშო პერიოდში საკუთრებაში მიღებული (რეგისტრირებული) აქვს საცხოვრებელი ბინები, რომლებიც შემდგომ არის რეალიზებული. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ბინების შეძენა-რეალიზაცია, რაც დაბეგრილი არ იყო. შემოწმების შედეგად რეალიზაციის ოპერაცია დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო რეალიზაციის თანხა დაემატა ერთობლივ შემოსავალს. რაც წინა საგადასახადო შემოწმებით იყო დატოვებული საქონელი, გათვალისწინებული იქნა საქონლის ჩამოწერის კუთხით. ყიდვა-გამოსყიდვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში გაყიდვის ოპერაციები დაიბეგრა, ხოლო რაც შესამოწმებელ პერიოდში დაიბრუნა იმის მიხედვით შემცირდა დღგ.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 13.06.2023 წლის №13072 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის 5 გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი. მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ე); 159(1„ა,ბ“).