ბრძანება N 27642

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.12.2025
№ დოკუმენტი 27642
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27642

16 დეკემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

----- ----- (პ/ნ -----) (მის.:-----)

2025 წლის 17 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 5 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი N 102) განიხილა ----- ----- (პ/ნ -----) N 98866/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 8 ნოემბრის N EL300217 და 15 ნოემბრის N EL300871 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს, თუმცა მასში დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით პოზიცია არ წარმოუდგენია. მომჩივანს სატელეფონო საუბრისას რამდენიმეჯერ ეცნობა საჩივრის დაზუსტების შესაძლებობის შესახებ, თუმცა დავის განხილვის ეტაპზე პოზიცია არ წარმოუდგენია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა შემდეგი:

1. 2025 წლის 8 ნოემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ თანამშრომლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა აცნობა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისით „-----“ მიმავალ მგზავრს – ----- (პ/ნ ----- ), საავიაციო უსაფრთხოების სავალდებულო გავლისას, აღმოაჩნდა არადეკლარირებული თანხა – 20 000 აშშ დოლარი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილმა პირმა განახორციელა შესაბამისი საბაჟო კონტროლის ღონისძიებები, რის შედეგადაც დადასტურდა ----- ----- მიერ არადეკლარირებული – 20 000 ----- (მოცემული დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად 54 150 ლარი) საქართველოს საზღვარზე გადაადგილების ფაქტი. აღსანიშნავია, რომ თანხის დეკლარირების მიზნით ----- ----- არ მიუმართავს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ თანამშრომლებისთვის.

ვინაიდან ----- ----- საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს (20 000 -----) და დეკლარირების მიზნით არ მიუმართავს საბაჟო ორგანოსთვის, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანის ფაქტს. გამოვლენილი სამართალდარღვევისთვის საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 8 ნოემბერს შედგენილ იქნა N EL300217 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ----- ----- (პ/ნ ----- ) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

2. 2025 წლის 15 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისით „-----“ ჩამოფრინდა ----- ----- (პ/ნ ----- ). საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ აღნიშნული პირი საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით, რა დროსაც მოხდა მისი შეჩერება მებაჟე - ოფიცრის მიერ.

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა ----- ----- კუთვნილი ხელბარგის დათვალიერება, რის შედეგადაც მითითებულ პირს ხელბარგში აღმოაჩნდა არადეკლარირებული ნაღდი ფული: 12 800 ----- , 655 ----- და 100 -----. აღნიშნულმა თანხამ მოცემული დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგინა – 35483.1ლარი.

ვინაიდან ----- საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს (12 800 -----, 655 ----- და 100 -----) და დეკლარირების მიზნით არ მიუმართავს საბაჟო ორგანოსთვის, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს. გამოვლენილი სამართალდარღვევისთვის საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 15 ნოემბერს შედგენილ იქნა N EL300871 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ----- ----- (პ/ნ ----- ) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;

საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა - განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო და აუდიო ჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა - ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

ამავე საკანონმდებლო აქტის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:

ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა;

ბ) პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;

გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით - იწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით - იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.

საბაჟო გამშვები პუნქტების მოფრენის და გაფრენის დარბაზში განთავსებულია წითელი და მწვანე დერეფნები, რომელსაც შესაბამისი ფერის მანიშნებელთან ერთად, სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული) აქვს შემდეგი მითითება: წითელი დერეფნის შემთხვევაში – „ექვემდებარება დეკლარირებას“ და მწვანე დერეფნის შემთხვევაში – „არ ექვემდებარება დეკლარირებას“.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოდენობის ნაღდი ფულის - ერთ შემთხვევაში 20 000 ----- საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანისა და მეორე შემთხვევაში 12 800 -----, 655 ----- და 100 ----- საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის ფაქტებს. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

საგულისხმოა ასევე, რომ მიუხედავად აეროპორტში არსებული აღნიშვნებისა, ----- ----- არც გაფრენამდე და არც მოფრენისას არ მიუმართავს საბაჟო ორგანოს თანამშრომლისთვის ფულის დეკლარირების მოთხოვნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ------ ----- (პ/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანა - გადმოტანის ფაქტებს. მოქალაქე საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს. პირს დეკლარირების მიზნით არ მიუმართავს საბაჟო ორგანოსთვის. გამოვლენილი სამართალდარღვევისთვის პირს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 169-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 და 3000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 169 (2); 169 (1); 73 (1);.