გადაწყვეტილება №25416/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25416/2/2025
21 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------------“ (ს/ნ ----------------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----------ის 4.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №----/2/2025).
დავის საგანი:
შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2025 წლის №002-30 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.06.2025 წლის №12191 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 159 296,04 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 100 105,50
დღგ - 11 189,81
საშემოსავლო გადასახადი - 88 915,69
ჯარიმა - 52 312
საურავი - 6 878,54
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საზოგადოების საქმიანობის სახეა სამედიცინო სახარჯი მასალების შეძენა/რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.
აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 6 თებერვლის №1918 ბრძანებით 2025 წლის 7 თებერვალს ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურით გამოვლინდა, რომ საწარმოს სალაროში არ უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შედეგად, საწარმოს მიერ მიღებული ნაღდი ფულის ოდენობა გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. გამოვლენილი განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს პასუხისმგებელი პირის, დირექტორის მიერ მიღებულ შემოსავლად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2025 წლის №002-30 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.06.2025 წლის №12191 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილია, რომ გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. 2025 წლის 7 თებერვალს სალაროში ჩატარებული ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს სალაროში არ უფიქსირდებოდა ნაღდი ფულის ნაშთი. შემოსავლების სამსახური ეყრდნობა მომჩივნის პოზიციასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის წარმოდგენილ ინფორმაციას, კერძოდ:
სესხი აღებული იყო შესამოწმებელ პერიოდში და დაფარვაც შესამოწმებელ პერიოდში მოხდა. შემოწმების მიერ სესხის თანხა არ ყოფილა გათვალისწინებული განკარგვადი თანხის დათვლის დროს შემოსავალში და შესაბამისად, არც სესხის ძირი თანხის გადახდა იქნა გათვალისწინებული ხარჯების ნაწილში.
გადასახადის გადამხდელთან 2025 წლის 7 თებერვალს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ საწარმოს სალაროში არ ფიქსირდებოდა ნაღდი ფულის ნაშთი.
გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა ახსნა-განმარტება, სადაც აღნიშნა, რომ არ გააჩნდა დებიტორული დავალიანება.
შემოწმების პროცესში გადამხდელმა შემმოწმებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ არ გააჩნდა იჯარით აღებული ფართი და არ საჭიროებდა საოფისე ფართს, ვინაიდან შეკვეთის შესაბამის საქონელს იძენდა და შემდგომ ყიდდა. შესაბამისად, სასაქონლო ნაშთის რაოდენობის გათვალისწინებით, ოფისის საჭიროება არ დამდგარა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი ნაღდი ფულის გაანგარიშებისას სესხის ძირი თანხის, სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის (1 500 ლარი), დებიტორული დავალიანებებისა და იჯარით აღებულ ფართში ჩატარებულ რემონტზე გაწეული ხარჯების გათვალისწინებასთან დაკავშირებით მომჩივნის არგუმენტები დაუსაბუთებელია, შესაბამისად, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხა, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს, არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას შემოწმებამ გაითვალისწინოს დამფუძნებლის შენატანები, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კაპიტალში განხორციელებული შენატანის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული რიგი გარემოებები, რამაც გავლენა იქონია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაზე, კერძოდ:
1. პერიოდულად შეძენილი, ხოლო ნაწილი კაპიტალში შეტანილი კომპანიის საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებები (მათ შორის მაგიდები, სკამები, სავარძლები, კომპიუტერები და სხვა);
2. კომპანიის მიერ შემოწმებამდე პერიოდში (2022 წლამდე) აღებულია სესხი, რომლის ძირის და პროცენტების გადახდა ხდება შესამოწმებელ პერიოდში (2022-2024 წწ.). თუმცა, შემოწმების მიერ ნაღდი ფულის დათვლისას არ არის გათვალისწინებული გადახდილი სესხის ძირი, ხოლო რაც შეეხება გადახდილ პროცენტებს, გათვალისწინებული მხოლოდ მათი ნაწილი;
3. სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი 1 500 ლარი;
4. დებიტორული დავალიანებები, რომლებიც შემოწმების მიერ სრულად იქნა მიჩნეული კომპანიის მიერ მიღებულად. (აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში არსებობს დებიტორებთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები).
ამასთან, 2022-2024 წლებში კომპანიის მიერ, იჯარით აღებულ ფართს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, რაზეც გაიწია სხვადასხვა ოდენობის ხარჯები, რომელთა ძირითადი ნაწილის დოკუმენტური დადასტურება ვერ ხდება. შემოწმების მიერ აღნიშნული ხარჯები არ იქნა გათვალისწინებული (სამწუხაროდ დროულად ვერ მოხდა შემმოწმებელ აუდიტორისთვის აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა,), რამაც გამოიწვია სალაროს ნაშთის ვირტუალური ზრდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს დოკუმენტაცია (ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე მეიჯარის ახსნა-განმარტება), ასევე გაფორმებულია ხელშეკრულება ქონების შემფასებელ ექსპერტთან და მიმდინარეობს მუშაობა კომპანიის მიერ იჯარით აღებული ფართში განხორციელებული კაპიტალური რემონტის ნამდვილობისა ღირებულების დადგენის მიზნით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს მათ მიერ ჩამოთვლილი არგუმენტაციის გათვალისწინებას, აღნიშნული საკითხების გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებთან ერთად გავლას და შესაბამისი საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში-დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირებას. აღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინების შემდგომ კი - სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითების გამოყენებას და ხელფასად განხილული თანხების ნაწილის დამფუძნებლის მიერ კაპიტალის შემცირებად, ნაწილის დივიდენდად, ხოლო დარჩენილი ნაწილის კომპანიის დირექტორზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირებად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2025 წლის №-----21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ ძირითადი საშუალებების შეძენა არ დასტურდება დოკუმენტურად. რაც შეეხება სესხის ძირის გათვალისწინებას ხარჯებში, აღნიშნული სესხი აღებული იყო შესამოწმებელ პერიოდში და დაფარვაც შესამოწმებელ პერიოდში მოხდა. სესხის თანხა განკარგვადი თანხის დათვლის დროს არ ყოფილა ჩართული შემოსავალში და შესაბამისად არც გადახდაც არ ყოფილა გათვალისწინებული. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარდგენილ ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ არ გააჩნია დებიტორული დავალიანება. ფართის იჯარასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელთან შემოწმების პროცესში გავლილი იყო აღნიშნული საკითხი, გადასახადის გადამხდელმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ არ აქვს ფართი იჯარით, არ საჭიროებს საოფისე ფართს, რადგანაც შეკვეთის შესაბამის საქონელს იძენს და შემდეგ ახდენს რეალიზაციას, არ რჩება სასაქონლო ნაშთები იმ რაოდენობით, რომ ოფისი დასჭირდეს.
შემოსავლების სამსახურის 11.06.2025 წლის №12191 ბრძანებით, მომჩივნის არგუმენტზე, არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას შემოწმებამ გაითვალისწინოს დამფუძნებლის შენატანები, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კაპიტალში განხორციელებული შენატანის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 11.06.2025 წლის №12191 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №1918 ბრძანებით ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურით გამოვლინდა, რომ საწარმოს სალაროში არ უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შედეგად, საწარმოს მიერ მიღებული ნაღდი ფულის ოდენობა გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. გამოვლენილი განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს პასუხისმგებელი პირის, დირექტორის მიერ მიღებულ შემოსავლად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №002-30 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში,რომლის №12191 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის №12191 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“ ); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“);