ბრძანება N 27254

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.11.2023
№ დოკუმენტი 27254
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27254

06 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 23 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №108) განიხილა შპს „-------“(ს/ნ -------) №83236/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №041-43 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით.

2. აცხადებს, რომ საქმიანობიდან გამომდინარე არასწორად არის გაანგარიშებული ფასნამატის ოდენობა (არ არის გათვალისწინებული/შედარებითი მეთოდით რეალიზებული პროდუქციის სასაქონლო ზედნადებები, არ არის გათვალისწინებული ქრონომეტრაჟი). საბითუმო რეალიზაციის ფასნამატი შეადგენს 28%-ს, ხოლო საცალო რეალიზაციის - 50%-ს. საქონლის რეალიზაცია ხდება ბითუმად, შესაბამისად, რეალიზებული საქონლის ფასნამატი საბაზრო პირობებიდან გამომდინარე, არსებული კონკურენციის გათვალისწინებით დაბალია საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე. ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და დარიცხული თანხების კორექტირება.

3. გადასახადის გადამხდელი ასევე ითხოვს, გადაანგარიშების შედეგების გათვალისწინებით, შემცირდეს შემოწმებით გამოვლენილი ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის №6168 და 29 ივნისის №15234 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 25 ნოემბრიდან 2023 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 3 ივლისის №15690 ბრძანება და 4 ივლისის №041-43 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 770 703 ლარი, მათ შორის, გადასახადი 465 979 ლარი, ჯარიმა 239 071 ლარი, საურავი 65 653 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ცნობებით/განმარტებებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 6 აპრილის N7544 ბრძანების საფუძველზე გადამხდელთან ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისა და სხვა მასალების (საჯარო რეესტრი, შსს, საარქივო მასალები, საბანკო ამონაწერი) შესწავლით დგინდება, რომ შპს „------- შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებს მამაკაცის, ქალის და ბავშვის ტანსაცმლით და ფეხსაცმლით ვაჭრობას. აღნიშნულისთვის საქონელს შეიძენს თურქეთიდან (ძირითადად) და ჩინეთიდან და ახდენს მის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე (ზედნადებების მიხედვით ლილოს ტერიტორიიდან). ასევე, განხორციელებული აქვს რეექსპორტის ოპერაციები სომხეთში. ჩატარებული ინვენტარიზაციით გამოვლინდა, რომ არ გააჩნია სმფ-ების ნაშთები. ამასთანავე, შპს „-------“ ხელმძღვანელობის წერილობითი განცხადების მიხედვით, კომპანიას არ გააჩნია სმფ-ებისა და თანხის ნაშთები, არ ჰყავს დებიტორ-კრედიტორები და არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შეძენილი სმფ-ებიდან გაიმიჯნა რეექსპორტით რეალიზებული პროდუქცია. დარჩენილი პროდუქცია ჩაითვალა რეალიზებულად ადგილობრივ ბაზარზე. ფასნამატი განისაზღვრა საქმიანობისა და ტერიტორიის გათვალისწინებით ანალოგიური, აუდირებული პირის მონაცემების მიხედვით. საქონლის სახეობიდან გამომდინარე გამოყოფილი იქნა 5 კატეგორია. თითოეულ კატეგორიაზე, საცალო რეალიზაციაზე გავრცელებული იქნა შესაბამისი კატეგორიის ფასნამატი. აღნიშნულის შემდგომ შეჯამდა დოკუმენტურად (რეექსპორტი, ადგილზე ზედნადებებით რეალიზაცია) და უდოკუმენტოდ რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავლები, რაც შემოწმების მიერ ჩაითვალა მიღებულ შემოსავლად. ყოველივე აღნიშნულმა გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა, რის გამოც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

ამასთანავე, შემოწმებით მიღებულ შემოსავალსა და დანახარჯებს შორის სხვაობა განხილული იქნა კომპანიის დირექტორის მიერ ხელზე მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის თანახმად, ჩატარებული ინვენტარიზაციით გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სმფ-ების ნაშთები. ამასთანავე, შპს „-------“ ხელმძღვანელობის წერილობითი განცხადების მიხედვით, კომპანიას არ გააჩნია სმფ-ებისა და თანხის ნაშთები, არ ჰყავს დებიტორკრედიტორები და არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, მართლზომიერია ფასნამატის განსაზღვრა საქმიანობისა და ტერიტორიის გათვალისწინებით ანალოგიური, აუდირებული პირის მონაცემების მიხედვით. ასევე, მართლზომიერია შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ და გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვა.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით.

2. გაანგარიშებული ფასნამატის ოდენობას.

3. შემოწმებით გამოვლენილი ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ორგანიზაცია შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებს მამაკაცის, ქალის და ბავშვის ტანსაცმლით და ფეხსაცმლით ვაჭრობას. აღნიშნულისთვის საქონელს შეიძენს თურქეთიდან (ძირითადად) და ჩინეთიდან და ახდენს მის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე (ზედნადებების მიხედვით ლილოს ტერიტორიიდან). ასევე, განხორციელებული აქვს რეექსპორტის ოპერაციები სომხეთში. ჩატარებული ინვენტარიზაციით გამოვლინდა, რომ არ გააჩნია სმფ-ების ნაშთები, კომპანიას არ გააჩნია სმფ-ებისა და თანხის ნაშთები, არ ჰყავს დებიტორ-კრედიტორები და არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შეძენილი სმფ-ებიდან გაიმიჯნა რეექსპორტით რეალიზებული პროდუქცია. დარჩენილი პროდუქცია ჩაითვალა რეალიზებულად ადგილობრივ ბაზარზე. აღნიშნულმა გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა.

ამასთანავე, შემოწმებით მიღებულ შემოსავალსა და დანახარჯებს შორის სხვაობა განხილული იქნა კომპანიის დირექტორის მიერ ხელზე მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 159; 101; 154