გადაწყვეტილება № 26354/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.02.2026
№ დოკუმენტი 26354/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№ 26354/2/2025

05 თებერვალი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:ი/მ „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.01.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ 22.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26354/2/2025).

 

დავის საგანი:

დაკისრებული საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 17.11.2025 წლის №081-7420 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 3.12.2025 წლის №26560 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

საურავი - 1 501.91 ლარი (24.12.2025 წლის მდგომარეობით).

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანს, საშემოსავლო გადასახადის 2024 წლის ოქტომბრის თვის დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისთვის (14.11.2025წ.) დაეკისრა საგადასახადო კოდექსი 274-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 756.86 ლარის ოდენობით.

ხსენებული დეკლარაციით ბიუჯეტში გადასახდელად დარიცხულია 7 568.55 ლარი. ხოლო, აღნიშნული დეკლარაციის წარმოდგენამდე, 2025 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით, მომჩივანს ერიცხებოდა ზედმეტობა 746.55 ლარის ოდენობით. ერთი დღის შედარების აქტის მიხედვით (14.11.2025- 15.11.2025 წ.წ) გაადაანგარიშებით დარიცხულმა საურავმა შეადგინა 1 374.21 ლარი.

დაკისრებული ჯარიმა და საურავი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.12.2025 წლის №26560 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გათავისუფლდა მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 17 ნოემბრის N081-7420 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 3.12.2025 წლის №26560 ბრძანება არდაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 53-ე, 272-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2024 წლის ოქტომბრის თვის ქონების/აქტივის მიწოდებაზე საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის ასახვის შედეგად დარიცხული საურავი მართლზომიერია და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, ამ ნაწილში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2021 წელს შეიძინა საცხოვრებელი ბინა, რაზეც გაფორმდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2023 წლის 25 აგვისტოს. ფიქრობდა რომ ვინაიდან 2021 წლის შემდეგ ბინის შეძენიდან 2 წელი იყო გასული არ ეკუთვნოდა საშემოსავლო გადასახადის გადახდა. შემოსავლების სამსახურიდან შეიტყო აღნიშნული ინფორმაცია და მაშინვე წარადგინა დეკლარაცია და აღიარა გადასახადი. ითხოვს დარიცხული საურავის მოხსნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და მე-4 ნაწილების თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან. საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან. საურავი შეადგენს გადაუხდელი გადასახადის თანხის 0,05 პროცენტს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. გადასახადის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გადასახადის გადახდის დღე ვადაგადაცილებულ დღედ ითვლება.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დადგენილია, რომ მომჩივანს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული საურავი.

მომჩივანი მიუთითებს შეცდომაზე და ითხოვს საურავისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

მომჩივანი ვერ უთითებს რაიმე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული საურავისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაკისრებული საურავისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილია, რომ მომჩივანს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული საურავი.

 

გადაწყვეტილება

შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული საურავისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;272;269