ბრძანება N 33872

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.12.2023
№ დოკუმენტი 33872
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 33872

29 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 11 ნოემბრის და 13 დეკემბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 დეკემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №134) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 11 ნოემბრის №84882/1/2023 და 13 დეკემბრის №86025/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ოქტომბრის №028-24 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, შეძენილ საწვავსა და და სატენდერო მომსახურების ფარგლებში მიწოდებული მომსახურებისთვის გახარჯულ საწვავს შორის სხვაობის მიწოდებულ მომსახურებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მომჩივანი განმარტავს, რომ შემოწმებამ შეძენილი საწვავის შესაბამისად გაიანგარიშა მგზავრთა გადაყვანის მომსახურებების რაოდენობები, თუმცა კომპანია ეწეოდა მხოლოდ ტენდერის ფარგლებში მომსახურებას. მომსახურების გაწევის პროცესში ქვეკონტრაქტორი მძღოლები შესყიდულ საწვავზე აწერინებდნენ სპეც. საგადასახადო ანგარიშფაქტურებს შპს „-------“ სახელზე, მათ შორის პირადი მიზნისთვის შეძენილ საწვავზეც, მიღებული დოკუმენტების კონტროლი კი ვერ ხორციელდებოდა საწარმოს ბუღალტრის ავადმყოფობის გამო, ხოლო ამ უკანასკნელის გარდაცვალების მიზეზით შემოწმებისათვის ვერ მოხერხდა ბუღალტრული დოკუმენტაციის წარდგენა. ითხოვს არაპირდაპირი მეთოდით დარიცხული თანხების კორექტირებას და აცხადებს, რომ სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილი საწვავის ოდენობას კავშირი არ აქვს კომპანიის მიერ მიღებულ შემოსავალთან.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №13925 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 10 ოქტომბრის №25068 ბრძანება და ამავე თარიღის №028-24 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 472 004 ლარი, მათ შორის გადასახადი 291 833 ლარი, ჯარიმა 145 917 ლარი და საურავი 34 254 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

● კომპანიის ძირითადი საქმიანობაა მგზავრთა გადაყვანის მომსახურება. დღგ-ის დეკლარაციების შესწავლისას დგინდება, რომ გადამხდელის დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვები მოიცავს მხოლოდ სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში მიწოდებულ მომსახურებაზე განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციებს. შემოწმების მიერ კომპანიის ძირითადი საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული ოპერაციების შესწავლისას დადგინდა, რომ კომპანიას შეძენილი აქვს დიდი ოდენობით „საწვავი“, თუმცა აღნიშნული საწვავის ჩამოწერის ან გახარჯვის შესახებ ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი. ამასთან, გაანგარიშებულ იქნა სატენდერო მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო საწვავის ოდენობა. ზემოაღნიშნული ინფორმაციით გამოვლინდა დიდი სხვაობა ჯამურად შეძენილ საწვავის ოდენობასა და დასაბეგრ (დეკლარირებულ) ოპერაციებში გამოყენებულ საწვავს შორის. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით საწვავის ოდენობების და მისი გამოყენების პროპორციულად გაანგარიშებულ იქნა დამატებითი დასაბეგრი შემოსავალი. კომპანიას დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

● გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი საბუღალტრო მონაცემები, ნაღდი ფულის მოძრაობის უწყისი, ცნობა დებიტორ-კრედიტორების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ, გაანგარიშებულ იქნა კომპანიის ნაღდი ფულის მოძრაობა, კერძოდ, შემოსავლებისა და ხარჯების ინფორმაციებზე დაყრდნობით გამოვლინდა ფულის ნაშთი, რომელიც განხილულ იქნა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, შემოწმებით, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს ძირითადი საქმიანობაა მგზავრთა გადაყვანის მომსახურება. შემოწმებით დადგინდა, რომ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები მოიცავს მხოლოდ სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში მიწოდებულ მომსახურებაზე განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციებს. შემოწმების მიერ კომპანიის ძირითადი საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული ოპერაციების შესწავლისას დადგინდა, რომ კომპანიას შეძენილი აქვს დიდი ოდენობით „საწვავი“, თუმცა აღნიშნული საწვავის ჩამოწერის ან გახარჯვის შესახებ ინფორმაცია შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი. ამასთან, გაანგარიშებულ იქნა სატენდერო მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო საწვავის ოდენობა. ზემოაღნიშნული ინფორმაციით გამოვლინდა დიდი სხვაობა ჯამურად შეძენილ საწვავის ოდენობასა და დასაბეგრ (დეკლარირებულ) ოპერაციებში გამოყენებულ საწვავს შორის. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით საწვავის ოდენობების და მისი გამოყენების პროპორციულად გაანგარიშებულ იქნა დამატებითი შემოსავალი, რომელიც დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, შემოწმების მიერ გაანგარიშებული ნაღდი ფულის მოძრაობის შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთი განხილულ იქნა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული ხელფასად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს ძირითადი საქმიანობაა მგზავრთა გადაყვანის მომსახურება. შემოწმებით დადგინდა, რომ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები მოიცავს მხოლოდ სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში მიწოდებულ მომსახურებაზე განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციებს. შემოწმების მიერ კომპანიის ძირითადი საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული ოპერაციების შესწავლისას დადგინდა, რომ კომპანიას შეძენილი აქვს დიდი ოდენობით „საწვავი“, თუმცა აღნიშნული საწვავის ჩამოწერის ან გახარჯვის შესახებ ინფორმაცია შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი. ამასთან, გაანგარიშებულ იქნა სატენდერო მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო საწვავის ოდენობა. ზემოაღნიშნული ინფორმაციით გამოვლინდა დიდი სხვაობა ჯამურად შეძენილ საწვავის ოდენობასა და დასაბეგრ (დეკლარირებულ) ოპერაციებში გამოყენებულ საწვავს შორის. შემოწმების მიერ, არაპირდაპირი მეთოდით საწვავის ოდენობების და მისი გამოყენების პროპორციულად გაანგარიშებულ იქნა დამატებითი შემოსავალი, რომელიც დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, შემოწმების მიერ გაანგარიშებული ნაღდი ფულის მოძრაობის შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთი განხილულ იქნა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101; 154; 159; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 160; 161;