გადაწყვეტილება №27168/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27168/2/2026
13 მაისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---ის 18.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27168/2/226).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება და ფასნამატის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.12 2025 წლის №007-394 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.03.2026 წლის №6588 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 144 045.13 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 83 296.11
დღგ - 39 648.04
საშემოსავლო გადასახადი - 43 648.07
ჯარიმა - 34 995.70
საურავი - 25 53.32
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა რეზინის საშინაო ფეხსაცმელებით ვაჭრობა, კერძოდ ჩინეთიდან და უზბეკეთიდან იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე (---ს ბაზრობის ტერიტორია) რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდის, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 17 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით: ინდივიდუალური მეწარმე გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 25 აგვისტოდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელია 2015 წლის 1 ივნისიდან. მეწარმის სახელზე 2021 წლის 2 იანვრიდან რეგისტრირებულია საკონტროლო სალარო აპარატი DY----. გადასახადის გადამხდელი საქმიანობს იჯარით აღებულ ფართში, რომელიც მდებარეობს --- №----ში, რიგი 21, ადგილი 3. ასევე, იჯარით აქვს აღებული სასაწყობე დანიშნულების ფართები შემდეგ მისამართებზე: ქ.---- და ---ის რაიონი, სოფ. ---- (საწყობი №----). შესამოწმებელ პერიოდში, იმპორტირებული სარეალიზაციო საქონლის თვითღირებულება დღგ-ის გარეშე შეადგენს 751 034 ლარს, დღგ-ის დეკლარაციებში დასაბეგრი ბრუნვები 665 920 ლარს, ჩათვლილი დღგ ჯამში 133 127 ლარს. დოკუმენტური რეალიზაცია არ აქვს. ადგილობრივ ბაზარზე სასაქონლო-მატერიალური მარაგების შეძენა არ უფიქსირდება. გადასახადის გადამხდელის მიერ წლიურ საშემოსავლო გადასახადში დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი ემთხვევა დღგ-ის დეკლარაციებში წარდგენილ წლიურ ბრუნვებს. დეკლარირებული ფასნამატები წლების მიხედვით შეადგენს: 2022 წელს 25%, 2023 წელს 42%, 2024 წელს 42%. მარაგები აღრიცხულია საშუალო შეწონილი შეფასების მეთოდით. მთლიანობაში, შესამოწმებელი პერიოდის საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 33%-ს. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა ორისში, თუმცა საქონლის მოძრაობა არ არის აღრიცხული ცალკეული ოპერაციების მიხედვით. საქონელი ჩამოწერილია ყოველი თვის ბოლოს, სადაც მონაცემები წარდგენილია საქონლის კატეგორიის მიხედვით, ჯამურად. ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი დაფიქსირებულია 460 628.16 ლარით დღგ-ის გარეშე, თუმცა, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ნოემბრის №25155 ბრძანების საფუძველზე, 2025 წლის 17 ნოემბერს გადასახადის გადამხდელს ჩაუტარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, სადაც ფაქტიური ნაშთი აღწერილი იქნა 587 999 (საბაზრო ფასით) ლარის ოდენობით. აღნიშნულის შემდგომ, 2025 წლის 17 ნოემბრის (შესამოწმებელი პერიოდის ბოლო) ფაქტიურად აღწერილ ნაშთს დააკლდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან ინვენტარიზაციამდე შეძენილი საქონლის თვითღირებულება და დაემატა ამავე პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რის შედეგადაც 2025 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთმა შეადგინა 333 565 ლარი დღგ-ის გარეშე. აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა ინვენტარიზაციის დროს დაფიქსირებული ფასნამატი 44.34%-ი, შედეგად გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის. შესამოწმებელ პერიოდში, სულ საცალოდ რეალიზებული საქონლის შეძენის თვითღირებულება განისაზღვრა 613 690 ლარით დღგ-ის გარეშე, ხოლო შემოწმებით დაანგარიშებული საქონლის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა ჯამში შეადგინა 885 800 ლარი დღგ-ის გარეშე. აღნიშნული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დღგ-ის საანგარიშო პერიოდებში, გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ 39 632 ლარის ოდენობით და დაეკისრა, ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 18 380 ლარის ოდენობით. წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა დამატებით რეალიზებულად ჩათვლილი საქონლის თვითღირებულებით, ხოლო გამოქვითვების ნაწილში სხვაობა არ გამოვლენილა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის მე-100, 102-ე და 104-ე მუხლების საფუძველზე, 2022-2023-2024 წლების ერთობლივი შემოსავალი ჯამში გაიზარდა 181 853 ლარით, აღნიშნულ სხვაობაზე დამატებით დარიცხულმა საშემოსავლო გადასახადმა შეადგინა 33 232 ლარი და ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად განისაზღვრა ჯარიმა 16 616 ლარის ოდენობით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2025 წლის №28221 ბრძანება და №007-394 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.03.2026 წლის №6588 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირების საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 25.03.2026 წლის №6588 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 145-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქონლის მოძრაობა არ არის აღრიცხული ცალკეული ოპერაციების მიხედვით, საქონელი ჩამოწერილია ყოველი თვის ბოლოს და შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ნოემბრის №25155 ბრძანების საფუძველზე, 2025 წლის 17 ნოემბერს გადასახადის გადამხდელს ჩაუტარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, სადაც ფაქტიური ნაშთი აღწერილ იქნა 587 999 (საბაზრო ფასით) ლარის ოდენობით, აღნიშნულის შემდგომ, შემოწმებით 2025 წლის 17 ნოემბრის (შესამოწმებელი პერიოდის ბოლო) ფაქტიურად აღწერილ ნაშთს დააკლდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან ინვენტარიზაციამდე შეძენილი საქონლის თვითღირებულება და დაემატა ამავე პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რის შედეგადაც 2025 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთმა შეადგინა 333 565 ლარი დღგ-ის გარეშე, რეალიზებული პროდუქციის ღირებულება გამოითვალა შემდეგნაირად: საწყის ნაშთს დაემატა შეძენა და გამოაკლდა შემოწმებით დადგენილი საბოლოო ნაშთი. გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია, აქედან გამომდინარე, დოკუმენტური ფასნამატი ვერ დადგინდა.
შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა მიმდინარე კონტროლის ფასნამატი, რომელიც შემოწმებამ დადგინა კონკრეტულ საქონლის სახეობებზე საქონლის თვითღირებულებების დაკავშირებით. დღგ-ის მიზნებისთვის, ფასნამატის მეთოდით გამოთვლილი შემოსავალი გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა დამატებით რეალიზებულად ჩათვლილი საქონლის თვითღირებულებით, ხოლო გამოქვითვების ნაწილში სხვაობა არ გამოვლენილა. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში მითითებულ და საქმის ზეპირი განხილვისას წარდგენილ პოზიციაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმების შედეგად მიღებული შემოსავალი განსხვავდება წლების მიხედვით დადგენილ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე ფასნამატის (44.34%-ის) გავრცელებით მიღებული ერთობლივი შემოსავლისაგან. მათემატიკურად სწორი გაანგარიშების მისაღებად აუცილებელი იქნება შესაბამისი საანგარიშო პერიოდების რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაზრდა და წლების ჭრილში საბოლოო ნაშთების შემცირება, რათა დაკომპენსირდეს წლების ჭრილში ჩამოსაწერი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაზრდა.
შემოწმებით დადგენილ სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის სხვაობა განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად, თუმცა შემოწმების მიერ არ იქნა დაკორექტირებული დეკლარირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთები, რაც გავლენას ახდენს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრაზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების დაზუსტების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირების საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მეწარმე ახორციელებს საცალო და საბითუმო ვაჭრობას, ----ს ბაზრობის ტერიტორიაზე. აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელი საბუღალტრო აღრიცხვას აწარმოებს საბუღალტრო პროგრამა ორისში. დეკლარირებული ფასნამატები წლების მიხედვით შეადგენს: 2022 წელს 25%, 2023 წელს 42%, 2024 წელს 42%. მთლიანობაში, შესამოწმებელი პერიოდის საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 33%-ს. გაუგებარი და მიუღებელია საშუალო შეწონილი ფასნამატის მცნების შემოღება განსხვავებულ საანგარიშო პერიოდებზე, თუნდაც იმიტომ, რომ 2022 წელი პანდემიის პერიოდია და ვაჭრობა, ისევე როგორც მთელი ეკონომიკა რეცესიის მდგომარეობაში იყო და გარკვეული დრო დაჭირდა რეაბილიტაციისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის მთლიან ბრუნვაში შერევითა და საშუალო შეწონილი მარჟის გამოყვანით მეწარმის საქმიანობის ერთიანი სურათი მახინჯდება. ამასთანავე, დადგენილი პრაქტიკაა, როცა ინვენტარიზაციის ფასნამატი შესაძლოა გავრცელდეს მხოლოდ მომიჯნავე პერიოდზე, მათ საანგარიშო პერიოდში, მხოლოდ 2024-2025 წლებზე. უფრო ადრინდელ საანგარიშო პერიოდზეა შესაძლებელი გამოყენებულ იქნეს გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილი ფასნამატი, თუ სხვა მტკიცებულებები არ იქნება წარდგენილი. აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 2023 და 2024 წლებში დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 42%-ს, იგივე მონაცემები ფიქსირდება საბუღალტრო პროგრამაში 2025 წელთან მიმართებითაც. 2025 წლის 17 ნოემბრის №25155 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი შეადგენს 44%-ს, რომელიც არსებითაც არ განსხვავდება გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებული და დეკლარირებული ფასნამატისგან, 2%-იანი განსხვავება არაარსებითია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლის დადგენა და ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის ოთხივე წელზე გადავრცელება სრულიად არასწორი გადაწყვეტილებაა, ინვენტარიზაციის ფასნამატის გადავრცელება შესაძლებელია მაქსიმუმ მომიჯნავე პერიოდზე შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, 983 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე მითითებით აღნიშნავს, რომ 2025 წლის 17 დეკემბერს მომზადებულ საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ 2022, 20023 და 2024 წლებზე შემოსავლის გაანგარიშებისათვის გამოყენებულ იქნა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი 44.34%-ის ოდენობით.
ზემოაღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით: - 2022 წლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შეადგენს 273 390 ლარს, რომელზეც მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმება ინვენტარიზაციის ფასნამატის გავრცელებას, ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის, 44.34%-ის გავრცელების შემთხვევაში, ერთობლივმა შემოსავალმა და შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვამ უნდა შეადგინოს 394 611 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ გაანგარიშებაში მითითებული ციფრი 455 509 ლარი მნიშვნელოვნად განსხვავდება ზემოაღნიშნული შედეგისგან;
- 2023 წლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შეადგენს 35 763 ლარს, რომელზეც მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმება ინვენტარიზაციის ფასნამატის გავრცელებას, ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის, 44.34%-ის გავრცელების შემთხვევაში, ერთობლივმა შემოსავალმა და შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვამ უნდა შეადგინოს 51 620 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ გაანგარიშებაში მითითებული ციფრი 67 637 ლარი მნიშვნელოვნად განსხვავდება ზემოაღნიშნული შედეგისგან; - 2024 წლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შეადგენს 110 745 ლარს, რომლის მიმართ ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის, 44.34%-ის გავრცელების შემთხვევაში, ერთობლივმა შემოსავალმა და შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვამ უნდა შეადგინოს 159 849 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ გაანგარიშებაში მითითებული ციფრი 208 632 ლარი მნიშვნელოვნად განსხვავდება რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე ფასნამატის გავრცელებით მიღებული ციფრისაგან, რაც უპირობოდ საჭიროებს დაზუსტებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულებულ გაანგარიშებაში დაშვებულია უხეში შეცდომა, კერძოდ შემცირებას უნდა დაექვემდებაროს 2022-2024 წლების ერთობლივი შემოსავალი, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შემოწმების შედეგად მიღებული ერთობლივი შემოსავალი, წლების მიხედვით, განსხვავდება წლების მიხედვით დადგენილ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე (რომელიც ემთხვევა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულს) ფასნამატის, 44.34%-ის გავრცელებით მიღებული ერთობლივი შემოსავლისაგან. მათთვის უცნობია გაანგარიშებაში დაშვებული შეცდომის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ ზემოაღნიშნული გაანგარიშება საჭიროებს უპირობო დაზუსტებას. უარეს შემთხვევაში, თუ აუდიტის დეპარტამენტს აქვს დოკუმენტური მტკიცებულება 2022-2024 წლებში მათ მიერ დადგენილი ერთობლივი შემოსავლის დასამტკიცებლად და აუცილებლად იხელმძღვანელებს ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი 44.34%-იანი ფასნამატით, მათემატიკურად სწორი გაანგარიშების მისაღებად აუცილებელი იქნება შესაბამისი საანგარიშო პერიოდების რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაზრდა და წლების ჭრილში საბოლოო ნაშთების შემცირება, რათა დაკომპენსირდეს წლების ჭრილში ჩამოსაწერი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაზრდა. აღნიშნული მეთოდით შესრულებული გაანგარიშება მათემატიკურად სწორი იქნება, მაგრამ სრულიად მიუღებელია, რადგან ნაშთების ცვლილების არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება არ არსებობს და ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდს. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტებისა და არგუმენტაციის გათვალისწინებით, ვინაიდან 2025 წლის 17 ნოემბრის №25155 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი ფაქტიურად ემთხვევა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მარჟას, ამასთანავე, ინვენტარიზაციის ფასნამატის გადავრცელება შესაძლებელია მაქსიმუმ მომიჯნავე პერიოდზე, შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, ითხოვს საერთოდ გაუქმდეს 2022-2023 წლებზე ფასნამატის გაზრდის შედეგად გაზრდილი ერთობლივი შემოსავლით გამოწვეული დამატებული ღირებულებისა და საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები. მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმება გამოყენებული გაანგარიშების პრინციპებს და შემოთავაზებულია გაანგარიშების კანონმდებლობით გათვალისწინებული სწორი მეთოდები, არსებობს პრეცედენტული გადაწყვეტილებები როგორც შემოსავლების სამსახურის, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსი, კერძოდ შემოსავლების სამსახურს აქვს გამოცემული 2025 წლის 6 მარტის №4951 ბრძანება, რომლის მიხედვითაც, აუდიტის დეპარტამენტს „დაევალა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილი ფაქტობრივი ნაშთიდან გამომდინარე შემოწმების მიერ გაანგარიშებული შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების ნაშთსა და ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულ ნაშთს შორის გამოვლენილი სხვაობა რეალიზებულად ჩაითვალოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).“
თავის მხრივ ფინანსთა სამინისტროს აქვს მიღებული 2024 წლის 21 ოქტომბრის №23784/2/2024 გადაწყვეტილება, რომლითაც საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებულ ინვენტარიზაციასთან მიმართებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, კერძოდ, ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა განიხილოს დანაკლისად ინვენტარიზაციის ჩატარების და დანაკლისის აღმოჩენის მომენტში (ივლისის თვეში). ითხოვს, ინვენტარიზაციის თარიღისთვის დადგენილი ნაშთის გათვალისწინებით მოხდეს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, კერძოდ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სხვაობა საბუღალტრო ნაშთსა და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ ნაშთს შორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნეს დანაკლისად ინვენტარიზაციის ჩატარების და დანაკლისის აღმოჩენის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად „გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით“.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს, მათი უშუალო მონაწილეობით მოხდეს საკითხის ხელახალი შესწავლა, მითითებული მტკიცებულებების გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საშემოსავლო გადასახადისა და დამატებული ღირებულების გადასახადის გადაანგარიშება და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება, შემცირების გზით. ითხოვს, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელებას გადასახადისა და სანქციის (ჯარიმა-საურავი) სახით დარიცხული თანხების შემცირებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან. საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები. საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.
2. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.
3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით გახორციელებულ დარიცხვას და აღნიშნავს, რომ მიუღებელია საშუალო შეწონილი ფასნამატის მცნების შემოღება განსხვავებულ საანგარიშო პერიოდებზე, თუნდაც იმიტომ, რომ 2022 წელი პანდემიის პერიოდია და გარკვეული დრო დაჭირდა რეაბილიტაციისთვის. 2022 წლის მთლიან ბრუნვაში შერევითა და საშუალო შეწონილი მარჟის გამოყვანით მეწარმის საქმიანობის ერთიანი სურათი მახინჯდება. დადგენილი პრაქტიკაა, როცა ინვენტარიზაციის ფასნამატი შესაძლოა გავრცელდეს მხოლოდ მომიჯნავე პერიოდზე, მათ შემთხვევაში მხოლოდ 2024-2025 წლებზე. უფრო ადრინდელ საანგარიშო პერიოდზეა შესაძლებელი გამოყენებულ იქნეს გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილი ფასნამატი. ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი შეადგენს 44%-ს, რომელიც არსებითაც არ განსხვავდება გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებული და დეკლარირებული ფასნამატისგან, 2%-იანი განსხვავება არაარსებითია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლის დადგენა და ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის ოთხივე წელზე გადავრცელება არასწორად მიაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმება ინვენტარიზაციის ფასნამატის გავრცელებას, 2022, 2023 წლებთან მიმართებით აღნიშნავს, რომ ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის (44.34%) გავრცელების შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ გაანგარიშებაში მითითებული ციფრები მნიშვნელოვნად განსხვავდება (მეტია) მათ მიერ გაანგარიშებული ერთობლივი შემოსავლისაგან და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისგან.
ასევე, 2024 წლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების მიმართ ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის (44.34%) გავრცელების შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ გაანგარიშებაში მითითებული ციფრი ასევე მნიშვნელოვნად განსხვავდება რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე ფასნამატის გავრცელებით მიღებული ციფრისაგან.
ამდენად მიაჩნია, რომ შემცირებას უნდა დაექვემდებაროს 2022-2024 წლების ერთობლივი შემოსავალი, რადგან შემოწმების შედეგად მიღებული ერთობლივი შემოსავალი, წლების მიხედვით, განსხვავდება წლების მიხედვით დადგენილ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე ფასნამატის (44.34%) გავრცელებით მიღებული ერთობლივი შემოსავლისაგან. მათემატიკურად სწორი გაანგარიშების მისაღებად აუცილებელი იქნება შესაბამისი საანგარიშო პერიოდების რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაზრდა და წლების ჭრილში საბოლოო ნაშთების შემცირება, რათა დაკომპენსირდეს წლების ჭრილში ჩამოსაწერი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაზრდა. დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, ითხოვს 2022-2023 წლებზე ფასნამატის გაზრდის შედეგად გაზრდილი ერთობლივი შემოსავლით გამოწვეული დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხების გაუქმებას. მიუთითებს შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და ითხოვს ინვენტარიზაციის თარიღისთვის დადგენილი ნაშთის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, მოხდეს და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სხვაობა საბუღალტრო ნაშთსა და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ ნაშთს შორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნეს დანაკლისად ინვენტარიზაციის ჩატარების და დანაკლისის აღმოჩენის მომენტში. საყურადღებოა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაცია, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ნოემბრის №25155 ბრძანების საფუძველზე, 2025 წლის 17 ნოემბერს გადასახადის გადამხდელს ჩაუტარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, სადაც ფაქტიური ნაშთი აღწერილ იქნა 587 999 (საბაზრო ფასით) ლარის ოდენობით, აღნიშნულის შემდგომ, შემოწმებით 2025 წლის 17 ნოემბრის (შესამოწმებელი პერიოდის ბოლო) ფაქტიურად აღწერილ ნაშთს დააკლდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან ინვენტარიზაციამდე შეძენილი საქონლის თვითღირებულება და დაემატა ამავე პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რის შედეგადაც 2025 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთმა შეადგინა 333 565 ლარი დღგ-ის გარეშე, რეალიზებული პროდუქციის ღირებულება გამოითვალა შემდეგნაირად: საწყის ნაშთს დაემატა შეძენა და გამოაკლდა შემოწმებით დადგენილი საბოლოო ნაშთი. გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია, აქედან გამომდინარე დოკუმენტური ფასნამატი ვერ დადგინდა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა მიმდინარე კონტროლის ფასნამატი, რომელიც შემოწმებამ დადგინა კონკრეტულ საქონლის სახეობებზე საქონლის თვითღირებულებების დაკავშირებით. დღგ-ის მიზნებისთვის, ფასნამატის მეთოდით გამოთვლილი შემოსავალი გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა დამატებით რეალიზებულად ჩათვლილი საქონლის თვითღირებულებით, ხოლო გამოქვითვების ნაწილში სხვაობა არ გამოვლენილა. საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელმაც წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიური არგუმენტები. ამასთან აღნიშნა, რომ ინვენტარიზაციის ფასნამატის მთელ საანგარიშო პერიოდზე გადავრცელება არ მიაჩნია სწორად. 2022 წელზე ფიქსირდება დეკლარირებული ფასნამატი 25%, მაგრამ შემდეგ წლებზე 42%-ია, რაც მცირედით განსხვავდება ინვენტარიზაციის 44%-იანი ფასნამატისაგან და მიაჩნია, რომ 2%-იანი განსხვავება არაარსებითია. ამასთან, მიუთითა საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გარემოებებზე, აღნიშნა, რომ არსებობს არაერთი გადაწყვეტილება და პრაქტიკა შემოსავლების სამსახურის, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებების სახით და მიუთითა მათი გამოყენების შესაძლებლობაზე. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა წარმოადინა დარიცხვის ფაქტობრივ გარემოებებში დაფიქსირებულის ანალოგიური გარემოებები, ამასთან განმარტა, რომ გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი, რადგან მომჩივნის მიერ, საქონლის მოძრაობა არ იყო აღრიცხული ცალკეული ოპერაციების მიხედვით. საქონელი ჩამოწერილია ყოველი თვის ბოლოს და მონაცემები წარდგენილია საქონლის კატეგორიის მიხედვით, ჯამურად. აღნიშნა, რომ დოკუმენტური რეალიზაცია გადასახადის გადამხდელს არ ქონდა და შესაბამისად დოკუმენტური ფასნამატი არ იყო რომ გამოეყენებინა, გამოყენებული იქნა 44%- იანი ფასნამატი, რადგან აუდირებული ფასნამატი ბევრად დიდი იყო (67%) და ამდენად, გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ გადაწყდა 44%-იანი ფასნამატის გამოყენება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქონლის მოძრაობა არ არის აღრიცხული ცალკეული ოპერაციების მიხედვით, საქონელი ჩამოწერილია ყოველი თვის ბოლოს და შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით მართლზომიერია. საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან, სწორედ მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირების საკითხის შესწავლა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება და ფასნამატის ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქონლის მოძრაობა არ არის აღრიცხული ცალკეული ოპერაციების მიხედვით, საქონელი ჩამოწერილია ყოველი თვის ბოლოს და შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
გადამხდელს არ უფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია, აქედან გამომდინარე დოკუმენტური ფასნამატი ვერ დადგინდა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა მიმდინარე კონტროლის ფასნამატი, რომელიც შემოწმებამ დადგინა კონკრეტულ საქონლის სახეობებზე საქონლის თვითღირებულებების დაკავშირებით. დღგ-ის მიზნებისთვის ფასნამატის მეთოდით გამოთვლილი შემოსავალი გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა დამატებით რეალიზებულად ჩათვლილი საქონლის თვითღირებულებით, ხოლო გამოქვითვების ნაწილში სხვაობა არ გამოვლენილა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 73 (5); 102 (1); 105; 72 (1); 145.