ბრძანება N 15196
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15196
28 ივნისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
---------------ის (პასპ/ნ --------------)
(მის.: ------------------------- ქ. №--)
2024 წლის 12 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 21 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 ივნისის №22673/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული --------ის (პასპ/ნ --------) №----/21-10-21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის პირველი თებერვლის №EL240325 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი არ დაეთანხმა სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და განმარტა, რომ სატვირთო ავტომობილს, რომლის საწვავის ავზში აღმოჩენილი არადეკლარირებული საწვავის გამოც დაჯარიმა, ქარხნულად უფიქსირდება 2 საწვავის ავზი, მოცულობით 845 და 590 ლიტრი. აღნიშნულზე მითითებით ითხოვა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის პირველ თებერვალს საბაჟო გამშვები პუნქტი „-------ის“ საბაჟო კონტროლის ზონაში ------ის მხრიდან შემოვიდა -----ის მოქალაქე --------ის (პასპ/ნ --------) მართვის ქვეშ მყოფი ტრანზიტული საქონლით დატვირთული საქართველოში რეგისტრირებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით №-------. აღნიშნული სატვირთო სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა ტრანზიტულად, -----დან ------ის მიმართულებით (D-----).
საბაჟო კონტროლის განხორციელებისას დადგინდა, რომ გარდა ქარხანადამამზადებლის მიერ სტანდარტულად გათვალისწინებული ავზისა სატვირთო სატრანსპორტო საშუალებას (ვინ კოდით ------------) დამატებით დამონტაჟებული ჰქონდა არასტანდარტული მეორე ავზი, რომელშიც განთავსებული იყო დაახლოებით 500 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი.
ვინაიდან, --------ის (პასპ/ნ --------) მხრიდან ადგილი ჰქონდა ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების არასტანდარტული ავზით 500 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „-----ის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის პირველ თებერვალს შედგენილ იქნა №EL240325 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც --------ს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 6 მარტის №4967 ბრძანებით ------ის საჩივარი №-----/21-10-21 არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის №4967 ბრძანება მომჩივანმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების მომჩივნის არგუმენტაციის ნაწილში მითითებულია, რომ მომჩივანს სანქციის დაკისრება მიაჩნია არამართლზომიერად, რადგან ეს სატვირთო ავტომობილი ვინ კოდით -------. ოფიციალურ სისტემაში უფიქსირდება ქარხნულად 2 საწვავის ავზი. საწვავის ავზის მოცულობა 845 + 590 ლ.
მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალიწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები მოითხოვს დამატებით შესწავლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გააუქმა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 6 მარტის №4967 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნა ამავე სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დააკმაყოფილა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“,„დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) პირველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები აზუსტებს:
5. საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების გადაადგილება საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზებული, EX/II, EX/III, FL, AT ან MEMU-ს ტიპის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც განკუთვნილია და დაშვებულია ასეთი ტვირთის გადასატანად.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“, „ლაგოდეხის“ ან „მტკვრის“ გავლით საქართველოში შემომსვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ამ პუნქტის ქვეპუნქტებით დადგენილ შემთხვევებში.
მე-8 პუნქტი კი ადგენს, რომ ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების მიზნებისათვის ტერმინი „სტანდარტული ავზი“ ნიშნავს ავზს, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე და იძლევა შესაძლებლობას საწვავის უწყვეტი მიწოდებისა როგორც გამწევი ძალის შესაქმნელად, ისე ტრანსპორტირებისას საჭიროების შემთხვევაში სამაცივრე ან მსგავსი სისტემის ფუნქციონირებისთვის.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავის ავზი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე და იძლევა საწვავის უწყვეტი მიწოდების შესაძლებლობას გამწევი ძალის შესაქმნელად მისი ფუნქციონირებისთვის. იგი უნდა შეესაბამებოდეს სპეციფიკური ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (ზოგადი მახასიათებლები), რომლებსაც უცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს.
საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული შემოწმებისას დადგინდა, რომ მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაზე (ვინ კოდით ---------) გარდა ქარხანადამამზადებლის მიერ სტანდარტულად გათვალისწინებული ერთი ავზისა, დამატებით დამონტაჟებული იყო არასტანდარტული მეორე ავზი, რომელშიც განთავსებული იყო დაახლოებით 500 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი. რაც ჩაითვალა არადეკლარირებულ საქონლად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) პირველი მუხლის მე-8 პუნქტზე, რომელიც ადგენს ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების მიზნებისათვის ტერმინი „სტანდარტული ავზის“ განმარტებას: „ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების მიზნებისათვის ტერმინი „სტანდარტული ავზი“ ნიშნავს ავზს, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე და იძლევა შესაძლებლობას საწვავის უწყვეტი მიწოდებისა როგორც გამწევი ძალის შესაქმნელად, ისე ტრანსპორტირებისას საჭიროების შემთხვევაში სამაცივრე ან მსგავსი სისტემის ფუნქციონირებისთვის“.
შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული ავზი არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც დამამზადებლის მიერ სტანდარტულად დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე, ასეთ ავზში მოთავსებული საწვავი, მიუხედავად იმისა რა წესით არის დამონტაჟებული სატრანსპორტო საშუალებაზე („ქარხნული წესით“ თუ „კუსტარულად“), არ განიხილება დეკლარირებულ საქონლად და ასეთი ავზით საწვავის შემოტანაზე ვრცელდება საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები.
ამდენად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული ავზით არადეკლარირებული დიზელის ტიპის საწვავის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
რაც შეეხება საჩივარზე თანდართულ ცნობას („-------ის“ 2024 წლის 2 თებერვლის ცნობა №4), აღნიშნულით არ დასტურდება, რომ მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე დამამზადებლის მიერ სტანდარტულად დამონტაჟებულია ორი საწვავის ავზი.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მომჩივანი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე და მისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოქმედი შეზღუდვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. --------ის (პასპ/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი არ დაეთანხმა სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.ითხოვა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო კონტროლის განხორციელებისას დადგინდა, რომ მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების არასტანდარტული ავზით დიზელის ტიპის საწვავის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა №EL240325 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის №4967 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის №4967 ბრძანება მომჩივანმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები მოითხოვს დამატებით შესწავლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გააუქმა შემოსავლების სამსახურის №4967 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნა ამავე სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დააკმაყოფილა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1); 168(4);