გადაწყვეტილება №25635/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.12.2025
№ დოკუმენტი 25635/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25635/2/2025

08 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 11.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25635/2/2025).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 3.06.2025 წლის №007-91 საგადასახდო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის №16550 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 238 159,67 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 137 515,21

დღგ - 94 876,01

საშემოსავლო გადასახადი - 42 639,2

ჯარიმა - 68 757,6

საურავი - 31 886,86

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით. აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს -------, ------- და -------, ------- იჯარით აღებულ ფართში. გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2022 წლის 29 მარტს და იმავე თარიღით გახდა დღგ-ის გადამხდელი.

აუდიტის დეპარტამენტის 23.05.2025 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის, 29.03.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 23.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა ნაკლებია შეძენილი პროდუქციის თვითღირებულებაზე. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 5 407 043 ლარს, ხოლო შეძენილი პროდუქციის თვითღირებულებაა 5 692 655 ლარი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 23 აპრილს ჩატარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურა - სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, ფაქტიურმა ნაშთმა შეადგინა საბაზრო ფასით 572 950 ლარი. ინვენტარიზაციის ფასნამატი შეადგენს 13,5%-ს.

შემოწმების შედეგად, 2025 წლის 23 აპრილის ინვენტარიზაციის ნაშთი შემცირდა 1.01.2025- 23.04.2025 წწ პერიოდში შეძენილი სმფ-ის ღირებულებით და გაიზარდა ამავე პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებით. შედეგად, დადგინდა 1.01.2025 წლის სმფ-ის ნაშთი. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ: გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაყოფილ იქნა კატეგორიებად (22 კატეგორია) სახეობების მიხედვით და ინვენტარიზაციის მონაცემების გამოყენებით განისაზღვრა 2024 წლის ბოლოსათვის არსებული სმფ-ის ნაშთი, შესაბამისად დადგინდა შესამოწმებელ პერიოდზე რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ღირებულება, რომელზეც გავრცელდა დოკუმენტურად დადასტურებული (გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი, საკონტროლო შესყიდვის მიხედვით და ინვენტარიზაციით დადგენილი) საშუალო შეწონილი ფასნამატი კატეგორიების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე გაანგარიშდა დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა 5 934 025 ლარი. შესაბამისად დაკორექტირდა (გაიზარდა) შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. საზოგადოებას დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად (არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად) ნაშთად დარჩენილი თანხა მიჩნეულ იქნა სალაროზე პასუხისმგებელი პირის, საზოგადოების დირექტორის მიერ გატანილად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.06.2025 წლის №007-91 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის №16550 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე და 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით და კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უმეტესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით. გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა ნაკლები იყო შეძენილი პროდუქციის თვითღირებულებაზე. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 23 აპრილს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც ფაქტობრივმა ნაშთმა შეადგინა საბაზრო ფასით 572 950 ლარი, ხოლო ინვენტარიზაციის ფასნამატმა შეადგინა 13,5%. შემოწმებით, 2025 წლის 23 აპრილის ინვენტარიზაციის ნაშთი შემცირდა 2025 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის 23 აპრილამდე პერიოდში შეძენილი სმფ-ების ღირებულებით და გაიზარდა ამავე პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებით. შედეგად, დადგინდა 2025 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით სმფ-ების ნაშთი. გადამხდელის მიერ შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობები დაიყო 22 კატეგორიად სახეობების მიხედვით და ინვენტარიზაციის მონაცემების გამოყენებით, შემოწმების მიერ განისაზღვრა 2024 წლის ბოლოსათვის არსებული სმფ-ების ნაშთი. შესაბამისად, დადგინდა შესამოწმებელ პერიოდზე რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება, რომელზეც გავრცელდა დოკუმენტურად დადასტურებული (გადამხდელის მიერ წარმოდგენილი, საკონტროლო შესყიდვის მიხედვით და ინვენტარიზაციით დადგენილი) საშუალო შეწონილი ფასნამატი კატეგორიების მიხედვით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 49-ე, 101-ე, 154-ე, 105-ე, 72-ე და 43-ე მუხლებზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, შემოწმების მიერ განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, კერძოდ არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ხოლო ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად და ნაშთად დარჩენილი თანხა მიჩნეულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივანს არ წარმოუდგენია მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ, დამატებით მიღებული ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის 96-ე, 97-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის შესწავლილი სრულყოფილად. საგადასახადო შემოწმების აქტს არ ახლავს თან გაანგარიშების ცხრილები, არც გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილი პირისათვის არ იქნა გაცნობილი საგადასახადო შემოწმების წინასწარი შედეგები, რათა საშუალება მისცემოდა საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარმოდგენის.

არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლის გაანგარიშებას და ფასნამატის გავრცელებას. უცნობია, როგორ იქნა დაანგარიშებული აღნიშნული კატეგორიების ფასნამატი, ასევე თავად კატეგორიები დაყოფილი ძირითადად მაღაზიებში ვაჭრობა ხდება თამბაქოს ნაწარმით, რომლის წილი მთლიან შეძენებში დაახლოებით 70-80% ფასნამატი კი თამბაქოს ნაწარმზე 5-6%-ს შეადგენს, ასე რომ შემოწმების მიერ გაანგარიშებული ფასნამატი 13,5% არარეალურია.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ იქნა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია აუდიტის დეპარტამენტის მოთხოვნით, ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანა კი არ მომხდარა, მაშინ როდესაც შემოწმების დაწყებისას შემმოწმებელი აუდიტორებისათვის მიწოდებული ჰქონდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული ნაშთი (ე.წ. მარკეტის პროგრამიდან - სახეობების თვითღირებულების, ბარ/შტრიხ კოდების, რაოდენობის, თვითღირებულების, საბაზრო ფასების მითითებით), აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან უნდა მომხდარიყო ინვენტარიზაციის შედეგის გამოყვანა და გამოვლენილ დანაკლისზე საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად 10% ჯარიმის დაკისრება ნაცვლად საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისა. ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანა და შესრულება არ მოხდა სწორად აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ დანაკლისზე, უნდა დაეკისროს ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად და შეუმცირდეს შემოწმების აქტით აღნიშნულ ნაწილში დარიცხული ძირითადი გადასახადი, ჯარიმა და საურავი. საწარმო თავად მოვახდენთ დანაკლისზე ძირითადი გადასახადის დარიცხვას, როგორც დღგ-ის ასევე მოგების გადასახადში.

ითხოვს შესაბამისი გაანგარიშების ცხრილების მოწოდებას, რომ გადაამოწმოს არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატის და შემოსავლის გამოანგარიშების სისწორე.

აქტს არ ახლავს რაიმე სახის გაანგარიშების ცხრილი, შესაბამისად უცნობია ფულის გაანგარიშების ცხრილში რა იქნა ჩართული შემოსავლებში და რა ხარჯებში. ითხოვს შესაბამისი გაანგარიშების ცხრილების მოწოდებას, რომელთა მოწოდებიდან 5 სამუშაო დღეში წარმოადგენს თავის პოზიციას სრულყოფილად.

არ იქნა გაზიარებული მომჩივნის პოზიცია მტკიცებულება/არგუმენტაცია და არც აუდიტის დეპარტამენტს არ დაევალა გაანგარიშების ცხრილების გადასახადის გადამხდელისათვის მიწოდება და მიღებული გადაწყვეტილება არასამართლიანია და დაუსაბუთებელი.

გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ გამოთხოვილ იქნა გაანგარიშების ცხრილები შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების მიღების შემდგომ წერილობითი ფორმით და გამოთხოვილი ინფორმაცია (გაანგარიშების ცხრილები) მხოლოდ ნაწილობრივ იქნა მოწოდებული აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან. ითხოვს სრულად მოწოდებას გაანგარიშების ცხრილების. კერძოდ, ითხოვს გაანგარიშების ცხრილებს, როგორც ფასნამატის, ასევე საქონლის კატეგორიებად დაყოფის, შემოსავლის გაანგარიშების, დღგ-ის ჩასათვლელი თანხებისა და ფულის მოძრაობის გაანგარიშების ცხრილების მოწოდებას ელექტრონული სახით (ექსელის ფორმატში ფორმულებით). აღნიშნული ინფორმაცია სჭირდება რათა სრულყოფილად უზრუნველყოს დავის პროცესის წარმართვა და წარმოადგინოს მტკიცებულება/არგუმენტაცია სადავო საკითხებთან დაკავშირებით.

შესამოწმებელ პერიოდში არ იქნა გათვალისწინებული სრულად მისაღები ჩასათვლელი დღგ-ის თანხები, რაზეც წარმოდგენილ იქნა დაზუსტებული დღგ-ის დეკლარაციები. საგადასახადო შემოწმების პროცესში დაუკავშირდა იმ დღგ-ის გადამხდელ მომწოდებელ პირებს, რომლებსაც მხოლოდ სასაქონლო ზედნადებები ჰქონდათ გამოწერილი და არ ჰქონდათ შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გადმოგზავნილი. სამწუხაროდ ისე იქნა შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტი, რომ მომწოდებელი პირების მხრიდან ვერ მოესწრო რიგი მიზეზების გამო ანგარიშ-ფაქტურების სრულად გამოწერა.

იქიდან გამომდინარე, რომ გამოსაწერი ანგარიშ-ფაქტურები საგადასახადო შემოწმების პერიოდს მიეკუთვნებოდა და უნდა მომხდარიყო შემოწმების მიერ მათი გათვალისწინება დღგ-ის მისაღებ ჩათვლებში (ვინაიდან ვერ მოესწრო აქტის შედგენამდე მათი გამოწერა მომწოდებლების მხრიდან) ხოლო დღეის მდგომარეობით კი უკვე თითქმის ყველა მომწოდებლის მიერ არის გამოწერილი ანგარიშფაქტურები, აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან უნდა მოხდეს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

განხორციელდა შესაბამისი დღგ-ის დეკლარაციების დაზუსტება 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე 2022 წლის დეკემბრის თვის, 2023 წლის საანგარიშო პერიოდზე 2023 წლის დეკემბრის თვის, 2024 წლის საანგარიშო პერიოდზე 2024 წლის დეკემბრის თვის და 2025 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდზე კი 2025 წლის აპრილის თვის და შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ გაზრდილ იქნა შესაბამისი ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. ვინაიდან დაზუსტებული დეკლარაციები ყვება შესამოწმებელ პერიოდში და მათზე გავრცელებულია შეზღუდვა კერძოდ დეკლარაციის ასახვა უნდა განხორციელდეს აუდიტის დეპარტამენტის თანხმობის შემთხვევაში, ითხოვს, რომ დროულად მოხდეს აღნიშნული დეკლარაციების შესწავლა და ასახვა, შესაბამისად უნდა განხორციელდეს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემაც და შემცირდეს შემოწმების შედეგად აქტით დამატებით დარიცხული თანხები.

მოითხოვს, რომ საჩივრის განხილვა დავის განმხილველ ორგანოში აუცილებლად წარიმართოს გადასახადის გადამხდელის და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება. ამასთანავე ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი გათავისუფლდეს საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული სანქციებისაგან, ასევე დამატებით დარიცხული გადასახადების გადაანგარიშების შემდგომ დამატებით დასარიცხი სანქციებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა ნაკლებია შეძენილი პროდუქციის თვითღირებულებაზე. 2025 წლის 23 აპრილს ჩატარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურა - სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, ფაქტიურმა ნაშთმა შეადგინა საბაზრო ფასით 572 950 ლარი. ინვენტარიზაციის ფასნამატი შეადგენს 13,5%-ს. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაყოფილ იქნა კატეგორიებად (22 კატეგორია) სახეობების მიხედვით და ინვენტარიზაციის მონაცემების გამოყენებით შემოწმების მიერ განისაზღვრა 2024 წლის ბოლოსათვის არსებული სმფ-ის ნაშთი, შესაბამისად დადგინდა შესამოწმებელ პერიოდზე რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება, რომელზეც გავრცელდა დოკუმენტურად დადასტურებული (გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი, საკონტროლო შესყიდვის მიხედვით და ინვენტარიზაციით დადგენილი) საშუალო შეწონილი ფასნამატი კატეგორიების მიხედვით. ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად (არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად) ნაშთად დარჩენილი თანხა მიჩნეულ იქნა სალაროზე პასუხისმგებელი პირის, საზოგადოების დირექტორის მიერ გატანილად.

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლის გაანგარიშებას და ფასნამატის გავრცელებას. ითხოვს შესაბამისი გაანგარიშების ცხრილების მოწოდებას, რომ გადაამოწმოს არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატის და შემოსავლის გამოანგარიშების სისწორე. აქტს არ ახლავს რაიმე სახის გაანგარიშების ცხრილი, შესაბამისად უცნობია ფულის გაანგარიშების ცხრილში რა იქნა ჩართული შემოსავლებში და რა ხარჯებში. გამოთხოვილ იქნა გაანგარიშების ცხრილები შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების მიღების შემდგომ წერილობითი ფორმით და გამოთხოვილი ინფორმაცია (გაანგარიშების ცხრილები) მხოლოდ ნაწილობრივ იქნა მოწოდებული აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან. ითხოვს სრულად მოწოდებას გაანგარიშების ცხრილების. კერძოდ, ითხოვს გაანგარიშების ცხრილებს, როგორც ფასნამატის, ასევე საქონლის კატეგორიებად დაყოფის, შემოსავლის გაანგარიშების, დღგ-ის ჩასათვლელი თანხებისა და ფულის მოძრაობის გაანგარიშების ცხრილების მოწოდებას ელექტრონული სახით (ექსელის ფორმატში ფორმულებით). შესამოწმებელ პერიოდში არ იქნა გათვალისწინებული სრულად მისაღები ჩასათვლელი დღგ-ის თანხები, რაზეც წარმოდგენილ იქნა დაზუსტებული დღგ-ის დეკლარაციები. დღეის მდგომარეობით უკვე თითქმის ყველა მომწოდებლის მიერ არის გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები, აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან უნდა მოხდეს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი გათავისუფლდეს საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული სანქციებისაგან.

მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ ფასნამატის და კატეგორიების მიწოდებული ცხრილები არ იყო სრულყოფილი, ხოლო საგადასახადო დავების შემდეგ მიწოდებული ცხრილების შესწავლით და საკითხის აუდიტორთან ერთად გავლის შემდეგ ირკვევა, რომ კატეგორიები საჭიროებს შეცვლას, ასევე გასათვალისწინებელია გათავისუფლებული ბრუნვები და აღნიშნულით მცირდება დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხა. დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტებთან დაკავშირებით, შემოწმების პროცესში კომუნიკაცია ჰქონდა მომწოდებლებთან, რომ გამოეწერათ ანგარიშფაქტურები. ------- ფილიალში 3 მომწოდებლის მიერ ვერ ხდებოდა გამოწერა, შეცდომით უთითებდნენ დიდუბის ფილიალს, შესაბამის პროგრამაში არ იყო მონიშნული ვაზისუბანი. დაზუსტებული დეკლარაციების ასახვით მცირდება გადასახადი, თუმცა უნდა მოხდეს შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმა-საურავის შემცირებაც.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივნის მიერ ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგენის შემთხვევაში დაექვემდებარება შესწავლას და დაკორექტირდება ფულის ნაშთი. ჩათვლის დოკუმენტები შემოწმების პროცესში არ იქნა წარმოდგენილი, ვინაიდან სავარაუდოდ შეძენები ბრუნვას აღემატებოდა, ხოლო შემოწმების შედეგად ბრუნვის გაზრდის შემდეგ, ითხოვენ წარმოდგენას და გათვალისწინებას.

საქმის გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის №16550 ბრძანება და საჩივარი, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა ნაკლები იყო შეძენილი პროდუქციის თვითღირებულებაზე. შემოწმების მიერ განისაზღვრა 2024 წლის ბოლოსათვის არსებული სმფ-ების ნაშთი. დადგინდა შესამოწმებელ პერიოდზე რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება, რომელზეც გავრცელდა დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი ფასნამატი კატეგორიების მიხედვით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, შემოწმების მიერ განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, კერძოდ არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ხოლო ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად და ნაშთად დარჩენილი თანხა მიჩნეულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივანს არ წარმოუდგენია მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

გადაწყვეტილება

საქმის გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 269(7)