ბრძანება N 20180

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.09.2025
№ დოკუმენტი 20180
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20180

15 სექტემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2025 წლის 29 ივლისის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის 29 ივლისის №97167/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი ივლისის №041-29 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს და აცხადებს, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება. ამასთან, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია რატომ იქნა გამოყენებული აუდირებული ფასნამატი და არ გავრცელდა საცალო რეალიზაციაზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი.

დამატებით მიუთითებს, რომ სხვა მსგავსი საქმიანობის კომპანიების შემოწმებისას აუდიტის დეპარტამენტმა გაავრცელა გაცილებით დაბალი ფასნამატი (26%). ასევე, მომჩივანი არ ეთანხმება არასწორად გაანგარიშებული ვირტუალური ფულის ნაშთის აგროსვას და 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი მაისის №8254 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 15 მარტიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები.

საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის პირველი ივლისის №14378 ბრძანება და ამავე თარიღის №041-29 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს

დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 276 864 ლარი, მათ შორის გადასახადი 671 845 ლარი, ჯარიმა 335 922 ლარი და საურავი 269 097 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ტანსაცმლითა და თეთრეულით ვაჭრობა. შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, კერძოდ, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციები და ელექტრონული დოკუმენტაცია (მიღებული და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საბაჟო დეკლარაციები/დოკუმენტაცია) და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდში ჩინეთიდან იმპორტირებული აქვს 2 422 553 ლარის ღირებულების საქონელი (ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თეთრეული). ასევე, ამავე პერიოდში გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, საქონელი რეალიზებულია ---ს ბაზრობის ტერიტორიაზე და დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს 148 409 ლარს, რომელიც დეკლარირებული ბრუნვის 6%-ია. კომპანიას 2023 წლის აგვისტოდან აღარ უფიქსირდება საქონლის იმპორტი და აღარ აბარებს დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებს.

ამასთან, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს სრულად არ წარმოუდგენია ეკონომიკურ საქიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაიყო რვა კატეგორიად და აღნიშნული კატეგორიების მიხედვით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება.

ასევე, დათვლილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, რომლის მიხედვით განისაზღვრა დოკუმენტური რპთ, ხოლო იმ კატეგორიაზე, რომელზეც არ ფიქსირდებოდა დოკუმენტური ფასნამატი შემოწმებამ გაავრცელა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი.

შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, განისაზღვრა საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ჯამურად 3 839 918 ლარი (საცალო რეალიზაციას+დოკუმენტური რეალიზაცია). მიღებული შემოსავლები განაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ასევე, შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობა, სადაც გათვალისწინებულ იქნა შემოწმებით დადგენილი შემოსავლები 4 531 103 ლარის ოდენობით, რომელსაც ხარჯის ნაწილში გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების ოდენობა ჯამურად 2 868 462 ლარის ოდენობით (იმპორტირებული საქონლის ღირებულება და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები).

ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დებიტორულ-კრედიტორული დავალანებებისა და საქონლის ნაშთები ჩაითვალა ნულის ტოლად და განისაზღვრა ფულის ნაშთი. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენიტის 2025 წლის 28 აპრილის ბრძანების №7720 მიხედვით, 2025 წლის პირველ მაისს განხორციელდა გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა და დადგინდა, რომ გადამხდელს სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. შესაბამისად შემოწმების მიერ განსაზღვრული სხვაობა შემოსავლებსა და ხარჯებს შორის 1 622 641 ლარის ოდენობით, 2023 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის 4 სექტემბერს 15:00 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციებისა და ელექტრონული დოკუმენტაციის (მიღებული და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საბაჟო დეკლარაციები/დოკუმენტაცია) დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2022- 2023 წლების საანგარიშო პერიოდში ჩინეთიდან იმპორტირებული აქვს 2 422 553 ლარის ღირებულების საქონელი, ხოლო ამავე პერიოდში გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, საქონელი რეალიზებულია ---ს ბაზრობის ტერიტორიაზე და დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს 148 409 ლარს, რომელიც დეკლარირებული ბრუნვის 6%-ია. კომპანიას 2023 წლის აგვისტოდან აღარ უფიქსირდება საქონლის იმპორტი და აღარ აბარებს დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებს, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაიყო რვა კატეგორიად და აღნიშნული კატეგორიების მიხედვით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. ასევე, დათვლილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, რომლის მიხედვით განისაზღვრა დოკუმენტური რპთ, ხოლო იმ კატეგორიაზე, რომელზეც არ ფიქსირდებოდა დოკუმენტური ფასნამატი შემოწმებამ გაავრცელა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი. შესაბამისად, მიღებული შემოსავლები განაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად და დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად, დებიტორულ-კრედიტორული დავალანებები და საქონლის ნაშთები ჩაითვალა ნულის ტოლად და განისაზღვრა ფულის ნაშთი. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენიტის 2025 წლის 28 აპრილის ბრძანების №7720 მიხედვით, 2025 წლის პირველ მაისს განხორციელდა გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. შედეგად, შემოწმების მიერ განსაზღვრული სხვაობა შემოსავლებსა და ხარჯებს შორის, 2023 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებული და არქივის მიერ მოწოდებული საბაჟო დეკლარაციები თანხმლები დოკუმენტაციით (საქონლის შეძენის ინვოისები და გადახდის ქვითრები) და დადგინდა, რომ გადამხდელს არ უფიქსირდება საბაჟოს მიერ აფასებული საქონელი. შესაბამისად, შემოწმების მიერ საქონლის თვითღირებულება საინვოისო ღირებულების მიხედვით იქნა დათვლილი. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას მისივე დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის განმარტების თანახმად, დოკუმენტური რეალიზაციის წილი დეკლარირებულ ბრუნვასთან მიმართებაში შეადგენს 6%-ს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია.

ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქციისა და დამატებითი შემოსავლის დადგენა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

ასევე, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს. ასევე, მომჩივანი არ ეთანხმება არასწორად გაანგარიშებული ვირტუალური ფულის ნაშთის აგროსვას და 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციებისა და ელექტრონული დოკუმენტაციის (მიღებული და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საბაჟო დეკლარაციები/დოკუმენტაცია) დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2022- 2023 წლების საანგარიშო პერიოდში ჩინეთიდან იმპორტირებული აქვს 2 422 553 ლარის ღირებულების საქონელი, ხოლო ამავე პერიოდში გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, საქონელი რეალიზებულია ბაზრობის ტერიტორიაზე და დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს 148 409 ლარს, რომელიც დეკლარირებული ბრუნვის 6%-ია. კომპანიას 2023 წლის აგვისტოდან აღარ უფიქსირდება საქონლის იმპორტი და აღარ აბარებს დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებს, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაიყო რვა კატეგორიად და აღნიშნული კატეგორიების მიხედვით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. ასევე, დათვლილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, რომლის მიხედვით განისაზღვრა დოკუმენტური რპთ, ხოლო იმ კატეგორიაზე, რომელზეც არ ფიქსირდებოდა დოკუმენტური ფასნამატი შემოწმებამ გაავრცელა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი. შესაბამისად, მიღებული შემოსავლები განაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად და დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად, დებიტორულ-კრედიტორული დავალანებები და საქონლის ნაშთები ჩაითვალა ნულის ტოლად და განისაზღვრა ფულის ნაშთი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენიტის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. შედეგად, შემოწმების მიერ განსაზღვრული სხვაობა შემოსავლებსა და ხარჯებს შორის, 2023 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია.

ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქციისა და დამატებითი შემოსავლის დადგენა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

ასევე, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4,5,9);101(1);154(1).