გადაწყვეტილება №18677/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.02.2023
№ დოკუმენტი 18677/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრაგადასახადის გადამხდელიდაბეგვრის ობიექტიგანაწილებული მოგებადივიდენდების დაბეგვრა გადახდის წყაროსთანგადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესიდღგ-ით დასაბეგრი პირიდღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებიდაბეგვრის დრო საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასდასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასდღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებასაგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებადღგ-ისათვის გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა

📄 სრული ტექსტი

№18677/2/2023

24.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 16.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18677/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საწესდებო კაპიტალიდან ქონების დამფუძნებლის საკუთრებაში მიღების დროს დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრა;

2. დამფუძნებელზე ნატურალური ფორმით გადახდის/განაცემის იმ ნაწილის დივიდენდად განხილვა, რაც აღემატება კაპიტალში განხორციელებული შენატანის ოდენობას;

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2022 წლის №067-20 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.12.2022 წლის №32993 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 83 970,95 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 44 612

დღგ - 43 141

მოგების გადასახადი - 1 146

საშემოსავლო გადასახადი - 325

ჯარიმა - 12 719,01

საურავი - 26 639,94

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდებში იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2022 წლის №067-20 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.12.2022 წლის №32993 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საწესდებო კაპიტალიდან ქონების დამფუძნებლის საკუთრებაში მიღების დროს დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრა

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანი რეგისტრირებულია 27.12.2016 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობითი რეგისტრაციის თარიღია 8.04.2021 წელი. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია „----------“ (პასპ. №----------, ----------, ----------). საზოგადოების საქმიანობის ძირითადი სფეროს წარმოადგენს ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი მატყლის გადამუშავება (გასუფთავება დანადგარების გამოყენებით) ან/და პირველადი ფორმით რეალიზაცია ექსპორტის პროცედურაში მოქცევის გზით, შესაბამისად, საწარმოს არ აქვს ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციები. კომპანიის პარტნიორის 18.09.2017 წლის შეთანხმების საფუძველზე საწარმოს საწესდებო კაპიტალი გაიზარდა ქონებრივი შენატანით (---------- ში განთავსებული ორი მიწის ნაკვეთი (ს/კ ---------- და ----------) და ერთ-ერთ მათგანზე განთავსებულ შენობა-ნაგებობა). 18.02.2019 წელს კი აღნიშნული შენატანი, შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე დაუბრუნდა დამფუძნებელს (ქონება დარეგისტრირდა დამფუძნებლის ინდივიდუალურ საკუთრებად). შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საწარმოს კაპიტალში შეტანილი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ შეფასების ანგარიში, რომლის თანახმადაც, ---------- საკადასტრო კოდზე არსებული მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის ჯამური საბაზრო ღირებულება 18.02.2019 წლის მდგომარეობით შეადგენს 282 811 ლარს. საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე საწარმოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები არ არის განსაზღვრული და შესაბამისად - დეკლარირებული.

1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 18.02.2019 წლისთვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის, 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-5 ნაწილის და საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება ჩაითვალა ამ აქტივის მიწოდებად და შესაბამისად, დასაბეგრ ოპერაციას, რომლის თანხაც შეადგენს 282 811 ლარს (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით). აღნიშნული ოპერაციით გადამხდელის დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ გადააჭარბა 100 000 ლარს, შესაბამისად, საწარმოს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 18.02.2019 წელი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ 43 141 ლარი და ასევე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 177-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 18.09.2017 წლის შეთანხმების საფუძველზე საწარმოს საწესდებო კაპიტალი გაიზარდა ქონებრივი შენატანით, კერძოდ კაპიტალში შენატანი შეადგენს ---------- ში განთავსებულ ორ მიწის ნაკვეთსა (ს/კ ---------- და ----------) და ერთ-ერთ მათგანზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს. 18.02.2019 წელს კი ზემოაღნიშნული შენატანი შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე დაუბრუნდა დამფუძნებელს (ქონება დარეგისტრირდა დამფუძნებლის ინდივიდუალურ საკუთრებაში).

გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ შეფასების ანგარიშის მიხედვით, ---------- საკადასტრო კოდზე არსებული მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის ჯამური საბაზრო ღირებულება 18.02.2019 წლის მდგომარეობით შეადგენდა 282 811 ლარს, ხოლო საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირება საწარმოს მიერ არ განხორციელებულა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ კაპიტალში შეტანის მომენტისთვის ---------- საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული იყო სხვადასხვა ტიპის შენობა-ნაგებობა, ჯამურად - 647 მ 2 , მათ შორის: საწყობი - 563 მ 2 , დარაჯის ოთახი 16 მ 2 , სასწორის საოპერატორო 14 მ 2 და სასწორი 54 მ 2 . აღნიშნული შენობანაგებობა ისე იყო განთავსებული 5 000 მ 2 ფართზე, რომ შენობის გარდა სხვა ფართი გამოყენებული იყო სასაწყობე ფართში დასატვირთად შემოსული და გასული ავტომანქანების გადასაადგილებლად.

ამასთან, გადამხდელის პოზიცია, რომ ქონების კაპიტალში შეტანა-გამოტანის ოპერაციები გამოწვეული იყო გადამხდელის არ ცოდნით და ოპერაციების ფაქტობრივი შედეგი არ წარმოადგენდა საწარმოს ან/და დამფუძნებლის მიზანს, არ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებათა გამო:

- 29.01.2018 წელს შპს „----------“-ის დამფუძნებელმა მიიღო გადაწყვეტილება სს „----------“-სა და შპს „----------“-ს შორის 27.07.2016 წელს გაფორმებულ გენერალურ საკრედიტო ხაზზე (№---------- - 1 მლნ აშშ დოლარი) შპს „----------“-ის თანამსესხებლად დამატების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა/დაგირავდა შპს „----------“-ის საკუთრებაში არსებული და სამომავლო ნებისმიერი უძრავი/მოძრავი ქონება;

- 18.02.2019 წელს აღნიშნული ქონება უკან დაუბრუნდა საწარმოს დამფუძნებელს და დირექტორს ინდივიდუალურ საკუთრებაში, ხოლო 25.02.2019 წლის შეთანხმებით, შეტანილ იქნა შპს „----------“-ის კაპიტალში, რომელმაც 23.06.2020 წელს 10 წლიანი იჯარით გასცა შპს „----------“-ზე (წლიური ღირებულება - 30 000 ლარი);

- 31.05.2021 წლის იპოთეკის ხელშეკრულების დამატებითი პირობების დანართით მხარეები დამატებით შეთანხმდნენ, რომ 29.01.2018 წელს გაფორმებულ იპოთეკის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და იპოთეკის საგნის პარამეტრები განისაზღვრა ---------- საკადასტრო კოდზე (რაც მიღებულია ---------- და ---------- საკადასტრო კოდების გაერთიანებით) განთავსებული შენობანაგებობებით.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და იმ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ საწარმოს მიერ კაპიტალში შეტანილ ფართზე განთავსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციური დანიშნულების უზრუნველსაყოფად, სრულად გამოიყენებოდა ფართის დარჩენილი ნაწილი, რომელზეც უშუალოდ არ იდგა შენობა-ნაგებობა, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ საწარმოს კაპიტალიდან გატანილი მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის ღირებულების მთლიანად დაბეგვრა დღგ-ით განხორციელდა მართლზომიერად, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების მიერ საწარმოს კაპიტალიდან მისი დამფუძნებლის მიერ მიწისა და შენობების გამოტანა ჩაითვალა შენობა-ნაგებობის მიწოდებად და მთლიანი ღირებულებით (616,47 კვ. მ შენობა-ნაგებობა, 5 000 კვ. მ მიწის მთლიანი ღირებულების ჩათვლით) დაიბეგრა დღგ-ით. 2019 წლის თებერვალში დღგ-ით დაბეგრილია ს/კ ---------- არსებული 5 000 კვ. მ მიწა და მასზე განთავსებული შენობები (ჯამში 616,47 კვ. მ) მთლიანად. აღნიშნულ მომენტში მიწის და შენობა-ნაგებობების ფართების თანაფარდობა იყო 8,11 - 1-ზე. 2020 წლის მდგომარეობით აღნიშნულ 5 000 კვ. მ მიწაზე დამატებით აშენდა იგივე დანიშნულების შენობა (საწყობი) ფართობით 911,6 კვ. მ (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან). აშენების შემდგომ მიწის და შენობა-ნაგებობების ფართების თანაფარდობა გახდა 3,27 – 1-ზე. შემდგომ 5 000 კვადრატულ მიწას შემოუერთდა დამატებით 1 000 კვ მიწა და 6 000 კვადრატ მიწაზე დამატებით აშენდა 1 286 კვ. მ ფართობის იგივე დანიშნულების შენობა (საწყობი) (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან). ახალი შენობის აშენების შემდგომ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწის და შენობანაგებობების ფართების თანაფარდობა გახდა 2,13 – 1-ზე.

ზემოთ აღნიშნული ფაქტიდან და მოცემულობიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 1 კვადრატული მეტრის ფართობის სასაწყობე ფართის სრულფასოვან ფუნქციონირებას სრულებით ჰყოფნის არაუმეტეს 2,13 კვ. მ მიწა, რომელზეც ის არის დამაგრებული. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 1 კვ. მ სასაწყობე ფართის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის სრულებით არ არის საჭირო 8,11 კვ. მ მიწაზე იყოს ის დამაგრებული. მხოლოდ ის ფაქტი, რომ 5 000 კვ. მ მიწას და მიწოდებულ შენობებს ერთი და იგივე საკადასტრო კოდი ჰქონდათ მინიჭებული, არ უნდა ჩაითვალოს საკმარის გარემოებად იმის მისაჩნევად, რომ 616,47 კვ. მ შენობა დამაგრებული იყო 5 000 კვ. მ მიწაზე და ამ 5 000 კვ. მ მიწის მიწოდებას შენობის მიწოდების დამხმარე ხასიათი ჰქონდა, რადგან ამ მიწის გარეშე აღნიშნული შენობა ვერ იფუნქციონირებდა ან, უბრალოდ, რადგან მხოლოდ აღნიშნული შენობისთვის იყოს 5 000 კვ. მ მიწა განკუთვნილი. ეს ასე არ იყო, 5 000 კვ. მ მიწიდან უმეტესობა არ იყო განკუთვნილი 2019 წელს კომპანიის კაპიტალიდან გატანილი შენობების ფუნქციონირებისთვის.

სხვა სიტყვებით რომ ითქვას, 8,11 კვადრატიდან 5,98 კვ. მ მიწას (8,11-2,13 კვ. მ) მიწოდებული შენობისთვის დამხმარე ხასიათი სრულებით არ გააჩნია და დამატებითი ფართის (იმ ფართის, რომელიც არაა საჭირო შენობების ფუნქციონირებისთვის) დღგ-ით დაბეგვრა ამოვარდნილია საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის კონტექსტიდან და აღნიშნული მიზნის მთლიან აზრს და მიზანს არ შეესაბამება.

2019 წელს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქონლის/მომსახურების მიწოდება, რომელიც ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების მიმართ დამხმარე ხასიათისაა, ითვლება ამ საქონლის/მომსახურების ნაწილად. ასევე აღნიშნული მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნულია, რომ მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდებისას ოპერაცია ითვლება შენობა-ნაგებობის მიწოდებად.

სიტყვა მასზე დამაგრებული შემოწმებას გაგებული აქვს როგორც ერთ საკადასტრო კოდში მოქცეული მიწა და შენობა.

საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის გაგება მთლიანად ერთი მთავარი, ერთიანი პრინციპით უნდა მოხდეს: თუ ოპერაცია შერეულია და საქონლის/მომსახურების ერთად მიწოდება ხდება ისე, რომ ისინი ერთმანეთისგან გაუმიჯნავად/შერეულად ქმნიან მთავარ ღირებულებას მყიდველისთვის და ერთი მეორეს მიმართ დამხმარე ხასიათისაა, ასეთი ოპერაცია განხილულ უნდა იქნას, როგორც ერთი ოპერაცია. ანუ, განხილულ უნდა იქნას ოპერაციის მთავარი საგნის (საქონლის ან მომსახურების) მიწოდებად და ამ მიწოდების ნაწილად ჩაითვლება დამხმარე საქონლის/მომსახურების მიწოდებაც.

შერეული ოპერაციის არსი სწორედ ეს არის, როცა ერთი საქონელი/მომსახურება მეორე საქონლის/მომსახურების მიწოდების თანდართული განუყოფელი ნაწილია და მხოლოდ დამხმარე მნიშვნელობით ხასიათდება, ასეთი ოპერაციები ცალ-ცალკე არ უნდა იქნას შეფასებული.

მაგალითად, 500 კვ. მ მიწის და მასზე დამაგრებული 350 კვ. მ შენობის მყიდველის ცალკე 500 კვ. მ მიწის ყიდვა სრულებით არ აინტერესებს და ამ მიწის ყიდვის მთავარი მიზანია, რომ ის შენობა შეიძინოს, რომელიც დამაგრებულია ამ მიწაზე. ეს არის შერეული ოპერაციის რეალური არსი.

მაგრამ თუ მოვიყვანთ ოდნავ განსხვავებულ ქეისს, მაგალითად, თუ 10 000 კვ. მ მიწა და მასზე დამაგრებული 350 კვ. მ შენობა შეიძინა მყიდველმა, სავარაუდოდ ამ 10 000 კვ. მ მიწიდან საკუთრების უფლებისთვის არ შეიძენდა მყიდველი. ეს ქეისი უკვე სცდება შერეული ოპერაციის არსს.

ანუ აქ წყალგამყოფია სიტყვა დამაგრებული, მიწად რომელზეც დამაგრებულია შენობა, უნდა ჩაითვალოს ის ფართი, რომლის მთავარი ფუნქცია არის აღნიშნული შენობის ფუნქციონირების ხელშეწყობა და მხოლოდ ერთი საკადასტრო კოდის არსებობა არ უნდა იყოს გადამწყვეტი ამ საკითხის შეფასებაში.

ზემოთ ახსნილი პრინციპით უნდა გავიგოთ საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-5 ნაწილი, სადაც წერია, რომ მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდებისას ოპერაცია ითვლება შენობა-ნაგებობის მიწოდებად. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ტერმინს მიწაზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა.

შემოსავლების სამსახურში და ზოგადად ფინანსთა სამინისტროს სიტემაში დამკვიდრებულია ზოგადი მიდგომა (საიდანაც, საბედნიეროდ გამონაკლისი გადაწყვეტილებებიც იქნა რამდენჯერმე მიღებული), რომ თუ მიწა და შენობა-ნაგებობა ერთ საკადასტრო კოდში ხვდებიან და შენობის ღირებულება მატერიალურია მიწის ღირებულებასთან მიმართებით, ამ აქტივების მიწოდებისას მთლიანი ღირებულების (მთლიანი მიწის და მთლიანი შენობის) დღგ-ით დაბეგვრა უნდა მოხდეს.

ამ მიდგომის ერთადერთი მიზეზი და განმაპირობებელია მტკიცების ტვირთის საკითხი, ანუ სახელმწიფო თავადვე არ იღებს ტვირთს იმის სამტკიცებლად, რომ ამდენი ოდენობის მიწა არ იყო აუცილებელი ამ კონკრეტული ოდენობის შენობის ფუნქციონირებისთვის, რადგან თავად მეწარმე სუბიექტმა გააერთიანა/დატოვა ეს ორი აქტივი ერთ საკადასტრო კოდში.

მიზეზი გასაგებია, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სხვა გარემოებების წინაშე ვდგავართ:

მომავალი პერიოდების ანალიზიდან დგინდება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე და აღნიშნული ფუნქციონალის მქონე შენობის (საწყობი) სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის საკმარისია ამ შენობის ოდენობაზე 2,13-ზე მეტი ფართობის მიწა.

ანუ, ამ კონკრეტული ქეისის შემთხვევაში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 616,47 კვ. მ შენობა დამაგრებული იყოს 1 314,4 კვ. მ მიწაზე და არა 5 000 კვ. მ მიწაზე მიუხედავად იმისა, რომ საკადასტრო კოდი 5 000 კვ. მ მიწას და ამ შენობებს ერთნაირი ჰქონდათ.

დისკრეციული უფლების გამოყენებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, შინაარსობრივად უნდა შეფასდეს ოპერაცია და მოხდეს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის ინტერპრეტაცია მთლიანი მუხლის კონტექსტიდან გამომდინარე და არა ცალკეული მე-5 ნაწილის სიტყვათა წყობის ზეპირი გაგებით. აღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით უნდა მოხდეს ტერმინის მიწაზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა სწორი ინტერპრეტაცია და მხოლოდ იმ ოდენობის მიწის დაბეგვრა დღგ-ით, რაც აუცილებელი და საკმარისია მიწოდებული შენობა-ნაგებობების სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის.

დღგ-ით უნდა დაიბეგროს მხოლოდ მიწოდებული შენობის და 1 314,4 კვ. მ მიწის ღირებულება, რომელთა ჯამია 159 025,71 ლარი დღგ-ის გარეშე, ნაცვლად 239 670 ლარისა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საწარმოდან ან/და ამხანაგობიდან წილის სანაცვლოდ მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება (ამ შემთხვევაში ქონების გამოტანა ან/და რეგისტრაცია ითვლება ამხანაგობის მიერ ქონების მიწოდებად).

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია მიწის ნაკვეთის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-5 ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდებისას ოპერაცია ითვლება შენობა-ნაგებობის მიწოდებად.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიის პარტნიორის 18.09.2017 წლის შეთანხმების საფუძველზე საწარმოს საწესდებო კაპიტალი გაიზარდა ქონებრივი შენატანით, კერძოდ კაპიტალში შენატანი შეადგენს ---------- ში განთავსებულ ორ მიწის ნაკვეთსა (ს/კ ---------- და ----------) და ერთ-ერთ მათგანზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს. 18.02.2019 წელს კი ზემოაღნიშნული შენატანი, შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე დაუბრუნდა დამფუძნებელს (ქონება დარეგისტრირდა დამფუძნებლის ინდივიდუალური საკუთრებაში). შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საწარმოს კაპიტალში შეტანილი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ შეფასების ანგარიში, რომლის თანახმადაც, ---------- საკადასტრო კოდზე არსებული მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის ჯამური საბაზრო ღირებულება 18.02.2019 წლის მდგომარეობით შეადგენს 282 811 ლარს.

მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ 2020 წლის მდგომარეობით 5 000 კვ. მ მიწაზე დამატებით აშენდა იგივე დანიშნულების შენობა (საწყობი) ფართობით 911,6 კვ. მ. შემდგომ 5 000 კვადრატულ მიწას შემოუერთდა დამატებით 1 000 კვ მიწა და 6 000 კვადრატ მიწაზე დამატებით აშენდა 1 286 კვ. მ ფართობის იგივე დანიშნულების შენობა (საწყობი). დღგ-ით უნდა დაიბეგროს მხოლოდ მიწოდებული შენობის და 1 314,4 კვ. მ მიწის ღირებულება, რომელთა ჯამია 159 025,71 ლარი დღგ-ის გარეშე, ნაცვლად 239 670 ლარისა.

მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე ასევე განმარტა, რომ დაბეგრილი ოპერაციის ფარგლებში მიწოდებულად განხილული ქონების საკადასტრო კოდებით გამიჯვნა მოხდა შემოსავლების სამსახურში დავის დასრულების შემდეგ.

ასევე, 31.01.2023 წლის №16851/01 განცხადებით მომჩივნის მიერ წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის 27.12.2022 წლის №32966 ბრძანება შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 3.10.2022 წლის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავ ქონებებზე ს/კ ---------- და ---------- (მომზადების თარიღი 23.01.2023 წ).

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების/მტკიცებულებების გათვალისწინებით. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის ბრძანება სადავო საკითხის ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

2. დამფუძნებელზე ნატურალური ფორმით გადახდის/განაცემის იმ ნაწილის დივიდენდად განხილვა, რაც აღემატება კაპიტალში განხორციელებული შენატანის ოდენობას

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადამხდელის მიერ საგადასახადო შემოწმებისას წარმოდგენილ იქნა საწარმოს კაპიტალში შეტანილი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ შეფასების ანგარიში, რომლის თანახმადაც, შესაფასებელი ქონების ჯამური საბაზრო ღირებულება 18.09.2017 წლის მდგომარეობით შეადგენს 395 731 ლარს, ხოლო 18.02.2019 წლის მდგომარეობით - 402 227 ლარს. გადამხდელმა წარმოადგინა საწარმოს საწესდებო კაპიტალში ფულადი რესურსებისა და აქტივების მოძრაობის შესახებ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საწარმოს საწესდებო კაპიტალის ნაშთში 1.01.2019 წლის მდგომარეობით ირიცხებოდა მხოლოდ ზემოაღნიშნული ქონება და მისი გატანის მომენტამდე კაპიტალში სხვა ცვლილებებს ადგილი არ ჰქონია. კომპანიის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე საწარმოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები არ არის განსაზღვრული და შესაბამისად - დეკლარირებული.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის, 96-ე, 97-ე, 981 , 130-ე და 154-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, საწარმოს წილის სანაცვლოდ ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემის ის ნაწილი, რომელიც კაპიტალში პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას აღემატება (კაპიტალიდან შენატანის უკან დაბრუნების მომენტისა და კაპიტალში შენატანის განხორციელების მომენტისთვის ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობა) დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით, ხოლო დეკლარაციებში გადასახადის შემცირების შემთხვევებში გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 98-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 18.09.2017 წლის შეთანხმების საფუძველზე საწარმოს საწესდებო კაპიტალი გაიზარდა ქონებრივი შენატანით, კერძოდ კაპიტალში შენატანი შეადგენდა ---------- ში განთავსებულ ორ მიწის ნაკვეთსა (საკადასტრო კოდები: ---------- და ----------) და ერთ-ერთ მათგანზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს. 18.02.2019 წელს კი ზემოაღნიშნული ქონება, შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე, დაუბრუნდა დამფუძნებელს. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ შეფასების ანგარიშის თანახმად, შესაფასებელი ქონების ჯამური საბაზრო ღირებულება 18.09.2017 წლის მდგომარეობით შეადგენდა 395 731 ლარს, ხოლო 18.02.2019 წლის მდგომარეობით - 402 227 ლარს. გადამხდელის მიერ ასევე წარმოდგენილ იქნა საწარმოს საწესდებო კაპიტალში ფულადი რესურსებისა და აქტივების მოძრაობის შესახებ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საწარმოს საწესდებო კაპიტალის ნაშთში 1.01.2019 წლის მდგომარეობით ირიცხებოდა მხოლოდ ზემოაღნიშნული ქონება და მისი გატანის მომენტამდე კაპიტალში სხვა ცვლილებებს ადგილი არ ჰქონია.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ კაპიტალიდან შენატანის უკან დაბრუნების მომენტისა და კაპიტალში შენატანის განხორციელების მომენტისათვის ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად, ამდენად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ერთი და იგივე ქონების კაპიტალიდან გატანის მომენტში ქონების ღირებულებასა და შეტანის მომენტში ამავე ქონების ღირებულებას შორის სხვაობის გაცემულ დივიდენდად განხილვა მოდა მაშინ, როდესაც ფასის ზრდა ბუნებრივად მოხდა და არ იყო გამოწვეული საწარმოს რაიმე ქმედებით (მაგალითად, ქონების რემონტი, მარკეტინგული ხარჯები და ა.შ, რაც ღირებულებას გაზრდიდა).

ერთი და იმავე დამფუძნებელმა შეიტანა და გამოიტანა ერთი და იგივე აქტივი კაპიტალიდან ისე, რომ აქტივის კომპანიის კაპიტალში ყოფნისას არანაირი განახლება, რემონტი, ღირებულების ჩარევითი გაზრდა არ მომხდარა. კომპანიას არ გაუწევია არანაირი ხარჯი, არ შეუსრულებია არანაირი გამიზნული ქმედება, რომელიც გამოიწვევდა ამ აქტივის ღირებულების ზრდას, რომლითაც შემდგომ სარგებელს მიიღებდა ფიზიკური პირი - დამფუძნებელი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საწარმოს არ შეუქმნია სარგებელი დამფუძნებლისთვის მის მიერ გამიზნული ქმედებით და ამისთვის არ გაუწევია არანაირი ხარჯი არც პირდაპირ, არც არაპირდაპირ, რომლითაც ისარგებლა დამფუძნებელმა.

ეს არის შემთხვევით მიღებული, არარეალიზებული სარგებელი, რომელსაც დამფუძნებელი ფიზიკური პირი მაშინაც მიიღებდა, აქტივს 2017 წელს კაპიტალშიც თუ არ შეიტანდა და არანაირ კავშირშია ეს სარგებელი საწარმოში კაპიტალში შეტანასთან/საწარმოს რაიმე ქმედებასთან. ასეთ შემთხვევაშიც კი ფიზიკური პირისთვის არ წარმოიქმნებოდა არანაირი დასაბეგრი შემოსავალი.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად დივიდენდს არ მიეკუთვნება იურიდიული პირის ლიკვიდაციისას აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა (განაცემი), რომელიც არ აღემატება კაპიტალში (საწესდებოსა და საემისიოში) აქციონერის/მოწილის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობის ფარგლებს.

შენატანის ოდენობა უნდა იქნეს გაგებული, როგორც შეტანილი აქტივების რაოდენობა და არა მათი ღირებულება, გარდა იმ შემთხვევისა თუ ღირებულება გაიზარდა რაიმე სხვა აქტივების დამატებით/განახლებით (რემონტით, რეკონსტრუქციით, რისთვისაც საწარმოს რესურსები დაიხარჯა). სხვა შემთხვევაში ეწერებოდა შენატანის ღირებულება და არა ოდენობა.

თუ ოპერაციის ერთმა მხარემ მიიღო სარგებელი, ოპერაციას ხომ მეორე მხარეც აქვს, შესაბამისად, მეორე მხარისგან უნდა გასულიყო ამ სარგებლის საპირწონე რესურსი. მოცემულ შემთხვევაში კი კომპანიიდან არანაირი დამატებითი რესურსის გასვლა არ მომხდარა, რაც გამოიწვევდა აქტივის ღირებულების ზრდას. აქტივების ღირებულება ბუნებრივად რომ შემცირებულიყო მაშინ ფიზიკურ პირ დამფუძნებელს ზარალი უნდა ეღიარებინა?

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

ამავე კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს კაპიტალში შეტანილი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ შეფასების ანგარიშის მიხედვით, შესაფასებელი ქონების ჯამური საბაზრო ღირებულება 18.09.2017 წლის მდგომარეობით შეადგენს 395 731 ლარს, ხოლო 18.02.2019 წლის მდგომარეობით - 402 227 ლარს. საწარმოს საწესდებო კაპიტალში ფულადი რესურსებისა და აქტივების მოძრაობის შესახებ ინფორმაციის მიხედვით საწარმოს საწესდებო კაპიტალის ნაშთში 1.01.2019 წლის მდგომარეობით ირიცხებოდა მხოლოდ ზემოაღნიშნული ქონება და მისი გატანის მომენტამდე კაპიტალში სხვა ცვლილებებს ადგილი არ ჰქონია.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან საწარმოს წილის სანაცვლოდ ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი აღემატება კაპიტალში პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას, სხვაობის დივიდენდად მიჩნევა მართლზომიერია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით 11 983,52 ლარი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 735,5 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2022 წლის №067-20 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 26 639,94 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ფიზიკურმა პირმა შეიტანა აქტივი კომპანიის კაპიტალში და იგივე აქტივი გარკვეული დროის შემდეგ თავადვე გამოიტანა აქტივების ყოველგვარი ცვლილების გარეშე და მანვე შეიტანა მის დაფუძნებულ სხვა კომპანიაში.

ამ ოპერაციით ფიზიკურმა პირმა დამფუძნებელმა დაუშვა შეცდომა და დაიზარალა საკუთარი თავი, რადგან კომპანიიდან პირდაპირ რომ მიეყიდა მეორე დაფუძნებული კომპანიისთვის აღნიშნული აქტივები, კომპანია დაბეგრავდა ხოლო მეორე კომპანია ჩაითვლიდა ამ დღგ-ს და რეალური ფისკალური შედეგი კომპანიებისთვის იქნებოდა 0.

ამ შემთხვევაში კომპანიის მიერ დაშვებული შეცდომით კომპანიამ ბიუჯეტს კი არ მიაყენა ზარალი, არამედ პირიქით, ზარალია მიაყენა საკუთარ თავს ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ამიტომ, გათვალისწინებული უნდა იყოს აღნიშნული მსჯელობა და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მინიჭებული უფლებით კომპანია გათავისუფლდეს დაკისრებული გადასახადებისგან, რომელიც გამოწვეულია იმ ოპერაციიდან, რომლის განხორციელებით სახელმწიფოს არ უზარალია, არამედ - პირიქით. რადგან კომპანიამ დაუშვა შეცდომა, არცოდნით შეასრულა ოპერაციები და ამ შეცდომით ბიუჯეტმა კი არ იზარალა, პირიქით - მოიგო და საწარმომ იზარალა, ამიტომ ჯარიმა და საურავი მაინც უნდა ეპატიოს კომპანიას.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოსთვის მინიჭებული უფლებამოსილება, კეთილსინდისიერების საფუძველზე გაათავისუფლოს კომპანია დაკისრებული სანქციისგან, წარმოადგენს დისკრეციულ ნორმას და შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი შეფასებით უნდა მოახდინოს მისი გამოყენება. თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, მხედველობაში მიიღოს მთელი რიგი გარემოებები სანქციის დაკისრებისას.

დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი რეგულირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით, რომლის მიხედვითაც:

- თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მას მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განმარტებასთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას http://www.supremecourt.ge/news/id/262, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, გაითვალისწინოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესი სახდელის დაკისრებისას, მხედველობაში მიიღოს მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, სამართალდარღვევის სიმძიმე, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადეკვატურობას.

მოცემული შემთხვევა აკმაყოფილებს ორივე ზემოთ აღნიშნულ პირობას და არანაირად არ წარმოადგენს გადასახადისგან თავის არიდების ან დამალვის მცდელობას. კომპანია არის კეთილსინდისიერი გადამხდელი და ერთადერთი მიზეზი, როს გამოც საგადასახადო ორგანოს და კომპანიას შეიძლება ჰქონოდა განსხვავებული პოზიცია გადასახადისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, არის მრავალმხრივად ინტერპრეტირებადი კანონმდებლობა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საწესდებო კაპიტალიდან ქონების დამფუძნებლის საკუთრებაში მიღების დროს დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის საკითხის ნაწილში გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 27.12.2022 წლის №32993 ბრძანება და საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.