ბრძანება N 17466
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17466
31 ივლისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ----) 2026 წლის პირველი ივლისის
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 ივლისის სხდომაზე (ოქმი №63) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2026 წლის პირველი ივლისის №103195/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 25 ივნისის №031-7 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გაანგარიშებული განკარგვადი თანხის ოდენობას და აღნიშნული ნაშთის ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი იქნა ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებები, რომლებშიც დაფიქსირებულია მანქანის მარკა, მოდელი, წლოვანება, გამყიდველისმყიდველის სრული რეკვიზიტები, დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი და ა.შ, ასევე გარიგების საგნის სრული ღირებულება. აღნიშნული დოკუმენტი გაფორმებულია და დამოწმებულია შსს მომსახურების სააგენტოს მიერ, თუმცა გაუგებარია რატომ ვერ შეძლო აუდიტის დეპარტამენტმა აღნიშნული ოპერაციების გაშიფვრა. ასევე, უცნობია მოხდა თუ არა ამ დოკუმენტებში დაფიქსირებული საქართველოს მოქალაქეების შერჩევით გამოკითხვა და რა შედეგი დადგა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს გათვალისწინებულ იქნას წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც სრულყოფილ ინფორმაციას შეიცავს, ხოლო იმ მანქანებზე, რომლებზეც ვერ ხერხდება სრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენა, გავრცელდეს მსგავს მანქანებზე დოკუმენტურად დადასტურებული მოგების საშუალო მარჟა და არაპირდაპირ იქნას გაანგარიშებული შემოსავალი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 თებერვლის №4094 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 თებერვლის №4094 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 23 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 25 ივნისის №031-7 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელმა წარმოადგინა სადავო საკითხთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვერ ხდება განხორციელებული ოპერაციების სრულად გაშიფვრა, რადგან წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას და არ იძლევა აღნიშნულის შესაძლებლობას, ასევე მნიშვნელოვნად განსხვავდება აუდიტის დეპარტამენტის მსგავსი ოპერაციების შესწავლა-ანალიზის შედეგად მიღებულ მონაცემებთან. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად:
1. საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.
2. მომსახურების გაწევად განიხილება პირის მიერ სხვა პირისთვის მისივე ნებით, კომპენსაციის სანაცვლოდ ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება საშუამავლო საქმიანობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში და ზეპირი მოსმენის დროს გაკეთებული ახსნა-განმარტებით მიუთითებს, რომ გარკვეულ მანქანებზე ვერ ხერხდება სრულყოფილი ინფორმაციის მოძიება, არსებობს ერთობლივი განცხადებები, სადაც არ ფიქსირება მანქანის ფასი და ვინაიდან, მყიდველები უცხოეთის მოქალაქეები არიან, მათი მოძიება და ნოტარიულად/აპოსტილით დამოწმებული ახსნა-განმარტებების წარმოდგენა უზარმაზარ დროის და ფულადი სახსრების რესურსს მოითხოვს. აქედან გამომდინარე, სამართლიანია აღნიშნულ ავტომობილებზე გავრცელდეს დოკუმენტურად დადასტურებული მოგების მარჟა (ღირებულების, წლოვანების და მარკის გათვალისწინებით).
განმარტავს, რომ ვინაიდან, ქართულმა ბანკებმა კომპანიას შეუზღუდა საბანკო ანგარიშებზე წვდომა, არარეზიდენტ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ხდება მათ მიერ მოძიებული და გამყიდველთან წინასწარ შეთანხმებულ ავტომობილებზე მათ მიერ შეთანხმებულ თანხაზე შესყიდვის დოკუმენტების გაფორმება და რეექსპორტის რეჟიმში მოქცევა.
ავტომანქანის მფლობელებთან (იურიდიული/ფიზიკური პირები) ფასის შეთანხმება ხდება პირდაპირ მყიდველების მიერ, რაც დაფიქსირებულია ავტომობილის ყიდვის დოკუმენტში, ხოლო რეექსპორტის ხელშეკრულებაში აღნიშნულ თანხაზე ხდება მხოლოდ მომსახურების ღირებულების დამატება და ეს თანხა აისახება რეექსპორტის დოკუმენტში. გამყიდველებთან ანგარიშსწორებას ახდენს საბოლოო მყიდველი, ხოლო კომპანია იღებს მხოლოდ მომსახურების თანხას. ამ გარემოებას ადასტურებს ისიც, რომ რეექსპორტის რეჟიმში აღნიშნულ პირებთან ურთიერთობას არ აქვს ერჯერადი სახე.
სავარაუდოდ აღნიშნული პირები წარმოადგენენ ავტომობილების გადამყიდველებს და ამ ავტომობილების საბოლოო მომხმარებლამდე მიწოდება ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. შინაარსობრივად საქმიანობა წარმოადგენს ავტომობილების რეექსპორტის რეჟიმში მოქცევის მომსახურებას და ის არ უნდა შეუდარდეს იმ კომპანიების მოგებას, რომლთა საქმიანობას წარმოადგენს მეორადი ავტომობილების შეძენა, გარემონტება და რეალიზაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს გათვალისწინებულ იქნას წარდგენილი მტკიცებულებები, ხოლო იმ მანქანებზე, რომლებზეც ვერ ხერხდება სრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენა, გავრცელდეს მსგავს მანქანებზე დოკუმენტურად დადასტურებული მოგების საშუალო მარჟა და არაპირდაპირ იქნას შემოსავლები გაანგარიშებული.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადამზიდი კომპანიებისგან/ფიზიკური პირებისგან გამოითხოვოს სათანადო ინფორმაცია და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სადაც დადასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ საშუამავლო მომსახურების გაწევის ფაქტი, კომპანიის შემოსავლები აღნიშნულ ნაწილში განსაზღვროს საშუამავლო მომსახურების ღირებულების საბაზრო ფასით და განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადამზიდი კომპანიებისგან/ფიზიკური პირებისგან გამოითხოვოს სათანადო ინფორმაცია და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სადაც დადასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ საშუამავლო მომსახურების გაწევის ფაქტი, კომპანიის შემოსავლები აღნიშნულ ნაწილში განსაზღვროს საშუამავლო მომსახურების ღირებულების საბაზრო ფასით და განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გაანგარიშებული განკარგვადი თანხის ოდენობას და აღნიშნული ნაშთის ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელმა წარმოადგინა სადავო საკითხთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვერ ხდება განხორციელებული ოპერაციების სრულად გაშიფვრა, რადგან წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას და არ იძლევა აღნიშნულის შესაძლებლობას, ასევე მნიშვნელოვნად განსხვავდება აუდიტის დეპარტამენტის მსგავსი ოპერაციების შესწავლა-ანალიზის შედეგად მიღებულ მონაცემებთან. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადამზიდი კომპანიებისგან/ფიზიკური პირებისგან გამოითხოვოს სათანადო ინფორმაცია და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სადაც დადასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ საშუამავლო მომსახურების გაწევის ფაქტი, კომპანიის შემოსავლები აღნიშნულ ნაწილში განსაზღვროს საშუამავლო მომსახურების ღირებულების საბაზრო ფასით და განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 16 (1,2); 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1,2).