გადაწყვეტილება №19183/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 30.03.2023
№ დოკუმენტი 19183/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19183/2/2023

30.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 22.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19183/2/2023).

 

დავის საგანი:

საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტებში არასწორი მონაცემების არსებობისას იმპორტის გადასახდელების შემცირებისთვის დაკისრებული ჯარიმა და დარიცხული იმპორტის გადასახდელი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 26.12.2022 წლის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების №ა242-21-10 აქტი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №32849 გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ ბრძანება;

3. საბაჟო დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-634 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 7.03.2023 წლის №4373 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 18 668,6 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 9 334,3

დღგ - 1 424,74

იმპორტის გადასახადი - 7 909,56

ჯარიმა - 9 334,3

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანმა №---------- საბაჟო დეკლარაციით შვეიცარიიდან შემოიტანა სეს ესნ-ის 1806 90 900 00 და 1905 90 550 00 სასაქონლო ჯგუფის - 728,78 კგ (ბრუტო) საქონელი (შოკოლადის ნაწარმი და ექსტრუდირებული პროდუქტები), რომელიც შეძენილია შვეიცარიული კომპანია „----------“-საგან №---------- ინვოისის საფუძველზე, EXW Enney-ის პირობით და ჯამური ღირებულებით - 21 416,74 შვეიცარიული ფრანკი. დეკლარირებული საქონლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა - 70 239,05 ლარი, იმპორტის გადასახდელის (დღგ) ოდენობამ - 12 642 ლარი.

გადამხდელის მიერ საგადასახადო შეღავათის გამოყენების სისწორის დადგენის მიზნით, შვეიცარიაში გადამოწმებული იქნა საბაჟო პროცედურაში მოქცევისას წარდგენილი საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი - EUR.1 - № ----------.

შვეიცარიიდან მიღებული პასუხიდან (№----------) გაირკვა, რომ საკითხის შესწავლისას ზუსტად ვერ დადგინდა სერტიფიკატით მოცული და ინვოისის პოზიციაზე გაცხადებული ერთი დასახელების პროდუქტის („----------“) შვეიცარიული წარმოშობა, ამდენად პროდუქტი ჩაითვალა მესამე ქვეყანაში წარმოშობილად. შესაბამისად, ხსენებული პროდუქტი დაექვემდებარა დაბეგვრას იმპორტის გადასახადით, თუმცა მასთან ერთად სერტიფიკატში შეწყვილებულად იყო წარმოდგენილი შვეიცარიაში წარმოშობილი, სეს ესნ-ის 1806 90 900 00 ჯგუფში იდენტიფიცირებული შოკოლადის სხვა ნაწარმი, ღირებულებით - 2 295,28 შვეიცარიული ფრანკი და 1905 90 550 00 ჯგუფში მოქცეული ექსტრუდირებული პროდუქცია ღირებულებით - 19 081,56 შვეიცარიული ფრანკი.

აღნიშნული მიზეზით, EUR.1-მა შეიძინა არასწორად გაცემული სერტიფიკატის სტატუსი და დაკარგა აუთენტურობა. შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის №32646 (23.12.22) ბრძანებით №---------- საბაჟო დეკლარაციაზე დაინიშნა საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება, ხოლო 26.12.2022 წელს შედგა საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტი №ა242-21-10 და გამოიცა ბრძანება №32849, მომჩივნის მიმართ გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად დაეკისრა იმპორტის გადასახადი - 7 909,56 ლარი და დღგ - 1 424,74 ლარი, ასევე სანქცია ჯარიმის სახით - 9 334,3 ლარი, საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამავე დღეს გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა №006-634.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.03.2023 წლის №4373 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილზე, მე-13 მუხლზე „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე, 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტზე, 30-ე მუხლის მე-2, მე-9 და მე-10 ნაწილებზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველზე, 167- ე მუხლის პირველი ნაწილზე, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დასტურდება მომჩივნის მიერ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტი, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა და საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით საგადასახადო მოთხოვნის წარდგენა (იმპორტის გადასახდელის დარიცხვა) მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საბაჟო კანონმდებლობით, კამერალური შემოწმება ჩატარდა ობიექტიდან გამოთხოვილი და საბაჟოზე არსებული დოკუმენტების საფუძველზე.

დოკუმენტები, რომითაც მოხდა განბაჟება საქონლის წარმომავლობის სერთიფიკატშიც და EUR 1- შიც ორივე დოკუმენტში ნათლად იკითხება, რომ ყველა პროდუქცია, რომელის არის იმპორტის თანმხლები ინვოისით არის შვეიცარიული წარმოშობის. ორივე მათგანი დამოწმებულია ბეჭდით და ხელმოწერით. საბაჟო გამშვებ პუნქტზე მომწოდებელმა კომპანიამ (შვეიცარია) რა დოკუმენტიც გამოაგზავნა, მის საფუძველზე მოხდა საქონლის იმპორტი და დეკლარირება. ასვე გადამოწმდა შპს „----------“-ს წარმომადგენელთან, რომლებიც ემსახურებიან საბაჟოსთან დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის პროცედურებში. მათმაც დაუდასტურეს (დანართი 6), რომ ორივე დოკუმენტი არის სრულად და გასაგებად შევსებული შესაბამისი რეკვიზიტებით და არანაირი ეჭვის საფუძველი არ არსებობს. შემოწმების დასტურად EUR 1-ის ქსეროასლზე ნათლად ჩანს მებაჟის მიერ გაკეთებული მონიშვნები შესაბამის ველებზე (დანართი 6 - იმპორტის დოკუმენტები). ფაქტია, რომ 2019 წლის ოქტომბრის პერიოდისთვის შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე საბაჟო ორგანოს გატარებული აქვს დეკლარაცია თანმხლები დოკუმენტებით, არანაირი პრეტენზია არ ჰქონიათ და იმპორტის გადასახდელებზე გავრცელებული აქვთ შეღავათი.

წინა დავაზე მიუთითეს რომ ელოდება კიდევ მომწოდებელი კომპანიისგან დამატებითი პირველადი დოკუმენტების წარმოდგენას, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს დეკლარირების სამართლიანობას, ერთი ნაწილი მოწოდებულია კიდეც და ერთვის საჩივარს (დანართი 7).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომპანიაზე იმპორტის, დღგ-ის და შესაბამისი ჯარიმის თანხების დარიცხვა არ არის სამართლიანი.

ოპერატიულად, დროულად ადეკლარირებს და იხდის ყველა გადასახადს, ითხოვს აღნიშნული გარემოების გათვალისწინებას და დარიცხული სანქციების მოხსნას.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა („----------“) დაკავშირებით განმარტა, რომ იგი გახლავთ შვეიცარული წარმოშობის, წარმოდგენილი აქვს დამატებით დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს რომ აღნიშნული არის შვეიცარული წარმოშობის.

ამასთან საბჭოს სხდომაზე საჩივრის განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა მოითხოვა საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე ჯარიმისგან გათავისუფლება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი.

ამავე კოდექსის 36-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით, თუ საბაჟო დეკლარაციაში მითითებულია ინფორმაცია საქონლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ, საბაჟო ორგანომ შეიძლება დეკლარანტს მოსთხოვოს საქონლის წარმოშობის დადასტურება. თუ საქონლის წარმოშობის დადასტურება საქართველოს კანონმდებლობით მოითხოვება, გონივრული ეჭვის არსებობისას საბაჟო ორგანომ შეიძლება მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებები იმაში დასარწმუნებლად, რომ საქონლის წარმოშობის შესახებ ინფორმაცია საქონლის წარმოშობის განსაზღვრის შესაბამისი წესების მიხედვით არის მითითებული.

საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან საგადასახადო შეღავათის გამოყენების სისწორის დადგენის მიზნით, შვეიცარიიდან იმპორტირებული საქონლის წარმოშობა (წარმოშობის სერტიფიკატი - EUR.1 - № ----------) გადამოწმდა ექსპორტიორ ქვეყანაში.

საპასუხო წერილიდან გაირკვა, რომ ზუსტად ვერ დადგინდა აღნიშნული სერტიფიკატით მოცული - 39.90 შვეიცარიულ ფრანკად შეფასებული ერთი დასახელების პროდუქტის („----------“) შვეიცარიული წარმოშობა, ამდენად პროდუქტი ჩაითვალა მესამე ქვეყანაში წარმოშობილად. შედეგად, EUR.1-მა შეიძინა არასწორად გაცემული სერტიფიკატის სტატუსი და დაკარგა აუთენტურობა.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა „----------“-თან დაკავშირებით განმარტა, რომ იგი გახლავთ შვეიცარული წარმოშობის, წარმოდგენილი აქვს დამატებით დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს რომ აღნიშნული არის შვეიცარული წარმოშობის.

საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტი არის ფაქტობრივად დაინტერესებული პირის წერილი რომელიც ადასტურებს მის საქონლის შვეიცარულ წარმოშობას, თუმცა კომპეტენტური სამსახური რომელმაც გადაუგზავნა გადამოწმების შედეგად წარმოშობის სერთიფიკატი, აღნიშნულ სერთიფიკატში წერს, რომ ჩამონათვალში ერთი პოზიცია არ აკმაყოფილებს შვეიცარულ წარმოშობას, აქედან გამომდინარე სერტიფიკატის უკანა მხარეზე მონიშნულია უარყოფის გრაფა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიმართ დამატებით გადასახდელად დარიცხული იმპორტის გადასახდელები და საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის დაკისრება მართლზომიერია.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა არგუმენტაციაზე და სადავო შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო არ ცოდნით და შესაბამისად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს ამავე კოდექსის 167-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტებში არასწორი მონაცემების არსებობისას იმპორტის გადასახდელების შემცირებისთვის დაკისრებული ჯარიმა და დარიცხული იმპორტის გადასახდელი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

მომჩივანმა საბაჟო დეკლარაციით შვეიცარიიდან შემოიტანა საქონელი (შოკოლადის ნაწარმი და ექსტრუდირებული პროდუქტები), რომელიც შეძენილია შვეიცარიული კომპანიისაგან გადამხდელის მიერ საგადასახადო შეღავათის გამოყენების სისწორის დადგენის მიზნით, შვეიცარიაში გადამოწმებული იქნა საბაჟო პროცედურაში მოქცევისას წარდგენილი საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი - EUR.1.

დოკუმენტები, რომითაც მოხდა განბაჟება საქონლის წარმომავლობის სერთიფიკატშიც და EUR 1- შიც ორივე დოკუმენტში ნათლად იკითხება, რომ ყველა პროდუქცია, რომელის არის იმპორტის თანმხლები ინვოისით არის შვეიცარიული წარმოშობის. ორივე მათგანი დამოწმებულია ბეჭდით და ხელმოწერით. საბაჟო გამშვებ პუნქტზე მომწოდებელმა კომპანიამ (შვეიცარია) რა დოკუმენტიც გამოაგზავნა, მის საფუძველზე მოხდა საქონლის იმპორტი და დეკლარირება. ორივე დოკუმენტი არის სრულად და გასაგებად შევსებული შესაბამისი რეკვიზიტებით და არანაირი ეჭვის საფუძველი არ არსებობს. შემოწმების დასტურად EUR 1-ის ქსეროასლზე ნათლად ჩანს მებაჟის მიერ გაკეთებული მონიშვნები შესაბამის ველებზე (დანართი 6 - იმპორტის დოკუმენტები). ფაქტია, რომ 2019 წლის ოქტომბრის პერიოდისთვის შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე საბაჟო ორგანოს გატარებული აქვს დეკლარაცია თანმხლები დოკუმენტებით, არანაირი პრეტენზია არ ჰქონიათ და იმპორტის გადასახდელებზე გავრცელებული აქვთ შეღავათი.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის მიმართ დამატებით გადასახდელად დარიცხული იმპორტის გადასახდელები და საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის დაკისრება მართლზომიერია. საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა არგუმენტაციაზე და სადავო შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო არ ცოდნით და შესაბამისად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს ამავე კოდექსის 167-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან.

 

დასაბუთება

 

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(11); 167.