ბრძანება N 25974

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.11.2026
№ დოკუმენტი 25974
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25974

11 ნოემბერი 2026

ბრძანება

შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)

(ფაქტ. მის: „-------“)

2026 წლის 20 და 29 აპრილის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 28 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №97) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 19 ოქტომბრის №27984/2/2026 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) 2026 წლის 20 აპრილის №CA00412606936340 (რეგ. №63677/21) და 29 აპრილის № CA00412606936441/04 (რეგ. №70314/21) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 26 მარტის №225-4 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 5 მარტის №4914 ბრძანების აღსრულების შედეგები.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 5 მარტის №4914 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „------“-ის (ს/ნ „------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კაპიტალთან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სადანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელებს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 5 მარტის №4914 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 24 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 26 მარტის №225-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2026 წლის 29 მაისის №11747 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი, ვინაიდან სახეზე იყო საჩივრების განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301- ე მუხლის ,,გ” და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები.

საჩივარი წარმოდგენილი იყო, ფ/პ „------“-ის (პ/ნ „------“) მიერ, რომელსაც საჩივარში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით 2026 წლის 22 აპრილის №„------“ წერილით მიეცა რეკომენდაცია ამ წერილის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საჩივარი შესაბამისობაში მოეყვანა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლით და „მეწარმეთა შესახებ“ საქართვლოს კანონის 254-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. 2026 წლის 29 აპრილს ფ/პ „------“-მ (პ/ნ „------“) წარმოადგინა №„------“ (რეგ. №„------“) განცხადება, რომელსაც დაურთო შპს „------ - ის“ (ს/ნ „------“) მიერ გაცემული მინდობილობა და აღნიშნული განცხადებით მოითხოვა შპს „------ -ის“ (ს/ნ „------“) მიმართ გამოცემული 2026 წლის 26 მარტის №225-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით დგინდება, რომ შპს „-------“ (ს/ნ „------“) რეგისტრაცია შეჩერებული აქვს „მეწარმეთა შესახებ“ საქართვლოს კანონის 254-ე მუხლის საფუძველზე, რაც მათ შორის გულისხმობს საწარმოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის/პირების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას.

აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 19 ოქტომბრის №27984/2/2026 გადაწყვეტილებით, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 29 მაისის №11747 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 19 ოქტომბრის №27984/2/2026 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„დადგენილია და სადავო არ არის, რომ შემოსავლების სამსახურისთვის საჩივრით მიმართვის და ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარდგენილი განცხადების თარიღისათვის კომპანიის რეგისტრაცია შეჩერებული იყო „მეწარმეთა შესახებ“ საქართვლოს კანონის 254-ე მუხლის საფუძველზე, რაც მათ შორის გულისხმობს საწარმოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის/პირების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას.

საჩივარს ახლავს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, დათარიღებული 13.07.2026 წლით, 4 სადაც გრაფაში ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა მითითებულია დირექტორი „------“, პ/ნ „------“, ერთპიროვნული. ასევე წარმოდგენილია რწმუნებულება, გაცემული წარმომადგენლობაზე შპს „------ - ის“ დირექტორის „------“-ის მიერ „------“-ზე, დათარიღებული 15.05.2026 წლით (Date: 2026.05.15).

მომჩივანი განმარტავს, რომ წარმოდგენილი მინდობილობა და უფლებამოსილება გაცემულია კანონიერი ხელმძღვანელის მიერ, ხოლო საგადასახადო ორგანოს მხრიდან რეგისტრაციის შეჩერების საფუძვლით წარმომადგენლობის უარყოფა და საჩივრის განუხილველობა არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, ზღუდავს პირის უფლებას სამართლიან ადმინისტრაციულ წარმოებასა და დაცვაზე.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილ საჩივარზე მის უფლებამოსილებასთან და შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრასთან დაკავშირებით წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები მოითხოვს დამატებით შესწავლას/შეფასებას შემოსავლების სამსახურის მიერ. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 29.05.2026 წლის №11747 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

 

დარიცხული თანხა 39 681ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 18 148 ლარი

დღგ - -13 648

საშემოსავლო გადასახადი - 31 796

ჯარიმა - 18 146

საურავი - 3 387

 

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით:

შპს „-------“ (ს/ნ „-------“) შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 5 მარტის №4914 ბრძანებას RS პორტალზე გაეცნო 2026 წლის 5 მარტს. გადამხდელმა ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში შემოწმებას არ წარმოუდგინა კაპიტალთან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, შესაბამისად არ განხორციელდა ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი განმარტავს, რომ „------“ ტენდერის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულება არ არის ანაზღაურებული და დარჩენილია პირგასამტეხლოს სახით. შესაბამისად, შემოსავლად ვერ ჩაითვლება თანხა, რომელიც რეალურად არ მიუღია კომპანიას. მიღება-ჩაბარების აქტის დადება არ ნიშნავს რეალიზაციის დასრულებას, თუ არ არსებობს ანგარიშ-ფაქტურა და გადახდა. შპს „------“-ს არ მიუღია ანაზღაურება მომსახურების სანაცვლოდ და იგი არ შეიძლება ჩაითვალოს დასაბეგრ ოპერაციად. მიუხედავად აღნიშნული გარემოებებისა, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ შესრულებული სამუშაოები, მიუხედავად ანაზღაურების მიუღებლობისა, წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და კომპანიას დამატებით დაარიცხა თანხები.

 

შემოსავლების სამსახურის პოზიცია: მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში შემოწმებას არ წარუდგინა კაპიტალთან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ამასთან, გადასახადის გადამხდელს საჩივრებში მითითებული აქვს არგუმენტი, რომელიც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“-ის (ს/ნ „------“) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი განმარტავს, რომ მას არ მიუღია ანაზღაურება მომსახურების სანაცვლოდ და იგი არ შეიძლება ჩაითვალოს დასაბეგრ ოპერაციად. მიუხედავად აღნიშნული გარემოებებისა, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ შესრულებული სამუშაოები, მიუხედავად ანაზღაურების მიუღებლობისა, წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და კომპანიას დამატებით დაარიცხა თანხები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელი შემოსავლების სამსახურის ბრძანებას RS პორტალზე გაეცნო 2026 წლის 5 მარტს. გადამხდელმა ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში შემოწმებას არ წარმოუდგინა კაპიტალთან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, შესაბამისად არ განხორციელდა ვალდებულებების კორექტირება.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21).